"ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი ბრძოლა - ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მიზნები და ფინანსები - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი ბრძოლა - ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მიზნები და ფინანსები

როგორც ტერორისტული ორგანიზაცია "ისალმური სახელმწიფო" 2006 წელს, ერაყში, 11 რადიკალური ისლამური ჯგუფის გაერთიანებით შეიქმნა, რომლის სათვეში "ალ ქაიდას" ადგილობრივი ორგანიზაცია იდგა. პირველად კვაზი ტერიტორიული წარმონაქმნის შექმნა 2013 წლიდან დაიწყეს. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ მსოფლიოს თავი 2014 წელს გააცნო, როცა სირიასა და ერაყში დიდი ტერიტორიები დაიპყრო და ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა. დაჯგუფებამ დაუნდობელი სისასტიკის გამო ადვილად მოიპოვა ხალხისა და მსოფლიოს სიძულვილი. მათ მიერ ჩადენილ სასტიკ ქმედებებში შედის მასობრივი მკვლელობები, გატაცება და ადამიანებისთვის საჯაროდ თავის მოკვეთა.

თუმცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რადიკალ ისლამისტებში სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა, აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიცია კი დაჯგუფების მტრად გადაიქცა. დღეს იმ ტერიტორიაზე, რასაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს 8 მილიონამდე სუნიტი მუსულმანი ცხოვრობს.

(იხილეთ ასევე: პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი მოკლულია, მაგრამ პასუხგაუცემი კითხვები მაინც მრავლადაა)

რა უნდა "ისლამურ სახელმწიფოს"?

2014 წლის ივნისში დაჯგუფებამ ოფიციალურად გამოაცხადა "ხალიფატის" შექმნა, რომელიც იმართება შარიათის კანონების მიხედვით და რომლის სათავეშიც დგას ხალიფა - მათთვის ალაჰის მოადგილე დედამიწაზე. დედაქალაქად კი სირიის ქალაქი რაყა გამოაცხდა. "ისლამურმა სახელმწიფომ" მოითხოვა, რომ მუსულმანურ სამყაროში, სადაც არ უნდა ეცხოვრათ მუსულმანებს, ყველგან ყოფილიყვნენ დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულნი. დაჯგუფებამ ასევე გამოაცხადა, რომ ყველა სხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს მათი უზენაესობა უნდა ეღიარებინათ. ბევრი მართლაც ასეც მოიქცა, მათ შორის ბევრი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ კონკურენტს - "ალ-ქაიდას" გამოეყო.

"ისლამური სახელმწიფოს" მთავარი მიზანია მოიშოროს ყველა, ვინც ალაჰის მსოფლიო აღიარებას ხელს შეუშლის. ისინი აცხადებენ, რომ დღეს შექმნილი ვითარება მუსულმანებსა და მათ მტრებს შორის უკანასკნელი ბრძოლის მომასწავებელია, რომელიც მოხდება სამყაროს აღასასრულის წინ და მას მოჰყვება განკითხვის დღე ანუ ყიამათი.

მუსულმანური ესქატოლოგიის მიხედვით, სირიის ქალაქი დაბიკი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული,  მიიჩნევა მუსულმანური არმაგედონის ადგილად, ანუ სწორედ აქ გაიმართება ის უკანასკნელი ბრძოლა. ამიტომაც აირჩიეს საკუთარი პროპაგანდისტული ჟურნალის სახელად "დაბიკი".

რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს ტერორისტული დაჯგუფება?

2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მეთიუ ოლსენმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა მდინარე ტიგროსისა და ევფრატის აუზის უდიდეს ნაწილს, დაახლოებით 210 ათასი კვ. კმ. ფართობის ტერიტორიას. 7 თვის შემდეგ, აშშ-ის არმიის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყში საკუთარი ტერიტორიის მეოთხედი ნაწილი დაკარგა, თუმცა დაჯგუფების კუთვნილი ტერიტორია სირიაში უცვლელი რჩება, რადგან ერთი ადგილის დაკარგვის კომპენსაცია სხვა ადგილის დაპყრობით ხდება.

რამდენი მებრძოლი იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში?

2015 წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპლერმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რაოდენობა  ერაყსა და სირიაში 20-32 ათასი იყო. თუმცა კლეპლერის თქმითვე, დაჯგუფების რიგები მკვეთრად შემცირდა, მას შემდეგ, რაც 2014 წლის აგვისტოში აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილმა კოალიციამ მათზე ავიადარტყმები დაიწყო.

2015 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ავიადარტყმების შედეგად "ისლამურმა სახელმწიფომ" 10 ათასი მებრძოლი დაკარგა. დანაკარგის ასანაზღაურებლად "ისლამური სახელმწიფო" ძალის გამოყენებით იწვევს მებრძოლებს საკუთარ რიგებში.

ერაყელი ექსპერტი ჰიშამ ალ-ჰაშიმი მიიჩნევს, რომ "ისლამურ სახელმწიფოში" მებრძოლთა მხოლოდ მესამედია მათი ძლიერი მხარდამჭერი, დანარჩენი კი იძულებით გახდა დაჯგუფების მებრძოლი. ამასთანავე , "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა უმეტესობა არ არის არც ერაყელი და არც სირიელი.

2015 წლის ოქტომბერში აშშ-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა ცენტრის დირექტორმა ნიკოლ რასმუსენმა კონგრესში განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის 28 000-ზე მეტი უცხოელი მებრძოლი, აქედან მინიმუმ 5000 მებრძოლი დაჯგუფებას დასავლეთიდან შეუერთდა, დაახლოებით 250 კი ამერიკიდან.

რადიკალიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ლონდონის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ "ისლამურ სახელმწიფოში" ძირითადად მეზობელი არაბული ქვეყნების მებრძოლები ირიცხებიან, ეს ქვეყნებია ტუნისი, საუდის არაბეთი, იორდანია და მაროკო.

ტერორისტების იარაღი

"ისლამური სახელმწიფოს" საკმაოდ მრავალფეროვანი მსუბუქი და მძიმე შეიარაღება აქვს, მათ შორისაა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სარაკეტო დანადგარები და საჰაერო-სარაკტო დანადგარები. ამას გარდა, მათ ხელში ჩაიგდეს სირიისა და ერაყის არმიის ტანკები და ჯავშანტექნიკა. ამ მოპოვებულ იარაღს შორის აღმოჩნდა ამერიკული წარმოების იარაღი, რომელიც თავდაპირველად ამერიკული არმიისთვის იყო შექმნილი.

ამ იარაღებიდან ზოგიერთს - შეფუთულ, ხელნაკეთ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ჯიჰადისტები ტერაქტებისთვის იყენებდნენ.

საიდან აქვს "ისლამურ სახელმწიფოს" ფული?

"ისლამური სახელმწიფო" მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება. თავდაპირველად დაჯგუფება არსებობდა მდიდარი კერძო დონორებისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამური ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით. დაფინანსების ამ წყაროებს "ისლამური სახელმწიფო" დღესაც იყენებს, თუმცა უმეტესად ახლა დაჯგუფება თვითდაფინანსებაზე გადავიდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს "ისლამური სახელმწიფოს" შემოსავლი კვირაში რამდენიმე მილიონი დოლარი იყო, წელიწადში კი დაახლოებით 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ თანხებს დაჯგუფება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვით ადგილობრივი შუამავლების საშუალებით იღებდა, ეს უკანასკნელნი კი კონტრაბანდული გზით თურქეთსა და ირანში, ან სირიის მთავრობაში ჰყიდდნენ. თუმცა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიშებმა ტერორისტული დაჯგუფების შემოსავლები საკმაოდ შეამცირა.

ამას გარდა, ჯიჰადისტების მიერ მძევლების გატაცებიდან აღებულმა თანხამ 2014 წელს 20 მილიონი დოლარი შეადგინა. დაჯგუფება თანხას იღებს ასევე, ქალებისა და გოგონების ტრეფიკინგშიც, ასევე მათ ხელში აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით ვაჭრობით.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

წყარო