აშშ და ჩეჩნეთი
ამერიკელების ცოდნა ჩეჩნეთის შესახებ საკმაოდ მწირია. აქ ბოლო კონფლიქტი მაშინ გაღვივდა, როცა სადღაც 1999 წლის ბოლოსა და 2000 წლის დასაწყისს შორის პუტინმა და ეფ-ეს-ბემ ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. ეს კონფლიქტი ასე 2007 წლამდე გრძელდებოდა. 90-იანი წლების ჩეჩნეთის ომისგან განსხვავებით, ეს ბოლო კონფლიქტი იყო არა უბრალოდ ნაციონალისტური წინააღმდეგობა, არამედ საერთაშორისო პოლიტიკური ისლამი მოქმედებაში. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ისლამური ტერორიზმი აშშ-ის ნომერი პირველი სამხედრო სამიზნე გამხდარიყო. რუსეთმა ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მის მიერ წარმოებულ ამ ომს ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლა უწოდა და საკუთარი ძალებით გადაწყვიტა მისი მოგება. ანუ ეს კონფლიქტი შინაურ პრობლემად შერაცხა. აშშ, რომელსაც თვითონ სჭირდებოდა რუსეთის დახმარება ავღანეთისა და ერაყის ომებში, თანახმა იყო, რომ რუსეთს ის ეკეთებინა, რაც უნდოდა. აშშ დღემდე
ინარჩუნებს ასეთ მიდგომას მეტ-ნაკლებად. გამორჩეული გამონაკლისია მაგნიტსკის აქტი, რომელიც პუტინისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამ სიაში შეტანილ კორუმპირებულ რუს ოფიციალურ პირებს ამერიკის ვიზის აღების შესაძლებლობა მოესპოთ. მათ კიდევ უფრო მეტად აღელვებს იმის პერსპექტივა, რომ შენგენის სივრცეც შეიძლება ჩაიკეტოს მათთვის.
და აი, ამ დროს ხდება ბოსტონის ტრაგედია - აფეთქებები მარათონის ფინიშის ხაზთან. იღუპება სამი და სახიჩრდება გაცილებით მეტი ადამიანი. ეს ტრაგედია ბოლო დღეების უმთავრეს სიახლედ იქცა და რჩება კიდეც ასეთად. დამნაშავეები აშშ-ში ემიგრირებული ჩეჩნური წარმოშობის ორი შუააზიელი ახალგაზრდაა. ამერიკული გაზეთები და ახალი ამბები ბოლო დღეებში გამუდმებით უჩვენებენ რუკებს, რათა ამერიკელებმა გარკვევით გაიგონ აღნიშნული ქვეყნების ადგილმდებარეობა და ურთიერთკავშირი. ასეთი მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ბოლოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო. 2008 წლამდე ოდნავ ადრე ჩეჩნეთი დამორჩილებულ იქნა კარგად ნაცადი მეთოდით - დიქტატორის, კერძოდ რამზან კადიროვის, ხელოვნული აღზევებითა და კორუფციის წახალისებით. კადიროვმა ჟურნალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
თითქმის სრული იზოლირების გზით შეძლო ის, რომ ჩეჩენი მოწინააღმდეგეები გზიდან ჩამოიცილა და აიძულა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მხარეებში, განსაკუთრებით დაღესტანში, გადახვეწილიყვნენ. დღეს დაღესტანში ბოევიკების რამდენიმე დაჯგუფება არსებობს და თან რამდენიმე საწვრთნელ ბანაკს ამუშავებენ.
სიმართლე ითქვას, აშშ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გააწყობს. იგი მთლიანად დაკავებულია სხვა ომებით და თანაც ამერიკას სხვა პრიორიტეტები აქვს. კიდეც რომ აწუხებდეს მას ჩრდილოეთ კავკასია , გაურკვეველია, რისი გაკეთება
შეუძლია ასეთ ვითარებაში. ინსტინქტურადაც და სტრატეგიულადაც რუსეთს არ სურს, რომ მსოფლიომ იმის გამოძიება დაიწყოს, თუ რა ხდება მოცემულ რეგიონში. რუსეთი ეჭვიანობს ამერიკაზე და არ დაუშვებს, ამ ადგილებში რაიმე ერთობლივ მოქმედებას პოლიტიკურ თუ უფრო ქვედა დონეზე. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ბოსტონის ტრაგიკულ მოვლენამდე რუსეთის ხელისუფლებას ამერიკაში ეფ-ბი-აი-სთვის დაურეკავს და შეუტყობინებია, რომ ერთ-ერთი ამფეთქებელი საშიში იყო დაღესტანში, რადგან პოტენციურ ჯიჰადისტებთან ჰქონია კავშირი.
ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასია და მისი მონათესავე ორი მხარე საქართველოში - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი - გარკვეულწილად ნაცრისფერ ზონებად ჩამოყალიბდნენ. ისინი გარე სამყაროსგან მეტ-ნაკლებად ჩაკეტილები არიან უცნობია, თუ ვის პასუხისმგებლობაში შედიან ისინი. ბევრი ამბობს, რუსეთმა ჩეჩნეთს დე ფაქტო დამოუკიდებლობა იმიტომ უბოძა, რომ მისგან სანაცვლოდ ყმადნაფიცობა მიეღო. აშკარაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება წარმატებული გრძელვადიან პერსპექტივაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამართლებრივ გაურკვევლობაში არიან. როცა იქ რამე ხდება, სამართლებრივად ეს აღიქმება, როგორც საქართველოში მომხდარი მოვლენა, მაგრამ ცხადია, რომ სინამდვილეში ეს ზონები რუსეთის ხელისუფლების ცალკეულ მხარეებთან დაახლოებული ადგილობრივი ჯგუფების მიერ იმართება. მოკლედ, ვერავინ იტყვის დაზუსტებით, თუ ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა. ჩეჩნეთი და დანარჩენი ჩრდილოეთ კავკასია ჟურნალისტებისთვის საშიში ადგილია. იქ ჩასვლა და განსაკუთრებით ჟურნალისტური გამოძიებები მათთვის დიდი საფრთხის მატარებელია. იქ მათ კლავენ და არავინ ისჯება ამისთვის. დღეისთვის დაღესტანი, კერძოდ მისი მთიანი ნაწილი, ყველაზე საშიშია ამ რეგიონის სხვადასხვა მხარეს შორის. უდავოა, რომ ამ მთებში საერთაშორისო ჯიჰადისტები და მათი ჩრდილოეთ კავკასიელი
მხარდამჭერები ინტენსიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
საქართველოსთვის ეს გარემოება რამდენიმე თემას სწევს წინ. პირველი, ესაა პანკისის ხეობა და იქ მაცხოვრებელი ქისტები. წლების განმავლობაში ბევრი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ჩეჩენი მებრძოლები პანკისის ხეობას მოსაშუშებლად და წვრთნებისთვის იყენებდნენ. ეს ინფორმაცია კარგად ესადაგება რუსეთის მიდრეკილებას, რომ "კავკასიელები" ერთიან ჯგუფად განიხილოს. ეს ზოგჯერ მართლაც ახლოა სინამდვილესთან. არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე დაღესტნის საზღვართან, ლაფანყურის ტყეში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია. წინა ხელისუფლების მიერ მოწოდებული ოფიციალური ვერსია დღეს შეცვლილია და გაურკვეველია, ვინ და რატომ მოკლეს იმ ტყეში. კავკასიაში იმის მცდელობას, რომ შენი მტრის მტერი მეგობრად ჩათვალო, უთუოდ დიდი ისტორია აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მთავრობას ეს პრინციპი წინა წლებში არ გამოუყენებია.
ყოველივე ზემოთ თქმულთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ხსენება. სოჭი კავკასიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კურორტია. ოლიმპიური კომიტეტის მიერ კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს ოლიმპიადის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდ კითხვას ბადებს. ტერორისტული თავდასხმის შანსი დიდია. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება. მაგრამ თუ მაინც მოხდა და აღმოჩნდება, რომ თავდასხმა საქართველოს გამოისობით მოხდა, ძალიან დიდი პრობლემა იჩენს თავს. საქართველომ უვიზო რეჟიმით კარგად იხეირა. დღეს ის კვლავ ყალიბდება მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძად, როგორიც 1921 წლამდე იყო. თუმცა, საზღვრების უსაფრთხოების პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია,
რომ ის საქართველოს მიმართ წარმოებულ ამერიკულ პოლიტიკაზე და ევროკავშირსა თუ სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გაიოლებულ სავიზო მიმოსვლაზე ახდენს გავლენას. მოკლედ, ეს საკითხი ყოველთვის დგას ამერიკა-საქართველოს დღის წესრიგში. ვაშინგტონს ცოტა რამ თუ შეუძლია გააწყოს ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ პრობლემაზე კრემლთან საუბარი შეუძლია, როგორც ის ამას ჩვეულებრივ ბევრ სხვა პრობლემასთან დაკავშირებითაც აკეთებს. ასე თუ ისე, აშშ-ს საქართველოსთან, რომლის ყველაზე გრძელი საზღვარი ჩრდილოეთ კავკასიაზე მოდის, ძალიან მტკიცე ურთიერთობები აქვს. იმედია, საქართველო ყურადღებით აკონტროლებს და მართავს ქვეყანაში ვიზიტორთა შესვლა-გასვლის პროცესს.