"ძალით არავინ უნდა წავიყვანოთ ჯარში"
"აისაფის" ოპერაციის დასრულების შემდეგ აღარ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო საბრძოლო ამოცანებში"
"ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, კოალიცია უახლოეს მომავალში გადაწყვეტს"
"საქართველომ თავის შვილებს საკადრისი პატივი უნდა მიაგოს, როდესაც ბოლო გზაზე ვაცილებთ
და საზოგადოებასაც უნდა მივცეთ საშუალება, ამის თანამონაწილე გახდეს"
"საქართველომ თავის შვილებს საკადრისი პატივი უნდა მიაგოს"
"სისტემის სწორი მართვა იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გაყარო და შენიანები მოიყვანო"
"დიდი პატივია, როდესაც ჯართან გაქვს საქმე, როდესაც ღმერთი და ხალხი გაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო", - გვითხრა თავდაცვის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც "კვირის პალიტრის" მკითხველმა მაღალჩინოსნების რეიტინგში მოწინავე ადგილი მიაკუთვნა:
- სასიამოვნოა თქვენი გაზეთის მკითხველის ასეთი შეფასება. ალბათ, ეს იმ მოლოდინმა განაპირობა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ ცვლილებას უკავშირდება. საზოგადოება ჩვენგან პოზიტიურ ნაბიჯებს ელის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების, სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის თავდაცვაში. ამ სასიამოვნო განცდას გაასმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს. წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა სწორედ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის დეფიციტი, საბიუჯეტო სახსრების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო.
ჩვენი ხედვა ასეთია: თითოეული თეთრი, რომელიც გამოყოფილია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, სწორედ ამ საქმეს მოხმარდეს. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა ჯარისკაცი, მეომარი, უპირველესი ამოცანა კი - მისი უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო პირობებით, ანაზღაურებით, ჯანდაცვისა და სოციალური პაკეტით მისთვის და მისი ოჯახისთვის. ეს იქნება მთავარი, რაც ერში გააჩენს მოტივაციას, რომ თავისი ქვეყანა დაიცვას. რაც უნდა დიდი შეიარაღება გვქონდეს, მაღალტექნოლოგიური თავდაცვის საშუალებები, თუ ერს არა აქვს ბრძოლის ნება და ჟინი, არაფერი გამოვა. ბრძოლის ნებას და მოტივაციას კი აჩენს სახელმწიფოს დამოკიდებულება მეომრებისადმი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ავღანეთში ჩვენს კონტინგენტს ხელფასები გავუზარდოთ. მინიმალურმა ხელფასმა 300 დოლარით მოიმატა, ასევე გაეზარდათ ხელფასი ხელმძღვანელ პირებსაც.
2013 წელი იქნება ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განათლების წელი, რადგან ჩვენ მოაზროვნე და განათლებული არმია გვჭირდება. ეს წელი ვეტერანებზე ზრუნვის წელიც იქნება. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ვეტერანების დეპარტამენტის სტრუქტურულ ორგანიზაციულ მოწყობას და ასევე სამართლებრივი ბაზის შექმნას დაიწყებს, რათა ვეტერანი და მისი სოციალური სტატუსი კანონით იყოს დაცული და ყველა სიკეთე, რასაც ვეტერანი უნდა იღებდეს ქვეყნისგან, კანონით იყოს გარანტირებული. ეს იქნება წელი, როდესაც დაიწყება ზრუნვა ომში დაღუპული ბიჭების ოჯახებზე. ეს წელი იქნება გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარების წელი. ჩვენ შევძლებთ უახლოესი 4-8-წლიანი ვადის სწორად დაგეგმვასა და გათვლას. გვეცოდინება, ყოველთვე რას გააკეთებს თავდაცვის უწყება, შეიარაღებული ძალები, რა არის საჭირო რეფორმირებისათვის. სისტემაში გამჭვირვალობა არის საზოგადოების ბერკეტი, რათა გააკონტროლოს შეიარაღებული ძალები და მისი ბიუჯეტი. ეს არ ნიშნავს, რომ თავდაცვის უწყებაში არ იქნება საიდუმლოება, მაგრამ ისიც და ხარჯვითი ნაწილიც პარლამენტის განსაზღვრულ კონტროლს დაექვემდებარება. უკვე შევქმენით სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ სამი მიმართულებით: გამჭვირვალობა, რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თავდაცვის უწყება აღარ იქნება ჩაკეტილი.
ჩვენ ვგეგმავთ ურთიერთობას მედიის წარმომადგენლებთანაც.
დაგეგმილი გვაქვს 4 წლის შემდეგ სრულად გადავიდეთ პროფესიულ არმიაზე. ნელ-ნელა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვემდე შემცირდება, შემდეგ კი სრულად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე. ძალით არავინ არ უნდა წავიყვანოთ ჯარში. ყველა პროფესია ღირსეულია, მაგრამ ჯარი, შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულია და აქ უნდა მსახურობდნენ მხოლოდ პროფესიონალური განათლების მქონე პირები, რომელთაც სულში უდევთ ქვეყნის სამსახურში თავის გაწირვაც კი. არა გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პერიოდში მთლიანად გარდავქმნით შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ჩვენ ჩავყრით მყარ საფუძველს თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარებისთვის.
- როგორც ვიცი, ახალ წელს მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდით.
- დიახ, მოგვიანებით I საარტილერიო ბრიგადაში, ბოლოს კი სპეციალური ოპერაციების ძალებთან მივედი. ბუნებრივია, ეს მოტივაციის ასამაღლებელი შეხვედრაც იყო. თავადაც უზარმაზარი მუხტი მივიღე, ასეთ ვაჟკაცებთან რომ შევხვდი ახალ წელს. ის ადამიანური რესურსი, რაც დაგვხვდა, სწორი გამოყენების შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, შეიარაღებული ძალების განვითარების პოტენციალი მთლიანად ავამოქმედოთ.
დიდი დაფინანსება დასჭირდება სამხედრო განათლებას. ამ თვეში ჩამოვაყალიბებთ ჯგუფს, სადაც გაერთიანდებიან ექსპერტები, სამხედრო ჟურნალისტები, რათა გავაანალიზოთ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი სამხედრო ისტორია.
- ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ჩავიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როდესაც პრეზიდენტი ჯარისკაცებს რაციით ულოცავდა, სროლის ხმა ისმოდა. ეს სროლა პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლას ხომ არ მოჰყვა?
- კარგის მეტს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ მთავარსარდალი ახალ წელს ულოცავს საკუთარ ჯარს და მით უმეტეს, ავღანეთში სამხედრო მისიაზე წასულ ქვედანაყოფს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ეს წინასწარ არ დაანონსებულიყო. იქ სროლა ყოველთვის არის. ჰილმენდის რაიონი ურთულესი რეგიონია და იმ ღამეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩვენმა ორმა ბატალიონმა მიიღო ზომა, რომ პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტი უსაფრთხო ყოფილიყო.
ავღანეთში დიდი ტრაგედია მოხდა, - ჩვენი ჯარისკაცი გიორგი კიკაძე დაიღუპა. სამწუხაროდ, იმედი და მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა, იმაზე მეტი გვქონდა, ვიდრე რეალური საფუძველი არსებობდა. არ დაგიმალავთ, რომ ასეთ ოპტიმისტურ საფუძველს გვიხატავდნენ ჩვენი პარტნიორებიც ნატოს სარდლობიდან.
- იყო ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცი ტყვედ ჰყავდათ.
- როგორც ჩვენ ვიცოდით, ის 4 დღე ცოცხალი იყო.
- ანუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და ჩვენი ჯარისკაცი მოკლეს?
- გამოძიებას ნატოს სარდლობა და ჩვენი სამინისტრო ატარებენ. მოგვიანებით გვექნება კომპეტენტური დასკვნა. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს სამხედროებს არა აქვთ მოდუნების უფლება. დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ რთულ რეგიონში საბრძოლო მისიის შესრულება. ჯარისკაცმა სიფხიზლე არ უნდა დაკარგოს. შეიარაღებულ ძალებში უსაფრთხოების დაცვის საკითხი უნდა გადაიხედოს. შეიარაღებულ ძალებს მივეცი დავალება, რომ ჩატარდეს უსაფრთხოების ზომების რევიზია და უკვე გადავიდნენ კიდეც ამაღლებულ უსაფრთხოების ზომებზე.
- წინა ხელისუფლების დროს უცხოეთში დაღუპულ ჯარისკაცებს მალულად ჩამოასვენებდნენ, მალავდნენ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობასაც.
- უკვე მეცხრამეტე ჯარისკაცი დაგვეღუპა. საქართველომ თავის შვილებს საკადრისი პატივი უნდა მიაგოს, როდესაც ბოლო გზაზე ვაცილებთ და საზოგადოებასაც უნდა მივცეთ საშუალება, ამის თანამონაწილე გახდეს. ეს ხალხი ხომ ჩვენს უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ავღანეთში. ამიტომაც აუხსნელი იყო ხელისუფლების შეცვლამდე არსებული პრაქტიკა.
- უცხოეთში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის შემცირებას ხომ არ გეგმავთ?
- 2014 წლამდე არც შემცირება იგეგმება და არც კონტინგენტის გაზრდა. "აისაფის" ოპერაციის დასრულების შემდეგ აღარ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო საბრძოლო ამოცანებში. აქცენტს გადავიტანთ ავღანელი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებასა და წვრთნაზე. შეიძლება ითქვას, 2014 წლიდან ჩვენ არასაბრძოლო მისია გვექნება ავღანეთში.
- ხშირად უსვამენ ხაზს, საქართველოში ორხელისუფლებიანობააო. მთავარსარდალი ამბობს, რომ ოპოზიციაშია, თავდაცვის სამინისტროს კი სხვა პოლიტიკური გუნდი ხელმძღვანელობს. ალბათ, ეს უხერხულობას ქმნის, რაც გამოვლინდა კიდეც გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნის დროსაც.
- არჩევნების შემდგომ ახალმა მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა ყველა სფეროზე, მათ შორის - უსაფრთხოებაზეც. რაკი მმართველი პოლიტიკური ელიტა დამარცხდა არჩევნებში, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური მართვა ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული ძალის ხელში გადმოვიდა, მაგრამ უხერხულობა მაინც იქმნება. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა და პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია.
მიუხედავად პრეზიდენტის თავშეკავებისა, რომ ჩვენი კანდიდატურები დაემტკიცებინა, მაინც მოვძებნეთ ორივე გუნდმა ძალა და შევთანხმდით. ეს იყო სწორი სიგნალი ყველასთვის და უპირველესად შეიარაღებული ძალებისთვის: მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდებს აქვთ, შევთანხმდით, რომ ჯარი არის ხელშეუხებელი, მას ერთად უნდა მოვუაროთ, ვიდრე ამგვარი პოლიტიკური რეალობაა, როდესაც უმაღლესი მთავარსარდალი წარმოადგენს ოპოზიციურ ძალას. ეს უცნაურია, მაგრამ რეალობაა და, აქედან გამომდინარე, სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ძნელაძე მართლაც ღირსეული ადამიანია. ასეთი ჰარმონია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ხელმძღვანელობასა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვენ სწორი სამოქალაქო კონტროლი დავამყარეთ შეიარაღებულ ძალებზე. ძირშივე ჩავდეთ ურთიერთობის სწორი ფორმა - სამოქალაქო მინისტრი სამხედრო საქმეებში არ ერევა. ეს სამხედროების საქმეა. წარუმატებლობა, რაც საქართველოს ჰქონდა გასულ წლებში და განსაკუთრებით კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დიდწილად განპირობებული იყო იმითაც, რომ პოლიტიკოსები, არასამხედროები, არაპროფესიონალები ერეოდნენ სამხედრო საქმეებში და იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
- 2008 წლის ომის შეცდომების გაანალიზებასთან ერთად ხომ არ დადგება ზოგიერთი პირის, თუნდაც მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი?
- ქვეყანას უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, უნდა შეფასდეს მარცხის გამომწვევი მიზეზები, რაც მომავალში გახდება სამხედრო დოქტრინის საფუძველი და რომელზეც თაობები გაიზრდებიან. ამის გაკეთება ერთ თვეში შეუძლებელია. ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ 1992-93 წლებიდან დაწყებული და არა მხოლოდ 2008 წლის ომზე. ჩვენ არ შევისწავლით მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელთაც პრეზიდენტი ან მინისტრი იღებდა, არამედ გაანალიზდება ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე დაშვებული შეცდომები. რაც შეეხება კონკრეტული მინისტრების საქმეებს, ჩემი ამოცანა არ არის სისხლის სამართლის დანაშაულების პოვნა მათ ქმედებებში. თუკი გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული (და ამის ყველაზე დიდი ალბათობა უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს), მას შეისწავლიან სამართალდამცავი ორგანოები.
- თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია გააგრძელებს თუ არა იმ საქმეების შესწავლას, რაც სამინისტროში დაგხვდათ?
- გენერალური ინსპექცია კარგა ხანია მუშაობს და რამდენიმე საქმე უკვე გადაეცა პროკურატურას.
- როგორც ვიცი, თქვენი გუნდის მოსვლის შემდგომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს არ დახვდა აპარატურა და არქივიც წაშლილი იყო.
- ამ საკითხებს გენინსპექცია და პროკურატურა სწავლობენ. ე. წ. ავტომატების საქმე შეისწავლა გენინსპექციამ და უკვე მთავარ პროკურატურას გადასცა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში 41 მლნ-ზე მეტია გაცემული ერთი და იმავე მაღალი თანამდებობის პირების პრემიებისთვის. ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ აქვთ მიღებული პრემია ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებს და ეს თანხა მთლიანად 235 ათასს შეადგენს. შეიძლება იარაღი თავზე გეყაროს, მაგრამ არ იყოს ბრძოლის ჟინი.
- ანუ არ მოხდეს ის, რაც იყო 2008 წელს?!
- 2008 წელს მოშლილი იყო მართვა. სამხედრო საქმეში დილეტანტი პოლიტიკოსები იღებდნენ გადაწყვეტილებას. ისინი წყვეტდნენ, რომელი სიმაღლე აეღოთ და სად აეფრიალებინათ დროშა. ასეთ ვითარებაში წარმატების შანსი არ არსებობს. ჩვენი ამოცანა უნდა ყოფილიყო სამხედრო საფრთხის შეკავება, მოქალაქეების ევაკუაცია, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ეუთოს წარმომადგენლობის ინფორმაციული უზრუნველყოფა და შეყვანა კონფლიქტის ზონაში, მაგრამ არც ერთი არ მოხერხდა. არ იყო ევაკუაციის გეგმა და ჩვენი ქვედანაყოფები ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებული. დამარცხების ძირითადი მიზეზი ეს და კიდევ დაუფიქრებელი ნაბიჯები იყო.
- 2008 წლის ომამდე გვახსოვს მილიტარისტული კლიპები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მოწოდება, ახლა რა არის თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული?
- ის, რომ ჯარისკაცს შევუქმნათ ქვეყნის დაცვისთვის საჭირო პირობები. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხალხის ნებაც არის, რომ ტერიტორიულ პრობლემებს და კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასთან არ მოვაგვარებთ შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ჩვენი ამოცანა საფრთხის პრევენცია, არსებული სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფაა მშვიდობის დაცვით. ამ ამოცანის შესრულებისთვის გვჭირდება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი, სწრაფი მანევრირების შესაძლებლობის არმია. ჩვენი ჯარის ამოცანაა საფრთხის შეკავება და საამისო გამოცდილებას ვიღებთ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით.
აუცილებლად შესაქმნელია საჰაერო თავდაცვის კარგი სისტემა. ეს ძვირია, მაგრამ აუცილებელი.
რუსეთის გარდა, ჩვენს ქვეყანას საფრთხე ემუქრება ტერორიზმისგანაც. შეიძლება ჩვენს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ მეამბოხეთა ჯგუფები, როგორც ეს ხდებოდა პანკისის ხეობაში ათი წლს წინ. ასეთ ვითარებაში აუცილებელია კარგი კოორდინაცია შს სამინისტროს ქვედანაყოფებთან. ლაფანყურში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი თავდაცვისა და შს სამინისტროების სპეციალური ქვედანაყოფების არასწორი კოორდინაცია იყო.
- 2002 წელს, თქვენ როგორც უშიშროების მინისტრის მოადგილე, ხელმძღვანელობდით ანტიტერორისტულ ოპერაციას პანკისში და მოახერხეთ გილაევის 800-კაციანი დაჯგუფების საქართველოდან მშვიდობიანად გაყვანა. ლაფანყურში კი 20-კაციანი ჯგუფის გაუვნებლება რატომ ვერ მოხერხდა უმსხვერპლოდ?
- ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, ლაფანყურშიც არაპროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ ოპერაციას. პოლიტიკური თანამდებობის პირები, მინისტრები მართავდნენ ღონისძიებებს, რაც არასწორია და ყოველთვის სავალალო შედეგით მთავრდება.
- რადგან სამუშაო მაგიდაზე საბრძოლო მანქანა "დიდგორის" მოდელი გიდევთ, ეტყობა, მოგწონთ. როგორი იქნება ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი სამხედრო-სამრეწველო კომპლექს "დელტას" მომავალი, მით უმეტეს, რომ იქ სამინისტროს გენინსპექცია შევიდა?
- "დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება. საბრძოლო მანქანა "დიდგორის" საბრძოლო გამოცდა უნდა ჩავატაროთ (რაც აქამდე არ ჩატარებულა) და მერე გვექნება თავდაჯერებული პასუხი.
- პრემიერმა განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს საბრძოლო მანქანების წარმოებას საქართველოში, ამას უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსი სჭირდება, რაც არა გვაქვსო.
- პრემიერი უახლოეს დღეებში ნახავს ამ საწარმოს. თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას. ვმუშაობთ უპილოტო სისტემაზეც, მომავალში ვნახავთ, რა პრიორიტეტები გამოჩნდება.
- ორი თავდაცვის მინისტრია ამჟამად დაკავებული, კითხვებია თავდაცვის სხვა ყოფილ მინისტრებთანაც. ეს ვითარება თქვენთვის რისი ილუსტრაციაა?
- ეს უპირველესად იმაზე მეტყველებს, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 20 წლის განმავლობაში; მეტყველებს იმაზე, რომ ვერ შევქმენით ინსტიტუციური დემოკრატია და რაოდენ პოლიტიზებული იყო თავდაცვის უწყება. რომ ყოფილიყო სწორი სამოქალაქო კონტროლი და საპარლამენტო ზედამხედველობა, ამ მინისტრებს ამდენი შეცდომის დაშვების არც საშუალება ექნებოდათ და არც გასაქანი. ეს იმის ბრალია, რომ სახელმწიფო სისტემა არ იყო გამართული. ეს ფაქტები გვკარნახობს, რომ ასე აღარ უნდა გავაგრძელოთ თავდაცვის უწყების მართვა. პირველი მთავარი გზავნილი პრემიერისაგან იყო, რომ მოხდეს სამინისტროებისა და უწყებების დეპოლიტიზაცია. ჩვენ რევოლუციური საკადრო გადაწყვეტილებები არ მიგვიღია. ყველა ადამიანს უნდა შეუქმნა პირობა, რათა მისი პროფესიული და ადამიანური პოტენციალი გამოყენებულ იქნეს. სწორ სისტემაში ადამიანი სიკეთისკენ არის მიდრეკილი. სამინისტროში თანამშრომლების მხოლოდ 5% შევცვალეთ, მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელები. სისტემის სწორი მართვა იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გაყარო და შენიანები მოიყვანო. სწორი მართვა ნიშნავს იმ რესურსის სწორად გამოყენებას, რაც უწყებაში გხვდება.
- გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე ისევ ირიცხება თავდაცვის სამინისტროში?
- გიორგი კალანდაძე კადრების განკარგულებაშია. ველოდებით გამოძიების დასრულებას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვიგონებთ დანაშაულებს, რაც დადასტურდება, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებას რეაქცია მოჰყვა უცხოეთიდან, ამიტომ ხომ არ დაიწყო ხელისუფლებამ თანამდებობის პირთა ამნისტირებაზე ლაპარაკი?
- ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, გვინდა ინფორმაცია, გვინდა ვიცოდეთ, რომ ტრანსპარენტულად, ღიად და კანონიერად მიმდინარეობს გამოძიებაო. მათ აქვთ 2003 წლის მწარე გამოცდილება, როდესაც პოპულარულმა და დიდი მხარდაჭერით მოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთრების წართმევა დაიწყო. დასავლეთს სულაც არ სურს ხალხის ციხეში ჩაყრა, რომ ახალმა, ასევე პოპულარულმა და დიდი მხარდაჭერით მოსულმა მთავრობამ იგივე შეცდომები ჩაიდინოს. უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც ძალიან ცუდი და საშიში მაგალითია ევროპისთვის. ამიტომ მათი მოთხოვნები, რეკომენდაციები თუ მათთან საუბრები მხოლოდ კეთილგანწყობილი პარტნიორების საუბრებია. ბრიუსელში ვახლდი რასმუსენთან შეხვედრაზე პრემიერ ივანიშვილს და მან საუბარი სწორედ ამით დაიწყო, - ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და გვაინტერესებს, რა ხდება თქვენს ქვეყანაშიო.
- დასავლეთში არასწორადაც ხომ არ იყვნენ ინფორმირებული?
- 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა გამართული პიარმანქანა, რომელიც მისთვის სასურველი ფორმით მყისიერად აწვდიდა ინფორმაციას დასავლეთს. მაგრამ სიმართლემ მაინც გაიკვლია გზა და რაც აქ ხდება, კარგად იცის მთელმა მსოფლიომ, მაგრამ მათ დაასწრეს ამ სიმართლეს და ჩვენს მეგობრებამდე მიიტანეს მიმდინარე მოვლენების საკუთარი ხედვა. თუმცა, ესეც მოგვარდა უკვე. ჩვენს მთავრობას არ ჰყავდა წარმომადგენლები საზღვარგარეთ, პრეზიდენტმა ხელი შეუშალა ელჩების დანიშვნას, სწორედ ამიტომაც არ მიდიოდა ჩვენი პოლიტიკური გზავნილები პარტნიორებამდე. გარდა ამისა, საქართველოს მეგობრების დიდი ნაწილი - კონგრესმენები, სენატორები ბოლო 9 წლის განმავლობაში დაუმეგობრდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ბუნებრივია, ისინი შეაშფოთა იმ ადამიანების ბედმა, მაგრამ ხომ შესაძლებელია, მათ დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი.
საბოლოოდ არავინ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. მთავარია, უცხოეთსა და ჩვენს საზოგადოებასაც სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ. ხალხის მოთხოვნა რომ გაითვალისწინეს, იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ამიტომაც ხარჯავდნენ დიდ დროს საზოგადოებისთვის თავიანთი ნაბიჯების ახსნაზე.
პრემიერი კონსტიტუციური ცვლილებების იდეით იმიტომ გამოვიდა, რომ ქვეყანას თავიდან ააცილოს პოლიტიკური კრიზისი.
სააკაშვილმა კონსტიტუცია იმდენჯერ დაჩეხა, რომ რთული იყო გარკვევა, რა მუხლი რისთვის იყო ჩადებული მასში. კონსტიტუციაში იყო მუხლი, რაც დიდი ლეგიტიმაციით არჩეული პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობას აძლევდა პრეზიდენტს, მას ახალი დროებითი მთავრობის დანიშვნა პარლამენტთან შეუთანხმებლად შეეძლო. ეს სიმახინჯე დროზე აღმოვაჩინეთ.
ამ ბერკეტის გარეშე ოპოზიციაში მყოფ ძალას უკვე აღარ შეეძლება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნა.
- მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთთვიანი სახალხო განხილვა და შემდგომ პარლამენტში სამჯერ კენჭისყრა უნდა, რაც თვე-ნახევარი მაინც გაგრძელდება. სააკაშვილს ამ პერიოდში ისევ შეუძლია პრობლემების შექმნა და ამისთვის რომ არის განწყობილი, ამის საილუსტრაციოდ მოჰყავთ მისი საახალწლო მიმართვა, რაც თქვენმა გუნდმაც მუქარად უფრო აღიქვა, ვიდრე მილოცვად.
- სააკაშვილი არ ჩანს კონსტრუქციულად განწყობილი, მაგრამ პოლიტიკური რეალობა და მისი შესაძლებლობები საპირისპიროზე მეტყველებს. მას არა აქვს პოლიტიკური კრიზისის შექმნის შესაძლებლობა. ამიტომაც სწორი ნაბიჯი გადადგეს პრემიერმა და მთავრობამ, რომ გამოაცხადეს, გავათავისუფლოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ის პირები, ვინც საჯარო სამსახურში იყვნენ და სისტემის მსხვერპლნი გახდნენ. ეს დროული ინიციატივაა. თუ ჩვენ ყველაფერზე გამოვეკიდეთ ყველა საჯარო მოხელეს, ეს ისეთი დანაშაულებრივი სისტემა იყო, თითქმის ყველა საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის აუცილებლობა დადგება. ისინი კი, ვინც იცოდნენ და არ ამჟღავნებდნენ დანაშაულს, არსებულმა სისტემამ ჩააყენა ამ მდგომარეობაში და მათი პოტენციალი ისევ უნდა გამოვიყენოთ.
გამოვრიცხავ პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფუძველს, თუმცა, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება, რადგან წელს საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება.
- თქვენ ხომ არ იქნებით კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი?
- გამორიცხული არაფერია. დარწმუნებული ვარ, კარგი კანდიდატი გვეყოლება, რომელსაც გამარჯვების დიდი ამბიცია ექნება. ვინ იქნება კანდიდატი, კოალიცია უახლოეს თვეებში გადაწყვეტს.
დასასრულ, მინდა ახალი წელი და შობა მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ყველა მოქალაქესა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. 2012 წელი ხომ წარმატებული იყო, დარწმუნებული ვარ, 2013 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
ირაკლი ალადაშვილი