"გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას"
"თავიდან ყველას დავეხმარებით, მაგრამ მერე ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საკეთებელი"
"დასაქმების მსურველებს განაცხადების შემოტანა 15 იანვრამდე შეუძლიათ"
"საქართველოში მილიონზე მეტი სული ცხვარი იყო, ახლა 65000-ია დარჩენილი"
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გვითხრა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფონდი (რომელსაც საზოგადოება მილიარდიან ფონდს უწოდებს) უკვე შეიქმნა და მთავრობამ თავისი დაპირების შესრულებაზე ზრუნვაც დაიწყო:
- პირველი დაპირების შესასრულებლად - საგაზაფხულო ხვნის ჩასატარებლად მუშაობა უკვე დაიწყო. ჩვენ დავეხმარებით გაჭირვებულ გლეხებს, რომელთაც ნაკვეთების დამუშავების საშუალება არა აქვთ. ყველაზე დიდი სირთულე აღუწერავმა მიწის ნაკვეთებმა შეგვიქმნა. ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მხოლოდ 20-30%-ს აქვს.
- ბევრს უნდოდა მიწის დარეგისტრირება, მაგრამ ვერ მოახერხეს. როგორც ამიხსნეს, წინა ხელისუფლებას უნდოდა, მიწის მესაკუთრე ადვილად ემართა ამ ბერკეტით.
- ძნელი მისახვედრია, რა იმალებოდა ხელისუფლების ამ განზრახვის მიღმა. ფაქტია, რომ გლეხობის დიდ ნაწილს არა აქვს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. გვინდა შევიმუშაოთ ყველაზე სწრაფი და მისაღები სქემა და ეს ამბავი დასრულდეს, სოფლის მცხოვრებსა და მიწის მესაკუთრეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჰქონდეს. ეს ინვესტიციის განხორციელებისთვისაც გადაუდებელი ამოცანაა.
მიწის რეგისტრაციის პროცესს ვერ მივაბამდით საგაზაფხულო ხვნის დაწყებას და ვერ ვიტყოდით, ვისაც რეგისტრაცია არა აქვს, მიწას არ დავუხნავთო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა რაიონი ჩამოიარა და ვითარება შეისწავლა. ამჟამად ამ მონაცემებს ვამუშავებთ. მიმდინარე კვირას ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელში გამოაკრავენ აღრიცხვის სიებს და მოსახლეობას ერთ კვირას მისცემენ, რომ ვინც არ იქნება სიაში, დაემატოს ან არასწორი ინფორმაცია გასწორდეს. პარალელურად ვყიდულობთ ახალ ტექნიკას, ტრაქტორებსა და მისაბმელებს. ევროპიდან ჩამოვიტანთ მაღალხარისხიან ტექნიკას, რომელიც დიდხანს იმუშავებს. ამ ტექნიკას სპეციფიკური მოვლა სჭირდება და ამიტომაც 900 მექანიზატორი დასაქმდება. 2 თვის განმავლობაში 900 კაცი სახელმწიფოს ხარჯზე გაივლის ტრენინგს, ისწავლიან ახალი ტექნიკის მომსახურებას, ტექნოლოგიას და შემდგომ ჩაერთვებიან საგაზაფხულო პროგრამაში, დასაქმდებიან. ეს ანაზღაურების მიღების კარგი საშუალებაა. რამდენ ჰექტარსაც მოემსახურებიან, იმის მიხედვით მიიღებენ გასამრჯელოს.
20 იანვრიდან მექანიზატორების მომზადებას დავიწყებთ. მართალია, ხალხი ახალ წელს აღნიშნავს, მაგრამ საქმე არ იცდის.
ვისაც სურვილი აქვს, დასაქმდეს, თუ მინიმალური საბაზისო განათლება აქვს მექანიზაციაში, უნდა გამოცხადდეს შპს "მექანიზატორის" რაიონულ ცენტრებში ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რაიონულ ცენტრებში და ჩააბაროს განაცხადი.
ამის მერე დაიწყება მათი შერჩევა. გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას და საამისოდ 50 მლნ ლარის 300-ზე მეტი ერთეული ტექნიკა შემოგვაქვს. დასაქმების მსურველების განაცხადები უკვე 15 იანვარს უნდა გვქონდეს...
მიწასთან დაკავშირებული ბევრი საკითხია დასარეგულირებელი, დაწყებული საკუთრების უფლებით, დამთავრებული იმით, რომ ყოფილა ფაქტები, რომ
ვიღაცები მიწის ნაყოფიერ ზედა ფენას ჭრიან და ქვეყნიდან გააქვთ.
ასეთი რამ უნდა გამოირიცხოს! ეს საკითხები მიწის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს! იმისათვის, რომ მიწის ფონდი სწორად გამოვიყენოთ და მომავალ თაობასაც შევუნარჩუნოთ, მიწის კოდექსი სასწრაფოდ უნდა მივიღოთ.
- ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დახნულ მიწაში გლეხი ან ფერმერი რას დათესავს. როგორც მითხრეს, რატომღაც სათესლე კარტოფილი აშშ-იდან შემოგვაქვს და არა ჩვენი სამეზობლოდან.
- ჩვენს სამეზობლოში სათესლე მასალის ხარისხი დაბალია. მაღალი ხარისხის სათესლე მასალა არა აშშ-დან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და შოტლანდიიდან შემოდის.
- ერთი კახელი ფერმერი გვწერს, საძოვრების ფართობი 63 ათასიდან 54 ჰა-მდე შემცირდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საძოვრების ნაწილი გასხვისდაო.
- ეს მიწის კატეგორიების არევამაც განაპირობა. ადრე იყო დეფინიცია: სახნავი, საძოვარი და სათიბი. ახლა ეს დაყოფა მოსპეს და საძოვრებზე გადასახადები გაიზარდა. ეს საკითხიც სწორედ მიწის კოდექსით უნდა გადაწყდეს. დღეს მივიღე წერილი თუშებისგან, რომლებიც მეცხვარეობის პრობლემაზე მწერენ. ადრე საქართველოში მილიონზე მეტი სული ცხვარი იყო, ზამთრობით ცხვარი ყიზლარში იზამთრებდა. ახლა შირაქის ზამთრის საძოვრებზე უნდა გამოიზამთროს, მაგრამ ვინაიდან საძოვრების საკითხი გადასაწყვეტია, თუშები დახმარებას მთხოვენ. დახმარება მთხოვეს კოოპერაციის შექმნაშიც, რათა მატყლის გადამუშავება და გარეცხვა მოახერხონ. ეს საშური საქმეა და თუშებს აუცილებლად დავეხმარებით, რომ მხოლოდ ცხვრის ხორცითა და ყველით კი არ მიიღონ შემოსავალი, არამედ მატყლითაც, რომ ცხვრის მოშენება მომგებიანი იყოს.
რაკი არავინ იბარებს, თუUშები მატყლს ყრიან (!).
ცხვარი რომ არ ხურდებოდეს, აღარც გავკრეჭდით, რადგან მატყლს მაინც ვერ ვრეცხავთო. თუშეთში დაახლოებით 65 ათასი ცხვარია დარჩენილი და ეს მიმართულება მხარდასაჭერია, მაგრამ საძოვრის გარეშე მეცხვარეობა ვერ განვითარდება...
- სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფონდი კიდევ რას მოაწესრიგებს სოფლად?
- მინიმუმ 60 ახალი გადამმუშავებელი საწარმო აშენდება. ყველა რეგიონში ერთი ახალი საწარმო მაინც უნდა გაიხსნას. ფონდი დაეხმარება გლეხობას და ფერმერებს გრძელვადიანი იაფი კრედიტის აღებაში. შეღავათიანი კრედიტი 3%-ის ფარგლებში იქნება. მცირევადიანი სამომხმარებლო კრედიტები ნედლეულის საყიდლად 6-7%-ად იქნება.
მათ, ვინც ხვნის პროგრამაში იქნება ჩართული, აუცილებლად დავეხმარებით სასუქით. ყველა რაიონში ვქმნით საინფორმაციო ცენტრებს ფერმერებისთვის, სადაც მათ კითხვაზე პასუხს გასცემენ.
900 მექანიზატორის დასაქმება პირველი დიდი ნაბიჯი იქნება სოფლის დახმარებისთვის, მაგრამ გლეხობამაც უნდა მოინდომოს. სოფელ ტიბაანში ხატიაშვილების ოჯახს ვიცნობ. ოჯახის უფროსმა ჯემალ ხატიაშვილმა მითხრა, არ დამიჯერებ, მაგრამ არც ნარდის თამაში ვიცი, არც კარტის და არც დომინოსი. მაგის დრო არა მაქვს, ბევრი ჩემი თანასოფლელი ნარდით ერთობა, მიწა კი დაუმუშავებელი რჩებაო. თუ გლეხმა თვითონ არ მოინდომა, რამდენიც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, მაინც არაფერი გამოვა. თავიდან ყველას დავეხმარებით, მაგრამ მერე ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საკეთებელი. რადგან ხალხი ასე გასაცოდავებულია სოფლად, გვინდა, სასტარტო ბიძგი მივცეთ, მერე კი თვითონ არ უნდა დაიზარონ გარჯა. სოფელი რომ ფეხზე დადგეს, წლები სჭირდება, მაგრამ ბევრი უკვე შემოდგომაზე დაინახავს შედეგს. 350 მილიონი დაჯდა პარლამენტი. ამ ფულით მთელი საქართველოს სარწყავ სისტემას გავმართავდი.
2013 წელს სოფლის მცხოვრებთ ვუსურვებ საკუთარი შრომით იმდენი შემოსავალი მიეღოთ, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ.
რა ამოწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს
მეფე არჩილი