"ვარჯიშამდე ჩვეულებრივად იყო, საღ-სალამათი, მხიარული. ხუმრობდა კიდეც" - რა გახდა ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზი?
"2008 წლის ომშიც მოუწია მონაწილეობა, - კოდორის ხეობაში გაუშვეს მის ნაწილი და დაბობმვაში მოჰყვა"
9 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 51-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე გარდაიცვალა. პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი, გულის უკმარისობა გახდა. სამხედრო დღის მეორე ნახევარში შეუძლოდ გახდა, რის გამო, ხელმძღვნელობას, ის V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა ის, გზაში გარდაიცვალა...
როგორც ჩვენთან საუბრისას მისი მეგობარი იხსენებს, დათოს, იმ დღეს ცუდად ყოფნის კვალი არ ეტყობოდა.
გიორგი, დავით ლომიძის მეგობარი:
- ვარჯიშამდე ჩვეულებრივად იყო, საღ-სალამათი, მხიარული. ხუმრობდა კიდეც. მართალი გითხრათ, წლებია ვიცნობ, ავღანეთშიც ერთად ვიყავით და არასდროს გამიგია, გული თუ აწუხებდა.
- სამედიუცინო შემოწმება არ გიტარდებათ?
- კი, როგორ არა, ყველა ბრიგადას თავისი სამედიცინო სამსახური ჰყავს... როგორც ბიჭებმა თქვეს, ვარჯიშის დროს, სირბილისას, უეცრად ცუდად გამხდარა. ძლიერი სიცხეების გამო, შეღავათს გვიკეთებენ და დილის საათებში გვაქვს ხოლმე ვარჯიში. ერთი სიტყვით, მაშინვე წაუყვანიათ, მაგრამ ექიმს უთქვამს, ისეთი დაფლეთილი ჰქონდა გული, სამედიცინო სტაციონარშიც რომ დამართვოდა შეტევა, მაინც ვერაფერს ვუშველიდითო.... ეს ყველაფერი ისეთი დაუჯერებელია, ასე მგონია, დათოზე კი არა, სხვაზე ვყვები, სეიროზული და წყნარი ბიჭი იყო, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
- რამდენი წლის იყო?
- 7 აგვისტოს 39 წლის გახდა. საერთო არ სვამდა, დალევას რომ დავაბრალოთ. დაბადების დღე არ გადაუხდია, რადგან ერთი კვირის წინ სიმამრი გარდაეცვალა და ქეიფის განწყობა არ ჰქონდა.
- ოჯახი დარჩა?
- დიახ, ორი ბიჭი ჰყავს, უფროსი ასე 16-17 წლის იქნება, მეორე პატარაა. ახლახანს იყიდა გორში ბინა, მანამდე ქირით იყო. ამასწინათ უნატრია, ნეტა მეორე ბინაც მომცა და მერე სიკვდილსაც არ ვდარდობ, ჭერი ჩემს მეორე შვილსაც ექნებაო...
- სადაურია?
- გორის რაიონის სოფელ სკრადან. დედა იქ ჰყავდა და სულ მაგის დარდი ჰქონდა, უვლიდა და პატრონობდა. ძალიან გულიანი იყო დათო, ყველას გული დაგვწყვიტა. 2008 წლის ომშიც მოუწია მონაწილეობა, - კოდორის ხეობაში გაუშვეს მის ნაწილი და დაბობმვაში მოჰყვა, შემდეგ კი, უკანდახევის ბრძანება მიიღეს და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.
- სამშვიდობო მისიებში იყო ნამყოფი?
- დიახ, ერთად ვიყავით შარშან ავღანეთში, სექტემბრში დავბრუნდით. ძალიან ენატრებოიდა თავისი ოჯახი, განსაკუთრებით პატარა ბიჭი და სულ იმას ამბობდა, რომ მახსენდება რომ იმას უნდა ჩავეხუტო, ძალა მიასმაგდებაო...
პ.ს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება.
კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა.
თავდაცვის სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს თავდაცვის უწყება დაფარავს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)