აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი - კვირის პალიტრა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. რამდენიმე საათიანი დებატის შემდეგ კანონმდებლებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომელიც 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს და კონგრესისთვის ხელის შეშლას, რომელსაც მხარი 229 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 198 აღმოჩნდა.

პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც იანვარში გადაწყვეტს, დარჩება დონალდ ტრამპი თანამდებობაზე თუ არა.

რესპუბლიკური პარტია" არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმეტზე გამართული კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას მიჩიგანში, მის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

"ვაუ, ვაუ, თითქმის 200. არცერთი რესპუბლიკელის ხმა არ დაგვიკარგავს, სამმა დემოკრატმა კი ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა. რესპუბლიკური პარტია არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა," - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. "დემოკრატებმა იმპიჩმენტი გააუფასურეს,"- დასძინა ტრამპმა.

"ყველამ, ვინც პრეზიდენტი ხდება, შესაძლოა სატელეფონო ზარი განახორციელოს და ამის გამო იმპიჩმენტი მოუწყონ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.