მკვლელი სტუდენტების აღმსარებლობით ინტერესდებოდა და ქრისტიანებს ესროდა
"აშშ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მასობრივი მკვლელობა ლამის რუტინად გვექცა, ეს მკვლელობები უკვე ლამის რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება."
"თქვენს შორის ნორმალური ბავშვებიც არიან. ხვალ სკოლაში არ წახვიდეთ, თუ თქვენ ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობთ. დილით გაიგებთ, რაც მოხდა" - ეს ჩანაწერი ანონიმურ ფორუმ 4chan -ზე 1- ოქტომბერის საღამოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ეს გაფრთხილება სერიოზულად არავის აღუქვია. დღეს ამერიკელი სამართალდამცავები უკვე ფიქრობენ, რომ ჩანაწერი იმ მკვლელს ეკუთვნის, ვინც ორეგანოს შტატის პატარა ქალაქ როზბურგში სასაკლაო მოაწყო.
2 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, ქალაქის სტუდენტურ კამპუსში მძიმედ შეიარაღებული ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელმაც სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველთა თქმით, მკვლელი ჯერ სტუდენტების აღმსარებლობით ინტერესდებოდა, არასასურველი პასუხის შემთხვევაში კი მათ ესროდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი სამიზნე ქრისტიანები იყვნენ. გარდაცვლილია 10, მძიმედ დაჭრილია 7 ადამიანი. შედარებით მსუბუქად დაშავებულთა რიცხვი კი გაცილებით დიდია. გარდაცლილთა ასაკი 18 - 67-წლამდე მერყეობს, ყველაზე უფროსი მასწავლებელი იყო.
მკვლელი 26 წლის სტუდენტი კრის ჰარპერ მერსერი აღმოჩნდა. პოლიციის განცხადებით, მას არაკანონიერი გზით შეძენილი ჰქონდა 13 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან სტუდენტთა კამპუსში 6 - ით - პისტოლეტებითა და შაშხანით შეიარაღებული გამოცხადდა, დამნაშავეს ჯავშანჟილეტი ეცვა. მოკლედ, მკვლელობისთვის კარგად იყო მომზადებული.
მან თავდასხმისთვის ყველაზე ხალხმრავალი აუდიტორია აირჩია. მერსერმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციასაც, ორმხრივი სროლისას ის ადგილზე მოკლეს.
როგორც პრესა წერს, გაფრთხილების გარდა მკვლელმა კიდევ ერთი წერილი დატოვა, რომლის მიხედვითაც მან ეს მასობრივი მკვლელობა მიუძღვნა ეპოლოტ როჯერს, რომელმაც შარშან კალიფორნიის უნივერსიტეტთან 6 ადამიანი მოკლა.
"ამ დღეს შესანიშნავი გეგმით აღვნიშნავ - ყველაზე საშინელი ადამიანები პასუხს აგებენ იმაზე, რაც ჩაიდინეს და სამყარო უკეთესი გახდება", - წერს მკვლელი წერილში.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა: "აშშ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მასობრივი მკვლელობა ლამის რუტინად გვექცა, ეს მკვლელობები უკვე ლამის რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება." მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს იარაღის შეძენა-ტარების თაობაზე კანონმდებლობა. მოუწოდა საზოგადოებას მოახდინონ პოლიტიკოსებზე ზეწოლა, რათა მათ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.
მერსერი კოლეჯიდან რამდენიმე მილში, დედასთან ერთად, ცხოვრობდა. ინგლისში დაიბადა, თუმცა პატარა იყო, როდესაც მშობლები აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. დედ-მამა მოგვიანებით დაშორდა. როგორც მკვლელის მამამ იან მერსერმა განაცხადა, ის შვილის მიერ ჩადენილით შოკშია და მისი საქციელის ახსნას ვერ პოულობს. როგორც ირკვევა, კრის ჰარპერ მერსერი 2008 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, თუმცა მალევე, საბაზისო სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს.
მისი სოციალური პროფილების შესწავლის შემდეგ მედია წერს, რომ მერსერი განსაკუთრებულად იყო დაინეტერსებული სხვა მასობრივი მკვლელობებით. " რაც მეტ ადამიანს მოკლავ, მით მეტად ხვდებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში", - წერს ის ერთ-ერთ თავის პოსტში, რომელიც ვესტერ ფლანიგანის მიერ პირდაპირ ეთერში დახოცილ ჟურნალისტებს შეეხებოდა. შეგახსენებთ, ტრაგედია ზაფხულში ვირჯინიის შტატში დატრიალდა. ( იხილეთ: გლოვით შეცვლილი საქორწილო სამზადისი - კაცმა, რომელმაც ყოფილი კოლეგები დახოცა, თავი მოიკლა)