"ჩვენი ქალები არ არიან ისეთები, როგორიც - ქაბულში... მე მომწონს თალიბები, ადრე მათი ყველას ეშინოდა და - სულ ტყუილად" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქალები არ არიან ისეთები, როგორიც - ქაბულში... მე მომწონს თალიბები, ადრე მათი ყველას ეშინოდა და - სულ ტყუილად"

მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "თალიბანმა" ავღანეთში მმართველობა ხელში ჩაიგდო, ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თალიბი მებრძოლებისა და შარიათის ახალი სასამართლოს წყალობით, ავღანეთში სხვა კანონები მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რეჟიმს მოწინააღმდეგეებთან ერთად მომხრეებიც გამოუჩნდა. ერთ-ერთ ასეთ ოჯახს ბი-ბი-სის ჟურნალისტი ესტუმრა.

"ჩვენ ჰელმანდის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ სოფელში, მარჯაში ჩავედით. ქვის სახლში ოჯახის უფროსმა შამსულამ შეგვიპატიჟა. ოთახში დიდი ხალიჩაა დაგებული, კედლის გასწვრივ კი ბევრი ბალიშია. სასტუმრო ოთახში შევედით, სახლში ავეჯი თითქმის არ იყო. 20 წლის ომისა და დაძაბულობის პერიოდმა ხელი აქაურობასაც დაატყო და თუ რამე ქონება ჰქონდათ, ან მოპარეს, ან დროთა განმავლობაში განადგურდა.

შამსულამ 65 წლის დედა, გოლხიმე გაგვაცნო, რომელიც ჩვენს შესახვედრად ბურკაში შემოსილი გამოვიდა. ქალს მხოლოდ თვალები უჩანდა".

გოლხიმემ მისი ცხოვრება ჟურნალისტებს აღელვებულმა უამბო, როგორც აღმოჩნდა, ამ მრავალწლიან ომს მისი ოთხი უფროსი ვაჟი შეეწირა, დარჩა მხოლოდ უმცროსი - შამსულა, ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.

გოლხიმეს უფროსი ვაჟი 11 წლის წინ "თალიბებთან" ერთად იბრძოდა და დაიღუპა.

"ჩემი შვილი მიხვდა, რომ ამერიკელებს ისლამის და ავღანეთის განადგურება სურდათ, ამიტომ "თალიბებს" შეუერთდა".

დანარჩენი სამი ვაჟი 2014 წელს დაეღუპა. ერთი მათგანი ავიაიერიშს შეეწირა, ორი კი - ავღანეთის არმიაში ძალით გამოიძახეს და უკან ვეღარ დაბრუნდა. ახლა ოჯახს შამსულა უძღვება:

"ოდესმე გიცდიათ, 5 საზამთრო ცალი ხელით დაგეჭირათ? ასეთი რთულია ყველაფერი, ძალიან მაკლია ჩემი ძმები", - ამბობს შამსულა.

პირველი გარდაცვლილი ძმის, ზია ულ ჰაკის ცოლი შემდეგმა ძმამ მოიყვანა ცოლად და ძმების გარდაცვალების შემდეგ, საბოლოოდ, ქალი შამსულას მეუღლე გახდა...

2010 წელს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის - ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ამერიკის ჯარებმა ავღანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია წამოიწყეს, რაც დასახლებების თალიბებისგან გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ადგილი მარჯა უნდა ყოფილიყო.

"როცა თალიბებს განვდევნით, წინ ყველას ნათელი მომავალი ელის - კარგი სკოლები, კარგი საავადმყოფო, თავისუფალი ვაჭრობა", - ნათქვამი იყო ამერიკელი სამხედროების პრესრელიზში. მარჯაში ამერიკელებსა და თალიბებს შორის შეტაკება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები უმეტესად ბამბის ყანებში იმალებოდნენ. ერთხელ ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ მარჯა "სისხლმდინარე წყლულს" ჰგავს.

დღეს, როცა ავღანეთის სათავეში ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები არიან, ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა. ქაბულში თუ სხვა ქალაქში მცხოვრები ქალები არსებულ კანონებს აპროტესტებენ. ახალ თაობას, რომელსაც სმარტფონიც აქვს, მუსიკასაც უსმენდა და უნივერსიტეტში თუ სკოლაში სწავლობდა, აღარ სურს, სახლში გამომწყვდეული იჯდეს, თუმცა როგორც ბი-ბი-სის ჟურნალისტი წერს, ძველი თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის კი - გოლხიმეს და მის ოჯახს, ახალი წყობილება ძალიან მოსწონს:

"ჩვენი ქალები არ არიან ისეთები, როგორიც - ქაბულში. ჩვენი ქმრები, ძმები, ვაჟები იღუპებოდნენ, ახლა კი ეს დასრულდა და ჩვენც ამოვისუნთქეთ. მე მომწონს თალიბები, რადგან ისლამს პატივს სცემენ. ადრე მათი ყველას ეშინოდა და - სულ ტყუილად", - ამბობს 65 წლის გოლხიმე.

ბი-ბი-სის ჟურნალისტის თქმით, ცოტა საეჭვოა, საუბრობდა თუ არა ინტერვიუში ქალი გულწრფელად, რადგან პროვინციაში ისინი ინტერვიუს ჩასაწერად ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთან და თარჯიმანთან ერთად ჩავიდნენ. სოფელში ჩასულ უცხოელებს სხვებთან ერთად ახალგაზრდები დახვდათ, მათ უცხოელი სტუმრების ნახვა გაუხარდათ და ჟურნალისტებთან ფოტოებიც გადაიღეს. (წყარო)