რამდენად რეალურია მკაცრი რეგულირება საქართველოში?
ყოველი ქვეყნის მთავრობას, მათ შორის, საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას ერთ სპეციფიკურ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა: შეუძლია თუ არა მას სათანადო კანონების შემოღება და მათი შესრულების უზრუნველყოფა, თანაც ისე, რომ ამით ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს? საქართველოს წინა ხელისუფლებას ერთგვარი ფილოსოფიური გაგება ჰქონდა - მათი აზრით, სახელმწიფო რეგულირება თავისი ბუნებით ცუდი რამ არის და სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი ხალხს, რომ მან თავისი ცხოვრებით იცხოვროს და ბიზნესი აკეთოს. სწორედ ამიტომ იყო, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბიზნესი საქართველოში ყველაზე ნაკლებად რეგულირდებოდა.
ის, ვისაც გარკვეული ხანი დაუყვია საბჭოთა კავშირში ადრეული 90-იანი წლების ომების ან შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის პერიოდში, უთუოდ პესიმისტურად იქნება განწყობილი ნებისმიერ სახელმწიფო რეგულირებასთან მიმართებაში და ძნელად დაიჯერებს რეგულირების წარმატებასა თუ რეგულატორთა კეთილმოსურნეობას. ზოგიერთი მათგანი ევროპას როგორც სუპერ-მარეგულირებელს ალბათ კრიტიკულად შეხედავს, ხოლო ამერიკას, როგორც თავისუფალ ქვეყანას - პირიქით, პატივს სცემს. თუმცა, როგორც ყოველთვის, სინამდვილე სადღაც შუაშია.
ქვეყნები რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს. ზოგიერთ ქვეყანაში რეგულაციები ხალხს არ შეხებია. ეს ძირითადად მცირეშემოსავლიანი ქვეყნებია, მცირეშემოსავლიანი მოსახლეობებით. სხვა ქვეყნებში კი მრავალი წესი და კანონი მოქმედებს, რაც პრინციპში სამთავრობო პირებს მოსახლეობისგან ფულის გამოძალვისთვის შემოუღიათ. ასე ხდებოდა შევარდნაძის დროს. მაგალითად, ავიღოთ ანტიმონოპოლიური სამსახური. რითი იყო ის დაკავებული? რითი და მონოპოლიების არგამოძიების სანაცვლოდ ქრთამების მოზიდვას ახდენდა. შევარდნაძის გასტუმრების შემდეგ ეს ორგანო ელვისებურად გააუქმეს. მას შემდეგ, რაც ეკონომიკა ფეხზე დადგა და სახელმწიფომ როგორც იქნა შეიძინა ნორმალურად ფუნქციონირების უნარი, ის სამწუხაროდ დიდ ბიზნესს ჩაეხუტა. შედეგად, ანტიკონკურენტული ქცევა თვალშისაცემ პრობლემად იქცა. სახელმწიფოს არავითარი ინტერესი აღარ ჰქონდა, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტა.
არსებობს ისეთი ქვეყნების ჯგუფიც, სადაც ბევრი რეგულაცია არსებობს და თანაც ისინი არაპოპულარულია. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება ამერიკა. აშშ ძალიან დეცენტრალიზებულია. ყოველ შტატში ვხვდებით უამრავ წესსა და კანონს. ეკონიმიკისა და წარმოების ზოგიერთი სფერო ძალიან მკაცრად რეგულირდება, ზოგიერთი სხვა კი - ბევრად ნაკლებად. კულტურის თვალსაზრისით, ამერიკელები კონტროლს ვერ იტანენ. შედარებისთვის, იაპონია ძლიერ რეგულირებადი და ცენტრალიზებული სახელმწიფოა, რომელიც ამ რეგულაციების გამტარებელ მასიურ, ნაკლებეფექტურ და ნაკლებპოპულარულ ბიუროკრატიაზე დგას. მიუხედავად ამისა, მოწუწუნე ამერიკელებისგან განსხვავებით, პრობლემების პირისპირ მდგარი იაპონელები მაინც ყოველთვის ერთი მიმართულებით მიემართებიან ხოლმე მორჩილად. ინდოეთი იაპონიას ჰგავს, ოღონდ უფრო კორუმპირებულია.
კიდევ ერთ ჯგუფში, კერძოდ, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ცხოვრება ასევე მკაცრად რეგულირდება, მოსახლეობა ზოგადად სრულ თანხმობაშია კანონთან და სახელმწიფოსთან, რადგან ეს ორი უკანასკნელი დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. სამხრეთ ევროპის ქვეყნები უფრო სუსტები არიან ამ მხრივ. კანონები უარესი აქვთ. მოსახლეობა ხშირად ცინიკურად უყურებს მათ. თუმცა, კანონები ასე თუ ისე მაინც მუშაობენ და ცხოვრების მაღალი დონეც შენარჩუნებულია.
როცა საქმე ზოგადად რეგულაციებს ეხება, საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, რომ ცუდად შედგენილმა წესმა თუ კანონმა შეიძლება საშიში და გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღოს. რეგულატორის უპირველესი ამოცანაა, არავის დაუშავოს რამე. ექიმივით უნდა იქცეოდეს. როგორც ჩანს, საქართველოს ახალი ხელისუფლება ძალიან არ ეტანება რეგულირების გამკაცრებას და ახალი კანონის შემოღება-არშემოღების საკითხის გადაწყვეტამდე ფართო განხილვებს მართავს ხოლმე. მოკლედ, კარგია, რომ ისინი არ ჩქარობენ ამ საქმეში. უმუშევრობა არის უპირველესი პრობლემა, რაზეც ისინი დღეს მუშაობენ. კერძოდ, ამ მომენტში პარლამენტში განიხილება დაქირავებულთა უფლებების დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობა. თუმცა, ეს გარემოება საფუძვლიან უხერხულობას იწვევს დამქირავებლებში და მოსალოდნელია, რომ ისინი უფრო ნაკლებ ხალხს დაიქირავებენ.
მანქანები და ტაქსები საქართველოში ყველაზე ნაკლებად რეგულირდება სხვა ქვეყნებთან შედარებით. იგივე ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომელშიც ტყვია და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებია აღმოჩენილი. არ რეგულირდება მანქანების ბიზნესიც, არ ტარდება მათი წლიური ტექდათვალიერება. ტაქსისტს ინდივიდუალურად ურიგდები ფასზე და ამიტომაცაა, რომ საქართველოში ტაქსებს იაფად დავყავართ. მთავარია, მიახლოებით მაინც ერკვეოდე მანძილებში და შესაბამის ფასებში. არ რეგულირდება ასევე საკვების სფერო. ეს გარემოება, თავის მხრივ, გამორიცხავს ქართული საკვები პროდუქტების ექსპორტს ევროკავშირსა თუ სხვა, უფრო მეტი რეგულაციის მქონე ქვეყანაში. ცხადია, საკვების უსაფრთხოების პრობლემით თვით საქართველოშიც შეშფოთებული არიან. მას, ვისაც გარკვეული შეხება ჰქონია საქართველოს ფერმებთან, ალბათ კარგად ეცოდინება, რომ იქ საკმაოდ უცნაურ პესტიციდებსა და ინსექტიციდებს იყენებენ, რადგან არავინ აქცევს ამ სფეროს ყურადღებას.
საქართველო კორუფციის პრობლემას კარგად იცნობს და ერთი მხრივ გასაკვირი არა არის, რომ ქვეყანაში არსებობს ძალიან სპეციფიკური კანონების მიღებისა და მერე მათი ზედმიწევნით განხორციელებისთვის ხალხის დაქირავების ტენდენცია. ასეთი დაწვრილმანებული კანონების შემოქმედნი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ნებისმიერ თანამდებობის პირს შეუძლია თავისებურად გადაწყვიტოს ესა თუ ის საქმე და თუ შესაძლებელია, ქრთამიც აიღოს ამისათვის. კი, წარსულში ნამდვილად ასეთი სურათი იყო. თუმცა, დღესაც საქართველოში საზოგადოებრივი ნდობის გამორჩეულად დაბალი დონეა. ეს თვისება მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეს ახასიათებს. მარტივად რომ ითქვას, ბევრს მიაჩნია, რომ ხალხის უმრავლესობა არასანდოა. მაგალითისთვის შევიხედოთ იუსტიციის სახლში. ეს უწყება დაკომპლექტებულია ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალბატონით, რომლებიც ვალდებულებების შესრულების ძალიან მკაცრი ჩარჩოებით ხელმძღვანელობენ. არავითარი "ლუფტი". ყველამ იცის, რომ ბევრი უცხოელის სახელი და გვარი მრავალგვარად შეიძლება გადმოქართულდეს. იუსტიციის სახლის თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, რომ პირადობის იდენტიფიკაცია ყველა ანბანზე ასოების სკრუპულოზურად გადამოწმების გარეშე მოახდინონ. შედეგად ვიღებთ ბიუროკრატიულ კოშმარს, დროის მჭამელ უსასრულო ქაღალდომანიას. არადა, ამ ახალგაზრდებს ცოტა ინდივიდუალურად რომ გადაეწყვიტათ ყოველი საქმე და წესები ცოტა ნაკლები სკრუპულოზურობით დაეცვათ, მათი სამუშაო გაიოლდებოდა, თუმცა ისიც მართალია, რომ სამუშაოს დაკარგვის საშიშროების პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. და ასე, დროის 99% ტრივიალურ პრობლემებზე ეხარჯებათ. დროის მხოლოდ 1% თუ რჩება ნამდვილად სერიოზული წერითი პრობლემების გადაწყვეტაზე.
მოკლედ, გამოსავალი არის არა წესისა და კანონის შიში, არამედ მათი აუცილებლობის აღიარება. ისინი სუსტი და ნაკლები ძალაუფლების მქონე ხალხს უნდა იცავდნენ. დიდი კომპანიებისა და მდიდარი ხალხისგან განსხვავებით, ბევრ პატარა ბიზნესსა და მეწარმეს არ გააჩნია ბიუროკრატიული მოთხოვნების დაკმაყოფილების საკმარისი შესაძლებლობა. როგორიც უნდა იყოს კანონი, მთავარია დამტკიცდეს, რომ ის ნამდვილად ემსახურება ნამდვილი და მნიშვნელოვანი საჭიროების დაკმაყოფილებას. ჩვენ გვჭირდება ყურადღებით შედგენილი კანონები და მათი ფართო და ყოველმხრივი წინასწარი განხილვა, მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სისტემა და რამდენად გასაგებია კანონების მუშაობის შედეგები. მეორე მხრივ, დროა, რაღაც ეტაპზე ხელისუფლებამ გარკვეული ნდობა გამოუცხადოს იმ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებს, ვისაც ხალხის პრობლემებთან უშუალო შეხება აქვთ. საუბარია, ოდნავ მეტის გაკეთებაზე, ვიდრე დღემდე კეთდებოდა.