მარგალიტა ბიცოლა, ლარისა ივანოვნა, "ტეტრი, ტეტრი" - უცხოელი ქალი მსახიობები ქართულ ფილმებში
ქართულ ფილმებში არაერთმა არაქართველმა მსახიობმა ქალბატონმა შექმნა იმდენად შთამბეჭდავი სახე, რომ ისინი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს.
გავიხსენოთ მათი როლები და გავიგოთ თუ როგორ გამოიყურებიან და რას საქმინობენ ამჟამად ეს ქალბატონები.
ზაურისა და დარინას სიყვარულის ამბავი
ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო", რომლის გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა, 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
ფილმში ერთ-ერთ მთავარ, რაჭველი ზაურის შეყვარებული დარინას როლს, ჩეხი მსახიობი ანდრეა ჩუნდერლიკოვა ასრულებს. მიუხედავად წარმატებული სამსახიობო კარიერისა, მან საბოლოო პროფესიად მენეჯერობა აირჩია და სულ სხვა სფეროში განაგრძო მოღვაწეობა. ანდრეას მეუღლე როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინია, ჰყავს ერთი ქალიშვილი, ჩოგბურთელი სანდრა კლეინი. 2008 წელს ანდრეა ბებიაც გახდა. ამჟამად პრაღაში ცხოვრობს.
(ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო")
ვალენტინა ტელიჩკინა
გლაფირა ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა"
"ტეტრი, ტეტრი", - ალბათ ყველას ახსოვს ეს ფრაზა ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", რომელსაც გლაფირას როლის შემსრულებელი, რუსი მსახიობი, ვალენტინა ტელიჩკინა ამბობს. ტელიჩკინას ფილმოგრაფია მრავალფეროვანია, ის უამრავ ფილმსა თუ სერიალშია გადაღებული. ვალენტინა ტელიჩკინა საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი და რამდენიმე პრემიის მფლობელი მსახიობი გახლავთ.
ამჟამად 71 წლის მსახიობი მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. უყვარს წიგნების კითხვა და ყვავილების მოვლა. ხშირად დადის ეკლესიაში და მიაჩნია, რომ რწმენა ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში ყველანაირი სირთულის გადალახვისას.
არიადნა შენგელაია
მარგალიტა ბიცოლა და საბჭოთა კინოს გრაფინია
ყველასათვის საყვარელ ფილმში "შერეკილები" შთამბეჭდავი სახე შექმნა ცნობილმა რუსმა მსახიობმა არიადნა შენგელაიამ, რომლის ქალიშვილობის გვარი შპრინკია, ხოლო შენგელია მას შემდეგ გახდა, რაც რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე გათხოვდა. მათმა ქორწინებამ 22 წელს გასტანა. მსახიობი 1937 წელს ტაშკენტში დაიბდა და გამოირჩეოდა ნატიფი არტისტული სილამაზითა და ძველბერძნული სახელით - არიადნა. საბჭოთა კინოს გრაფინიას კინოში 1957 წლიდან იღებენ. მას ორი ქალიშვილი ჰყავს.
მშვენირი ლარისა ივანოვნა
"ларису ивановну хочу" - ფრაზა გიორგი დანელიას ფილმიდან "მიმინო", პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე ისეთივე პოპულარულია, როგორც თვითონ ფილმი. საბჭოთა სტიუარდესა ლარისა ივანოვნა კომაროვას ეპიზოდური როლი კი სიმბოლოდ იქცა რუსი ლამაზმანისა, რომლის გულის მოსაგებადაც კავკასიელი მამაკაცები არაფერს იშურებდნენ.
ელენა პროკლოვა 1953 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მისი სადებიუტო ფილმი, "რეკავენ, კარი გააღეთ" გახლავთ. ფილმმა ელენას აღიარება მოუტანა და საერთაშორისო პრემიაც მიიღო.
პროკლოვა პირველად, საკმაოდ ადრე, 18 წლის ასაკში გათხოვდა. ცოლად რეჟისორსა და ჟურნალისტს, ვიტალი მელიკ-კარამოვს გაჰყვა. მასთან ქალიშვილი - არინა შეეძინა. წყვილი 5 წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.
მსახიობის მეორე ქმარი, ექიმი - ალექსანდრ დერიაბინი იყო. ლენამ ბედნიერება ვერც მასთან იპოვა და რამდენიმე წელში გაეყარა. 1984 წელს, ლენა მესამე ქმარს, სახელად ანდრეის შეხვდა, რომელიც მსახიობის ძმის მეგობარია. წყვილს ვაჟი შეეძინა, თუმცა ტრაგედია ამჯერადაც განმეორდა. ბიჭმა მხოლოდ ერთ კვირას იცოცხლა. ანდრეიმ და ელენამ ტრაგედია ერთად გადაიტანეს და ერთმანეთს არ დაშორდნენ. 1994 წელს, წყვილს ქალიშვილი - პალინა გაუჩნდა. დღეს საკმაოდ ნაყოფიერი კავშირი აქვს ტელეარხებთან, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ტელეპროექტში.
"ლარისა ივანოვნა და ვალიკო... შეხვედრა 40 წლის შემდეგ" - ექსკლუზიური ინტერვიუ ელენა პროკლოვასთან
მშვენიერი ალისა და ვერის უბნის "ტანც კლასი"
გიორგი შენგელაიას მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" ბალეტის მასწავლებლის როლს საბჭოთა მსახიობი, ალისა ფრეინდლიხი შთამბეჭდავად ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად საბჭოთა ვარსკვლავია. რუსული "თეატრის პირველმა ლედიმ" ბედი კინოშიც მოსინჯა და იქაც დიდ წარმატებას მიაღწია. მისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმია "სამსახურებრივი რომანი". 82 წლის ალისა ფრეინდლიხი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატია.
მშვენიერი გამცილებელი
გიორგი შენგელაისვე ბოლო წლებში გადაღებულ ფილმში, "მიდიოდა მატარებელია" კიდევ ერთი წარმატებული რუსი მსახიობი მარინა ალექსანდროვა თამაშობს. ის მატარებლის გამცილებლის როლს ასრულებს. ის 1982 წელს, უნგრეთში, საბჭოთა ოფიცრის ოჯახში დაიბადა, მისი ნამდვილი გვარი პუპენინაა. კინოსა და თეატრის გარდა, მარინამ მონაწილეობა რეალით შოუშიც მიიღო. რუსი მსახიობი 3-ჯერ იყო გათხოვილი და 2 შვილი ჰყავს.
სვანების რძალი
კიდევ ერთი ქართული ფილმი, რომელშიც უცხოელი მსახიობი მონაწილეობს, "სვანია". ის სვანების უცხოელი რძლის როლს ასრულებს. ფილმის რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანია. ფილმში ერთ-ერთ როლს რუსი მსახიობი, ელენა ველიკანოვა ასრულებს. 32 წლის ველიკანოვა რუსული კინოსა და თეატრის მსახიობია. ელენა გათხოვილია და ერთი ბიჭი ჰყავს.
ემანუელ შრიკის ქართული ომი
2011 წელს ეკრანებზე გამოვიდა ამერიკელი რეჟისორის, რენი ჰარლენის ფილმი "აგვისტოს 5 დღე", რომელიც "აგვისტოს ომზეა" გადაღებული. ფილმში ქართველ მსახიობებთან ერთად, ცნობილი უცხოელი მსახიობებიც მონაწილეობენ, ერთ-ერთი კი კანადელი მსახიობი ემანუელ შრიკია. ემანუელ შრიკმა მსახიობობა 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა McDonald-ის რეკლამაში გადაიღეს. 1990 წლებში იგი ვანკუვერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სერიალებში იღებდნენ, მოგვიანებით კი, ფილმებშიც გამოჩნდა.