"ასეთი "ბანბანერკა" ქართველების არასოდეს მესმოდა"
"როდესაც ახალაია ცოტნე დადიანია, იქ ადეიშვილი შეიძლება სოკრატე აღმოჩნდეს"
"ნელ-ნელა მივიღებთ პრეზიდენტს, რომელიც თვითონაც ვერ გაიგებს, რატომ დადის ამ ქვეყანაში"
"წარსული ხელისუფლებისაგან თუ ვინმე კიდევ სასიკეთოს ელის, ძალიან შემცდარია. მათი განზრახვაც, ფიქრიც და საქციელიც იქითაა მიმართული, როგორ გვავნონ, როგორ შემოგვიტრიალდნენ და დაგვსაჯონ ასმაგად იმის გამო, რომ არჩევნებში დავამარცხეთ. ეს შურისძიების სურვილია, მაგრამ ჩვენ თუ კაცები და ამ ქვეყნის შვილები ვართ, ეს არ უნდა დავუშვათ", - მეუბნება ზაზა პაპუაშვილი. როგორ მოირგო პოპულარულმა მსახიობმა კანონმდებლის მანტია, რას ფიქრობს ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზე და რისთვის წავიდა პოლიტიკაში, ზაზა პაპუაშვილთან ინტერვიუში შეიტყობთ:
- ქართველმა ხალხმა ხანგრძლივი, 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ ფასდაუდებელი გამარჯვება მოიპოვა. ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთ იმ ადამიანებს, რომელთაც არ უკმიეს ბოროტებას გუნდრუკი და ხმა აიმაღლეს. ვიღაცას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ვიღაცას - ციხის, დასახიჩრების, მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფასად და ამიტომაც ეს გამარჯვება ფასდაუდებელია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ასე იოლად ხელიდან არ გაუშვებს, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რასაც ებრძოდა. ამ გამარჯვების ხელიდან გაშვება კიდევ იმიტომ არ შეიძლება, რომ მის უკან უბედურებაა, ის პარტია და ის ადამიანები, რომელთაც ამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას. ამის უკან ციხე, დილეგები და ცოცხებია.
პირველი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ მეორე ეტაპი უფრო რთული აღმოჩნდა. ქვეყნის მართვასა და დალაგებას დიდი განათლება, გამოცდილება, შრომა და სიყვარული სჭირდება. ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, წესრიგი არ დაუმყარებიათ კონსტიტუციასა და კანონზე დაყრდნობით. მათ ხალხის დაშინებითა და დამცირებით დაამყარეს რეჟიმი. კანონის აღსრულებას დრო სჭირდება, რადგან მას თავისი პროცედურები აქვს. თუ კანონს არ დავიცავთ, იმ ხალხს დავემსგავსებით, რომლებიც ერთ დღეში ნაჯახის პრინციპით ისე წყვეტდნენ პრობლემებს, როგორც თავად სჭირდებოდათ და არა ისე, როგორც ხალხსა და ქვეყანას.
ყოფილმა ხელისუფლებამ დააჯერა უცხოელები, ამ შავბნელი ქვეყნის ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორები მოვედით და ბევრს ჩვენი არ ესმისო. ეტყობა, ამით მოატყუეს გარე სამყარო, თორემ ვერ გამიგია, რატომ ვერ ესმის მსოფლიოს, რომ ადამიანმა თავისი ჩადენილის გამო პასუხი უნდა აგოს. თუ ასე არ უნდა იყოს, მაშინ რატომ სთხოვენ პასუხს ყოფილ პრემიერებსა და პრეზიდენტებს უცხოეთში? როდესაც უცხოეთში ჰკითხავენ უმაღლეს თანამდებობის პირებს, ეს არ ცხადდება პოლიტიკურ დევნად და აქ რა ხდება? 29 მლნ-ით დაფინანსებულ ტელევიზიას რომ 8 მლნ-იანი დავალიანება აღმოაჩნდება, არ უნდა ვიკითხოთ, რა ხდება? საოცარ თავხედობას აწყდები, რისი ჩამდენიც თვითონ იყვნენ, იმას შენ გაბრალებენ. ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნაზე ხალხმა უარი თქვა. ესენი კი რატომღაც მობრუნებაზე ლაპარაკობენ. მტერი მობრუნდეს ისე, ეგენი რომ მობრუნდებიან. როდესაც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ, მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს გულისხმობენ? რომელმაც უარი უთხრა არჩევნებზე, რომელიც იძულებული გახადეს, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილიყო და ფაქტობრივად, უსამშობლოდ დატოვეს? როდესაც ხალხს არ უნდიხარ, რატომ ძალადობ?
აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა მორყეულია. ხალხი დაუსაქმებელი და დამშეულია. თავზე ჭერი და წამლის ფული არა აქვთ. დღეში 60-70 კაცს ვხვდები და ისეთ რამეებს ჰყვებიან, ძალიან მოქმედებს ჩემზე. ასეთი პრობლემები იყო ქვეყანაში, ხელისუფლება კი ლაზიკის აშენებაზე ლაპარაკობდა.
- მთაწმინდის რაიონში 40-ზე მეტსართულიანი შენობის აშენება იყო გადაწყვეტილი. პრეზიდენტი აღშფოთებულია, არაბი ინვესტორები როგორ გააბრუნესო.
- არაბებს კი არა, ყველას გავაბრუნებთ. როგორ შეიძლება იმ ტერიტორიაზე 40-სართულიანი შენობის აშენება. ეს ადამიანები, უგემოვნოდ, ისტორიისა და ტრადიციის გაუთვალისწინებლად თითლიბაზობდნენ და ყელყელაობდნენ. რა უბედურებაა ეს პარლამენტის შენობა, რომელზეც 340 მლნ დაიხარჯა და მის დამთავრებას კიდევ 20 მლნ სჭირდება. ამდენი ფული რატომ დაიხარჯა ამ გაუგებარი მახინისთვის?
2 თვის განმავლობაში ბევრი კანონი შეიცვალა უკეთესობისკენ, კომპეტენციები გაიმიჯნა, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხი დადებითად გადაწყდა და პრეზიდენტის ვეტო დაიძლია. ეს პატარა შრომა არ არის. კომიტეტები ღამეებს ათენებდნენ, რომ ეს საკითხები გადაეწყვიტათ.
ბევრი ბერკეტი წაერთვა პრეზიდენტს. ამ პოლიტიკური ლეშის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას. ახალი სიტყვა შემოიღეს - კოჰაბიტაცია. ქართველს შეუძლია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენ პირწმინდად დამნაშავეებთან გვაქვს საქმე, რომელთაც პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. უმრავლესობა ზნეობრივად, მოთმინებით უდგება ამ საქმეს. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან კი საბოტაჟის, პროვოკაციებისა და კონფლიქტის მცდელობებია.
უკვე საკითხი ისე დგება, უნიჭო ადამიანზე არავინ იტყვის, ნიჭიერიაო, დამნაშავეს ხელს ვერ დააფარებ. თვითონ შეგაწუხებს სინდისი. ეს ცვლილებები ხშირად ადამიანებისთვის ხილული ვერ არის, მაგრამ მომავალში ეს დიდ ცვლილებას გამოიწვევს. არავინ უნდა ჩაიბეჭდოს ტვინში, რადგან ხელისუფლებაში მოვედი, აქ უნდა დავბერდეო. უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ხვალ-ზეგ წახვალ და სხვა მოვა. ისეთი კვალი უნდა დატოვო, კანონით, ქცევით თუ ცხოვრების პრინციპით, რომ სხვასაც გამოადგეს და არც შენ მოგჭრას კბილი შენმა ნამოქმედარმა.
- პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების შეწყალება საბოტაჟის მცდელობად მოინათლა. არის მოლოდინი, რომ ამ ადამიანების საშუალებით შეიძლება ვითარება აირიოს ქვეყანაში.
- ვისაც არევ-დარევა უნდა, თავის სამზარეულოში აურიოს. ნელ-ნელა პრეზიდენტის ბერკეტები გაქრება და მივიღებთ პრეზიდენტს, რომელიც თვითონაც ვერ გაიგებს, რატომ დადის ამ ქვეყანაში. ესენი დაზომბირებული სექტანტები, ამპარტავანი ხალხია. პარლამენტი და ხელისუფლება მათი "ხავერა" იყო, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ.
ამნისტიაზე ამბობენ, დამნაშავეები ციხიდან რომ გამოვლენ, შეიძლება რამე დააშავონო. თუ სახელმწიფო გაპატიებს და გიშვებს, მაგრამ დანაშაულს მაინც სჩადიხარ, სამართალდამცავი ორგანოები პასუხს მოგთხოვენ. ამბობდნენ, კრიმინალი და ქურდული მენტალიტეტი დავამარცხეთო, როგორ დაამარცხეს, როდესაც პირველი კრიმინალები და ქურდები თვითონ გახდნენ? ესაა კორუფციის შემცირება, რომ პოლიციელი ორ ლარს არ იღებს? აბა, თვითონ რომ იწერდნენ მაღალ პრემიებს?
მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი დანიშნული არ იყო, როდესაც ერთმა დეპუტატმა ივანიშვილს ოქტომბერში მოსთხოვა, ხალხს რომ ხვნა-თესვას დაჰპირდი, სად არის დანაპირებიო. თუ ამდენს ვერ ხვდები, რას ამბობ, რაღა უნდა გელაპარაკო? მერე კიდევ სხვა უბედურება თქვეს, ახალაია მეორე ცოტნე დადიანიაო. ეს პარადოქსი უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით გამოწვეული მგონია. აღარ ვლაპარაკობ ზრდილობაზე, როდესაც ერთი დეპუტატი (რომელსაც პრემიერის ფრჩხილისოდენიც არა აქვს გაკეთებული) ივანიშვილს ეუბნება, ანეკდოტი მოგვიყევიო. სხვა დეპუტატი კი ტრიბუნიდან გვაჩვენებს 2 ფურცელს, ამდენის გაკეთება შეძელით და მერე გველაპარაკეთო და ამ დროს დარბაზში ზის კაცი, რომლის გაკეთებულის აღწერასაც ტომები არ ეყოფა. აი, ასეთ თავხედობაზეც მიდიან.
- მიხეილ სააკაშვილმა თქვენს კოალიციას ოროსნების და მნგრეველების ბრიგადა უწოდა.
- მაგის კომენტარებზე ნუღარ დაგვახურდავებთ.
- არც გაქცეული მინისტრები გაინტერესებთ?
- ეს ისეთი მდაბალი თემებია, ამაზე არც მინდა დავიხარჯო.
- მაგრამ ზურაბ ადეიშვილი იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ტვინი.
- როდესაც ახალაია ცოტნე დადიანია, იქ ადეიშვილი შეიძლება სოკრატე აღმოჩნდეს.
ჩემი საფიქრალი ახლა ის არის, ყოველდღიურად უკეთესობისკენ როგორ შევცვალოთ ცხოვრება და არა ის, წინა ხელისუფლებიდან ვინ რა თქვა, სად გაიქცა და რა ჯანდაბას შეეჯახა. როდესაც ხალხი იბრძოდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფარდის მიღმა, ჩაბნელებული ოთახებიდან უყურებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ელოდნენ, საით გადაიხრებოდა სასწორის პინა. ახლა, როცა ველი გათავისუფლდა, გამოდიან და ვითომც აქ არაფერი. ის ადამიანები კი, რომელთაც არც თანამდებობისთვის უბრძოლიათ და არც ფულისთვის, ცოტა უყურადღებოდ დარჩნენ.
- რა განცდა გქონდათ პირველ ოქტომბერს?
- გამარჯვების სიხარულით არ შევმხტარვარ. სევდა მომერია - რაში წავიდა ამდენი ენერგია, რა ბოროტება დავამარცხეთ, ნუთუ ეს დაიძლია, გადავლახეთ-მეთქი. ბოროტება იოლი დასაძლევი რომ იყოს, მაშინ ყველა სიკეთის ამქარში ჩადგებოდა და კეთილი იქნებოდა. რადგან ბოროტების წაქცევა ძნელია, ამიტომ ვერ ეწერებიან სიკეთის ამქარში, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც სიკეთის კეთება აქვთ ცხოვრების პრინციპად და სხვანაირად ვერ ცხოვრობენ. ქვეყანა სიკეთის ამქარში მყოფ ხალხზე დგას.
არასოდეს მჯეროდა იმ ადამიანების, რომლებიც ყელმოღერებით ამბობდნენ, არ მოგვწონს ძალადობა, მაგრამ რევოლუციებიც დაუშვებელიაო. მე ამ "ბანბანერკა" ქართველებზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც თბილადაც იყვნენ, ხელისუფლებასთანაც ძოვდნენ, ბოროტებასაც ვერ იტანდნენ, მაგრამ ძალიანაც კარგად იყვნენ, როდესაც ადამიანებს თავები უსკდებოდათ. 26 მაისს ასეთებს მშვიდად ეძინათ. მაშინ მათზე ძალადობა არ მოქმედებდა, მაგრამ ცოცხების კადრები რომ ნახეს, ეს აღარ მოეწონათ.
- თეატრის, სცენის გარეშე როგორ ხართ?
- ერთი თეატრიდან მეორეში გადავინაცვლე. პოლიტიკას ხშირად ჩემი ხელობიდან გამომდინარე ვუყურებ. ჩემი ხელობა კარგად მახედებს ადამიანების გულებში. კარგად ვხვდები, სად უნდა ვიყო და სად არა, როგორ და რა გავაკეთო. მიყვარს ბრძოლა, თუ ბრძოლას გამომიცხადებენ, სიამოვნებით შევალ ნებისმიერ ბრძოლაში. არც ახლა დავიხევ უკან. მერე ვნახოთ.
- "მერე ვნახოთ" რას ნიშნავს? ისევ თეატრში...
- იანვარში ვითამაშებ სპექტაკლში. ამას კანონი არ მიკრძალავს.
- თანაც რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრს უბრუნდება...
- როდესაც საქართველოს ასეთი ადამიანი ჰყავს, არ მესმის, რომ მისით არ ამაყობდე. ეს ლაწირაკები, ჭიები კიდევ ედრებიან რობერტ სტურუას. მისი დარი საქმე რამე გაგიკეთებიათ, რომ ედრებით? სტურუა რომ გადაეშვა ამ ბრძოლაში, ისეთი უნდა. ცრემლები მერევა, ხალხმა ისეთი დარტყმები გადაიტანა. ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ იყოს მშვიდი, სამართლიანი, ხვავიან-ბარაქიანი. მინდა ღიმილი გაუჩნდეთ სახეზე ადამიანებს, ხალხს სამსახური გაუჩნდეს, კაცმა თავის ცოლ-შვილს მიხედოს. რას გავყვირით, ევროპელები ვართო, რას ვტიპობთ, ვსვეტსკაობთ და სუფთა საქაჯეთში კი აღმოვჩნდით. აღარ მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს იყოს. მინდა სიკეთე იყოს - ჯანიანი, გონიერი. ვისაც ასე ცხოვრება არ გინდათ, ჩვენ გვინდა და გაგვატარეთ.
განჭვრეტა მართვას ნიშნავს
ციცერონი