ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა - კვირის პალიტრა

ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა

ექსკლუზიური რეპორტაჟი ფრონტისპირა სოფლიდან

ნადირის პირში მიცემული ერგნეთი

"უმრავლესობას სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მათთვის კაცის კვლა არაფერია"

პოლიტიკოსები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ერგნეთში, დე ფაქტო საზღვართან, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს სამშენებლო სამუშაო უკვე დაწყებულია. გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით და გვენახა, რა მდგომარეობაა კონფლიქტურ რეგიონში, საზღვრისპირა სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება; როგორ ცხოვრობენ აქაურები და რას ფიქრობენ ერგნეთში ბაზრობის აღდგენაზე.

ერგნეთში ჩასულები ქართული პოლიციის საგუშაგოს მივადექით, რომელიც რუსების საგუშაგოს ისე ახლოს ესაზღვრება, რომ ერთმანეთის გვერდით აღმართული რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ოსეთის დროშები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ქართული პოლიციისგან ვცდილობთ გავარკვიოთ ადგილი, სადაც ახალი მთავრობა თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნას აპირებს. სამართალდამცავები გაოცებული გვიყურებენ და ამბობენ, რომ ასეთი რამ პირველად ესმით. მათგან ვიგებთ, რომ ერგნეთის ბაზრობა უწინ იქ იყო, სადაც ახლა რუსების საგუშაგოა, სხვა კითხვებზე კი ერთი პასუხი აქვთ: გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას მიმართეთო.

რა თქმა უნდა, მათ რჩევას არ ვითვალისწინებთ და საგუშაგოს გვერდის ავლით, სოფელ ერგნეთში ვიპარებით.

ხუთი წლის წინანდელი ომის კვალი  პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. თითქმის ყველა სახლი გადამწვარია, ჭიშკარი - დაცხრილული, აქა-იქ აფეთქებულ ჭურვებსაც წააწყდებით. სოფელში უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ, ისიც კანტიკუნტად. ბავშვები და ახალგაზრდები აქ მათ მოსანახულებლად ჩამოდიან. არადა, ომამდე სოფელში 180 ოჯახი ცხოვრობდა. ოკუპანტებმა 120 სახლი დაწვეს, ვინც სოფელი 2008 წლის აგვისტოს ყველაზე "ცხელ" დღეებშიც კი არ დატოვა, მოკლეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგიც სახლებში ამოწვეს.

რობინზონ კასრაძე, ერგნეთის მკვიდრი: "ამდენი უბედურების შემდეგ გაგვიჭირდება ოსებთან შერიგება. ბაზარში ვიღაცას ნახავ, რაღაც შეიძლება გაგახსენდეს და შესაძლოა, თავს ვერ მოერიო. უმრავლესობას სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მათთვის კაცის კვლა არაფერია და გვეშინია, რამე უბედურება არ მოჰყვეს ამ ყველაფერს. ხომ ნახეთ, ჩვენი სამართალდამცავები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დგანან, რუსები ან ოსები შემოვლითი გზით რომ შემოვიდნენ სოფელში, ვინ არის განმკითხავი? აქედანაც შეიძლება იქით გადასვლა, მაგრამ რისკია, დაგიჭერენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მოგისჯიან. დიდი თხრილი გააკეთეს და ასე შემოავლეს ცხინვალს დე ფაქტო საზღვარი. დღედაღამ ძაღლით დადიან რუსი მესაზღვრეები, ცხინვალის მხრიდან ხშირად ისმის სროლის ხმა. ახალ წელს ცაზე 2013 დაწერეს. პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა მანათობელი ტყვიები და სახურავებზე ცვიოდა. ხშირად ისმის სროლის ხმა ქართული სოფლებიდანაც - აჩაბეთიდან, თამარაშენიდან, მძიმე ტექნიკიდანაც ისვრიან. ამბობენ, იქ რუსებს პოლიგონები აქვთო.

ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოიჩინოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ხალხი დაუბრუნდება ამ კუთხეს. შეშას შეგვპირდნენ და არ მოგვიტანეს. ცოტა ხილსა და ბოსტნეულს მოიყვანდა კაცი, მაგრამ სარწყავი წყალი არა გვაქვს, არხის სათავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მრავალწლიანი ნარგავები ხმება და შეშად ჭრის ხალხი. ვაშლის ბაღები რომ არ გამხმარიყო, წყლის ცისტერნა ვიქირავეთ და 50-50 ლიტრი წყალი დავუსხით თითო ხეს. ეს იგივეა, გულწასულ ადამიანს რომ მოასულიერებ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც არა გვაქვს. რაც ჰქონდა სოფელს, ომის დროს წაიღეს".

ნუნუ ჯოხაძე, ერგნეთის მკვიდრი: "ინვალიდი მეუღლე მყავდა, მოვკიდე ხელი და გავიყვანე სახლიდან. რომ დავბრუნდი, სახლი გადამწვარი დამხვდა. ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა - 110 ლარი, ეს მაშინ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 46 ლარი ღირს. ძლივს გაგვაქვს თავი. ომის დროს დანგრეული სახლის სანაცვლოდ, 6-მეტრიანი კოტეჯები აგვიშენეს და სამი სული ვცხოვრობთ. მე კი ვდგავარ და ყოველდღე ამ ჩემს ნანგრევებად ქცეულ სახლს შევყურებ. სოფელი თუ არ აღდგა, ბაზრის აღდგენას რა აზრი აქვს? მე თვითონ ხუთი წელი ვვაჭრობდი ერგნეთის ბაზრობაზე. მდგმურებიც მყავდა. დღეს მდგმურები კი არა, შვილიშვილებიც რომ ჩამოდიან, ამ კოტეჯში ძლივს ვეტევით".

მალხაზ ტოროშელიძე, სოფელ ერგნეთის მკვიდრი: "ვიხვეწებით, რომ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება და ელგაყვანილობა მოაწესრიგოს, მაგრამ არავინაა პატრონი, ჩვენი ძალით რაც შევძელით, გადავაბით. ამის გამო ხშირად მოკლე ჩართვა ხდება და ჯერ ისედაც რა ტელევიზორები გვაქვს და ისინიც სულ გადაგვეწვა.

ომის დროს ჩემი სახლიც დაზიანდა. ფოტოები გადაუღეს, მაგრამ უარი მითხრეს, ვერ გაგიკეთებთო. არც კოტეჯი დამიდგეს, შენი სახლი გამოგვეპარაო. ცხინვალში ხომ არ გადავიდა-მეთქი. მერე მთავრობიდან შემომითვალეს, ჭკვიანად იყავიო და გავჩუმდი.

აქედან ადმინისტრაციულ საზღვრამდე 400 მეტრია. დროდადრო მხოლოდ უცხოელი ჟურნალისტები თუ შემოივლიან. სოფლის მინდვრები და ბაღები ცხინვალს ესაზღვრება. ჩვენ ნადირის პირში მიცემული ვართ. ორიოდე თვის წინ რუსებმა დე ფაქტო საზღვარი კიდევ გადმოსწიეს, ნაწილს რკინის ღობე შემოავლეს, ნაწილს - მავთულხლართი".

ბატონ მალხაზს იმ ადგილას მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით ჩანს ცხინვალი, ახალაშენებული სამხედრო ბაზები, ქვის სამტვრევი ქარხანა, ქვემო და ზემო ნიქოზი. ამბობს, რომ ღამით ისმის, როგორ მღერიან და უკრავენ ქორწილში ქართულ სიმღერებს. ამბობს, აღარც კი მახსოვს, ბოლოს ერგნეთიდან ქორწილისა და ლხინის ხმა როდის გავიდაო. გვაჩვენებს, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში, ცხინვალში ყველა სახლის სახურავი გადახურეს, მისი სახლის კედლებს კი მუშტისხელა ბზარები აქვს.

სოფლის ბოლოს კიდევ რამდენიმე სახლი ჩანს, მაგრამ აქაურები იქ მისვლას არ გვირჩევენ, რადგან რისკია, რომ რუს მესაზღვრეებს გადავაწყდეთ. გზა, რომელსაც ახალგაბმულ მავთულხლართამდე მივყავართ, დათოვლილი და გაუკვალავია. ეს გზა ხელისგულივით მოჩანს ცხინვალში არსებული სამხედრო ბაზიდანაც, ამიტომ გზადაგზა ფიქრი გვიპყრობს, რომ შესაძლოა, დე ფაქტო საზღვრისკენ მიმავალ რამდენიმე ადამიანს გაფრთხილების მიზნით ცეცხლიც კი გაგვიხსნან. ჩვენი მეგზურობა ერგნეთში ბებია-ბაბუასთან არდადეგებზე ჩასულმა 11 წლის ლაშა ყულუმბეგოვმა ითავა. ამბობს, რომ ყველა ბილიკი ზეპირად იცის და ახალგავლებულ მავთულხლართამდე უსაფრთხოდ მიგვიყვანს. ამბობს, რომ მიუხედავად ოსური გვარისა, ქართველია და პატარა ბიჭის ეს სიტყვები კიდევ უფრო გვმატებს ძალას. ნახევრად დამპალ-დანგრეულ საცალფეხო ხიდზე რომ გადავედით, სოფლის ბოლოს, მავთულხლართთან მდებარე ბოლო დანგრეულ სახლამდე მივაღწიეთ. ნასახლარის აივანზე ავდივართ, რომ უკეთ დავინახოთ, რა ხდება დე ფაქტო საზღვარს მიღმა. როგორც ჩანს, ჩვენი სტუმრობა რუს მესაზღვრეებს არ გამოჰპარვიათ და ორი ძაღლით ჩვენკენ დაიძრნენ. ცდუნება დიდია, რომ გამოველაპარაკოთ, მაგრამ ასევე დიდია რისკი, რომ შესაძლოა ფოტო ან ვიდეომასალა დავკარგოთ. ამიტომ იქაურობას სასწრაფოდ გავეცალეთ. პატარა მეგზურს ახლა იმ სახლში მივყავართ, რომელიც ფაქტობრივად დე ფაქტო საზღვარზეა. გზად გლეხკაცი გხვდება, რომელიც თივას აგროვებს და, ცოტა არ იყოს, შეშინებული შემოგვცქერის. გვეუბნება, ოსები მეგონეთ, რადგან ამ გზით ნათესავების დახმარებით ცხინვალში გადადიანო.

ნათელა პურიჭამიაშვილი, ერგნეთის მკვიდრი: "აქედან ათ მეტრში, ჩემი ბაღის ბოლოს, უკვე მავთულხლართია გავლებული. 2-3 თვეა, რაც გააკეთეს. რუსი სამხედროები არაფერს მიშავებენ, ზოგჯერ კაკალს ან ხილს თუ აკრეფენ ჩემი ბაღიდან. რუსული არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ როგორც შემიძლია, გამოველაპარაკები ხოლმე მესაზღვრეებს. იმ დღეს ვუთხარი, ჩემი ბრალი არ არის, შენი ბრალი არ არის - ეტა პოლიტიკა-მეთქი.

ეს დაუცველი ზონაა, მაგრამ სხვაგან კარგად ყოფნას, აქ სიკვდილი მირჩევნია, ჩემს არემარეზე რომ ვარ, ეს მაცოცხლებს".

გულდამძიმებულები და მდუმარენი ვბრუნდებით ჩუმი ომის ზონიდან. ნანგრევებად ქცეული სახლის აივნიდან კი კატა გვაცილებს. თითქოს მის თვალებშიც ჩამდგარა სევდა, ალბათ, მასაც ეშინია ომის შემდეგ დასადგურებული მშვიდობის...

თბილისი-ერგნეთი-თბილისი

(სიუჟეტი იხილით palitratv.ge -ზე)