ზვიადი, ედუარდი, მიშა, ბიძინა... - როდის დასრულდება ქვეყანაში დიქტატურის და მორიგი რევოლუციის საფრთხე?!
შიმონ პერსმა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, დაახლოებით ასეთი რაღაც თქვა - ჩვენმა ხალხმა მანამ ვერ მიაღწია წარმატებებს მოსავლის მოყვანაში, სანამ ლამის თითოეული ჩვენგანი არ გახდა აგრონომი და ეს საქმე კარგად არ შევისწავლეთო.
ეტყობა ჩვენც მანამ ვერ შევქმნით ნორმალურ კონსტიტუციას და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის საფუძვლებს, ვიდრე სრულყოფილად არ გავერკვევით და არ მოვიხარშებით ამ საქმეში. არადა, სასწავლი მართლაც ბევრი გვაქვს. გამსახურდია 86 თუ 87%-ით ავირჩიეთ და შემდეგ იარაღით გავეკიდეთ. შევარდნაძეც ასევე აბსოლუტური უმრავლესობით ავირჩიეთ და ყვავილოვანი რევოლუცია მოვუწყვეთ. მიშა იყო და მესიის გამოცხადებასავით მივიღეთ, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და ისე წავიდა მისი საქმე, ამ ქვეყანაში არ დაედგომება.
რა ხდება? რაშია საქმე?
ორი რამ აშკარაა - ან სწორი არჩევანის გაკეთება არ გვეხერხება ან და, სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და სისტემა გვაქვს ისეთი უკონტროლო და ერთეული პიროვნებისათვის აბსოლუტური ძალაუფლების მიმნიჭებელი, რომ შემდეგ ეს უკონტროლო და აბსოლიტური ძალაუფლება ნებისმიერ პიროვნებას გონებას ურევს და თავგზას აკარგვინებს. ჩემი აზრით, უფრო მეორესთან გვაქვს საქმე.
დახვეწილი საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია საარჩევნო ბარიერი. იქ, სადაც, პარტია იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების გაერთიანებაა, მნიშვნელობა აქვს ამ იდეის წინ წამოწევას და პარლამენტში იდეების გარშემო გაერთიანებას. ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ ბარიერის დაწესება ხელს შეუშლის იდეების დაქსაქსულობას და პირიქით, ხელს შეუწყობს იდეის გარშემო გაერთიანებას.
ინგლისში კონსერვატორები და ლეიბორისტები, ამერიკაში დემოკრატები და რესპუბლიკელები - ამ ქვეყნების პოლიტიკური სტაბილურობის და სოციალ-ეკონომიკური განვითარების გარანტიაა.რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ხალხს არა იდეა, არამედ სუბიექტური ფაქტორი - პიროვნება აერთიანებს. ჩვენს სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ პარტია არა იდეის ირგვლივ, არამედ პიროვნების გარშემო ყალიბდება. იდეურ პარტიას ლიდერი და ლიდერები ჰყავს, რომლებიც პერიოდულად ნახლდებიან და იცვლებიან, ისე, რომ პარტია არსებობას აგრძელებს.
პიროვნული ნიშნით შექმნილ პარტიას ბელადები ჰყავს და ამ პარტიის არსებობა ბელადის ქმედითუნარიანობასთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ "მრგვალი მაგიდა" გამსახურდიასთან ასოცირდებოდა და ზვიადის გარდაცვალებასთან ერთად, ისიც დამთავრდა. "მოქალაქეთა კავშირი" შევარდნაძის თანმხლები და ამალა პარტია იყო და საკმარისი იყო შევარდნაძის პოლიტიკური კრახი, რომ პარტია უგზო-უკვლოდ გაქრა. არც "ნაციონალურ მოძრაობას" აერთიანებს მიშას პიროვნების გარდა რაიმე და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მჭამელების და სააკაშვილის დემაგოგიის ბრმა მიმდევრების ნაზავს წარმოადგენს. "ქართული ოცნებაა" და მიუხედავად ივანიშვილის მტკიცებისა, რომ პოლიტიკიდან გავიდა, სწორედ ისაა ამ პარტიის არსებობის უმთავრესი გარანტი…
შესაბამისად, ვიდრე ქვეყნის პარლამენტი არ გადაიქცევა იდეების ჭიდილის ადგილად, მანამ ნებისმიერი საარჩევნო ბარიერის დაწესება და ბონუს ხმების მიკუთვნება გამარჯვებული პარტიისათვის, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს პიროვნების უმართებულო და აბსოლუტურ გაძლიერებას, რომელიც ტრანსფორმირდება დიქტატურად და ქვეყნის მორიგ რევოლუციურ პერსპექტივად.
დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური კულტურის პირობებში იქნებ უკეთესიც იყოს საარჩევნო ბარიერის მინიმუმამდე დაყვანა, რათა პოლიტიკურად მონოპოლიურ საარჩევნო გარემოში შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი ხმების ნამსხვრევები. 2016 წლის არჩევნებში ხუთ პროცენტიანი ბარიერი რომ არ ყოფილიყო, დღეს პარლამენტში იქნებოდა წარმოდგენილი ირაკლი ალასანია და თავისუფალი დემოკრატები, ნინო ბურჯანაძე და დემოკრატიული მოძრაობა, პაატა ბურჭულაძე და სახელმწიფო ხალხისათვის, უსუფაშვილი და რესპუბლიკელები, შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტია და ა.შ. ეს კი პოლიტიკური კონკურენციის მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც ქვეყნის მართვის საუკეთესო იდეებში და გადაწყვეტილებებში შეისხამს ხორცს.
ჰიტლერმა რუხი ფერი გადააფარა გერმანიას, კომუნისტებმა საბჭოეთს - წითელი… მე, ერთ-ერთ რიგით ამომრჩეველს, ისეთი მინდვრის ნახვა მირჩევნია, რომელსაც ნაირ-ნაირი ფერის ყვავილები ამშვენებს…
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნახმებოდეს