"ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარი კრიზისი ჰქონდა"
"წინა ხელისუფლება უფრო თვითკრიტიკული რომ ყოფილიყო, მოვლენები უკეთ განვითარდებოდა"
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს. მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს აკონტროლებდა და თვითმმართველობა რეალურად დამოუკიდებელი არ იყო; დღეს კი გაჩნდა შესაძლებლობა, სასამართლო იყოს თავისუფალი. მიუხედავად ამისა, რატიანი ახალი ხელისუფლების წინსვლას მხოლოდ ერთი მიმართულებით - რუსეთისაკენ ხედავს.
- წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა სასამართლოს რეფორმისათვის, მაგრამ სასამართლოში მოსულმა ახალმა არაკორუმპირებულმა ძალებმა თავი ვერ დააღწიეს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას. ამჯერად კი ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომლის წინაშე სასამართლო ვალდებული არ არის და ამიტომ ახერხებს კიდეც, იყოს თავისუფალი. ხელისუფლების ცვლილება სასამართლოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. დღეს სასამართლოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ეს ძალიან კარგია.
- ვერ აკონტროლებს თუ არ აკონტროლებს?
- ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს, მერე ვნახოთ. სასამართლოს ოპოზიციის წარმომადგენელი მართავს. ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ძალაუფლების გადამეტების შემაკავებელი უმცირესობაა. წინა ხელისუფლების დროს ასეთი ფაქტორები, ობიექტური მიზეზების გამო, ნაკლები იყო. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რევოლუციის შემდეგ ოპოზიცია სუსტი გახლდათ. რევოლუციის დროს ახალი ხელისუფლება ანგრევს წინა ინსტიტუციებს და თავიდან იწყებს მშენებლობას. ასეთ დროს აუცილებელია ბალანსი, რათა ხელისუფლება ერთპიროვნულად არ მართავდეს ქვეყანას. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს ეს ბალანსი დაცული არ იყო. სანამ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, სასამართლო, საზოგადოებრივი მოძრაობა - დემოკრატია განვითარდება.
- ამიტომაც წინა ხელისუფლება შეგნებულად ხომ არ ცდილობდა ზეწოლას ამ ინსტიტუტებზე?
- როდესაც ფული, ანუ ბიზნესი ერთვება პოლიტიკაში, გასარკვევი ხდება მისი წარმომავლობა. ასე იყო "იმედის" შემთხვევაშიც. მას რუსი ოლიგარქი მართავდა. ვინ არის ივანიშვილი, საიდან მოდის მისი ფული? მეკითხებიან, თუკი წინათ არ იყო მისი ფული ცუდი, ახლა რა დაემართაო? ვიმეორებ, მან რუსული ფული ჩართო ქართულ პოლიტიკაში.
- ოპონენტები თითქმის იმავე ბრალდებას უყენებდნენ წინა ხელისუფლებას, ამბობდნენ, რომ მან სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდა.
- ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკონომიკურ პროცესებს არ ზღუდავ პოლიტიკის გამო. სხვა ქვეყნის ფული შეიძლება გამოიყენო ეკონომიკის განვითარებისთვის, ინვესტიციების სახით და არა - პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
- შეუძლია თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას, დაასუსტოს ოპოზიცია?
- თუ დღევანდელი ხელისუფლება იქნება წარმატებული და შეასრულებს თავის დანაპირებს, მას რეპრესიები არ დასჭირდება, მაგრამ ვხედავთ, რომ დაპირებების შესრულებას ვერ ახერხებს, ამიტომ დაიწყო რეპრესიები. ჩვენ გვინდა, ამ ხელისუფლებამ წარმატებებს მიაღწიოს, რადგან რაც უფრო წარმატებულია ხელისუფლება, მით უფრო დემოკრატიულია საზოგადოება, მაგრამ თუ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ქვეყანაში კვდება საზოგადოებრივი ცხოვრება და ადგილი არავისთვის აღარ რჩება.
რაც 1-ელ ოქტომბერს მოხდა, დადებითი მოვლენაა, როგორც საზოგადოებრივი განვითარების, ისე - "ნაციონალური მოძრაობისთვის". "ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარი კრიზისი ჰქონდა. საერთოდ, ასეა: თუ პოლიტიკური ძალა დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, იწყება პროცესები, რომლებიც აფერხებს მის განვითარებას. პარტიაში წინა პლანზე მოიწევენ კარიერული ამბიციებით შეპყრობილი ადამიანები და ჩრდილში რჩებიან ღირებულებების გამო მოსულები. მდგომარეობას აუარესებს ისიც, რომ ძალაუფლების მქონე პარტიას ურჩევნია, მისი ბრძანებები სწრაფად შესრულდეს, რათა მისი მმართველობა ეფექტური გამოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, მის ირგვლივ უფრო მეტად სწორედ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები იკრიბებიან.
- წინასაარჩევნო კამპანია დემოკრატიული იყო?
- წინასაარჩევნო კამპანია იყო ბინძური თამაში ორივე მხრიდან. ეს იყო ცუდი საარჩევნო კამპანია, მოწინააღმდეგეები იყენებდნენ დაუშვებელ მეთოდებს. დამთავრდა წინასაარჩევნო კამპანიაც და არჩევნებიც. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. მოუსმინეთ მათ განცხადებებს? თურმე, შეიძლება, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "მეცხრე არხი" გაერთიანდნენ. ასეთი განცხადება შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ რუს ოლიგარქს.
- სამწუხაროდ, ასევე ამბობენ წინა ხელისუფლებაზეც, რომელმაც "იმედი" დაარბია, "რუსთავი 2" წაართვა კანონიერ მფლობელებს და საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარა "საზოგადოებრივი მაუწყებელი"...
- დასაგმობია "იმედის" დარბევის ფაქტი, მაგრამ დანარჩენი სასამართლომ უნდა განსაჯოს. ივანიშვილის სურვილი კი გაუგებარია. ის თავისი ოჯახის ტელევიზიას უერთებს "საზოგადოებრივ ტელევიზიას" და ამას მშვიდად აუწყებს ხალხს. ფაქტია, რომ რაკი ასეთ განცხადებებს აკეთებს, პრემიერ-მინისტრმა არ იცის დემოკრატიული მოწყობის მარტივი პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იტყოდა, ოპოზიციის მიმართ ტერორი შეწყდება, როდესაც ისინი გაჩუმდებიან და ხალხს აღარ გააღიზიანებენო. ესეც შეეძლო ეთქვა მხოლოდ რუს ოლიგარქს და არა - დემოკრატიული ქვეყნის მმართველს. ასევე გაუგებარია მისი მოწოდება, საზოგადოება გაგებით მოეკიდოს დანაშაულის ზრდას. ამის თქმა არავის შეეძლო ჯაბა იოსელიანის გარდა. როდესაც მეუბნებიან, განა თქვენ უარესს არ აკეთებდითო? ეს არგუმენტი არ არის. არ შეიძლება ერთის ცუდი ქმედების გამართლება იმით, რომ მანამდე მეორეც ცუდად იქცეოდა.
- ადრე რატომ არ გამოხატავდით პროტესტს დემოკრატიის ხელშემშლელი პროცესებისადმი?
- ბევრი რამ მითქვამს. ამოიღეთ 2007 წლის ჩანაწერი შვიდი ნოემბრის შესახებ. ამასთან, სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი. წინა ხელისუფლება უფრო თვითკრიტიკული რომ ყოფილიყო, მოვლენები უკეთ განვითარდებოდა.