"დეფი იგივეა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის, რაც ქრისტე თავისი მოციქულებისთვის - მწყემსი" - კვირის პალიტრა

"დეფი იგივეა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის, რაც ქრისტე თავისი მოციქულებისთვის - მწყემსი"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის "საიდუმლო სერობა"-ს საკუთარი ინტერპრეტაცია გაავრცელა. ზურაბ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ ფოტოზე მოციქულების ნაცლად, თანამედროვე ქართველი პოეტები არიან გამოსახული. ჩვენ დაუკავშირდით ფოტოს ავტორს და ვთხოვეთ აეხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება

ზურაბ ცერცვაძე:

- მოგეხსენებათ, ამ სურათის ბევრი ვერსია არსებობს, სხვადასხანაირი კონტექსტით: მომღერლების, მსახიობების და სხვ. როცა ეს ფოტოები ვნახე, გამიჩნდა იდეა, რომ მეც გამეკეთებინა რაიმე. საქართველოში თანამედროვე პოეზიას ბოლო დღეები აქვს ანუ აქვს უკანასკნელი სერობა. ჩემი აზრით, ჩვენთან პოეზია კვდება. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ სურათს არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, რელიგიის უპატივცემულობა არც მიფიქრია. მე უბრალოდ ცნობილი ნამუშევრის ფონი ავიღე დეკორაციად.

- სურათზე მაცხოვრის ადგილას დააყენეთ დეფი გოგიბედაშვილი, რატომ ის?

- მე ვთვლი, რომ თუკი ვინმეს ეკუთვნოდა ამ ადგილას ყოფნა, ეს უპირველესად დეფია.

- ანუ დღევანდელი ქართველი პოეტების მწყემსია დეფი?

- დიახ, პოეტურ სამყაროში ეს ადამიანი მიმაჩნია მწყემსად. დეფი იგივეა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის, რაც ქრისტე თავის მოციქულებისთვის – მწყემსი. სიტყვას "ღმერთი" არ ვხმარობ, რადგან არავითარი რელიგიური ფონი ამ სურათში არ არის.

- გვინდა თუ არა ეს სურათი მაინც ასოცირდება რელიგიათან, ქართული საზოგადოება კი ყველა სიახლეს თუ იმპროვიზაციას, რომელიც რელიგიას ეხება, ცოტა რთულად იღებს ამის ფონზე, შეგეშინდათ საზოგადოების რეაქციის?

- კი, ბევრმა გამოთქვა ასეთი მოსაზრება, რომ ეს სურათი მკრეხელობაა და არაა ქრისტიანული, თუმცა მოდით, გავერკვეთ იმაში, თუ რაა აქ მართლმადიდებლური. ეს კონკრეტული სურათი არის წმინდა კათოლიკური მოვლენა, ამიტომ მართლმადიდებლებმა რატომ ჩათვალეს მკრეხელობად, ვერ ვხვდები. ლეონარდო და ვინჩის ეს სურათი მართლმადიდებელი ადამიანისთვის არ არის კანონიკური ხატი, გარდა ამისა, მე რელიგიური პერსონაჟებისთვის არავითარი ცუდი ტონი არ მიმიცია, მეტიც, საერთოდ მოვშალე იქიდან მათი სამოსის კვალიც კი, ისინი იმ სურათში საერთოდ არ არსებობენ.

- თქვენ თქვით, რომ ფოტო პოეტებზე იმიტომ შექმენით, რომ დღეს პოეზია მომაკვდავ მდგომარეობაშია, ამ ლოგიკით, ფეხბურთელებზეც რომ გააკეთოთ, არ გიფიქრიათ?

- ეს თემა ჩემთვის უფრო ახლოს იყო და მაგიტომ გამახსენდა პოეტები. რაც შეეხება ფეხბურთს, ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს სპორტის ამ სახეობისადმი, ვერაფრით ვერ ამიხსნია, რატომ დასდევს 22 ადამიანი ერთ ბურთს.

კომენტარი თავად "მწყემსს", დეფი გოგიბედაშვილსაც ვთხოვეთ:

- რას იტყვით სურათზე, რომელიც ზურაბ ცერცვაძემ განათავსა ფეისბუქზე?

დეფი:

- ფოტოს პირველად რომ დავხედე, გამეღიმა. მაგარია. ლეონარდო და ვინჩის ამ ცნობილი ფრესკის, სხვა და სხვა გმირებით პერიფრაზირება მიღებული ფორმაა მთელს მსოფლიოში და ღვთის გმობად არ ითვლება. ამ ტაბლასთან, როკ-ვარსკვლავები, ზოგადად მუსიკოსები, მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ყოველთვის აღმოჩნდებიან. პირადად მე, ამ საქმეს იუმორით ვუყურებ. კარგი იქნება თუ თვითონ ავტორს ჰკითხავთ, მისი აზრიც საინტერესოა. ვფიქრობ, ჩვენი ეპოქისთვის სიმბოლური ფოტოა, თავისი გმირებითა და კონტექსტით.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)