"ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ"
"ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა" ხელისუფლებაში, საქართველოს სტაბილურობა არ უწერია"
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ირაკლი ალასანია 2002 წელს პანკისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციაზე მიყვებოდა, მითხრა, კავკასიელების შეიარაღებულ რაზმებს წავუყენეთ პირობა, რომ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია და ისინი სისხლის ღვრის გარეშე გავდევნეთ პანკისის ხეობიდანო. თუ ამის გაკეთება მოხერხდა მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში უამრავი იარაღი და არაერთი ფორმირება იყო, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ ლაფანყურთან 17 კაცის დაკავება სისხლის ღვრისა და მსხვერპლის გარეშე მომხდარიყო. ამ და სხვა თემებზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას ვესაუბრეთ:
- პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი და შს სამინისტროს ხელმძღვანელობა საზოგადოებას უტიფრად აწვდიან ცრუინფორმაციას ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. რა მოტივით იყო ეს ჯგუფი შემოსული? ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას? რატომ ჩატარდა განადგურებისა და არა დაკავების ოპერაცია? ეს კითხვები ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.
თუკი გავიხსენებთ გალის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩატარებულ გახმაურებულ ოპერაციას, როდესაც არჩევნების წინ ავტობუსში ქართველი მოსახლეობის ჩაცხრილვის სპექტაკლი დადგეს, ამის მერე ხელისუფლებას არ უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს სპეცოპერაციებს.
სააკაშვილის პოლიტიკურმა მანქანამ იკადრა და ისეთი სპექტაკლი დადგა, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობდა. მაშინ გაეროში საქართველოს ელჩი ვიყავი და გაეროს წარმომადგენლები მელაპარაკებოდნენ ამაზე... ფაქტია, სააკაშვილის მტკიცების საპირისპიროდ საქართველოს საზღვარი და ხალხი აბსოლუტურად დაუცველია. უნდა ვიცოდეთ, რატომ არ დატოვეს ცოცხალი ერთი კაციც კი, ვისაც შეეძლო ნათელი მოეფინა ამ ჯგუფის მიზნებისთვის და რატომ აუკრძალეს მძევლებს კონტაქტი მედიასთან. სიმართლეს მალავენ, მაგრამ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, გამოძიებას ჩავატარებთ და გაცნობებთ, რა მოხდა სინამდვილეში.
იმედი მაქვს, რომ ეს ტრაგედია არ გახდება ჩვენი და ჩრდილოკავკასიელების ურთიერთობის არევის მიზეზი. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, იმედია, არ გახდება საფუძველი იმისა, რომ შუღლი დაიწყოს ჩრდილოკავკასიელებსა და საქართველოს შორის. ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა" ხელისუფლებაში, საქართველოს სტაბილურობა არ უწერია.
- მახსოვს, ლაპარაკობდით სამეგრელოში არსებულ შეიარაღებულ ფორმირებებზე. ახლა რა ვითარებაა ზუგდიდში?
- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ზუგდიდის რაიონის მცხოვრებნი იმედით უყურებენ მომავალ არჩევნებს. შეხვედრა მქონდა ამერიკელ სენატორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საქართველოში უცხოელი დამკვირვებლების უზარმაზარი არმია ჩამოდის. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები, რომელიც უპრეცედენტო დაკვირვებით ჩატარდება. სააკაშვილის რეჟიმს ერთ ხმასაც არავინ მოაპარვინებს და ყველა ხმა დაცული იქნება სამართლებრივი მეთოდებით.
რეზერვის ჯგუფები, რომლებიც ჩემი პრევენციული განცხადების შემდეგ სახელდახელოდ ჩამოაყალიბეს, დაკომპლექტებულია პატრიოტი ხალხით, ვისაც საქართველო უყვარს და ნაბრძოლი აქვს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მაქვს ინფორმაცია, რომ არც ერთი მათგანი არ წავა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა სამეგრელოს მოსახლეობას, - არანაირი არეულობა და დესტაბილიზაცია სამეგრელოს აღარ ემუქრება.
- თქვენი კონკურენტი როლანდ ახალაია რატომ ამბობს უარს თქვენთან დებატებზე? ამბობს, ჩემი კონკურენტი ქართველი ხალხიაო.
- ჩემი ოპონენტი მამების თაობის წარმომადგენელია და ამ თაობას პატივს ვცემ... ზუგდიდელები ღირსი არიან, რომ ცივილიზებულად, ნორმალურ ვითარებაში მოუსმინონ ორივე მხარეს და მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩვენ პირველივე წელს 100 მილიონს ჩავდებთ ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაში, მილიარდი ჩაიდება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ერთი გოჯი მიწაც არ დარჩება დაუმუშავებელი. ზუგდიდელებს ჯანდაცვის პრობლემაც მოეხსნებათ, რადგან აშენდება რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრი, სადაც ზუგდიდელები და აფხაზეთის მოსახლეობა უფასოდ იმკურნალებენ. ჩვენ ისტორიულ ფუნქციას აღვუდგენთ ზუგდიდს, მთელ სამეგრელოს, რომ გახდეს ხიდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენაში.
სამეგრელოდან უნდა დავიწყოთ ისეთი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაიწყეს ეროვნულ მოძრაობასთან ერთად 20-25 წლის წინ.
მართალი თქვა როლანდ ახალაიამ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტი ხალხია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 წლის განმავლობაში ოპონირებისა და დაპირისპირების მეტი არაფერი დაანახა ქართველ საზოგადოებას. კარგია, რომ ცენტრალური გზები სადღაც გაკეთდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ხალხს თავისუფლება წაართვა. გპირდებით, რომ თავისუფლებას დავუბრუნებთ ხალხს. ჩვენ სამუშაო ადგილებს შევქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზით და არა დასაქმებულების გათავისუფლების ხარჯზე. ვინც დასაქმებულია, განაგრძობს მუშაობას. მათი ხელფასები მოიმატებს და აღარ დასჭირდებათ, რომ ერთ პარტიას უერთგულონ. დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ.
- ასეთი დაპირებების მიუხედავად NDI-ს კვლევით "ქართული ოცნების" რეიტინგი 6%-ით არის დაწეული.
- (იცინის) ამის მერე კომენტარს აღარ გავაკეთებ კვლევებზე. პატივს ვცემ NDI-ს, ჩვენ უკვე გვეხმარებიან ამ ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში... ეს კვლევები აბსოლუტურად სუბიექტურია. ქართველმა ხალხმა მთავარი კვლევა და ტესტი უნდა გაიაროს 1-ელ ოქტომბერს.
სენატორ მაკკეინთან ვთქვით, რომ ყველა სახის შეუთანხმებლობა საარჩევნო შედეგზე სამართლებრივ ჩარჩოში უნდა დარჩეს. ჩვენ გავიხსენეთ, როგორ გადაწყდა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, როდესაც ფლორიდაში ჩატარებულ არჩევნებზე კითხვები გაჩნდა და ამიტომ ბიულეტენები ხელახლა გადათვალეს. თუკი ჩვენთანაც მსგავსი რამ მოხდება, ბიულეტენები თავიდან გადაითვლება ან ახლიდან დაინიშნება არჩევნები. გარწმუნებთ, არც ერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგება. ჩვენ ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და არა გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლისთვის.
22 სექტემბერს ზუგდიდში მრავალათასიან აქციას ველოდებით. საქართველო გზაჯვარედინზეა, - ან უნდა ავირჩიოთ ძალადობა და ავტორიტარიზმი, რომელიც ტოტალიტარიზმში გადადის, ან თავისუფლება და პროგრესი. როდესაც ხალხი ერთსულოვანია, ხელისუფლება ვერაფერს გახდება.