სოჭის ოლიმპიადის აფეთქება გარდაუვალია?!
მოსკოვის 1960 წლის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობას კრემლი აშშ-ს აბრალებდა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მზადებაში ხელის შეშლაში კი უკვე საქართველოს ადანაშაულებს...
"ძალები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ოლიმპიადის ჩატარებას, უნდა გამოვავლინოთ და პასუხი ვაგებინოთ... არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელ საქართველოსთან არის დაკავშირებული და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, დიპლომატებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს; ყოველგვარი პროვოკაცია აღკეთილი უნდა იყოს!" - ეს მკაცრი სიტყვები რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სოჭში გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოთქვა, სადაც თავის უფროს "ძმასთან" - პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ერთად იმყოფებოდა..
ფაქტია, რომ 2014 წელს სოჭში დაგეგმილმა ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა უკვე ნეგატიურად იმოქმედა საქართველოზე. სწორედ სოჭის ოლიმპიადა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც 2008 წლის აგვისტოში პუტინ-მედვედევის წყვილმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია წამოიწყო.
ცხინვალზე მეტად მაშინ კრემლს სწორედ აფხაზეთი აინტერესებდა და სამაჩაბლოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე მათ კოდორის ხეობას შეუტიეს, რითაც მთლიანად აღკვეთეს ქართული დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთის ერთ ნაწილზეც კი.
გარდა ტერიტორიული ინტერესებისა, მოსკოვის მთავარი მიზანი იყო აფხაზეთის ინფრასტრუქტურის (მათ შორის - ბაბუშერის საერთაშორისო აეროპორტის, საშენი მასალების, რკინიგზის და სხვა) გამოყენება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებლად.
ამასთან, კრემლში უფრთხოდნენ, რომ თუკი 2014 წლამდე ვერ გადაჭრიდნენ სოჭის მეზობელი აფხაზეთის რეგიონის პრობლემას, შესაძლო იყო, ძნელად პროგნოზირებად თბილისს ოლიმპიადის დაწყების წინ გაერთულებინა სიტუაცია აფხაზეთში, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა სოჭის ოლიმპიადის მომზადებასა და ჩატარებას; თავად განსაჯეთ - მდინარე ფსოუდან ადლერის აეროპორტამდე მხოლოდ 6 კმ-ია და "ბრმად" გასროლილი ნაღმსატყორცნის 82 მმ-იან ნაღმს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკამდე მიღწევა არ "გაუჭირდებოდა"...
2008 წლის აგვისტოს ომითა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე (განსაკუთრებით კი გუდაუთაში) თავისი სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის შექმნით მოსკოვმა შეძლო მინიმუმამდე დაეყვანა საფრთხე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
მაგრამ ისეთ "მსუყე ლუკმას", როგორიც სოჭის ოლიმპიადაა, ხელიდან გაუშვებენ ჩრდილო კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებები?! ისინი რუსეთის დედაქალაქშიც არ ერიდებიან რეზონანსული ტერორისტული აქტების განხორციელებას და, რა თქმა უნდა, იქვე ახლოს - სოჭსა და მიმდებარე რაიონებში დივერსიული აქტების მოწყობაზეც არ იტყვიან უარს.
ამ სიტყვების დადასტურებაა გასულ კვირას ყაბარდო-ბალყარეთში ერთ დღე-ღამეში განხორციელებული ორი ტერაქტი - რუსი ტურისტების ჩახოცვა და საბაგირო გზის აფეთქება. მესამე ტერაქტიც იგეგმებოდა, მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა სასტუმროსთან მდგარი ავტომანქანის დროულად განაღმვა შეძლეს; მანქანაში მოთავსებული 70 კგ ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა რომ ამოქმედებულიყო, შედეგი მართლაც შემზარავი იქნებოდა. მოგვიანებით სოჭში, გაზსადენზე, აღმოაჩინეს ბომბი, რომელშიც 110 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო განთავსებული, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა გაზსადენის მწყობრიდან გამოსაყვანად.
ეს მხოლოდ დასაწყისია. სავარაუდოდ, ტერაქტების ორგანიზატორების მთავარი მიზანია საერთაშორისო აზრის შექმნა, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარება სახიფათოა მონაწილეთა და მაყურებელთათვის და უკეთესი იქნება, ოლიმპიადა სხვა ქვეყანაში გაიმართოს.
რუსეთის ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოაგვარა ჩრდილო კავკასიის პრობლემა და თავისი სპეცსამსახურების უუნარობის გადაფარვა შეიძლება სწორედ საქართველოსადმი წაყენებული ბრალდებებით სურს - თითქოს საქართველოდან ეხმარებიან ჩრდილო კავკასიაში ტერაქტების მომწყობთ.
1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის წინ კრემლი აშშ-ს აბრალებდა ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის ინიციატივასა და ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობას. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის აშშ-მა) უარი განაცხადა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, ის იყო, რომ ოლიმპიადამდე ნახევარი წლით ადრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჯარები შეიყვანა და ამ ქვეყნის ოკუპაცია დაიწყო.
მსოფლიოში სამართალი რომ არსებობდეს და დასავლეთის ზოგიერთი გავლენიანი ქვეყნის ხელისუფალნი დემოკრატიას არ თამაშობდნენ, წესით, 2008 წლის აგვისტოს რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ რას იზამ, როდესაც ნახევარი ევროპა კრემლს რუსული გაზისა თუ უბრალოდ, შიშის გამო კუდს უქიცინებს!
თითქმის გარდაუვალია, რომ ჩრდილო კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებები სოჭის ოლიმპიადამდე სადაზვერვო-დივერსიულ მოქმედებას გაახშირებენ როგორც ოლიმპიური სოფლის მშენებარე ობიექტებზე, ისე უშუალოდ ქ. სოჭში; ეს ყველაფერი კი რუსული ძალოვანი სტრუქტურებისა და პირველ რიგში - სპეცსამსახურების დაუნდობელ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას ჩრდილო კავკასიაში.
პარალელურად გაძლიერდება რუსეთის საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე, ეს კი შეიძლება სამხედრო პროვოკაციებშიც გადაიზარდოს, რომლებშიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული სასაზღვრო და სამხედრო ბაზების პირად შემადგენლობასა და საბრძოლო ტექნიკასაც გამოიყენებენ.