ვინ - ვის, ანუ რა შედეგებს მოიტანს საარჩევნო ეგზიტპოლები?!
"ვფიქრობ, ეგზიტპოლების რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ"
"პარალელური დათვლა ეგზიტპოლზე ბევრად ზუსტია"
1 ოქტომბერს ექსპერტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გერმანულ კომპანია ჯი-ეფ-კას (GFK) დაუკვეთა ეგზიტპოლები, "ამომრჩეველთა ლიგამ" - ამერიკულ "ბარსელო ენდ კომპანის", ხოლო "მაესტრომ" - "პენ შონს". სახელი, პოპულარობა და რეიტინგი არც ერთ კომპანიას არ აკლია, თუმცა ექსპერტების განცხადებით, მათ უკან მაინც ქართული კომპანიები და სოციოლოგები დგანან.
გოჩა ცქიტიშვილი: - რამდენიმე კომპანიისგან მიწვევა თავადაც მივიღე, მაგრამ უარი ვთქვი, მქონდა საამისო მიზეზი. ვფიქრობ, ეგზიტპოლების რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ, რადგან თქვენ მიერ დასახელებული კომპანიების უკან სხვადასხვა ქართული ჯგუფი დგას. მაგალითად, უცნობია, ჯი-ეფ-კა რეალურად რა დოზით ერევა გამოკითხვებში და როგორ აკონტროლებს შედეგის ობიექტურობას.
- მაინც რომელ ქართულ კომპანიას ეყრდნობა ჯი-ეფ-კა, რომელსაც ეგზიტპოლს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვეთს?
- როგორც ვიცი, ეყრდნობა ლევან თარხნიშვილის ბი-სი-ჯისა და ასევე, პროსახელისუფლებო კომპანიად მიჩნეულ ეი-სი-ჯის. 2010 წელსაც იმავე კომპანიამ იმუშავა და გამოაცხადა ეგზიტპოლის შედეგები. რაც შეეხება "ამომრჩეველთა ლიგისა" და "მაესტროს" მიერ დაქირავებულ კომპანიებს, ზუსტად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, ივანიშვილთან დაახლოებული სოციოლოგებისა და სპეციალისტების მომსახურებით სარგებლობენ. ასე რომ, შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
კახა მაღრაძე: - კარგი იქნება, ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ, რათა ხალხს მათ გამოცხადებულ შედეგებში ეჭვი არ შეეპაროს. ხშირად საზოგადოების ყურადღება ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლისკენაა გადატანილი, რის მიხედვითაც ამომრჩეველს "რეალურ სურათზე" ექმნება წარმოდგენა. ზოგადად, პარალელური დათვლა ბევრად ზუსტია, ვიდრე ეგზიტპოლი. რამდენადაც ცნობილია, "ამომრჩეველთა ლიგა" "ბარსელო ენდ კომპანის" მეშვეობით პარალელურ დათვლებსაც ჩაატარებს.
როცა ეგზიტპოლი რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს, მხოლოდ ორი აზრი ჩნდება: პირველი - მანიპულაციასთან გვაქვს საქმე და მეორე - არ ვარგა ამა თუ იმ კომპანიის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია.
- ე.ი. არსებობს ეჭვი, რომ კომპანიები დამკვეთის ინტერესებს ითვალისწინებენ?
- ასეთი ეჭვი მუდმივად იქნება, სანამ არ გვეტყვიან, როგორ, რომელი წესით შეადგინეს ეგზიტპოლი, რა პრინციპით შეარჩიეს ამომრჩეველი, როგორ დაუსვეს შეკითხვები, გაითვალისწინეს თუ არა საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა და მათი სქესობრივი და ასაკობრივი თანაფარდობა, სოციალური მდგომარეობის პროცენტული მაჩვენებლები და ა.შ. სწორედ ასეთი დეტალების გათვალისწინებით უნდა შეარჩიონ გამოსაკითხი პირები. მხოლოდ სწორად შერჩეული ამომრჩეველთა მცირე ნაწილის პასუხის განზოგადება მოგვცემს ობიექტურ სურათს. ზოგიერთი ამომრჩეველი შეკითხვას გულწრფელად არ პასუხობს და ამიტომაც მცირე (2-3%იანი) ცდომილება ყოველთვის იქნება.
აუცილებელი არ არის მაინცდამაინც უცხოური კომპანიების დაქირავება, რომლებიც თავის მხრივ ქირაობენ ისევ ქართულ კომპანიებს. მათი ქართველი წარმომადგენლები ამომრჩეველს უბნებზე უტარებენ გამოკითხვას და ხშირად ჩვენთვის უცნობია, ვინ არის ეს ხალხი და რეალურად რომელ კომპანიას წარმოადგენენ. ჩვენ გვყავს ქართული კომპანიები (მაღალი დონის სპეციალისტებით), რომლებსაც შეუძლიათ ასეთი კვლევების ჩატარება და გარდა იმისა, რომ დიდ ხარჯსაც ავირიდებთ, ზუსტად გვეცოდინება, რომელმა კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა.
- თქვენი აზრით, რა შემთხვევაში (პროცენტული მაჩვენებელი მაინტერესებს) შეიძლება არ აღშფოთდეს ამომრჩეველი?
- ამის თქმა ძნელია. ჯერ ერთი, ძალიან სწრაფად იცვლება პოლიტიკური ძალების რეიტინგი და მეორე - არ გამოვრიცხავ, რომ 60%-იანი შედეგის მიღების შემთხვევაშიც კი დარჩეს რომელიმე პოლიტიკური ძალა უკმაყოფილო. არჩევნების შედეგებში დაეჭვება უკვე ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი, რაც არაგამჭვირვალე გარემომ განაპირობა. არც პოლიტიკურ ძალებს ჰყოფნით პასუხისმგებლობა, ბოლომდე მისდიონ პროცესებს.
მერაბ ფაჩულია: "გამოკვლევებსა და ეგზიტპოლებზე ლაპარაკი არ მინდა. რასაკვირველია, ქვეყნის ბედი მანაღვლებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელთა თაობაზე უამრავი კითხვა დამებადა, პასუხები კი არ გამაჩნია".
"საარჩევნო ბიულეტენი ცხელ ტყვიაზე ძლიერია"
აბრაამ ლინკოლნი