ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლება ახალი პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.- ბატონო სოზარ, იქნებ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, რა იგულისხმება ამ მზადებაში?- დღეს დილით დავბრუნდი შვეიცარიიდან, სადაც ჩავედი ვახტანგ კომახიძის თხოვნით. მან მითხრა, რომ ჰქონდა სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ხელისუფლებამ თბილისის სხვადასხვა უბანში (ძირითადად ცენტრალურ უბნებში) შეიძინა 20 ბინა, სადაც შეიტანეს დიდი რაოდენობით იარაღი. ამ პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია და მასში მონაწილეობდნენ დათა ახალაია და საზოგადოებისთვის ცნობილი კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი. არსებობს ამისი უტყუარი მტკიცებულებები, როგორც აუდიო, ისე ვიდეოჩანაწერების სახით. ამ ქმედებების ზუსტი მიზანი არ ვიცით, ინფორმაციის მომწოდებელს მიზანზე არ ულაპარაკია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ეს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იარაღის დასაწყობება არაეულობის მოსაწყობად სჭირდებოდეთ, ამას ყოველგვარი დამატებითი საწყობების გარეშეც მოახერხებდნენ. უფრო სავარაუდოა, რომ ამით არჩევნების წინ კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმას გეგმავენ, სპექტაკლისა რაღაც დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც გარედან იმართება, არეულობას გეგმავს და არჩევნების ჩაშლას აპირებს. ამას გვაფიქრებინებს მაგათი გაძლიერებული მუშაობა უცხოელებთან და იმის მტკიცება, რომ ჩვენ თითქოს არჩევნების შედეგების ცნობას არ ვაპირებთ და რომ არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ვემზადებით. ისე იმუშავეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააკეთებინეს ამ თემაზე განცხადებები. სინამდვილეში ჩვენ ღიად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ერთადერთი მეთოდი ამ ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნებია. ოღონდ ეს უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნები, ამიტომ გვინდა, რომ იყოს ძალიან ბევრი დამკვირვებელი, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს გაყალბების საშუალება.- აუდიო და ვიდოჩანაწერები ახსენეთ, პირადად თქვენ ნახეთ ეს მასალა?- არა. არც მე და არც ვახო კომახიძეს ეს მასალა არ გვაქვს, მაგრამ ინფორმაციის წყარო ამბობს, რომ ფლობს ამ მასალას და საჭიროების შემთხვევაში გამოაჩენს.- ბატონო სოზარ, კადრებმა, სადაც პატიმრებს საოცარი სისატიკით აწამებენ შეძრა ქართველი საზოგადოება, საპროტესტო აქციები არ წყდება. არსებობს ეჭვი, რომ ეს ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნების გადასადებად გამოიყენოს, უშვებთ ვარაუდს, რომ ამ კადრების გამოქვეყნება შეიძლება ხელისუფლების ინტერესშიც ყოფილიყო? - ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ხელისუფლებას არ უნდოდა და არც აწყობდა ამ კადრების გავრცელება. ამის შემდეგ პრაქტიკულად განადგურდა ხელსუფლების ისედაც საკმაოდ დაბალი რეიტინგი, თანაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ ხელისუფლების რღვევის პროცესის, სწორედ ამის შედეგია, ეს ინფორმაციები გარეთ რომ გამოდის. ამ რღვევის მაგალითია ვახო კომახიძისთვის მიწოდებული ინფორმაციაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სადამსჯელო პოლიტიკა იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ და ახორციელებდა ბაჩო ახალაია. თუ ასეთი რამ ხდებოდა და მათ ეს არ იცოდნენ, აქამდე უკვე უნდა გადამდგარიყვნენ. სახალხო დამცეველობისას ერთ-ერთ მოხსენებაში ვწერდი ასეთ რამეს - ჩემმა ერთმა თანამშრომელმა ქუთაისი ციხის რიგით ზედამხედველს ჰკითხა, რაში გჭირდებათ, ასე მკაცრად რომ ექცევით პატიმრებსო? რაზეც ზედამხედველმა გამაოგნებელი რამ უპასუხა: - ადრე პატიმრები გვეძახდნენ, ”ეი, ”კლუჩნიკო”, ახლა კიდევ ”ბატონ ზედამხედველს” გვეძახიანო. იმისთვის, რომ ასე მიემართათ, თურმე ადამიანები უნდა ეწამებინათ და გაეუპატიურებინათ. რაც ვნახე, ეს მასშტაბები ჩემთვისაც კი სრულიად წარმოუდგენელი იყო. მომხდარში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია აწ უკვე ყოფილ სახალხო დამცველს.- საინტერესოა, რას ფიქრობთ მისთვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის შეთავაზებაზე, რასაც გიორგი ტუღუში უკვე დაეთანხმა?- აიღოს ადამიანმა პასუხისმგებლობა სისტემაზე, რათა იქ რაღაც მინიმალური სტანდარტი მაინც იყოს დაცული, ზოგადად შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ დღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში რაიმე პოსტზე ყოფნა, თუ ახლის დაკავება, დიდი სირცხვილია. მით უფრო, რომ ვნახეთ, რა ილაპარაკა სააკაშვილმა ტუღუშის წარდგენისას, როგორ ეცადა ხელისუფლების შელახული იმიჯის შელამაზებას, როგორ მაღალფარდოვნად ილაპარაკა ადამიანის უფლებებზე. სირცხვილია, ასე გამოაყენებინო თავი დამნაშავე ხელისუფლებას. როდესც ტუღუში სახალო დამცევლი იყო, თავისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ მაშინაც ვერ შეძლო და ვერ გათავისუფლდა ხელისუფლების გავლენისგან. ის ვერ მიიყვანს იმ საქმეს ბოლომდე, რისი გაკეთებაც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაშია საჭირო. ვინც ეს დანაშაულებრივი შექმნა, ყველა ციხეში უნდა წავიდეს, აი, ეს არის გასაკეთებელი. ამას სჭირდება ძალიან მკაცრი და მკაფიო პოზიცია, რაც აქამდეც ვერ გამოავლინა ტუღუშმა და ამას ახლა შეძლებს? ტუღუში თუ უფლებადამცველია, მთავრობის პირველივე სხდომაზე უნდა თქვას - გაეთრიოს ეს ნაძირალა ახალია აქედანო.- ანუ შეძლება მინისტრობაზე დათანხმების შემდეგ ვივარაუდოთ, რომ ტუღუში ყოველთვის ლოიალური იყო სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით?- ვივარაუდოთ კი არა, ეს ფაქტია. ამის მაგალითად გამოდგება ის, რომ ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის მოხსენებებში აღიარა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, ტუღუშმა კი ეს არ გააკეთა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს იყო სააკაშვილისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, ოღონდ ეს არ გეთქვა და ყოველგვარ კრიტიკას გაპატიებდა. სახალხო დამცველად 2004 წელს ამირჩიეს, პირველივე მოხსენებაში დავაყენე საკითხი, რომ საქართველოს გაეკეთებინა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, რაც გულისხმობს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნას.რატიფიცირება მოხდა, მაგრამ ხუთი წელიწადი ვიბრძოდი იმისთვის, რომ ეს მექანიზმი შექმნილიყო. ჩემი სახალხო დამცველობის ბოლო თვეში იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი შექმნის თაობაზე და ამ მექანიზმად გამოცხადდა სახალხო დამცველის ოფისი, რის შემდეგაც სახალხო დამცველს ჰქონდა საშუალება, შეექმნა ძალიან ქმედითი წამების საწინააღმდეგო მექანიზმი. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა ყოფილიყო არა სახალხო დამცველს დაქვემდებარებული, არამედ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ორგანო, რომელშიც გაწევრდებოდა ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს და აქტიურობს ადამიანის უფლებების დასაცავად. ამ ორგანოს წარმომადგენლებს ექნებდათ სახალხო დამცველისგან მინიჭებული ციხეებში შესვლის მანდატი და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ეს პრაქტიკულად გამოიწვევდა იმას, რომ ციხეები უფრო მეტად ღია იქნებოდა და მსგავს ფაქტებს სისტემური ხასიათი ვეღარ ექნებოდა. ეს არ მოხდა. ეს ეროვნული მექნიზმი შეიქმნა, მაგრამ იქცა სახალხო დამცველის ოფისის დანამატად, რაც დიდი შეცდომაა. ძალიან უცნაურია, რომ ტუღუშის განცხადებებსა და მოხსენებებში, არაერთი წამების ფაქტია აღნუსხული და დოკუმენტირებული, მაგრამ, ფაქტობრივად, სახალხო დამცველი სიტყვას ”წამება” გვერდს უვლის და ამის ნაცვლად ”არაადამიანურ მოპყრობასა” და ”ღირსებისშემლახველ მოპყრობას” იყენებს, არადა, თვითონ ფაქტები, რომლებიც მის მოხსენებებშია აღწერილი, სწორედ წამების კვალიფიკაციას იმსახურებს. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება 2010 წლიდან ატარებს, როდესაც ცდილობს, ქართველ თუ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ აღარ არის საქართველოში წამება, მეტიც, იმისთვის, რომ ეს კლიშე დაამკვიდრონ, იუსტიციის შესაბამისი დეპარტამენტის დასახელებიდან ქრება სიტყვა ”წამება”. იმ დღიდან ეს სიტყვა ქრება სახალხო დამცველის მოხსენებებშიც, რაც აჩვენებს რომ ტუღუში და ხელისუფლება ერთ თამაშს თამაშობდნენ. მეტიც, 2010 წლის მოხსენებაში გიორგი ტუღუში ამბობს: მართლია ქართულ ციხეებში ჯერ კიდევ არის არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მაგრამ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს აღარ ატარებსო.ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)