ოპტიმიზაციისა და შემცირების მომლოდინე ოფიცერთა არმია
თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდა ოფიცრების კარიერული ზრდის მიზნით მათ ხანდაზმულ კოლეგებს საინტერესო წინადადებას სთავაზობს...
პოლკოვნიკს - 28, ვიცე-პოლკოვნიკს - 23, მაიორს - 18 ათასი ლარის ერთჯერადი კომპენსაცია, თუკი ისინი უახლოეს დღეებში დასთანხმდებიან თანამდებობის დატოვებას და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას.
ეს თანხები (დაბეგვრის გარეშე) მართლაც შთამბეჭდავი ჩანს იმ ოფიცრის ოჯახის ბიუჯეტისთვის, რომელსაც შეიარაღებულ ძალებში ორ ათეულ წელზე მეტი უმსახურია, მაგრამ თანამდებობის დატოვება არ სურს, რადგან ზღვრული ასაკი ჯერ არ შესრულებია.
კომპენსაცია, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული იმ ოფიცრებისთვის, ვისაც რამდენიმე თვეში ისედაც უსრულდება თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი და მაინც უწევს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა.
კანონის თანახმად, არმიაში პოლკოვნიკმა შეიძლება 55 წლამდე იმსახუროს, ვიცე-პოლკოვნიკმა და მაიორმა - 50 წლამდე, ხოლო კაპიტანმა - 45 წლამდე. ბუნებრივია, თითქმის ყველა მათგანი ცდილობს, ზღვრულ ასაკამდე იმსახუროს, მაგრამ ეს უარყოფითად აისახება იმ ახალგაზრდა ოფიცრებზე, რომელთა კარიერული წინსვლა შეფერხებულია, რადგან ყველა ზემდგომი საშტატო ერთეული შევსებულია. არადა, ახალგაზრდა ოფიცერს, რომლის საზღვარგარეთ სწავლა საკმაოდ ძვირი გახლდათ, სამხედრო კარიერის უპერსპექტივობა არმიის დატოვებისკენ უბიძგებს.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით 266 პოლკოვნიკის საშტატო კატეგორია 100-მდე შემცირდება და დღეს შეიარაღებულ ძალებში თანამდებობაზე მყოფი 155 პოლკოვნიკიდან, ალბათ, 55-ს არმიის დატოვება მოუწევს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, უფროსი ოფიცრების გადაჭარბებული რაოდენობა ქვედა რგოლის ოფიცრების დაწინაურებას აფერხებს, რაც საზღვარგარეთ განათლებამიღებული ახალგაზრდა ოფიცრების არმიიდან საკუთარი სურვილით წასვლის ფაქტებს ამრავლებს, ეს კი უარყოფითად აისახება ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.
რამდენიმე ათეულათასიანი კომპენსაციის მიღების მსურველთა რიცხვი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ივარაუდებოდა, აქედან გამომდინარე, კომპენსაციით ჯარებიდან დათხოვნა შეიძლება ყველას არც შეეხოს. ამას თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის კომისიები განსაზღვრავენ.
ადრე, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს, ასობით პოლკოვნიკს და ვიცე-პოლკოვნიკს არმიიდან ისე ათავისუფლებდნენ (არადა, ბევრ მათგანს თვეებიღა რჩებოდა 20-წლიანი სამხედრო სტაჟის შესასრულებლად), მათ არათუ კომპენსაციის მიღების პრეტენზია ჰქონდათ, არამედ უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში დაჭერისაც კი ეშინოდათ.
თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო (ისევე, როგორც სხვა ძალოვან სტრუქტურებში), რომლის ძირითადი მიზანია საკადრო პოლიტიკის მოწესრიგება და ოფიცრებისთვის კარიერული წინსვლის პრინციპის ამუშავება.
რამდენად ობიექტურად და უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს რთული პროცესი, ძნელი სათქმელია. ცხადია, ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება, თუმცა ხანდაზმული ოფიცრებისთვის თანამდებობის სანაცვლოდ ერთჯერადი კომპენსაციების გაცემა ნამდვილად ჯობს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უშვებდნენ არმიიდან.