მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: არ მინდა რუსეთი!..
არ მინდა რუსეთი!..
რამდენი ხანია არ მინახავს საქართველოზე მოსაუბრე რუსი პოლიტიკოსები და ახლა ისევ გამოჩნდნენ. მირონოვი, სლუცკი, ჟირინოვსკი და ვინ იცის, კიდევ რამდენი არიან... გამოჩნდნენ და მივხვდი, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის არანაირი სურვილი არა მაქვს. ისევ დავინახე ეს გამოყეყეჩებული სიფათები, ეს მოლაპარაკე თავები, რომლებისთვისაც არაფერი იცვლება... ისევ იგივე რიტორიკა, იგივე, ფსევდოკეთილმოსურნე ტონი, ჟირინოვსკის დარიგებები, როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად... რა კარგი იყო, 2008 წლის შემდეგ ამ ადამიანებს რომ ვერ ვხედავდი. არ ჩანდა ჩვენს ეთერში მათი სიფათები და რაც მთავარია, ჭკუას არ გვარიგებდნენ, არ მიგვითითებდნენ და თითს არ გვიქნევდნენ. ვიცი, ახლა ზოგიერთი იტყვის: აბა, ის არის კარგი, ამერიკელები რომ გვითითებენ, მაქქეინი რომ გვასწავლის, ვინ უნდა დავიჭიროთ და ვინ არაო. არ არის კარგი, მაგრამ რა შედარებაა? ყველაფერი ხომ ფარდობითია? ბოლოს და ბოლოს, მაქქეინს ჩვენთვის ბომბები მაინც არ უსვრია და ტერიტორიები არ წაურთმევია. ბოლოს და ბოლოს, მაქქეინს დაელაპარაკები და გააგებინებ, ჟირინოვსკის ან ზატულინს რა უნდა გააგებინო? არ ვიცი, მერამდენედ დავადექით რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების გზას. კიდევ ერთხელ იმავე წრეზე მივდივართ. რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ჯერ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთო. რას ნიშნავს კულტურული ურთიერთობის აღდგენა, ვერ ვხვდები. ვინ დაარღვია ეს ურთიერთობა? თუ დოსტოევსკის წაკითხვა მინდა, ისედაც წავიკითხავ, და თუ ეს თბილისში ალა პუგაჩოვასა და იური ნიკოლაევის ჩამოსვლას გულისხმობს, არ მინდა, ბატონო! ძლივს დაივიწყა ქართველმა საზოგადოებამ ალა ბორისოვნას ქმრების ჩამონათვალი და ახლა თავიდან უნდა ვინერვიულოთ, ვის გაშორდება და ვის გაჰყვება? ერთადერთი რუსეთის ბაზარზე თუ შეგვიშვებენ, შეიძლება, რაღაც ხეირი ვნახოთ, თუმცა, ეგეც მეეჭვება. არავინ იცის, სანაცვლოდ რას მოითხოვენ. მე წარმატებას ვუსურვებ ბატონ ზურაბ აბაშიძეს ამ საქმეში, მაგრამ მეეჭვება, რამე გამოვიდეს. აკი ბრძანა პირველივე შეხვედრის შემდეგ ბატონმა კარასინმა: "საჭიროა ურთიერთობის გაჯანსაღება და ურთიერთქმედების კონკრეტული ფორმის მიცემა ისე, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია". დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, კარასინსა და აბაშიძეს შორის აუცილებლად შედგება დაახლოებით ასეთი დიალოგი (ისიც საუკეთესო შემთხვევაში):
კარასინი: რაზე ხართ წამომსვლელები ქართველები?
აბაშიძე: რა ვიცი, გააჩნია, რას ითხოვთ?
კარასინი: ოკუპაციის კანონის გაუქმებას, ახალ რეალობასთან შეგუებას, ნატოზე უარის თქმასა და ევრაზიულ კავშირში შემოსვლას.
აბაშიძე: იცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები...
კარასინი: ქართველებმა ეგ თქვენი წითელი ხაზები დაახვიეთ და ერთ ადგილზე გაიკეთეთ.
რა უნდა ამ კაცს?
რაც მართალია, მართალია, სააკაშვილს საზღვარგარეთ ერთგული მეგობრები ჰყოლია. მას ახლა მხარში უდგანან ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი მარტენსი და კონგრესმენი მაქქეინი, ინგლისის ლორდთა პალატის ლორდები. ყველანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებული არიან, რა ამბავია ამდენი დაჭერაო. ეს მარტენსი საერთოდ ისე აქტიურობს, ერთი კარგი დაკითხვა მოუხდებოდა. ხომ არ დაგვებარებინა?
თუმცა, კვირის ბოლოს "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა ისეთმა ადამიანმა გამოუცხადა, ამის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დაპატიმრებებზე ხელი უნდა აიღოს, თორემ მისი საქმე ცუდად იქნება. აბა, გამოიცანით, ვინ იტყოდა ამას: "არ არის საჭირო დღეს თავდაცვის მინისტრების ან პოლიტიკოსების დაჭერა. დიდი ბოდიში, რომ ვერევი ამაში, მაგრამ ახლა საჭიროა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაო, - რომელიმე ლორდი იტყოდა ინგლისის ლორდთა პალატიდან? არა, ბატონებო! ეს სიტყვები ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ეკუთვნის. მორჩა, "ოცნებას" დაერხა! მით უმეტეს, ლუკაშენკო ჩვენი დსთ-ში შეთრევით იმუქრება. მზადა ვარ საქართველოს ხელისუფლებას დავუჩოქო, ოღონდ დსთ-ში შემოვიდნენო. მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს კაცი ნამეტანი ცუდად გადაგვეკიდა!
მთავარი მტკიცებულება
არა, აქამდეც ვიცოდით, რომ სააკაშვილი კარგა გვარიანად დაფრინავდა, მაგრამ ამისთვის ორი თვითმფრინავი თუ სჭირდებოდა და მისი ფრენები თუ სახელმწიფო საიდუმლო იყო, ვერ წარმოვიდგენდი. არადა, ასე ყოფილა! სპეციალისტი არა ვარ და ვერ გეტყვით, რატომ დაედო მის ფრენებს გრიფი "საიდუმლო", შეიძლება უსაფრთხოების ნორმები მოითხოვს, მაგრამ რომ გაფრინდება პრეზიდენტი და მშვიდობით დაბრუნდება, მერე ხომ შეიძლება გრიფის მოხსნა? ჰოდა, ახალმა თავდაცვის მინისტრმა მოხსნა, - 2011 წელს პრეზიდენტის ყველა გასაიდუმლოებული გაფრენა სხვადასხვა კურორტზე აღმოჩნდა შესრულებული. 2011 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულა რეისები: თბილისი-ბათუმი-ლას-პალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-მერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი. ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტ ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ავალიანის განმარტებით, 2011 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე თბილისი-ბათუმი-პალანგა-ბათუმი-თბილისი, 2011 წლის 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-რომი-პიზა-გენუა-კრაკოვი-თბილისი. 2011 წლის 14-19 აგვისტოს თბილისი-ბათუმი-ნიცა-მილანი-ბათუმი-თბილისი ფრენები შესრულდა.
საპასუხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ამ საქციელს სამწუხარო და სამარცხვინო უწოდა: "ძალიან ბევრ ამ ქალაქში პრეზიდენტი გაჩერდა ნახევარი ან ერთი საათით, რადგან ეს იყო ვრცელი გადაფრენები და ეკიპაჟმა საწვავი შეავსო. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ქვეყანა არის პერუ, სადაც პრეზიდენტი გაემგზავრა იმისთვის, რომ იყო ძალიან დიდი რისკი, მომხდარიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე, ჩამოთვლილ ერთ-ერთ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყო თანამომხსენებელი საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად. ნიცაში კი პრეზიდენტი მონაწილეობდა ცერემონიაში, სადაც ბათუმი დააჯილდოეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი განვითარების კურორტი".
გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარ მტკიცებულებას რას უშვრებით? რად უნდოდა ამას გრიფი "საიდუმლო"?! ჰა?
ვნახეთ ურჩი მოწმე ვინმე...
გინახავთ რომელიმე საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული ადამიანი ამ უწყებას ულტიმატუმს უყენებდეს, ჯერ სხვა დაჰკითხეთ და მე მერე მოვალო? თან ის სხვა, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს. სწორედ ასე მოიქცა წინა კვირას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თავად ნაპროკურორალი დავით საყვარელიძე. გამოძიება რიყის გასხვისების თემით დაინტერესდა. თბილისის მერიამ რიყე ინვესტორს 7 მილიონ დოლარად მიჰყიდა, რამდენიმე წელში კი უკან ინვესტორისგან 17 მილიონად გამოისყიდა, თან ისე, რომ ინვესტორს კონტრაქტით ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული. საყვარელიძე რიყის გასხვისების პერიოდში თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო(!). ახლა, მოგეხსენებათ, პარლამენტის დეპუტატია და სწორედ იმით სარგებლობს, რომ იმუნიტეტი იცავს. თუმცა, დაკითხვაზე მისი იძულებით მიყვანა მაინც შესაძლებელია, თუ ამაზე პარლამენტის თანხმობა იქნება. ვფიქრობ, სწორედ ამისკენ უბიძგებენ ნაციონალები ხელისუფლებას; ანუ პროვოკაციაზე მიდიან, რათა პარლამენტის წევრი იძულებით მიაყვანინონ დაკითხვაზე, შემდეგ კი საერთაშორისო თანამეგობრობას შესჩივლონ, ნახეთ, ახალი ხელისუფლება რას კადრულობსო. ხელისუფლებას რა გამოსავალი აქვს? არ მიიყვანს დაკითხვაზე და ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება, მიიყვანს და მოუწევს დასავლეთიდან კიდევ ერთYი შემოტევის მოგერიება. მე რომ ხელისუფლების ადგილას ვიყო, საყვარელიძეს ყველა საშუალებით მივიყვანდი დაკითხვაზე, თუმცა, პარალელურად მის რჩევასაც გავითვალისწინებდი და ბიძინა ივანიშვილსაც დავიბარებდი. დაკითხვაზე დაბარება მაინცდამაინც ეჭვმიტანილად ყოფნას ხომ არ ნიშნავს (თავად ბიძინამ კი შეიცხადა, სიტყვა "დაკითხვა" რომ უხსენეს ჟურნალისტებმა)? დაკითხვაზე ადამიანი შეიძლება ინფორმაციის მისაწოდებლადაც მიიყვანო. ჰოდა, მერე ვიტყოდი, ნახეთ, რა დემოკრატიული ხელისუფლება ვართ, დაკითხვაზე მარტო ყოფილ პრემიერს კი არა, მოქმედსაც ვიბარებთ-მეთქი. თუ თამაშია, თამაში იყოს.