"იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის"
"უნდა გავარკვიოთ, ვინ გადალახა საზღვარი და როგორ"
"გოკა გაბაშვილი რა ლუზერიც არის, ახლა უკეთესად გამოჩნდება"
"შარშან პოლიტიკაში მოსვლის განცხადებას რომ აკეთებდა, ბიძინა ივანიშვილი მაშინ ანგარიშობდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა", - გვითხრა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.
- სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, მაგრამ საზოგადოებას აქვს განცდა, შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თავმჯდომარეს რაღაც მზაკვრობა აქვთ ჩაფიქრებულიო.
- სააკაშვილს შესაძლოა ჩაფიქრებული აქვს, - მივცემ მთელ ძალაუფლებას, 6 თვე ვერაფერს იზამენ და მერე რაღაცას ვიზამო. ეს მაგონებს ანდაზას, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ეჭვიანობის ნაცვლად ჯობს ვთქვათ, რომ ამწუთას, განურჩევლად მოტივაციისა, სააკაშვილი სწორად იქცევა. გულში კი ის იფიქროს, რაც უნდა. 6 თვის შემდეგ "ქართული ოცნება" უფრო პოპულარული იქნება. ეს არის მოსალოდნელი იმ უბრალო მიზეზით, რომ მომავალში გველოდება ცხოვრების დონის ნელ-ნელი, მაგრამ განუხრელი გაუმჯობესება. ჩვენ მივხედავთ ფასებს, ტარიფებს, წამლებს და სხვ. სააკაშვილის საქციელში კარგად იკითხება სტრატეგიული პარტნიორის საქციელი. ის შეეცდება, შეინარჩუნოს ზომიერი ტონი და გადააბაროს ის სამინისტროებიც, რომლებიც ჩვეულებრივ სადავოა ხოლმე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის.
- რას იზამენ მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოსტების გარეშე დარჩნენ?
- გუნდის ნაწილი დაიშლება, ხოლო ნაწილი შეეცდება, მოემზადოს პოლიტიკაში დასარჩენად, ანუ შევიდეს პოლიტიკაში, რადგან მინისტრობა არ არის პოლიტიკაში ყოფნა. კაცი რაღაც უნდა იყოს, სანამ მინისტრი გახდება. ახლა ვნახავთ, პალიკო კუბლაშვილმა მართლა იცის რამე თუ არა. ადრე გვეუბნებოდა, ბევრი ვართ და ამიტომაც ჩვენ ვიცითო. ახლა ვეტყვით, ცოტა რომ ხართ, მეტი არგუმენტი გჭირდებათ, რომ დაგვარწმუნოთ-მეთქი. თუ პალიკო კუბლაშვილი რაიმე კარგი კანონით შემოვა, გარწმუნებთ, არ დავიწუნებთ. თუმცა, ზოგიერთზე ახლავე გეტყვით. გოკა გაბაშვილი რა ლუზერიც არის, ახლა უკეთესად გამოჩნდება.
- დავით ბაქრაძემ თქვა, ჩვენ შეგვიძლია პრობლემების შექმნა, მაგრამ ამას არ ვაკეთებთო.
- ბაქრაძე ვერ ხვდება, რომ მასში დამარცხებული კაცის სინდრომი ლაპარაკობს. ეს არის კაცი, რომლის ოჯახი იყო კეთილ გარემოში, რომელიც არ ანგარიშობდა ხარჯებს. ახლა კი ყველაფერ ამას იანგარიშებს. ამიტომაც არის ცუდ ხასიათზე. ბაქრაძემ კი არა, ჰაველმა აღწერა, რა ძნელია ხელისუფლებასთან გამოთხოვება. ეს ჰაველისთვის იყო ძნელი და წარმოიდგინეთ, რა არის ბაქრაძისთვის. ყოველთვის კარიერაზე ოცნებობდა და არა ოპოზიციონერობაზე. ეგ რევოლუციას დახვდა პარლამენტის დარბაზში, როგორც შევარდნაძის პარლამენტარი. რადგან ეს კაცი ოპოზიციაში ნამყოფი არ არის, ახლა გაიზომება მისი შესაძლებლობები.
- რამდენჯერმე გაისმა, საბოტაჟის მცდელობა ჰქონდა ზოგიერთ ჯგუფსო.
- ყველა ძარცვაზე პასუხს აგებს შს მინისტრის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ზღულაძე. საქართველოში წესრიგზე პასუხს აგებს საქართველოს პრეზიდენტი. არა მგონია, ეს საბოტაჟი იყოს. უბრალოდ, როდესაც ხელისუფლება ჩამოინგრა, ზოგიერთმა ჩათვალა, რომ უფროსი აღარ ჰყავდა და ცუდად მოიქცა.
ორშაბათიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შედიან ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და თვით აეროპორტშიც. მანამდე, თუ ვინმე რაიმე დანაშაულის ჩადენას მოასწრებს, უკანა რიცხვით უნდა დავედევნოთ ამ ამბებს და გავარკვიოთ, ვინ გადალახა საზღვარი და როგორ, მაგრამ ხელისუფლების ინტერესში არ არის ასეთი ამბების ამოტივტივება, რომ ვიღაც გააპარეს და თან ქონება გააყოლეს. ამას ყველაფერს პასუხისმგებელი ჰყავს - ქალბატონი ზღულაძე და მგონი, არ ენდომება მასთან სამართლებრივად გახდეს რამე სადავო. მგონი, ყოფილი ხელისუფლება შეეცდება ახალი დანაშაულები არ დაიმატოს. საკმარისია მათ უწყებებში ჩადენილი ძველებიც. ეს საბოტაჟი კი არა, უთავობა და ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნის გულაცრუება უფროა.
- ბატონო ლევან, პარლამენტში დარჩებით თუ მთავრობაში გიხილავთ?
- პარლამენტში მიხილავთ. განათლების კომიტეტის წევრი რომ ვიქნები, ეს ვიცი. პარლამენტთან დაკავშირებული საკითხები ჯერ არ განხილულა. კონსულტაციების შემდეგ შეიძლება არ დარჩეს ისეთი მონახაზი, როგორიც მას აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა და ამზადებდა ამ გამარჯვებას. ძალიან ბევრი სკეპტიკოსი იყო, მათ შორის მის მომხრეებს შორისაც. ბევრი ვერ ხედავდა გამარჯვებას, ვისაც გვჯეროდა, დაგვცინოდნენ. მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ბოლოს კი კარგად ქართველმა ხალხმა გაიცინა.