ჩემს კორპუსს საყრდენი კედელი გამოაცალეს ანუ რატომ გაილანძღა მხოლოდ ერთი ჟურნალისტი? - კვირის პალიტრა

ჩემს კორპუსს საყრდენი კედელი გამოაცალეს ანუ რატომ გაილანძღა მხოლოდ ერთი ჟურნალისტი?

ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ ტელეწამყვანის და ბობოქარი ჟურნალისტის მობოდიშება ამომიგდო საზოგადოებისადმი, ვინაიდან ახალგაზრდა კოლეგამ ჭირისუფლისგან ინტერვიუს აღება სცადა. ამ "ბომონდმა" წამყვანმა ისე გაიკვირვა, როგორ მრცხვენია, ეს რა მოხდაო, - გეგონებათ, ჩამოყალიბებული სტანდარტი გვაქვს ან იმ ტელევიზიაში არიან ძალიან მორალურები და მხოლოდ ერთმა დაარღვია რაღაც; გეგონება, ტელევიზიებში პირდაპირი პროვოცირება არ იყოს პროდიუსერების მხრიდან იმისა, რომ ლამის კუბოებში უვარდებიან მკვდრებს და პირის ღრუში - ჭირისუფლებს. მაპატიეთ.

ეს გოგო აშკარად განტევების ვაცი აღმოჩნდა. მთელი ნეგატიური ენერგია ამ ერთი ადამიანისკენ წავიდა. მე რა პოსტებიც წავიკითხე, ზოგადად, ამ სტილით მუშაობას აპროტესტებდა ხალხი. ახალგაზრდა ჟურნალისტის კოლეგებმა კი მხოლოდ ამ ერთს შეუტიეს. ანუ - "დაბალ" ფენას. ხელის ადვილად წამოსაკრავს. ეს ხომ მაყურებლის შეგნების დაქვეითებაა, არა, რასაც ისედაც ემსახურებიან დღევანდელი ტელევიზიები?

და, როგორც კი მუშაობის საერთო პრინციპებსა და სტანდარტის ჩამოყალიბებაზე იწყება საუბარი, ეგრევე მზად აქვთ: "სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავთო". ერთ-ერთი ჟურნალისტი, ამავე არხიდან, ხომ გვამცირებდა კიდეც: "თქვენ "გუგლში" "სერჩვა" არ გეცოდინებათო", არადა, ევროპულ ქვეყნებში თქვენნაირების ქმედებები, ლამის, ყოველ მეორე დღეს დისკვალიფიცირებული იქნებოდა.

ბორის ჯონსონიც კი კმარა მაგალითად (ვიდრე ლონდონის მერი გახდებოდა). მისი, როგორც ჟურნალისტის დისკვალიფიკაცია მოხდა ერთადერთი შემთხვევით, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენის კონსტანტაცია სთხოვეს და მან საკუთარი ემოციებით განსაჯა ამბავი პირდაპირ ეთერში...

ანუ ხვდებით, რისი თქმა მინდა? როცა, არანაირი სტანდარტი არ არის ჩამოყალიბებული, არ არსებობს ეთიკური ნორმები, რომელსაც ყველა თანამშრომელი იცავს, ყოველდღე თავში მიკროფონს ურტყამ მოქალაქეს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებ და, პარალელურად, აბსოლუტურად ყალბად, ბოდიშს იხდი ან ამცირებ შენს კოლეგას, იქ უკვე ნათელია, რომ ქართული ჟურნალისტიკა კიდევ კარგა ხანს არ განვითარდება.

იმავეს ვიტყოდი სხვა შემთხვევებზეც. ურთულესია, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება (ბათუმს ვგულისხმობ). მაგრამ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე სულმოუთქმელად ველი, იქნებ გონს მოვეგოთ და გავაანალიზოთ ძირეული შეცდომები.

არა, თქვენც არ მომიკვდეთ. ვიღაც "დაბალი ფენიდან" დააკავეს და ვფიქრობ, ამით დასრულდება ყველაფერი.

ჩემს ბავშვობაში, მახსოვს, ჩემს კორპუსში ერთმა მეზობელმა ოთახს საყრდენი კედელი გამოაცალა, რომ ორი ოთახი გაეერთიანებინა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დანარჩენმა ორმა მეზობელმაც მიბაძა. იმან თუ გააკეთა, მე რითი ვარ ნაკლებიო... შიშით ვიცხოვრეთ რამდენიმე წელი. არ ვიცი რა ძალამ დაგვიფარა, რომ კორპუსი არ დაიშალა. ალბათ, იმან, რომ 9-სართულიანი იყო და 3 სხვადასხვა სართულზე განხორციელდა მსგავსი რამ. პრობლემა ის იყო, რომ ვოცნებობდით, ვინმე მაკონტროლებელი ყოფილიყო და არ იყო... წლები გავიდა და დღეს იგივე სიტუაციაა. ჩანს, როგორც მაშინ, მეზობლებმა დღესაც იცოდნენ, - რისკზე მიდიოდნენ და მაინც წავიდნენ, იმიტომ, რომ მაკონტროლებელი ორგანო ან გავლენებისგან დაცლილი, ერთიანი სტანდარტი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ის კანონი კი, რომელიც გვაქვს, მხოლოდ ე.წ. დაბალი ფენისთვის ახსენდებათ.

უმრავლესობას ამ ქვეყანაში ლამაზი გამონათქვამები იზიდავს, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტობრივად არ ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთია: "ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს.." რა ვისწავლეთ განსაცდელისგან? რის შეცვლას ვაპირებთ?

იმ რთულ ვითარებაშიც კი, როდესაც ადამიანებს ნანგრევებში ეძებდნენ, "მთავარი არხის" თემატიკა მიშას სახელის პიარს არ ასცდენია. შიგადაშიგ ისიც თქვეს, რომ გირგვლიანის თემა ბუნებაში არ არსებობს... რაღაც მომენტში კი სერიალიც გაუშვეს. ეს რომ სახელისუფლებლო არხებს ექნათ, სასაცილოდ არ ეყოფოდათ. მაგრამ ჩვენთან ხომ, კანონის მსგავსად, სიმართლეც მონოპოლიზებულია.

ჰოდა, მაინც ვიტყვი: პრობლემა ვიღაცის შეცდომა კი არ არის, არამედ - პრობლემა ის არის, რომ კანონის დაცვის გარანტი - სახელმწიფო სისტემა და მისი წარმომადგენლები იწყებენ კანონის მიღმა ძალისმიერ მოქმედებებს, კერძო ინციდენტის მოსაგვარებლად. გირგვლიანისა და ქუჩაში დახოცილი ადამიანების თემა იმით კი არ იყო განსაკუთრებული, რომ "აბაროტის" აღების დროს შემოაკვდათ, არამედ იმით, რომ ეს ჩაიდინა სისტემამ კერძო პირის შეურაცხყოფის სამაგიეროდ. ეს კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტია.

თუ ჩვენ ყოველი გადაცდომის, ტრაგედიის, პრობლემის შემდეგ არ გავაანალიზეთ, რა მოხდა და არ ვიფიქრეთ ხელისუფლების წევრისა თუ რიგითი მოქალაქის საერთო სტანდარტზე მორგება, ისევ და ისევ, ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

აქედან გამომდინარე, ყოველი ახალი უბედურების დროს, არ ვეთანხმები ადამიანების ზნეობასა და სინდისზე ყურადღების გამახვილებას. განვითარებული ქვეყნები ვიღაცის მორალზე ან განათლების დონეზე არ დგას და ეს უნდა დავუშვათ ჩვენს გონებაში.

ამ აღვირახსნილმა თვითნებობამ, მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე დამყარებულმა აზროვნებამ და ყველა შეცდომის პატრიოტიზმად გასაღებამ ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში, რაშიც ვართ. ხელისუფლების გადაბარების მცდელობის ნაცვლად, დღეს უნდა ვისხდეთ და ვარკვევდეთ, რატომ არის ეს ქვეყანა "ნეხვში" და, სამწუხაროდ, კითხვები არავის უჩნდება!(?), რადგან ერთ "ვიღაცას" მსხვერპლად ყოველთვის სწირავენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს