იქცევა სირიის კრიზისი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად?! - ცხელი წერტილები მსოფლიოში
ერთი შეხედვით, ისტორიას თუ გადავხედავთ, ომებით, ძალადობითა და კონფლიქტებში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობით, სხვა ეპოქებთან შედარებით 21-ე საუკუნე შეიძლება მშვიდობიანადაც კი მოგვეჩვენოს, თუმცა, ფაქტია ერთია - ომი, როგორც ფენომენი კვლავ განაგრძობს არსებობას და ხშირად ის არანაკლებ სასტიკია ვიდრე საუკუნეების წინ.
გაზრდილია ეთნიკური, რელიგიური და საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტების, კონფლიქტების შედეგად გარდაცვლილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა. ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები იღუპებიან ომების პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის შედეგად. შიმშილი, რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, დაავადებები - ყველა კონფლიქტს თან სდევს ეს ფაქტორები, რომლებიც მსხვერპლთა რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის. გარდა სიკვდილიანობისა, თანამედროვე ომებს თან სდევს ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევებიც და რაც ყველაზე სახიფათოა სულ უფრო და უფროს მასშტაბური ხდება ტერორისტული ომის საფრთხე.
სირია, ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სამხრეთ სუდანი, უკრაინა, მექსიკა - იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ამჟამად აქტიური შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს. ყველაზე დიდი სისასტიკით მუსლიმურ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ-რელიგიური კონფლიქტები გამოირჩევა. ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია.
სირია-ერაყის კრიზისი
2011 წელს სირიაში დაწყებული მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა ჯერ სამოქალაქო ომში, ხოლო 4 წლის შემდეგ უკვე საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. სირიის ვრცელ ტერიტორიაზე ერაყში ჩამოყალიბებულმა ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" მოიპოვა კონტროლი. ამერიკა და მისი პარტნიორები ებრძვიან როგორც "ისლამურ სახელმწიფოს", ასევე ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმს. ამ ბრძოლაში ამერიკის მხარეს აღმოჩნდნენ თურქეთი, ქურთები და სირიის ზომიერი ოპოზიცია. რუსეთის ფედერაცია, რომელიც სექტემბრის ბოლოს ღიად ჩაერთო კონფლიქტში ყველა ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ იბრძვის ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად. კონფლიქტში ჩართულია ირანიც.
კონფლიქტს დაწყებიდან დღემდე 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მილიონობით სირიელი ლტოლვილად იქცა. 2015 წლის მონაცემებით სირიაში წელს კიდევ 42 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი საომარი მოქმედებების შედეგად და ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სირიის ომს ბევრი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად მიიჩნევს, რადგან აქ ერთმანეთს კვეთს ძლიერი სახელმწიფოების ინტერესები.
სირიის ომი გავრცელდა მეზობელ ერაყშიც. მხოლოდ ამ წელს ერაყში ომის შედეგად დაღუპულია 12 000-ზე მეტი ადამიანი. ერაყში ომი 2003 წლიდან მიმდინარეობს და მთლიანობაში მან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.
ისრაელი და პალესტინა
ახლო აღმოსავლეთში კვლავ მიმდინარეობს დაუსრულებელი კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის, რომელიც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნით დაიწყო. ვითარება დაძაბულია თურქეთშიც, სადაც მიმდინარე წელს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" აქტივისტებსა და მთავრობას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ კონფლიქტი დაიწყო. ეს კრიზისი მჭიდრო კავშირშია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან. ქურთები თურქეთის ხელისუფლებას "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებდნენ.
კატასტროფულია ავღანეთში მომხდარი ომების სერიის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა. 1978 წელს ავღანეთში დაწყებული შიდა დაპირისპირება სირიის მსგავსად საერთაშორისო კონფლიქტში გადაიზარდა. ავღანეთში გადაიკვეთა საბჭოთა კავშირის და ამერიკის ინტერესები. ომის შედეგად წარმოიშვა ისეთი გლობალური ტერორისტული ქსელები, როგორებიცაა ალ-ქაიდა და თალიბანი. მთლიანობაში 2 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ავღანეთის დაუსრულებელ ომს, ხოლო მიმდინარე წელს დაღუპულთა რიცხვმა უკვე 28 000-ს გადააჭარბა.
კონფლიქტები აფრიკაზე
ნიგერიაში ჯიჰადისტური დაჯგუფების "ბოკო ჰარამის" ამბოხება რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდა და 20 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტი გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში - ჩადში, ნიგერსა და კამერუნში. ბოკო ჰარამი ისლამისტური დაჯგუფებაა, რომლის მიზანიც "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მსგავსად ქვეყანაში ისლამური ხალიფატის დამკვიდრებაა. აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში მუსლიმების და ქრისტიანების რაოდენობა თითქმის თანაბარია.
მთელი რიგი კონფლიქტები მიმდინარეობს აფრიკის კონტინენტზე (ნიგერია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი, ლიბია, ეგვიპტე)და მათი უმრავლესობა ეთნიკური ან რელიგიური ხასიათისაა.
უკრაინა
შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება ევროპის შუაგულში - უკრაინაში, სადაც ამჯერად ბრძოლები აქტიურას არ მიმდინარეობს, თუმცა კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და უკრაინის მთავრობას შორის არ დასრულებულა. მთლიანობაში ამ კონფლიქტის შედეგად უკვე 8000-მდე ადამიანია დაღუპული.
მექსიკა
მექსიკაში მიმდინარე ომი, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს 2006 წლიდან, არც ეთნიკურ და არც რელიგიურ ხასიათს არ ატარებს. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან ნარკოსამყარო და მექსიკის მთავრობა. ამ ომმა მთლიანობაში 150 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა, არის უამრავი დაკარგული, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს.
2015 Global Peace Index-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014 წელს შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და მასთან ერთად კონფლიქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელმაც 180 000-ს მიაღწია. შედარებისთვის, ეს რიცხვი 2010 წელს 49 000 იყო. იგივე კვლევის მიხედვით, 9%-ით გაიზარდა ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობაც და 20 000-ს მიაღწია. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 1% ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული პირია - ეს 1945 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მშვიდობის დონე 162 ქვეყანაში სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით გამოიკვლიეს. მათ შორის - ზოგადი უსაფრთხოების დონე, სხვა სახელმწიფოებთან შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართულობა და შიდა კონფლიქტების არსებობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 94-ე, ხოლო რუსეთის ფედერაციამ 152-ე ადგილები დაიკავეს. საქართველო 79-ე ადგილას გავიდა, რაც წინა წლების იგივე მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია. კვლევამ მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ქვეყნებიც გამოავლინა. ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა, ხოლო სირიამ ბოლო ადგილი დაიკავა აღნიშნულ კვლევაში.
ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)