ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე
"აზიელი ცისფერთვალა ვენერა"
მისი სილამაზე იმდენად უჩვეულო და არამიწიერი იყო, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა სესილ ბიტონმა მას "აზიელი ცისფერთვალა ვენერა" უწოდა. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა და ფრანგული ფესვების წყალობით ევროპული გარეგნობა ჰქონდა, ხშირად ვივიენ ლიშიც კი ერეოდათ. ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა ფავზია ფუადი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი უმშვენიერესი აღმოსავლელი მანდილოსანი, არამედ ქალიც, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი ირანის სამეფო კარზე ცხოვრებაზე, დედოფლის მაღალ ტიტულსა და ფუფუნებაში ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე, და არასოდეს უნანია.
ფავზია ეგვიპტის მეფე ფუადისა და დედოფალ ნაზლის უფროსი ქალიშვილი იყო, მის ძარღვებში ალბანური, ფრანგული და ჩერქეზული სისხლი ჩქეფდა. მისი ერთ-ერთი წინაპარი ნაპოლეონის არმიის ფრანგი ოფიცერი იყო, რომელმაც ისლამი მიიღო და ეგვიპტეში საცხოვრებლად დარჩა. როგორც ჩანს, ფავზია ევროპულ გარეგნობას სწორედ მას უნდა უმადლოდეს. მან განათლება შვეიცარიაში მიიღო და თავისუფლად ფლობდა ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.
ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ პრინცესას ადგილობრივი ტრადიციების დაცვა მოუხდა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის თავისუფლებას. ეგვიპტის სამეფო კარის მწერალი ადილ საბიტი მისი ცხოვრების ამ პერიოდს ასე აღწერდა: "იგი იშვიათად გამოდიოდა სასეირნოდ, ხოლო თუ სეირნობდა, მუდამ თან ახლდნენ სეფექალები და ფარეშები. იმ დროს, როცა მისი თანატოლი გოგონები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, ფავზია თავისი სოციალური სტატუსის გამო ყველაფერში შეზღუდული იყო".
17 წლის ფავზია ირანის პრინც მუჰამედ რეზა ფეჰლევს მიათხოვეს, რომელიც ქორწილამდე მას მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ორი წლის შემდეგ, 1941 წელს, რეზა ფეჰლევი ტახტზე ავიდა, ფავზია კი ირანის დედოფალი გახდა.
მალე ფავზიამ ჟურნალ "ლაიფისთვის" ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ, რაც მისი ფოტო ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, "აზიელი ცისფერთვალა ვენერას" სილამაზეზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მას ეპოქის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი უწოდეს.
თუმცა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრება სულაც არ აღმოჩნდა უღრუბლო. მალე ფავზია მამამთილის ტოტალური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლის ავტორიტარული ხელისუფლება არა მარტო ქვეყანაზე, არამედ მათ ოჯახზეც ვრცელდებოდა - მამამთილი მას ნათესავებთან კონტაქტს უკრძალავდა, ეგვიპტიდან ჩამოყვანილი მსახურები უკან გააბრუნა, ისევე, როგორც იქიდან ჩამოტანილი ნივთები. ქმართან კი ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც ფავზიამ მისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ შეიტყო. და მაშინ დედოფალმა აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, მით უფრო სამეფო ოჯახებისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო - პირველმა მოითხოვა განქორწინება და ეგვიპტეში დაბრუნდა. ირანში გაყრის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ ფავზიამ მეფეს მემკვიდრე ვერ აჩუქა. 8 წლის ქალიშვილის დატოვებამ კი ქმრის ოჯახში მოუწია.
ერთი წლის შემდეგ ფავზია ცოლად გაჰყვა ეგვიპტის არმიის პოლკოვნიკ ისმაილ შირინს. ქვეყანას მისი ძმა ფარუქი მართავდა და მას კვლავ შეეძლო უზრუნველი ცხოვრებით ტკბობა. თუმცა, 1952 წელს ეგვიპტეში რევოლუცია მოხდა და ხელისუფლების სათავეში გენერალი აბდელ ნასერი მოვიდა. მეფე ქვეყნიდან გაიქცა, მისმა დამ კი ოჯახთან ერთად სამშობლოში დარჩენა ამჯობინა, თუმცა ყველა ტიტული და პრივილეგია ჩამოერთვა.
ერთხელ ფავზია შეხვედრაზე მიიწვია მომდევნო მმართველმა, პრეზიდენტმა ანვარ სადათმა. ვიზიტის დროს ეგვიპტის უკანასკნელმა პრინცესამ უთხრა: "სიცოცხლეში ორჯერ დავკარგე გვირგვინი. პირველად, როცა ირანის დედოფლობაზე ვთქვი უარი და მეორედ, როცა პრინცესის ტიტული დავკარგე. თუმცა ახლა მნიშვნელობა არა აქვს, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა".
მას მართლაც არაფერი უნანია: მისი მეორე ქორწინება ბედნიერი გამოდგა, ცოლ-ქმარმა ერთად 45 წელი გაატარა და ორი შვილი შეეძინა. ეგვიპტეში ფავზია დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა, ხალხში მას უწინდებურად "ჩვენს პრინცესას" ეძახდნენ.
ფავზია ფუადმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 2013 წელს 91 წლისა აღესრულა.