"მძაფრი პოლიტიკური კრიზისის საფრთხე არსებობს"
როგორ შეიცვლებიან კანონდამრღვევიმოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
"სააკაშვილს ერთი ის არ უწერია კონსტიტუციაში, რომ პირველი ღამის უფლებით ისარგებლოს, თორემ სხვა ყველაფრის უფლება აქვს"
"ამ ინტერვიუში ჩემგან იმაზე მეტი მოითხოვეთ, ვიდრე ჩემგან პარლამენტი ითხოვს"
"2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მერე პრეზიდენტია ყველასა და ყველაფრის უფროსი. ერთი ის არ უწერია კონსტიტუციაში, რომ პირველი ღამის უფლებით ისარგებლოს, თორემ სხვა ყველაფრის უფლება აქვს", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ახალ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს:
- ამ კონსტიტუციით პრეზიდენტს შეუძლია ყოველთვის შექმნას მიზეზი, რომ დაითხოვოს პარლამენტი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები. შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის დაუსახელებლად თანამდებობიდან გაუშვას პრემიერ-მინისტრი, რაც ნიშნავს, რომ ამავდროულად ყველა მინისტრიც გათავისუფლდება თანამდებობიდან. პრეზიდენტს აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ან ერთ თეთრად მიჰყიდოს ნებისმიერს და ა.შ.
ასეთი კონსტიტუციური მოდელი დღევანდელ ვითარებაში იწვევს მძაფრი პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოიქცევა პრეზიდენტი, დაჰყვება თუ არა ხალხის ნებას (რაც სრულიად აშკარაა).
- სააკაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მას არ სურს კრიზისის გამოწვევა?
- პრეზიდენტისგან დეკლარირებულია თანამშრომლობის პრინციპი. მან თქვა, არ გამოვიყენებ იმ უფლებას, რაც კონსტიტუციით მაქვსო. შეეძლო მხედველობაში არ მიეღო გამარჯვებული "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მთავრობის შექმნის თაობაზე, რომლის სათავეშიც ივანიშვილი იქნება. შეეძლო პრემიერად და მინისტრებად დაენიშნა ისინი, ვინც თვითონ უნდოდა. პრეზიდენტს ამის სრული უფლება ჰქონდა და ეს არის სწორედ ამ კონსტიტუციის უგვანობა - განაპირობებს კრიზისს. მისი ქმედება ჯერჯერობით არ მიუთითებს, რომ პირობას დაარღვევს, თუმცა ამის პარალელურად არის პროცესები, რომელიც მიუთითებს არა თანამშრომლობაზე, არამედ კონფრონტაციაზე, საკუთარი ფლანგებისა და ზურგის გამაგრებაზე, რათა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების გასამყარებლად.
პრეზიდენტმა სახელმწიფო კომუნიკაციის სამსახური შს სამინისტროდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადაიყვანა. ეს სამსახურია ყველა სახის სატელეფონო თუ სხვა სახის კავშირი სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. მისი გადაყვანა სპეციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში ნიშნავს, რომ ამ სამსახურს შეუძლია მოუსმინოს მინისტრების იმ საუბრებს, რომელიც მიმდინარეობს დახურული და დაცული არხებით.
პრეზიდენტმა დაიქვემდებარა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურიც, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. როგორც მახსოვს, ამ სამსახურს უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფა ევალება, რა შუაშია პრეზიდენტი?
სააკაშვილმა გუბერნატორების დანიშვნაც დაიწყო. რაიონებში ნიშნავენ ახალ გამგებლებს...
თბილისის მოსახლეობის რამდენიმე ჯგუფისაგან მომივიდა საჩივარი, რომ ის საკუთრება (მიწა ან შენობის ფართი), რაზეც ჯერ კიდევ დავა მიმდინარეობს, ყალბი საბუთებით ვიღაცებს საკუთრებად გადაეცათ და დაიწყო მათი იძულებითი გამოსახლება. ცდილობენ, რაღაცები დაასრულონ მანამ, სანამ ჯერ ხელისუფლებაში არიან. როგორც ხედავთ, ერთია დეკლარირებული წინადადებები თანამშრომლობის თაობაზე, მეორე, რა კეთდება რეალურად. ის, რაც ძალიან ჩანს, იქ შეეცდებიან, პრობლემები არ შექმნან, მაგრამ იქ, რაც არ ჩანს, პოზიციას გაიმყარებენ.
- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ დათმობენ აუდიტის სამსახურსა და ეროვნულ ბანკს, რომლის ხელმძღვანელთა კანდიდატურები უკვე დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელიც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც კონსტიტუციით განსაზღვრული წესით აირჩევიან და გათავისუფლდებიან თანამდებობიდან.
გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თანამდებობიდან მისი გათავისუფლება შეიძლება იმპიჩმენტის წესით, თუ დაარღვია კონსტიტუცია ან მის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები.
გენერალური აუდიტორი აირჩევა 5 წლით. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია ამ წლის ზაფხულში აირჩიეს ამ პოსტზე, როდესაც ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა. თორდიას გადაყენება იმპიჩმენტით შეიძლება, ან იგრძნოს პასუხისმგებლობა და თავად წაბრძანდეს.
მსგავსი ვითარებაა ეროვნულ ბანკშიც. პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს და შემდეგ პრეზიდენტი საბჭოს წევრთაგან ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 7 წლის ვადით. თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ასევე, იმპიჩმენტით შეიძლება.
- რა პროცედურებია გასავლელი იმპიჩმენტის დროს?
- პარლამენტში უნდა აღიძრას ბრალდება. ამ ბრალდებასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა წარმოადგინოს საკონსტიტუციო ან უზენაესმა სასამართლომ. თუ დასკვნა დაადასტურებს დარღვევას, მაშინ მათ გადაყენებას სჭირდება პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. პროცედურა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუდიტის სამსახურის საქმიანობა აშკარად პოლიტიზებული იყო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებით ცხადი შეიქნა, რომ აპოლიტიკური ფიგურის ნაცვლად ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მხარე იყო. ნორმალურ ქვეყანაში მხოლოდ ეს განცხადებები იქნებოდა საკმარისი მისი თანამდებობიდან გადასაყენებლად. არის საკითხები, რომლებითაც იკვეთება ეროვნულ ბანკში კანონის დარღვევის ნიშნები. ამ ყველაფერს აუცილებლად შევისწავლით. ნურავის დაავიწყდება, რომ პარლამენტს აქვს უფლება, შექმნას კომისია და შეამოწმოს როგორც კონტროლის პალატის, ისე ეროვნული ბანკის საქმიანობა და პასუხი მოსთხოვოს.
- ამ ვითარებაში დიდი როლი ენიჭება სასამართლოს. ჩადგება ეს სახელისუფლებო შტო სამართლიანობის სამსახურში?
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (და უზენაესი სასამართლოს წევრებს) პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 10 წლით ირჩევს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც შესაძლებელია იმპიჩმენტის წესით. ვნახოთ, მის ქმედებაში კანონდარღვევები გამოჩნდება თუ არა. ხომ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სასამართლო უაღრესად პოლიტიზებულია. სასამართლოს მრავალ გადაწყვეტილებას დამღასავით აზის პოლიტიკური ნიშანი. თუ ამ საქმეებში გარკვევისას გამოჩნდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა მოსამართლეების როლი, ეს იქცევა იმპიჩმენტის საფუძვლად.
- 10 წლით დანიშნული მოსამართლეები გათავისუფლდებიან დამნიშვნელისადმი დამოკიდებულებისაგან?
- უნდა იქნეს შესწავლილი მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილი საქმეები და ყველგან გამოჩნდება, კანონის თანახმად იყო განხილული თუ დაირღვა კანონი. თუ ასეთი ფაქტები იქნება, სულ ცოტა, მოსამართლის არაკვალიფიციურობასა და არაკეთილსინდისიერებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუ მეტზე არა.
- იუსტიციის საბჭოსა და დისციპლინარული საბჭოს როლი როგორია მოსამართლეებთან მიმართებაში?
- ძალიან დიდი იქნება ამ ორგანოების როლი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო (რომელიც 4 წლით აირჩევა) ირჩევს მოსამართლეებს. მისი ვალდებულებაა მოსამართლეთა საქმიანობის გაანალიზება და მერე სათანადო დასკვნის გაკეთება, მაგრამ დღეს იუსტიციის საბჭოს ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რაც მცდარი გადაწყვეტილებაა. არასწორია, რომ კანონით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეც და იუსტიციის საბჭოს სხვა 8 წევრს, მათ შორის - მდივანს, ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. 15-კაციან იუსტიციის საბჭოში 2 კაცს პრეზიდენტი ნიშნავს. 3 კაცს ირჩევს პარლამენტი, რომლიდანაც ერთი ოპოზიციიდან უნდა იყოს. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში შედის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ამ პრინციპით გამოდის, რომ 15-დან 12 წევრი "ნაციონალური მოძრაობისაა".
- რამდენად ობიექტური იქნება ამ წესით დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო?
- ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ კანონის შეცვლაზე. ბევრ რამეში მეც გარკვევა მჭირდება. თქვენ ამ ინტერვიუში ჩემგან იმაზე მეტი მოითხოვეთ, ვიდრე ჩემგან პარლამენტი ითხოვს(?!).
ვითარება მძიმეა, მაგრამ არა კატასტროფული. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, თუმცა ამას ბევრი ოფლის ღვრა დასჭირდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთივე განწყობა აქვს ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას და მათგან ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას.
"კანონი, რომელიც ჩვენში ზის, სინდისად იწოდება"
ემანუელ კანტი