"შეუძლებელია ერთი კაცი მოერიოს საქართველოს" - კვირის პალიტრა

"შეუძლებელია ერთი კაცი მოერიოს საქართველოს"

"მათ არ უყვართ ის, რაც ჩვენ გვიყვარს"

"რასაც უნივერსიტეტების თვითმმართველობა დაარქვეს, "მხედრიონისა" და "კომკავშირის" ნაჯვარია"

"ყველა ყველაფერს ხედავს. მეფე შიშველია!"

"ეს კანონი იმდენად აბსურდულია, არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ და პრეზიდენტი მას ხელს

მოაწერს"

"სააკაშვილი, საშიში გახდა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი გუნდისთვისაც"

"სააკაშვილი ცდილობს, აჩვენოს, რომ უკან არ იხევს, მაგრამ, რასაც ახლა პარლამენტში აკეთებენ, ეს უკან დახევაზე გაცილებით უარესია"

"სააკაშვილმა არ იცის, როგორები ვართ ქართველები"

"არა ვარ ისეთი სულელი, რომ გაკოტრებული ნათელაშვილი ვიყიდო"

"გაზპრომის" აქციები დიდი ხანია აღარ მაქვს"

"ქართული ოცნების" ლიდერი ამჯერად უფრო თავდაჯერებული გვეჩვენა, ვიდრე პირველი შეხვედრისას. ბიძინა ივანიშვილის სამუშაო კაბინეტში შესვლისთანავე თვალში ხიდის რამდენიმე ესკიზი გვხვდება (რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ). გვიხსნის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შუშის ხიდის აღებას აპირებს. ამიტომაც თადარიგს იჭერს და მალე ხიდების ახალი პროექტების შესაქმნელად კონკურსს გამოაცხადებს. მიაჩნია, რომ პოლიტიკაში წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სჯერა ქართველი ხალხის ნიჭის და იმისაც, რომ მალე ავაშენებთ ნორმალურ სახელმწიფოს:

- ზოგი ჭირი მარგებელიაო და სარგებელი უნდა მივიღოთ ამ ჭირისგან, რაც სააკაშვილის ხელისუფლების სახით შეეყარა საქართველოს. ეს სახადი უნდა მოვიხადოთ და მერე კარგად ვიქნებით.

ქართველებს გამძაფრებული გვაქვს თავისუფლების წყურვილი. ჩაკეტილ საბჭოთა სივრცეში გამორჩეული ვიყავით თავისუფლებისკენ სწრაფვით. ეს 9 აპრილმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, მაგრამ არ გვქონდა სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფოს მართვის გამოცდილება. თავისუფლებისაკენ სწრაფვამ და გამოუცდელობამ მოგვიტანა ის შედეგი, რაც მოგვიტანა. არ მინდა ზვიად გამსახურდია შემდგომ ორ ხელისუფალთან გავაიგივო. ის, რაც ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა, სხვა მოვლენა იყო. დადებითად ვიხსენებ ზვიადს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უდიდესი შეცდომები დავუშვით და სამოქალაქო ომში ჩავერთეთ. ყველაზე უაზრო და ბინძური ხომ სამოქალაქო ომია.

- საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მცირე დრო გაიარა. მანამდე ხალხი არ იყო მიჩვეული ხელისუფლების გაკონტროლებასა და გაკრიტიკებას. 20 წელი საკმარისია იმისათვის, რომ ხალხი მიეჩვიოს ხელისუფლების გაკონტროლებას?

- ქართველები სხარტი და ნიჭიერი ხალხი ვართ. იმედი მაქვს, კარგად გავაცნობიერეთ, რა არის ხელისუფლება და ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, საზოგადოებას ვასწავლით, როგორ გააკონტროლოს ხელისუფლება. დემოკრატიის დამყარება არ არის იოლი საქმე. ევროპელებმა ამას ასწლეულები მოანდომეს.

ჩვენ რომ ევროპის შუაგულში გვეცხოვრა და არა საბჭოთა კავშირში, დემოკრატიის აშენება შეიძლება გაიოლებულიყო, მაგრამ 20 წელი არაფერია იმისთვის, რისი სურვილიც დღეს გვაქვს, მაგრამ ქართველების ნიჭიერების დიდი იმედი მაქვს. პრაგმატიზმი არ მაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მეოცნებე ვარ. ოცნებამ დიდი როლი შეასრულა პოლიტიკაში ჩემს მოსვლაში. ვფიქრობ, უახლოეს დროში, ერთ-ორ წელიწადში მოვახერხებთ სახელმწიფო სტრუქტურების სწორად აწყობას. საძირკველს სწორად ჩავყრით და განვითარების სწორ გზას მივცემთ, რომ ეს პროცესი უკან აღარ შემობრუნდეს. ქართველების ნიჭიერებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ შევძლებთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენებას.

- რთული ამოცანა გაქვთ, გინდათ ხალხის საპროტესტო განწყობა შეინარჩუნოთ, მაგრამ ამბობთ, რომ არ გინდათ ეს უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ასევე აცხადებთ, რომ მაისის შემდგომ გარდატეხის პერიოდი დადგება. როგორ აპირებთ ჯოხი ისე გადაღუნოთ, რომ არ გადატყდეს? საზოგადოება მზად არის ასეთი მანევრირებისთვის?

- გარდატეხა არ არის საშიში, გარდატეხაში ხალხის გამოფხიზლებასა და შიშისაგან გათავისუფლებას ვგულისხმობ.

ხალხი ხელისუფლების ძალადობით დათრგუნვილი, შეშინებულია. ველოდები, რომ ხალხი დაძლევს შიშს. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ველოდები, რომ  ჩვენი გეგმაზომიერი ქმედებებიდან გამომდინარე, ხალხი შიშს საბოლოოდ მოერევა.

ხალხს ხმის ამოღების საშუალება უნდა მიეცეს. დარჩენილი დრო - ივლისი, აგვისტო და სექტემბერი იმაზე მუშაობას მოხმარდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის გარდატეხა და აქ საშიში არაფერია. მხედველობაში არა მაქვს არც ქუჩა, არც შეჯახებები და არც ძალადობაზე გადასვლა. პირიქით, პროცესი გეგმაზომიერად და მშვიდად უნდა წავიდეს.

- გამორიცხავთ პროვოკაციებს?

- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ, მაგრამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ. ესენი ერთ ან მაქსიმუმ ორ თვეში დაინახავენ, რომ სიტუაცია გადატეხილია, ხალხს აღარ ეშინია და ვეღარ მოახერხებს პოლიცია დღევანდელივით ძალადობას. ამიტომაც შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოიფიქრონ.

არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს, რომ ერთი მხრიდან გადაცმული და მეორე მხრიდან კი ფორმიანი პოლიციელები შეეჯახონ ერთმანეთს. ასეთი სამოქალაქო დაპირისპირებები შეუძლიათ დაგეგმონ. ესენი ყველაფერზე წამსვლელი არიან, მაგრამ ხალხი ბრძენია და ყველაფერს სათანადოდ შეაფასებს.

- როდესაც ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე მუშტით გაუსწორდა უკმაყოფილო მოქალაქეებს, - ეს ერთგვარი რეპეტიცია ხომ არ იყო.

- შესაძლოა ეს არ იყო რეპეტიცია და იყო იმ განწყობის გამოხატულება, რასაც ესენი ნერგავენ საჯარო მოხელეებში.

სამწუხაროდ, ბევრი მოხელე ექვემდებარება ასეთ ზემოქმედებას, აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი მუდმივად იქნება და კანონდამრღვევ მოხელეებსაც უმფარველებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ მათ, ნუ ექვემდებარებიან ძალადობას და ნუ ასრულებენ უკანონო დაკვეთებს. მათ ძალიან ცოტა დრო დარჩათ. თორემ მოუწევთ პასუხისგება ჩადენილ უკანონობებზე.

ეს კაცი, სააკაშვილი, საშიში გახდა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი გუნდისთვისაც. ეს სწორად უნდა შეაფასონ საჯარო მოხელეებმა და მისმა ახლო გარემოცვამ. მათ ჩვენზე კარგად იციან, ვისთანაც აქვთ საქმე. ჩვენ რამდენჯერმე მოვკარით თვალი ტელევიზიით, რომ ეს კაცი ვეღარ მალავს საკუთარ მდგომარეობას. როდესაც ტელეკამერების წინ არ დგას, ახლო გარემოცვასთან ხომ უფრო ამჟღავნებს თავის ხასიათს. ეს ხალხი თუ კარგად გაიაზრებს, მიხვდება, რომ მე არ ვარ მათთვის საშიში. არც მე და არც ჩემი გუნდი.

ჩვენ მოვდივართ, რომ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვასაც კი უკეთესი პირობები ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს. არაფერი მათთვის საშიში არ ხდება. ის, რაც ხდება, საშიშია ერთი კაცისთვის, რომელიც პიროვნულად იქცა საფრთხედ ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით ახლო გარემოცვისთვის.

- სახელისუფლებო გუნდიდან თუ არის თქვენთან თანამშრომლობის სურვილი ან თუნდაც ლოიალურობის გამოხატვა?

- ძალიან თვითკრიტიკული ვარ და მინდა ასეთივე დავრჩე. წესიერებაზე მაქვს დიდი პრეტენზია. შემიძლია რაღაც კავშირები ავაგო მათთან და ურთიერთობები მქონდეს,  მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებ იმაზე მეტს, რასაც საჯაროდ ვამბობ. არ ვცდილობ მათთან რაიმე კომუნიკაციების დამყარებას, თუმც მშვენივრად ვკითხულობ როგორც პრეზიდენტის, ისე მათ განწყობებს.

ბევრი აცნობიერებს რაც ხდება, მიშას ძალიან ახლობლებშიც კი.

ვცდილობ მათ დავეხმარო, გაიგონ, რომ ერთი კაცია ამ ქვეყნისთვის პრობლემა. საკმარისია ეს ერთი კაცი წავიდეს პოლიტიკიდან, რომ ყველაფერი დაწყნარდება და ყველას ექნება უკეთესი მომავლის პერსპექტივა. მინდა, წინასწარ განვაცხადო, - ჩვენ შევებრძოლებით მონოპოლიებს, ბიზნესის ხელისუფლების მიერ გადანაწილებას და არა კერძო ბიზნესს. ჩვენი გუნდის გაკეთებული საქმეები რადიკალურად განსხვავებული იქნება დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობისგან.

- 27 მაისს აქციით იწყებთ საარჩევნო კამპანიას. რეალურად, ეს ძალის დემონსტრირებაა თუ სამშობლოს გაერთიანების დასაწყისი?

- დღეს პრობლემა არის შიში და სიცრუე, რომელთა საფუძველზეც იმართება საზოგადოება. სიცრუეს პატარა ადგილი დარჩა.

საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმირებულია და აფასებს რეალობას, თუმცა, ახალგაზრდების ნაწილი კონფორმიზმით არის დაავადებული.

ჩვენი ოპონენტების ძირითადი იარაღი შიშის დანერგვაა. დაუფარავად შედიან ოჯახებში და ეუბნებიან, რომ არ გაბედონ ჩვენს მხარეს დადგომა. თბილისში უფრო გადალახულია შიში. 27 მაისის მსვლელობით გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხს არ ეშინია, რომ ერთიანი ვართ და შეუძლებელია ერთი კაცი მოერიოს საქართველოს ან თუნდაც თბილისს. ჩვენ გვინდა იმის ჩვენება, რომ ხალხმა იცის, ვისთანაც აქვს საქმე და არ ეშინია. რეალური ძალა ხალხშია და სწორედ ხალხმა უნდა აჩვენოს თავისი ძალა ამ დღეს.

მოვუწოდებ, არ იზარმაცონ ქართველებმა და მოვიდნენ აქციაზე. არ დარჩნენ სხვის იმედზე, არ უყურონ მეზობლებს. არ იფიქრონ, სხვა წავა აქციაზე, მე კი სეირს ტელევიზიით ვუყურებო. აქციაზე ყველა უნდა მოვიდეს, ვისაც უნდა, რომ რეალობა შეცვალოს. ჩემი თხოვნა იქნება, არ დაიზაროთ და 27 მაისს ვაჩვენოთ, როგორებიც ვართ. სულ ვამბობ, რომ სააკაშვილმა არ იცის, როგორები ვართ ქართველები. არ იცის ჩვენი ისტორია და სჯერა, რომ 2003 წლიდან იწყება საქართველოს ისტორია. რეალურად კი ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია და დიდი წარსული. უამრავი გმირობა ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს. ეს დემონსტრაცია-მსვლელობა ჩვენი ისტორიის პატივისცემა იქნება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დიდი მუხტი, თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილი და რომ არ გვეშინია. მოვიდეთ, დავდგეთ ერთად და სააკაშვილს კი არა, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ კიდევ ვარსებობთ და სააკაშვილმა ვერ მოახერხა ჩვენი დაშინება.

სააკაშვილმა, ჩვენი ერის შვილმა, მძიმე დღეში ჩააყენა ქვეყანა. ხდება, რომ ერში ყველანაირი ადამიანი იზრდება და საუბედუროდ, მოვახერხეთ და სწორედ ის ავირჩიეთ სახელმწიფოს მეთაურად და მან ასეთ დღეში ჩაგვყარა. ამიტომაც ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ერთად უნდა ვუთხრათ უარი. ვუთხრათ, რომ სხვანაირი ცხოვრება და მომავალი გვინდა, გვინდა თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული ქვეყანა. ხომ არ არის ეს რთული?

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე თვეში საქართველოს არ ეყოლება კორუმპირებული ხელისუფლება და ვიგრძნობთ, რომ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა დაბრუნდა. იქნება რეალური სასამართლო, ზეწოლისაგან გათავისუფლდება მედია, გათავისუფლდება ბიზნესი და ყველა პირობა იქნება საიმისოდ, რომ საქართველო სწორი გზით განვითარდეს.

- ზემოთ ახალგაზრდებზე ბრძანეთ, სამწუხაროდ, კონფორმიზმით არიან შეპყრობილიო.

-  გარდაქმნებში ახალგაზრდების როლი უდიდესია. მათი ძალა მძაფრია და ეს სიმძაფრე არ უნდა დააკლდეს ჩვენს მსვლელობას და იმ გარდაქმნის პროცესებს, რომელთაც ვგეგმავთ. ჩვენი გუნდი ცდილობს ახალგაზრდებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ააწყოს და ეს მარტივი არ ყოფილა. საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე წარმომედგინა. აქ კონფორმიზმი არ არის მარტო, უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა და იოლად დაამახინჯა ახალგაზრდული სული.

უნივერსიტეტებში საოცრება ხდება. რასაც უნივერსიტეტების თვითმმართველობა დაარქვეს, "მხედრიონისა" და "კომკავშირის" ნაჯვარია. ძალადობასა და დოგმაზე დამყარებული რაღაც იდეოლოგია აქვთ და საოცარია, რომ ამას ექვემდებარება ახალგაზრდების ერთი ნაწილი და ეს იმართება ცენტრალიზებულად.

გულსატკენია, რომ განსხვავებულ აზრს თვითონ ახალგაზრდები ებრძვიან. ჩვენ გვაქვს პროგრამა და ვცდილობთ, ახალგაზრდები შემოვაბრუნოთ. არიან ჯანსაღი ახალგაზრდები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ რეალობას და მათზე დაყრდნობით, მათი დახმარებით ვცდილობთ სიტუაცია გადავტეხოთ. ვიცოდი ზოგადი მდგომარეობა, მაგრამ ახალგაზრდებმა ყველაზე მეტად გამაოცეს. პრობლემები, რომელიც ვნახე ახალგაზრდებში, ჩემთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ დაუძლეველი არაფერია.

- თქვენი ნაბიჯების საპასუხოდ ხელისუფლების რეაქციაც იზრდება. რას დაუპირისპირებთ თქვენს საწინააღმდეგო შავ პიარს, სხვადასხვა ვიდეოფაილს თუ ფოტომასალას?

- ალბათ, იმ ფოტოს გულისხმობთ, რომელიც ბოლო დღეებში "ფეისბუკზე" გავრცელდა. ჩემმა ქალიშვილმა გვანცამ მაჩვენა ეს ფოტო. ყველაზე პიკანტური რაც ჰქონდათ, ეტყობა, ესაა, სხვა ფოტოები უფრო სუსტი ექნებათ. რა იყო ამ ფოტოში ისეთი? ვვარჯიშობდი და ამ დროს ბერა შემოვიდა.

თუ შეამჩნიეთ, ეს (მათ მიერ მოპარული) ე.წ. მაკომპრომეტირებელი მასალები ოჯახურ გარემოს არ სცდება. ოჯახურ გარემოში მიყვარს ყოფნა. ბიზნესი ისე მიმყავდა, რომ მხოლოდ მეგობრები მოდიოდნენ ჩემთან. როგორც წესი, ბიზნესელიტა ბიზნესსა და ოჯახს აერთიანებს. ხშირად ოჯახური შეხვედრები ბიზნესის გაგრძელებაა, მაგრამ ამ მხრივ ბარიერი მქონდა, ოჯახი ჩემთვის სხვა რამეა და აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე ლაპარაკს.

როდესაც პოლიტიკაში მოვედი, უფრო შებოჭილი ვიყავი, რადგან მანამდე არ ვიყავი საჯარო პირი და მიჭირდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა. დღესაც ოდნავ უხერხულად ვარ, სხვათა შორის, ახლაც, თქვენთან საუბრისასაც. ვცდილობ, რამე არ შემეშალოს. აქამდე კი თავისუფლად ვცხოვრობდი, ვლაპარაკობდი როგორც მინდოდა, მხოლოდ ახლობლებს ვხვდებოდი. ბიზნესის ენა და კულტურა განსხვავებულია პოლიტიკისაგან, რადგან საჯარო არ არის.

თუმცა თანდათან შევეჩვიე საჯარო ცხოვრებას. დღევანდელი ინტერვიუს მოლოდინში იმდენად დაძაბული აღარ ვიყავი. თუმცა ლაპარაკის დროს მაინც ვცდილობ რამე არ შემეშალოს, რადგან ჩვენი  საუბარი საჯარო უნდა გახდეს.

- რას ფიქრობთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, თქვენთვის კეთდება. მოგწონთ, რომ ერთ პირს, თქვენ გარგებენ კონსტიტუციას?

- გულწრფელად გეტყვით, ეს კანონი იმდენად აბსურდულია, არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ და პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს. მგონია, რომ რაღაცას თამაშობენ. რაღაც სცენარი დაწერეს და

არ ვიცი, საქართველოს მოსახლეობას ეთამაშებიან, ევროპას თუ ამერიკას.

ამ კანონის მიღებას უამრავი პრობლემა მოჰყვება, რომელთაც ახლა არ გავარჩევ. კარგად ვაცნობიერებ, რა დამოკიდებულებაც აქვს კანონთან სააკაშვილს და ძალადობაზე დაფუძნებულ პარლამენტს. სააკაშვილისაგან ყველაზე დიდ ძალადობას დღეს კონსტიტუცია და პარლამენტი განიცდის, მაგრამ კიდევ მაქვს იმედი, რომ ამ კანონს არ დაამტკიცებენ, იმდენად აბსურდულია.

ვაკის პარკში ხელისუფლების დავალებით "რეალ-ტვ"-მ მკითხა, 10 წელი გაქვთ საქართველოში ნაცხოვრებიო? ვუპასუხე, არა-მეთქი. მეორე დღეს ერთი დეპუტატი გამოვიდა და ლამის მაგინა, ეს რა კაცია, ჩვენ ლამის შარვლიდან ამოვვარდეთ, ყველაფერს ვცდილობთ მაგისთვის გავაკეთოთ და თურმე 10 წელიც არ უცხოვრია საქართველოში. თანაც იტყუება, ახლა თქვა ეს, როდესაც უკვე კონსტიტუცია შევცვალეთო. მანამდე რატომ უნდა მეთქვა, როცა არავის უკითხავს?

ამის გასარკვევად სხვადასხვა გზა არსებობს. იმის ნახვა ხომ მაინც შეეძლოთ, როდიდან ვიხდი გადასახადებს. მე რას ვიტყვი, არ არის მთავარი, ხელისუფლებას დოკუმენტები უნდა ჰქონდეს. ხელისუფლებამ არ გადაამოწმა ეს? ამიტომაც არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ. ჩემგან იგებენ ამას, როდესაც რამდენიმე კვირაა პარლამენტი ყირაზე დგას? ჩემზე ამბობენ, რა უსინდისო ყოფილა, ახლა მის გამო თავიდან უნდა გავაკეთოთ ცვლილებებიო.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ჩემთვის არ კეთდება. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამით შეინარჩუნებს სახეს. სინამდვილეში კი იმ სახეს ინარჩუნებს და აჩვენებს, რაც აქვს. ამ კაცს ანალიზის უნარი დაკარგული აქვს. ეტყობა, მრჩევლებსაც არ უსმენს და არავინ აინტერესებს. ცდილობს, აჩვენოს, რომ უკან არ იხევს, მაგრამ, რასაც ახლა პარლამენტში აკეთებენ, ეს უკან დახევაზე გაცილებით უარესია.

ლამის ყირაზე დააყენოს მთელი პარლამენტი და ქვეყანა დააქციოს. ანალიზის უნარი რომ დაკარგა, იმიტომ სჩადის ამდენ სისულელეს. სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, მაგრამ ქვეყანაა მათ უკან და ვეღარ გაიცინებ ამაზე.

სიმწრის ღიმილით ვუყურებ, სააკაშვილმა რა დღეში ჩააყენა ჩვენი ქვეყანა. როგორი აურზაურია პარლამენტში. ძირითადი კანონი - კონსტიტუცია რა დღეშია.

- ამბობთ, ამ კანონს არ მიიღებენ ან პრეზიდენტი ხელს არ მოაწერსო. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მონაწილეობა არჩევნებში?

- იურისტი არა ვარ, მაგრამ ვერ ვხედავ ამ კანონში ლოგიკას. იმდენი პრობლემა იქმნება ამის მიღებით, რომ სულ მაქვს განცდა, რომ ვიღაც აზრზე მოვა და უარს იტყვიან ამ კანონზე. ჩემზე ამბობენ, ბუნტი უნდა რომ მოაწყოს, თორემ დაწერდა განცხადებასო და ათას რაღაცას მაბრალებენ. ჩემთვის პრინციპული აღარ არის, მომცემენ თუ არა მოქალაქეობას. მე ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას. შევეცადე, კანონიერად დამებრუნებინა უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა და დავწერე განცხადება. მივეცი საშუალება, რომ უკანონობა გამოესწორებინათ, კითხვის ნიშნები აღარ უნდა ყოფილიყო ამ საკითხზე, მაგრამ არ დამიბრუნეს. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელობა აღარა აქვს, მე მაინც ვიქნები კოალიციის ლიდერი. არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მოვალთ პარლამენტში და იმ ორ კვირაში, რაც არის ვადა პარლამენტში მოსვლიდან პრემიერის დანიშვნამდე, კანონიერად დავიბრუნებ იმას, რაც მეკუთვნის და ამის მერე პარლამენტი დამამტკიცებს პრემიერ-მინისტრად. მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, ნუ ნერვიულობენ. სააკაშვილს საკუთარი უძლეველობის ჩვენება უნდა, რომ უკან არ იხევს, მაგრამ იმდენად დიდი ზეწოლაა მასზე საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ისე მკაფიოდ უთხრეს მას, ივანიშვილს უნდა ჰქონდეს კანონიერი უფლება არჩევნებში მონაწილეობისაო, რომ კონსტიტუციის შეცვლაზეც წავიდნენ. ამით ცდილობენ სახე შეინარჩუნონ. ამ ვითარებამაც კარგად დაანახა საქართველოს მოსახლეობას, რომ ესენი უძლეველი არ არიან. ყველა ყველაფერს ხედავს. მეფე შიშველია!

- თუ მიიღეს, ისარგებლებთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით?

- მოდი, ჯერ ამაზე შევჩერდეთ. არ ვფიქრობ, როგორ რეაქციას გავაკეთებ შემდგომში. იმედს ვიტოვებ, რომ გონიერება ეყოფათ და ამ ყველაფერს რაღაც ეტაპზე შეაჩერებენ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის თავმჯდომარე თქვენი მეუღლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან ის მე-9 არხის მფლობელია, უფლება არ ჰქონდა, პარტიისთვის ეხელმძღვანელა და ეს ბოლოს გაახსენდათ თქვენს იურისტებს. როგორ შეასრულებთ დაპირებას, პარტიის სათავეში ივანიშვილი იქნებაო.

- ზუსტად ვერ ვიხსენებ ამ პროცესის განვითარებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იყო სწორი. როდესაც განვაცხადე, რომ პარტიის სათავეში ივანიშვილი იქნებოდა, მას მერე ბევრი რამ მოხდა, ბევრი ვიმსჯელეთ ამ თემაზე და მოვნახეთ უფრო კარგი გამოსავალი. ჩვენ დამოკიდებული აღარა ვართ იმაზე, მიიღებს თუ არა ამ კანონს პარლამენტი, მომანიჭებს თუ არა მოქალაქეობას სააკაშვილი. ბლოკს შეიძლება დაერქვას "ივანიშვილი-ქართული ოცნება". გვარი ხომ ჩნდება თავისთავად. ადრე ვამბობდი, რომ სიის პირველი ნომერი იქნებოდა ივანიშვილი, მაგრამ ამის აუცილებლობაც აღარ ჩანს. როდესაც ბლოკის სახელი იქნება "ივანიშვილი-ქართული ოცნება", სიის პირველი ნომერი ვინ იქნება, მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ეს პროცესი ჩვენთვის დარეგულირებულია, ხელისუფლება წრიალებს და უცხოელებსა და საქართველოს მოსახლეობას უნდათ დაანახონ, რომ რაღაც შეუძლიათ და სულ უფრო მეტ სისულელეს სჩადიან. სიმართლე გითხრათ, ამით ძალიან მეხმარებიან. რეკლამასა და პიარს ყველაზე კარგად სააკაშვილი და მისი გუნდი მიკეთებენ. სააკაშვილი ყოველ გამოსვლაში ისეთ მარგალიტებს აფრქვევს, რომ პიარზე ფიქრი დიდად არ გვჭირდება.

ტელევიზორისთვის ვერ ვიცლი, მაგრამ თუ გამოვნახე დრო, ვასიკო ოდიშვილის გადაცემას ვუყურებ. მგონი, ვასიკო მალე პროფესიას დაკარგავს, რადგან სააკაშვილის სახით დიდი კონკურენტი ჰყავს. სააკაშვილის ყურება უფრო საინტერესოა, ვიდრე ვასიკოს ინტერპრეტაციები.

- თბილისში მომხდარ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, იმ საღამოს კი პრეზიდენტი უცხოეთში გაემგზავრა. ვნახეთ, რომ ის მილანში შოპინგით იყო დაკავებული, სლოვენიაში კი ფეხბურთის მატჩზე სევდიანი სულაც არ ჩანდა.

- არ მინდა პირადულ თემებზე ლაპარაკი. ყველამ ისედაც იცის ყველაფერი. ეს კაცი სახადია და უნდა მოვახერხოთ მშვიდობიანად და არჩევნების გზით ჩავანაცვლოთ და გავისტუმროთ.

წყალდიდობის გამომწვევ მიზეზებს ჩვენი კომისია იკვლევს. დიდი უბედურება დატრიალდა.

ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, რომ ჩვენ ნორმალური ქალაქის ხელისუფლება გვყავდეს. დავადგენთ ამ უბედურების მიზეზებს და განცხადებასაც გავაკეთებთ. დაზარალებულების დახმარების სურვილი გვაქვს, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ(?!).

- წყალდიდობისას მოსახლეობის დაღუპვის შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, უბედურების მიზეზი უკანონო მშენებლობები გახდაო. თუკი თაბუკაშვილის ქუჩაზე დაუნანებლად დაანგრია მერიამ მრავალსართულიანი სახლი, რატომ არ დაანგრია ეს უკანონო მშენებლობები, სადაც ხალხი დაიღუპა?

- ასეთი კითხვა უამრავია. სააკაშვილმა თქვა, ბარაკებზე უარი უნდა ვთქვათო. რატომ აქამდე არ გააკეთა ეს?

აი, ასე მუშაობს სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ფული მიზნობრივად რომ იხარჯებოდეს და შემოსავლები სწორად ნაწილდებოდეს, ბარაკები აღარ იქნებოდა. ბევრი კითხვა რჩება. სანაპიროზე რომ იუსტიციის სახლი გამალებით შენდება, ამასაც ვიკვლევთ. მისი აშენების  აუცილებლობა დღეს რამდენად არსებობდა? ან პრეზიდენტის სასახლის აშენება აუცილებელი იყო? სად არის პრიორიტეტები? მშვენივრად ეტეოდა პრეზიდენტი სახელმწიფო კანცელარიაში და არავითარი აუცილებლობა არ იყო, სასახლე აეშენებინა. კარგია ახალი იუსტიციის სასახლე, მაგრამ როდესაც ამდენი ბარაკი, ავარიული სახლი გაქვს, ხალხს ისეთ სახლებში სძინავს, რომ შეიძლება მეორე დღეს სახლიდან ცოცხალი ვერ გამოვიდეს, ასეთ უფუნქციო ხიდს აშენებ, და თანაც ასეთ ურჩხულს? ასეთი ალოგიკური არქიტექტურის ხიდის ფონზე იუსტიციის სახლი უწყინარი ჩანს, მაგრამ ის სანაპიროს კეტავს, თანაც კორტების ადგილას. რამდენად იყო ამის საჭიროება, ვინ გაარკვია ეს პრიორიტეტი?

ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს. ამით იქმნება ილუზია, რაკი ბევრი ხარაჩოა, ქვეყანაში აღმშენებლობა მიდისო. ფული რომ არასწორად იყრება, ამიტომაც არის ამდენი ბარაკი და ავარიული სახლი. როდესაც სახელმწიფო მდიდარია, პრეზიდენტმა შეიძლება სამი სასახლე ააშენოს, მაგრამ როდესაც ქვეყანას ასეთი პრობლემები აქვს, ეს არ არის პრიორიტეტული. ახალ წელს თბილისში რომ განათება იყო, ისეთი ელისეის მინდვრებზეც არ მინახავს. ძველ უბნებში სახლიდან სახლზე გაჭიმულ სადენებს და მძიმე განათებებს დაჩორთილი, ავარიული სახლები ძლივს უძლებდნენ. სააკაშვილი თავისი სურვილით აკეთებს ყველაფერს. უხარია განათება და ჰგონია, ამით ატყუებს მსოფლიოს, ნახეთ, საქართველო რა განათებულიაო. უხარია ჭყეტელა ფერები. ეს კაცი ვერ აცნობიერებს, რომ ჯერ სახლი უნდა გაამაგროს და მერე უნდა დაკიდოს მასზე მძიმე განათება.

მგონი, სააკაშვილს მარტო თვითონ უხარია, რასაც აკეთებს, ხალხი აღარ ტყუვდება. რა საჭირო იყო პარლამენტის ქუთაისში აშენება, ძველში ვერ ეტეოდნენ? რას არ იგონებს ეს კაცი! პარლამენტი იმიტომ გადააქვს, რომ თბილისელები აღარ უყვარს, გაქცევა უნდა თბილისიდან და ამისთვის მთელი საქართველო და მისი ბიუჯეტი წელში წყდება. ბარაკებში ხალხი იხრჩობა უსახლობით და მიუხედაობით. ამ კაცს კი უხარია, რომ ახალ გამჭვირვალე პარლამენტს აშენებს, გამჭვირვალე პარლამენტი და გამჭვირვალე პოლიცია გამოუყენებელი შენობებია, იმიტომ, რომ იქ ხალხი დღესაც იხოცება. მხოლოდ მინები ამას ვერ შველის. სხვა საქმეა, რომ ამ გამჭვირვალე შენობების მოვლა ძვირია და უვარგისი, რადგან მზე რომ მიადგება, იქ ვეღარავინ გაჩერდება. ამიტომაც მისცეს პოლიციებში ფარდების ჩამოკიდების უფლება.

- ქუთაისიდან მესტიამდე გზის შესამცირებლად გვირაბის გათხრის ამბავიც არ მოგწონთ?

- ამ იდეით სააკაშვილმა ოსტაპ ბენდერსაც გადააჭარბა. ისეთ დაპირებებს იძლევა, ისეთი "ვასიუკები" იდგმება, სადაც ჩადის, იმ რეგიონში, რომ განცვიფრდები. ოსტაპ ბენდერი მისგან ბევრ რამეს ისწავლიდა. თუმცა, ილფი და პეტროვი რად გვინდა, როდესაც შესანიშნავი პოლიკარპე კაკაბაძე გვყავს. გახსოვთ, ყვარყვარე რომ ეუბნება ბოლშევიკ ქალს, მეც ვისწავლი შენისთანა ლაპარაკს და წინ ვეღარაფერი დამიდგებაო. სააკაშვილმა ისწავლა ლაპარაკი, მოვიდა პოლიტიკაში და რაც უნდა, იმას აკეთებს. მას რომ უყურებენ ახალგაზრდები, მისგან მაგალითს იღებენ და ჰგონიათ, ასეთი ცხოვრების წესია კარგი.

- დავითგარეჯთან დაკავშირებულ პრობლემებს მტკივნეულად აღიქვამს საზოგადოება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებამ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო და მერე ამ განცხადების შეცვლამ უფრო მეტ საგონებელში ჩააგდო საზოგადოება. არავინ იცის, რა ხდება სინამდვილეში.

- კალანდაძის ორივე განცხადებას მოვუსმინე და დავითგარეჯში ჯგუფიც გავგზავნეთ. სახელმწიფოა ის, სადაც მინისტრის მოადგილე ასე ცვლის განცხადებებს?

არ მინდა ჩვენს მეზობელ ქვეყანას შევეხო, ამაში აზერბაიჯანის ბრალეულობას ვერ ვხედავ. ხელისუფლებას მინდა მოვკითხო იმის გამო, რაც ხდება დავითგარეჯსა და აჭარაში აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით. ჩანს, ხელისუფლებას მალულად აქვს რაღაც მოლაპარაკება მეზობელ სახელმწიფოებთან.

როგორ შეიძლება ასეთი თემების დამალვა და მოსახლეობის დაუკითხავად მოქმედება. განცხადებები, რაც გააკეთეს დავითგარეჯის თაობაზე, შემაშფოთებელია. მადლობა ღმერთს, ქართველები ფხიზლად ვართ. არა ვართ ისე დამონებული და დაშინებული, როგორც ხელისუფლებას ჰგონია. ეტყობა, რაღაც გეგმები აქვთ, მაგრამ საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, დაიწყეს უკან დახევა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გონს მოვიდეს, არ შეიძლება მოლაპარაკება ხალხისაგან დაფარულად. ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად უნდა იმსჯელოს და ისე უნდა განვითარდეს ეს პროცესი.

- ისიც ითქვა, რომ ეს მაამებლური პოზიცია შესაძლოა არჩევნებში აზერბაიჯანელი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხდება.

- ჩვენი ხელისუფლებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ მინდა მეზობელი სახელმწიფოს დადანაშაულება ფარისევლურ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე ხელის მომწერი რომ არის, ვიცი და ამას ხმამაღლა ვაცხადებ.

დავითგარეჯი ჩვენთვისაა დიდი განძი, მათთვის კი არა. მათ არ უყვართ ის, რაც ჩვენ გვიყვარს, რაც ჩვენს ტრადიციებს და ისტორიას გვახსენებს. მიშას, პირიქით, აღიზიანებს ნებისმიერი ძალა და პოპულარული პიროვნება და ეს ძეგლებიც, რომელიც მას ჩვენს ისტორიას და ტრადიციას ახსენებენ. შეიძლება ეს მას ქვეცნობიერად კიდეც აწუხებდეს. არც ვიცი, ნამყოფია თუ არა საერთოდ დავითგარეჯში.

- ბრძანეთ, რომ არ დაიტოვებდით აქტივებს, რაც რუსეთში გქონდათ. რა სტადიაშია ეს პროცესი?

- გუშინწინ მოვაწერეთ ხელი და ბეს სახით 50 მილიონი უნდა მივიღოთ სამშენებლო კომპლექსის რეალიზაციის შედეგად, რომელიც მოსკოვის ცენტრშია. თავის დროზე იქ იყო რეზინის ქარხანა, რომელიც პრივატიზაციის დროს მხოლოდ იმ მიზნით ვიყიდე, რომ ცენტრში იყო, თორემ თვითონ ქარხანა არ მაინტერესებდა.

ქარხანა ქალაქგარეთ გავიტანე და მოსკოვის ცენტრში 11 ჰა მიწა დავიტოვე. საინტერესო პროექტი მქონდა. ქალაქში ქალაქს ვაშენებდი. 3-4 წლის წინ "დოიჩე ბანკი" ამ მშენებლობის 10%-ს ყიდულობდა და 110 მლნ-ს იხდიდა, რადგან 1 მლრდ 100 მლნ-ად იყო შეფასებული. დღეს კი ეს კომპლექსი 330 მილიონად, სამჯერ ნაკლებად გავყიდეთ, "ბინ ჯგუფმა" იყიდა. მათ არ ვიცნობ, მაგრამ რუსები არიან. რუსეთში ისევ რუსები ყიდულობენ ყველაფერს. მოსკოვის ცენტრში მიწისა და სამშენებლო კომპლექსის საერთო ღირებულება 680 მილიონია. მასში შედის ორი სასტუმრო, ქარხანა და მისი ერთ-ერთი ძირითადი აქტივი იყო ის, რაც 330 მილიონად გავყიდე. დაბალ ფასად იყიდება, იმიტომ, რომ კრიზისია, თანაც ჩემი განცხადება, იმის გამო, რომ პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი უნდა გავყიდო-მეთქი, ამცირებს ფასს. გასაყიდი დამრჩა აგროსექტორი და იმასაც მაისის ბოლომდე გავუკეთებ რეალიზაციას. ძირითადი აქტივების გაყიდვას უკვე მოვაწერე ხელი. რაც ვთქვი, ვასრულებ, რადგან ძირითადი ჩემთვის ახლა პოლიტიკაა. ჩემი ოპონენტები მაინც ილაპარაკებენ, მაგრამ კითხვები რომ არ ჰქონდეს ქართველ ხალხს, ეს ამიტომ გავაკეთე.

- საინფორმაციო საშუალებებში იყო ლაპარაკი, რომ "გაზპრომის" აქციების მფლობელიც ხართ.

- დიდი ხანია "გაზპრომის" აქციები აღარა მაქვს. "გაზპრომის" აქციები ბირჟაზე იყიდება და თქვენც შეგიძლიათ იყიდოთ(!).

თავის დროზე, "ვედომოსტთან"  ვთქვი, რომ აქციები კარგ ფასად გავყიდე, მაგრამ ამაზე მაინც ლაპარაკობენ, რადგან სხვა არაფერი აქვთ სათქმელი.

სხვათა შორის, როდესაც ბანკი გავყიდეთ, მოსკოველი მდივნის წერილი დამხვდა ინტერნეტში, ელფოსტაში. მწერს, თქვენი ტელევიზიები რომ ბორის პასტუხოვს ატრიალებენ, ეს ის პასტუხოვი არ არის, იმას მამის სახელი სხვა აქვსო. მე ისიც არ ვიცი, რა კონტექსტში ატრიალებენ ამ გვარს და რა კითხვები აქვთ.

- ალბათ, იმიტომ ატრიალებენ, რომ პასტუხოვი ქართველი ხალხის წარმოდგენაში სამოქალაქო ომსა და აფხაზეთთან ასოცირდება.

- ახლა გავიგე. მოკლედ, ეს ის არ არის. სხვა პასტუხოვია.

- კონტროლის პალატა უკვე დაინტერესდა ფონდ "ქომაგით", რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებულად გამოცხადდა.

- კონტროლის პალატისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. ძალიან კარგია, რომ ეს ფონდი ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენთან მას კავშირი არა აქვს, არადა, ცდილობენ, "ქართულ ოცნებას" დაუკავშირონ. კონტროლის პალატის აღშფოთება გასაგებია. ეს ფონდი სააკაშვილის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება, რადგან ძალადობასთან საბრძოლველად შეიქმნა. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას ერთი კაცი ვერ მოერევა. იმედია, ქართველები მხარში დაუდგებიან ერთმანეთს და შეეწინააღმდეგებიან ძალადობას.

- ამისთვის სოზარ სუბარის განცხადებას იშველიებენ.

- სუბარს არ უთქვამს, რომ ფონდი "ქომაგი" ჩვენთან კავშირშია, თვითონ გაუკეთეს ინტერპრეტაცია ყველაფერს.

დააჯარიმეს "მენეჯმენტსერვისი" და ჩვენთვის პრობლემების შექმნას აპირებენ, მაგრამ რეგიონებში ჩვენი ფილიალების მუშაობას ხელს ვერ შეუშლიან. ყველაფერი იმ უკანონო კანონებსაც კი შეესაბამება, რომელიც ამათ შემოიღეს დაფინანსებასთან დაკავშირებით. კანონიერად ვაფინანსებთ ოფისებს. ამ საკითხზე უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ საელჩოები. ყველაფერი სწორად არის გაწერილი. ამ კომპანიამ გააკეთა ინვესტიცია, კონტრაქტი არსებობს ყველა ჩვენს ოფისთან. სხვა მოსადავებელი რომ ვერ ნახეს, სააკაშვილს ახალი გმირობები უნდა ჩაიდინოს, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს, თავის სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და ამით დასრულდება ყველაფერი.

- ხშირად არის მსჯელობა თქვენს კოალიციაში არსებულ მდგომარეობაზე. რატომ არიან წინა პლანზე რესპუბლიკელები და რატომ ჩანს ნაკლებად თავად ივანიშვილის პარტია და "ფორუმიო"?

- არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ასეთი კითხვები შეიძLლება გაჩნდეს. ძალიან კმაყოფილი ვარ კოალიციაში არსებული სიტუაციით. ჩემი გამოცდილება მენეჯმენტში ჩვენს გუნდზე კარგად აისახა. მოვახერხე, რომ მეგობრული კოლექტივი შემექმნა. ეს პოლიტიკური ძალები ერთად ხშირად ყოფილან და მერე დაშლილან, მაგრამ დღეს სხვაგვარად არის საქმე, კოალიციაში ვითარება დაბალანსებულია. ეს არ არის ისეთი კოალიცია, ადრე რომ იქმნებოდა, სადაც ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ. ჩვენს გუნდში სიტუაცია არის მაქსიმალურად კარგი, იმის გათვალისწინებით, რა ამბიციები აქვს თითოეულ პარტიას, როგორი წევრები ჰყავს და როგორი ისტორია აქვს.

- ხშირად დაუფარავი ამბიციების ფონზე, როგორ მოხერხდა ამის მიღწევა?

- არ დავმალავ, ამაში დიდია ჩემი როლი. მიყვარს ადამიანები, ყველას სიყვარულითა და სითბოთი ვექცევი. შეცდომებს თუ არასწორ, ემოციურ გამონათქვამებს იოლად ვპატიობ. სწორ გზას ადამიანური დამოკიდებულებით ვაჩვენებ და არ მიმყავს კონფლიქტებამდე. იყო ამის ნიშნები, რომ საქმე მისულიყო კონფლიქტებამდე, მაგრამ ისე გამომყავს სიტუაცია, თვითონ არიან გაოცებული. ამის შემდეგ ზოგს ერიდება, ზოგი დასკვნებს აკეთებს და კოალიციაში კარგად მიდის საქმე.

კოალიციაში განხეთქილების მცდელობა გარედანაც არის, განსაკუთრებით მართული მედიიდანაც, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჩვენ მყარი კოლექტივი გვაქვს და გვაერთიანებს დიდი მიზანი, რომელსაც მივაღწევთ.

- კოალიციაში ახალი სუბიექტები ხომ არ იქნებიან?

- შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს, მაგრამ გარეთ სერიოზული თითქმის აღარავინ დარჩა. ფსევდოებზე ლაპარაკი ზედმეტია, ნათელაშვილი ახალი ბრალდებებით გამოვიდა, - თითქოს ვყიდულობ, მაგრამ ნათელაშვილს გასაყიდი არაფერი აქვს, ბოლომდე გაკოტრებულია და რატომ გადავიხდი გაკოტრებულ კომპანიაში დიდ ფულს. არა ვარ ისეთი სულელი, რომ გაკოტრებული ნათელაშვილი ვიყიდო. ნათელაშვილს ფასი არა აქვს და აღარ გაიყიდება. ვგეგმავ შეხვედრას გია ჟორჟოლიანსა და "მწვანეების" ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან, მათთან შეიძლება მაჟორიტარების დონეზე მოხდეს შეთანხმება. ასევე შეიძლება ჩემს პარტიაში აღმოჩნდეს დიმიტრი ლორთქიფანიძე. ჩვენ არავის დავტოვებთ უყურადღებოდ, რადგან ჯანსაღი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია გვინდა.

როგორც თავში შეგპირდით, გთავაზობთ ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი ხიდების ესკიზებს.

როგორც შევიტყვეთ სოციალურ ქსელში გამოცხადდება კონკურსი, სადაც მსურველებს თვიანთი პროექტების წარდგენის შესაძლებლობაც მიეცემათ

იხილეთ ინტერვიუს ვიდეოვერსია

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რიყეზე შუშის ხიდს შეცვლის