"წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობს"
"თუ წალკაში გამგებლად ადგილობრივი მცხოვრები არ დაინიშნა, პრობლემები არ მოგვარდება"
"ჩემი ხალხი ღარიბი, ღატაკი, უუფლებო და დამონებულია"
"წალკის რაიონი დენთის კასრზეა, შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე, რადგან წალკაში აჭარიდან ჩამოსახლებულები მუსლიმანები არიან, ადგილობრივი ბერძნები და სომხები კი - ქრისტიანები. ბოლოდროინდელი რელიგიური დაპირისპირება ყველგან "ნაციონალების" ინსპირირებული იყო. არ გამოვრიცხავ, წალკაშიც იგივე სცადონ", - მეუბნება წალკის საკრებულოს წევრი ჯემალ ვანაძე:
- წალკაში წლების წინ მხოლოდ ერთი ქართული სოფელი, რეხა არსებობდა, სადაც ერთადერთი ქართული სკოლა იყო. ეკომიგრანტების ჩამოსახლებამდე ამ სოფლის გარდა, წალკის რაიონში ქართულ სიტყვას ვერ გაიგონებდით. წალკაში 56 ათასი ბერძენი ცხოვრობდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან მიგრაცია დაიწყო და 23 სოფელი დაიცალა. შევარდნაძემ წალკაში ეკომიგრანტების ჩამოსახლება დაიწყო ზემო აჭარიდან და ზემო სვანეთიდან...
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილმა აჭარაში ხულოს მცხოვრებთ განუცხადა, - წამოდით წალკის რაიონში, იქ გაცილებით უკეთესი პირობები, სახლები და მიწები გექნებათო. ამის შემდეგ აჭარიდან ხალხის უზარმაზარი ნაკადი მოაწყდა წალკას, მაგრამ არც მიწები დახვდათ და არც სახლები. ნახევარი უკან მიტრიალდა, ზოგმა წალკაში იქირავა საცხოვრებელი, ზოგმა დაკეტილი სახლი გატეხა და შევიდა, ზოგიც ძველ პატრონს შეუთანხმდა და ისე დასახლდა მის სახლში. ამას წინათ სოფელ ავრალოში 34 ოჯახი მილიონერმა ბერძენმა, ნიკოლაი აზნაუროვმა გამოასახლა. მას ჰქონდა რწმუნებულება სახლების პატრონებისგან და აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახები ღია ცის ქვეშ დატოვა.
წალკის რაიონში სახელმწიფომ 600 სახლი შეისყიდა, მაგრამ 1300-მდე ოჯახი მაინც სახლის გარეშე დარჩა. მათაც, ვისაც სახლები შეუსყიდეს, მიწები დღემდე არა აქვთ.
2004-დან 2008 წლამდე წალკის გამგებელი მიხეილ ცქიტიშვილი იყო. 2008-დან 2012 წლის არჩევნებამდე - რევაზ შავლოხაშვილი. არჩევნების მერე ისევ ცქიტიშვილი დაინიშნა, მაგრამ 1 თვის შემდეგ იძულებული გახდა, გადამდგარიყო, რადგან, "ქართული ოცნების" რაიონული შტაბის განცხადების საფუძველზე, გამგეობის ფინანსური დოკუმენტაცია ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო. დღეს წალკის გამგებლის თანამდებობაზე 17 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.
წალკაში ასეთი ანეკდოტი გავრცელდა, - წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობსო. ცქიტიშვილი ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა ზესტაფონიდან, მაგრამ იმდენი დააგროვა, რომ საბურთალოზე, ახალაშენებულ კორპუსში იყიდა აპარტამენტები. კარგი მანქანით დადის. 30 ჰა მიწაც აქვს. რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო შენობები, მაღაზიები და სასტუმრო დაისაკუთრა, თუმცა მისი გვარი არსად ფიგურირებს. წყალსაცავი, რომელიც თბილისის ზღვაზე სამჯერ დიდია, ცქიტიშვილის არ არის, მაგრამ ის აკონტროლებს. ცქიტიშვილის და საკრებულოს აპარატის უფროსია. მისი სიძე განაგებს მიწის მართვის სამმართველოს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე მისი სტუდენტობის დროინდელი მეგობარია(!).
ამჟამინდელი პარლამენტის წევრი რევაზ შავლოხაშვილი "ნაციონალი" იყო და უცებ კონსერვატორი გახდა, მისი მოყვანილია. ცქიტიშვილი და შავლოხაშვილი "ქართულ ოცნებას" არწმუნებენ, რომ წალკაში ადგილობრივი კადრები არ არსებობს და აუცილებელია იქ ვიღაცის გაგზავნა. ამ დროს წალკაში შესანიშნავი კადრები გვყავს, მათ კარგად იციან რაიონისა და ეკომიგრანტების პრობლემები. თუ წალკაში გამგებლად ადგილობრივი მცხოვრები არ დაინიშნა, პრობლემები არ მოგვარდება. ხალხი ითხოვს, გადადგეს რაიონის ყველა ხელმძღვანელი პირი, რომლებიც "ნაციონალების" დროს იყვნენ ხელისუფლებაში. უცხო კაცს წალკის რაიონი აღარ მიიღებს. რამდენიმე კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს ახალი რეგისტრირებული ფრაქცია "ჩვენი წალკა", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებით არის დაკომპლექტებული. კი თქვეს, "ნაციონალური მოძრაობა" დავტოვეთო, მაგრამ სწორედ ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული წევრები. ეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გაკეთებული მანევრია. აჭარლები წალკაში იმ იმედით ჩამოვსახლდით, რომ გვექნებოდა საცხოვრებელი ფართობი, მიწა, სამუშაო, მაგრამ მოვტყუვდით. დღეს ჩემი ხალხი ღარიბი, ღატაკი, უუფლებო და დამონებულია და ამაში ბრალს ვდებ რაიონის ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს: მიხეილ ცქიტიშვილს, რევაზ შავლოხაშვილს, დავით მაჩიტიძეს, ოთარ ხუტიაშვილსა და სხვებს. ბრალს ვდებ პირადი გამდიდრების მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, მიწების მიტაცებაში, ხალხის დაშინებაში. ბატონი ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენამ ჩემს ხალხს დიდი იმედი ჩაუსახა. ხალხმა საშინელი ტერორის პირობებში სძლია შიშს და ხმა მისცა "ოცნებას" იმ იმედით, რომ ეშველებოდა. თუ რაიონის ხელმძღვანელობაში ისევ ძველი ხალხი დარჩა, ხალხს იმედი გაუცრუვდება".
თემურ მგელაძე, სოფელ ავრალოს მკვიდრი: "დღემდე რაც გაგვიკეთეს, ისეთი საშინელება გერმანელებს არ ჩაუდენიათ საკონცენტრაციო ბანაკებში. ამ ზამთარში ხალხი ღია ცის ქვეშ დარჩა. არჩევნების წინ ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ გაუფორმებდნენ სახლებს და ახალ სახლებსაც უყიდდნენ, მაგრამ მოატყუეს. წალკის რაიონი პატარა ციმბირია და აქ ხალხი ნესტიან სარდაფებში ცხოვრობს. წალკელების პრობლემებს მხოლოდ აქაური კაცი თუ გაიგებს, ისე, ჩვენი მომხედავი არავინაა. რომელი სამთავრობო მოხელე იკადრებს, რომ 14 დღის ჩვილი ღია ცის ქვეშ გამოაგდოს. ამათ კი იკადრეს და მალხაზ შაინიძის ოჯახი ამ ზამთარში გარეთ გამოაგდეს. ამ კაცმა სახლი 2002 წელს შეისყიდა, ფული გადაიხადა, მაგრამ ვერ დაარეგისტრირა. ამის გამო სასამართლომ სახლი ძველ მეპატრონეს დაუბრუნა. ვუთხარი, რამდენიმე დღე მაინც მომეცით, რომ ბავშვს მაინც თავშესაფარი მოვუნახო-მეთქი. არა უშავს, ბავშვს "პრიუტში" წავიყვანთ, მშობლებს კი დავაპატიმრებთ, რადგან გამოსახლებაზე წინააღმდეგობა გაგვიწიესო. ეს ამ შემოდგომაზე მოხდა. მაშინ გამგებელი რეზო შავლოხაშვილი იყო, რომელიც დღეს პარლამენტარია და ახლა კოალიციის სახელით ლაპარაკობს.
ჩემს თავს არ დავეძებ, რაიონია საშველი. თუ წალკის რაიონის ხელმძღვანელად ისეთი პირი არ მოვა, ვინც გვიშველის, აქედან ავიყრებით. გამწარებული მხოლოდ მე კი არა, მოსახლეობის 99%-ია. აჭარლებს სისხლის ფასად დაგვიჯდა წალკაში დასახლება, ქართული სულის აღორძინება და ამას არ დავთმობთ. თუ ისეთივე განუკითხაობა იქნება, როგორიც აქამდე იყო, ხალხი აფეთქდება!