ისრაელის ელჩი: "ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა"
"ვაპირებ, შევხვდე საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რათა გავარკვიოთ ყველა დეტალი"
შობის დღეებში ქართველი საზოგადოებისათვის ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად ქართველ მომლოცველთა ჯგუფისთვის ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიზებზე უარის თქმა გახდა. საზოგადოებაში ამ საკითხზე სამი მოსაზრება არსებობს: პირველი ეყრდნობა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ვიზებზე უარის თქმა განპირობებული იყო ისრაელში არალეგალურად დარჩენილ ქართველთა მზარდი რაოდენობით. რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს, საზოგადოებაში საუბრობენ, რომ ეს ისრაელის ერთგვარი პასუხია საქართველოს მიერ პალესტინისთვის გაეროს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ ხმის მიცემაზე. ამ მოვლენების მესამე განმარტება ჩვენმა ელჩმა ისრაელში, ბატონმა არჩილ კეკელიამ მოგვაწოდა, ეს ყოველივე ტექნიკური სირთულეების თუ გაუგებრობის ბრალიაო. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად და ამ მოვლენებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" ისრაელის ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.
- უპირველესად, მინდა გთხოვოთ ისაუბროთ თემაზე, რომელიც შობის დღეებში ყველას პირზე ეკერა - ლაპარაკია ქართველ მომლოცველთა ჯგუფისთვის ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიზებზე უარის თქმაზე.
- ნება მიბოძეთ, თავიდანვე მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ოფიციალური პოზიცია ისრაელს ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ისრაელს სავიზო საკითხებთან დაკავშირებით და ის დღესაც უცვლელია: სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში არ მომხდარა ცვლილებები, ჩვენ ვაგრძელებთ პილიგრიმებისთვის ვიზების გაცემას. შესაძლოა, რაღაც ინციდენტი მოხდა და ვინმეს უარი უთხრეს ვიზაზე, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან.
- ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა კერძო ადამიანზე, არამედ ხალხის ჯგუფზე, რომელთაც უარი უთხრეს ისრაელში შესვლაზე.
- კვლავ გავიმეორებ: ამ კონკრეტულ შემთხვევას საერთო არ აქვს სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან. მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ მედიაში, პასუხი ერთია - არა.
ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის კანონების თანახმად, სადაც ნათქვამია, რომ ინდივიდუალური ვიზის გაცემისას გადაწყვეტილებას იღებს საელჩო და სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საელჩომ საქართველოს მოქალაქეებზე 3 740 ინდივიდუალური ვიზა გასცა. ჯგუფური ვიზა კი სხვა, საკმაოდ მარტივი პროცედურის შედეგად გაიცემა. პროცედურა ასეთია: ჯგუფზე პასუხისმგებელი ტურისტული სააგენტო, რომელსაც კონტაქტი აქვს რომელიმე ებრაულ ტურისტულ სააგენტოსთან, განცხადებით მიმართავს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს უკანასკნელი განიხილავს მას და სრული უფლება აქვს, არ დააკმაყოფილოს იგი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს სულ დაახლოებით 6-7 ათასამდე ქართველი ტურისტი ეწვია ისრაელს, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, რომლებიც გავლით (ტრანზიტით) იმყოფებოდნენ.
- კიდევ ერთხელ ჩაგეძიებით. ლაპარაკია სააგენტოზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმიანობას ეწევა, თანამშრომლობს საპატრიარქოსთან, წინათაც ჰქონია ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობა და მსგავსი არაფერი მომხდარა; სავიზო განაცხადი წელსაც იმავე პრინციპით იქნა მიწოდებული, როგორც გასულ წლებში. ქართული სააგენტოების მიერ შერჩეული ხალხი ძირითადად რელიგიური მომლოცველები არიან, რომელთაც სურდათ საშობაოდ იერუსალიმი მოელოცათ.
- დაგვერწმუნეთ, ჩვენ გვახარებს ისრაელში თითოეული ტურისტის, იქნება ეს მომლოცველი თუ ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებული, ჩამოსვლა. მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლით არსებულ პროცედურასა და სამართლებრივ ჩარჩოებს. ამ კვირას ისრაელში გახლდით და სხვა საკითხებთან ერთად, ტურიზმისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ვესაუბრე გასულ კვირას მომხდარ პრეცედენტზეც. ვისაუბრეთ აგრეთვე, როგორ გავაადვილოთ მთელი ეს პროცესი. ჯერჯერობით ყველა დეტალი არ მაქვს. სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა, მედიის საშუალებით გავიგეთ. გასაკვირია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის დღემდე არც ერთ ტურისტულ სააგენტოს არ მოუმართავს. დასანანია, რომ სააგენტოებმა, რომელთანაც წლებია, გვაქვს კონტაქტი და კონსულტაციები, საჭიროდ არ მიიჩნიეს, ჩვენთვის მოემართათ. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მსგავსი პრობლემები მოვაგვაროთ, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით საფუძველი არ ჰქონდეს ნებისმიერ სპეკულაციას, ახლა ვარკვევთ ამ საკითხების დეტალებს. მალე შევხვდები აქაურ ტურისტულ სააგენტოებს, რათა უკეთ გავარკვიო ისინი არსებულ პროცედურებში. ასევე ვაპირებ შევხვდე საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რათა ეს პროცესი უფრო გავაიოლოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლაც მოგვაწოდა მონაცემები, რომ გასული წლის განმავლობაში ისრაელში არალეგალურად დარჩენილთა რაოდენობა გაიზარდა. ამით იმის თქმას არ ვაპირებ, რომ სწორედ ესაა რაიმის მიზეზი, მაგრამ აუცილებელია, საქართველოს ტურისტულმა სააგენტოებმა და მათმა ისრაელელმა პარტნიორებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ მათ მიერ გაგზავნილ ჯგუფებზე, ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ისრაელში ერთი კაციც კი არ დარჩეს არალეგალურად. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ გვსურს მომლოცველების მოდინება შეწყდეს, პირიქით, მზად ვართ, დავძლიოთ თითოეული პრობლემა.
- თქვენი განცხადებით, ისრაელში არალეგალურად დარჩენილ ქართველთა რიცხვი გაიზარდა. ხომ არ მოგეპოვებათ ცნობები, ეს მომლოცველების ხარჯზე მოხდა თუ არა? ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- ჩვენ ამ საკითხზეც ვიმსჯელეთ. ამჟამად დეტალებს ვაანალიზებთ. თუმცა უკვე ვიცით, რომ მეტი წილი ამ ადამიანებისა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. ზუსტ რაოდენობას ვერ მოგახსენებთ და რომც ვიცოდე, მედიას მაინც ვერ გავუზიარებდი.
- გადავიდეთ მეორე საკითხზე, რომელმაც ასევე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოში. ლაპარაკია საქართველოს მიერ პალესტინისათვის გაეროს დამკვირვებელი სახელმწიფოს აღიარების სასარგებლოდ ხმის მიცემაზე. თქვენ მაშინაც გააკეთეთ რამდენიმე განცხადება ამის თაობაზე, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის, რომ ისრაელი არ აპირებს რევანში აიღოს და აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
- რაც მაშინ ვთქვი, ახლაც იმას გავიმეორებ. მე ვთქვი, რომ ჩვენ გაკვირვებული და იმედგაცრუებული დავრჩით. უკვე ერთი თვეა, რაც ეს რეზოლუცია დამტკიცდა და იცით, რა? ყველაზე უკეთესი, რაც ამ სიტუაციაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამასთანავე, მინდა გავიმეორო ის, რაც მედიას განვუცხადე აქ ჩამოსვლის პირველსავე დღეს: მე აქ ვარ, რათა ვიმუშაო ორმხრივ ურთიერთობებზე, გავაგრძელებ ორმხრივ ურთიერთობებზე მუშაობას პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა კუთხით. ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა.
ჩვენ წინ ვიყურებით, სადაც სხვა მრავალი საერთო გამოწვევაც გვაქვს, ორმხრივი, რეგიონული თუ საერთაშორისო. ამ მხრივ ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, გპირდებით, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ჩემი აზრით, ურთიერთობების მხოლოდ დადებითად განვითარებას უნდა ველოდოთ.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერმა ნათანიაჰუმ ისრაელში მიიწვია ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი წლის დასაწყისშია მოსალოდნელი. მაგრამ ორმხრივი ვიზიტები, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, საკმარისი არ არის. აუცილებელია ისრაელმა და საქართველომ უფრო ღრმა პოლიტიკურ დიალოგს მიმართონ, რათა ჩვენ შორის პრაგმატული და პრაქტიკული თანამშრომლობა შედგეს და არა მხოლოდ ურთიერთობები. მაგალითისთვის ავიღოთ კულტურული ურთიერთობები და ინოვაციები. ამ კუთხით ჩვენ შეგვეძლო ერთმანეთისთვის გამოცდილება გაგვეზიარებინა და გვეთანამშრომლა. გუშინ მე ხელი მოვაწერე სამძიმრის წიგნს, რათა გამომეთქვა მწუხარება ქართველ-ებრაელი პოეტის, ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, მას არ ვიცნობდი. ასევე სამწუხაროა ის, რომ ბატონ ჯემალს არც ებრაულენოვანი მკითხველი იცნობს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალისხმევა და მუშაობა, რათა ორივე საზოგადოებას გავაცნოთ ერთმანეთის პოეტები, მწერლები, ხელოვანები, ინოვატორები. საელჩოში მალე განვახორციელებთ მთარგმნელობით პროგრამას, რათა ახალგაზრდა ებრაელი ავტორები ქართველ მკითხველს გავაცნოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც იმავეს გააკეთებენ, რათა ებრაულენოვანმა მკითხველმა გაიცნოს და დააფასოს ქართველი ავტორები.
ვაჟა თავბერიძე
იხილეთ ვიდეო: ისრაელის სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში ცვლილებები არ მომხდარა - იუვალ ფუქსი