მოკვდი ჯანმრთელი! - მედიცინა კუბურად: პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა! - კვირის პალიტრა

მოკვდი ჯანმრთელი! - მედიცინა კუბურად: პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა!

წარმოიდგინეთ სურათი: ექიმი მოდის თქვენთან სახლში და თითოეულ ბინადარს ყოველწლიურ შემოწმებას უტარებს, ზოგჯერ იძულებითაც კი...

სწორედ ასე ხდება კუნძულ კუბაზე, და შესაძლოა, ჯანდაცვის მსგავსი პრევენციული ზომები ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თურმე იგი საკმაოდ ნაყოფიერია.

რაც შეეხება ერის სიჯანსაღეს, კუბა ბევრად უსწრებს ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დაბალი და საშუალო შემოსავალი ფიქსირდება და ზოგჯერ გაცილებით წინაა  მდიდარ ქვეყნებზეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ კუბა ჯანდაცვაზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე აშშ (მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კუბას დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 431 დოლარს წარმოადგენს, აშშ-ის კი 8 553 დოლარს), კუბაში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა ნაკლებია, ვიდრე შტატებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი - მეტი.

როგორ ახერხებენ ამას, და შეუძლიათ თუ არა სხვა, როგორც ღარიბ, ასევე მდიდარ ქვეყნებს, გამოიყენონ კუბური გამოცდილება? - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩანი, დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ.

იგი მაღალ დონეზე აფასებს ფაქტს, რომ კუბური მედიცინა აქცენტს პროფილაქტიკაზე აკეთებს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, მიბაძონ მათ მაგალითს.

კუბაში უფასო, ყველასთვის ხელმისაწვდომია სამედიცნო მომსახურება; ეს ჩაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება და გარანტირებულია ხელისუფლების მიერ.

პრევენციული მედიცინის ფუძეს პირველადი დახმარება წარმოადგენს, რომელსაც ოჯახის ექიმი უწევს მათ, ვინც მის კლინიკაშია მიწერილი.

ექიმები კი კუბაში მრავლად არიან - ყოველ ათას კაცზე 8 ექიმი, ეს მაშინ, როდესაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აშშ-ში ყოველ ათას კაცზე - 2,5, ხოლო ბრიტანეთში 2,7 ექიმი მოდის.

ტანია როზა დე ლა კუევას ჰილი თერაპევტია, მას ძველი ჰავანას უბანში მცირე მისაღები კაბინეტი აქვს, სადაც მედდასთან ერთად უბანში მაცხოვრებელ 334 ოჯახს უწევს სამედიცინო დახმარებას.

უმთავრესი ყოველწლიური მედდათვალიერებაა, ანუ სრული დისპანსერიზაცია, რომელსაც ხშირად შინ მისვლით ატარებენ, და მას თავს ვერცერთი პაციენტი აარიდებს.

"ჩემმა მედდამ ყველას მისამართი იცის, ასე რომ, ვერსად დაგვემალებიან", - ხუმრობს ექიმი კუევას ჰილი.

მსგავსი მედდათვალიერების მონაცემები ოჯახის ექიმებს საშუალებას აძლევს, პაციენტები, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით კატეგორიებად დაყონ. თუ პაციენტი ჯანმრთელია, ყოველწლიური შემოწმება საკმარისია, მაგრამ თუკი რაიმე პრობლემა გამოვლინდება, პაციენტი ბევრს ეწევა ან სვამს, ექიმი პაციენტზე დაკვირვებას მთელი წლის განმავლობაში აწარმოებს.

შესაძლოა, ვინმეს ეს მიდგომა მომაბეზრებლად მოეჩვენოს, თუმცა კუბაში მას მიესალმებიან, რადგან მისი უმთავრესი ამოცანაა, არ დაუშვას ავადმყოფობის ჩამოყალიბება და განვითარება.

მონაცემებს ჯერ ოჯახის ექიმი აგროვებს, შემდეგ აგზავნის უბნის პოლიკლინიკაში, სადაც წყვეტენ, უკეთ როგორ დაგეგმონ მკურნალობა.

ამ მოდელმა უკვე თავი დაიმკვიდრა და ნაყოფიერიც გამოდგა, თუმცა, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამას პრობლემებიც მოჰყვა.

ვაქცინაციის ძალზედ ეფექტური პროგრამის წყალობით კუბელები უკვე აღარ კვდებიან ინფექციური დაავადებებით, შედეგად ხალხი მეტ ხანს ცხოვრობს, ხანდაზმული მოსახლეობა კი, როგორც ერთმა მინისტრმა აღნიშნა, "ერის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს".

მოკლედ, კუბელების სიკვდილის ძირითად მიზეზად რჩება: ხანდაზმულობა, სიმსუქნე, ალკოჰოლისა და თამბაქოს დიდი დოზით მიღება, ანუ საბოლოოდ  კუბელები კვდებიან იმავე დაავადებებით, რითაც მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა - ძირითადად  გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური ავადმყოფობების შედეგად.

გამოთქმაც კი გაჩნდა: "კუბელები ცხოვრობენ როგორც ღარიბები, კვდებიან როგორც მდიდრები", თუმცა, თავისთავად, მსგავსი პაციენტები ოჯახის ექიმთან ყოველდღიურ კონსულტაციას გადიან.

ხანდაზმული მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს ხელისუფლება სპეციალური პროგრამით ებრძვის, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას აგიტაციას უწევენ ალკოჰოლის და თამბაქოს ზიანისა და დიეტების და ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელობაზე.

ამ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ ოჯახის ექიმები ატარებენ.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

წყარო