რატომ დაჯდა "აკვალაზიკა" 2 მილიონის ნაცვლად 17 მილიონი?!
"როცა ვუთხარი ადეიშვილს, ანაკლიაში აკვაპარკის ასაშენებელი ფული აღარ მაქვს-მეთქი, შემახსენა, ხომ არ დაგავიწყდა, გირაოთი რომ ხარ გამოშვებულიო"
"თავდაპირველად მინდოდა სავაჭრო ცენტრი ამეშენებინა, სადაც აკვაპარკიც იქნებოდა, პროექტი განუხორციელებელი დარჩა, მაკეტს კი მაინც საგულდაგულოდ ვინახავ"
აკვაპარკი ლაზიკაში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში - სხვადასხვა დროს ამ დასასვენებელ ობიექტებს საზეიმოდ ხან პრეზიდენტი ხსნიდა, ხანაც მხარის გუბერნატორები თუ ქალაქისთავები. თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ და რის ფასად შენდებოდა ისინი და რატომ დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს ლაზიკაში აკვაპარკის აშენება 17 მილიონი ლარი მაშინ, როცა მისი აშენება მაქსიმუმ 2 მილიონი უნდა დამჯდარიყო. და კიდევ, რა ხელი ჰქონდა მაშინდელ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გასართობ-სარეკრეაციო ობიექტების მშენებლობასთან, რომელსაც კერძო კომპანია აშენებდა.
აკვაპარკები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანია "ევროპარკს" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი აკაკი სულხანიშვილია. ამბობს, რომ აქამდე საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უსაფუძვლო ბრალდებები მოისმინა, თავი ვალდებულად ჩათვალა, განმარტება გაეკეთებინა.
- წლების განმავლობაში რუსეთში ბიზნესი მქონდა. 2005 წელს თბილისში ჩამოვედი და ვიყიდე მიწის ნაკვეთი - ყოფილი ტრიკოტაჟის ქარხნის ტერიტორია, რომელიც იმ დროს უკვე გაპარტახებული იყო. თავდაპირველად მინდოდა სავაჭრო ცენტრი ამეშენებინა, სადაც აკვაპარკიც იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი განუხორციელებელი დარჩა, მაკეტს მაინც საგულდაგულოდ ვინახავ.
თბილისის აკვაპარკის აშენების შემდეგ გაჩნდა იდეა და ეს მაშინდელი ხელისუფლების სურვილიც იყო, რომ აკვაპარკები ამეშენებინა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. საერთო ჯამში მათი მშენებლობა 12 მილიონი დოლარი დამიჯდა და დღეს იმ მდგომარეობაში ვარ, რომ მიწის გადასახადსაც ვერ ვიხდი, ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებული მაქვს. იმთავითვე ვიცოდი, რომ თელავში აკვაპარკის მშენებლობა წამგებიანი იქნებოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მონაწილეობა მიმეღო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ აუქციონში და თელავში უძრავი ქონება შევიძინე. ეს პირობითი აუქციონი იყო. ობიექტში 1 800 000 დოლარის ოდენობით ინვესტიცია უნდა ჩამედო და აკვაპარკი ამეშენებინა.
თელავში მშენებლობა დაწყებული მქონდა, როცა ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც აუქციონზე შევიძინე, უცხო პირები მოვიდნენ. მითხრეს, ფინანსური პოლიციიდან ვართო, თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმომიდგინეს. ამის გამო შევკამათდით, შემდეგ ერთმა ზურგიდან მომიარა და დამარტყა. როგორც ჩანს, მანქანის კარს დავარტყი თავი და გონება დავკარგე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ამბის გამო თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. ჰიპერტონიკი ვარ და დაკავებიდან პირველივე ღამეს ცუდად გავხდი. ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმებს ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა უნდოდათ, მაგრამ გავიგონე, როგორ თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა, ვერ გაგატანთო. მეორე დღეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს და გლდანის ციხეში თვე-ნახევარი გავატარე, შემდეგ გირაოდ 50 000 ლარი გადამახდევინეს და გამომიშვეს. მას შემდეგ სამი წელია ჩემი საქმე არ არის დახურული.
- ვის სჭირდებოდა თქვენი დაპატიმრება?
- პირდაპირ მითხრეს, თელავში აკვაპარკს რომ დაასრულებ, შენი საქმეც დაიხურებაო. მოგვიანებით ისევ დამირეკეს და მითხრეს, ადეიშვილი განმუხურში გიბარებსო. ჩავედი და ის და გოროზია დამხვდნენ. მკითხეს, აბა, რას შვრები, როდის იწყებ მშენებლობასო? ანაკლიაში აკვაპარკის აშენებას გულისხმობდნენ. როცა ვუთხარი ადეიშვილს, ანაკლიაში აკვაპარკის ასაშენებელი ფული აღარ მაქვს-მეთქი, შემახსენა, ხომ არ დაგავიწყდა, გირაოთი რომ ხარ გამოშვებულიო. ორ-სამ დღეში კიდევ დამირეკეს და ღამის 12 საათზე დამიბარეს იუსტიციის სამინისტროში. ადეიშვილის მისაღებში ხათუნა კალმახელიძე დამხვდა. სწორედ მაშინ პირობით მსჯავრდებულებისთვის სპეციალური სამაჯურების გაკეთებას აპირებდნენ, სადაც სასიგნალო მოწყობილობა იქნებოდა დამონტაჟებული და ამით მათ სისტემატურად გააკონტროლებდნენ. კალმახელიძე რომ დავინახე, ვიფიქრე, სამაჯურის გაკეთებას მიპირებენ-მეთქი.
ადეიშვილმა კი ისევ აკვაპარკის მშენებლობა შემახსენა. ვუთხარი, ანაკლიაში აკვაპარკს მხოლოდ იმ შემთხვევაში ავაშენებ, თუ დამაფინანსებთ-მეთქი. რამდენი გინდაო? ორი მილიონი-მეთქი. ფული რომ მოგცე, ივლისის ბოლოს ობიექტს გახსნიო? მარტი იდგა, გადავითვალე და ვუთხარი, რომ სამუშაოს დასრულება მხოლოდ აგვისტოსთვის მოესწრებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ორ დღეში ისევ დამირეკეს და მითხრეს, ფულს მოგცემთ, მაგრამ პროექტი შეიცვალა და 26-მეტრიანი ანძა უნდა ააშენო, ანუ წყლის ატრაქციონიო. ასეთი სიმაღლის წყლის ანძა მსოფლიოში არ არის და ჩვენ თუ ავაშენებდით, უსაფრთხოებისთვის საფუძვლიანი ექსპერტული შესწავლა დასჭირდებოდა, რაც შევუთვალე კიდეც ადეიშვილს. მერე ისე მოხდა, რომ ამ პროექტს საერთოდ ჩამომაშორეს.
ამირან გიგუაშვილი, კომპანია "ევროპარკის" ადვოკატი: "აკაკი სულხანიშვილი, ფაქტობრივად, ყოფილი ხელისუფლების მძევალი იყო. მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მის თავზე და როცა დასჭირდებოდათ, ამ საქმეს მაშინ "გააცოცხლებდნენ".
P. S. ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყოფილმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის ფულით ლაზიკაში აკვაპარკ "აკვალაზიკას" მშენებლობა 17 მილიონი ლარით დააფინანსა. რატომ დაუჯდა სახელმწიფოს 17 მილიონი ის, რისთვისაც სულხანიშვილს 2 მილიონს უხდიდა? ალბათ, ეს საგამოძიებო უწყების შესწავლის საგანი გახდება.
სახიფათოა იყო მართალი, როცა ხელისუფლება ძალადობს
ლუი ნიკოლა ბეშერელი