"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"
"თუკი ვინმე შეიძლება ბანდიტს, ავადმყოფს და გადაბრუნებული ტვინისას ჰგავდეს, ძმები ახალაიები არიან და არც მათი მამა მომდის თვალში"
"ყველაზე კორუმპირებული სისტემა თბილისის მერიაა"
"მიშა არასოდეს ყოფილა ისეთი ბიჭი, რომ ე.წ. გრეჩიხუნა დაიწუნოს, რომელიც ერთი ნორმალური ვაჟკაცი ბიჭია"
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები მათ დაბალ რეიტინგს ეფუძნება. ამიტომაც იგონებენ რაღაც თემებს, რომ ჩვენ გაგვაშავონ", - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელთან საუბარიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეფასებების ანალიზით დავიწყეთ:
- ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ხაზგასმა, რომ საქართველოში სამართლიანი კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს, იმას გულისხმობდა, რომ ეს პროცესი ჯეროვნად ვერ მიმდინარეობს?
- სამართლიანი კოჰაბიტაცია გულისხმობს, რომ გავუძლოთ ერთმანეთს, სანამ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და სანამ ადგილობრივ მმართველობაში არიან "ნაციონალები". კოჰაბიტაცია მძიმედ მიდის, მაგრამ არც ყოფილ ცოლ-ქმარს ულხინს, როდესაც ერთ სახლში ცხოვრობენ. ეს განსაცდელია და უნდა გავუძლოთ. ბუკიკიოს ყველანაირი კრიტიკა სამართლიანი და მისაღები იყო.
- ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ახსენა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები.
- ჯერჯერობით ძალაში არავის მიმართ არ შესულა განაჩენი და სასამართლომ შეიძლება ეს ხალხი გაამართლოს. ბუკიკიო ჭკვიანი კაცია და ამიტომაც თქვა, სასამართლოს კრიტიკაც ნაადრევიაო. თუმცა არც ის უთქვამს, რომ საქართველოს არა ჰყავს პოლიტპატიმრები. მხოლოდ ის თქვა, ჩვენთან რომ შეგეთანხმებინათ კანონი "ამნისტიის შესახებ", უფრო მაღალ რეგისტრს მიიღებდა პარლამენტის ეს გადაწყვეტილებაო.
- წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სულ უფრო ხმამაღლა გაისმის კონკრეტული ბრალდებები. ბაჩო ახალაია ციხეშია, კეზერაშვილი მილიონების მითვისებაში ამხილეს, ასევე დაკითხვაზე დაიბარეს გიგი უგულავა.
- კეზერაშვილი ის კაცია, რომლის დასაცავადაც "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი ხმა არ ამოიღო. მისი დაპატიმრება პირველი იქნება, რომელზეც "ნაცმოძრაობის" წევრებიც კი ამოისუნთქავენ, რადგან ყველა, მათ შორის თავისიანებიც, გააწამა და გაძარცვა. კეზერაშვილი უბრალო ადამიანი არ გეგონოთ. რომ მიეშვა, სააკაშვილსაც კი გაძარცვავდა, რადგან ეს კაცი ბუნებით მძარცველია. ბატონ კეზერაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ეს ადეიშვილის მსგავსი შემთხვევა არ არის, რომელმაც "წმინდანობიდან სატანობამდე" გაიარა გზა. კეზერაშვილი უფრო მეტად ბანდიტი იყო, როდესაც "ნაცმოძრაობაში" მოვიდა და მერე ცოტა დააწყნარეს მისი მადა მილიონებით. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ ის ძალიან ჰგავს დამნაშავეს. არც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუკი ვინმე შეიძლება ბანდიტს, ავადმყოფს და გადაბრუნებული ტვინისას ჰგავდეს, ძმები ახალაიები არიან და არც მათი მამა მომდის თვალში.
- აი, დედაქალაქის მერმა კი დაიჩივლა, ადამიანები დავასაქმე და ამის გამო დაკითხვაზე დამიბარესო.
- საქართველოში ყველაზე კორუმპირებული სისტემა თბილისის მერიაა
და ეს საერთაშორისო ანგარიშებშიც კი არის. ყველაზე გარყვნილი კი ამ სისტემაში დასუფთავების სამსახურია. იქ არა მარტო უსამართლო ტენდერები ტარდებოდა და ფული კეთდებოდა, არამედ თურმე მილიონები ხმარდებოდა ძვირფას პარტიას. უნდა ნახოთ სხვაგან (მაგ. განათებაში) რა ხდება. ასე რომ, სამუშაო ბევრი აქვს პროკურატურას. მერმა კოორდინატორებზე თქვა, რა გინდათ იმ საცოდავ ხალხთანო. საცოდავები კოორდინატორები კი არა, ისინი არიან, ვისთვისაც ეს კოორდინატორები მუშაობდნენ, ატერორებდნენ, ურეკავდნენ და აიძულებდნენ ხმის მიცემას - ჩემი ჯიბიდან ვუხდიდი ფულს კოორდინატორს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. ფინანსურმა საკითხებმა იმსხვერპლა ჰელმუტ კოლი. სახლში არც მას წაუღია ფული, პარტიისთვის მოიპარა. უგულავასაც, ალბათ, ეს აქვს სათქმელი, მეც ხომ ფული სახლში არ წამიღია, სექსშოპსა და ლას-ვეგასში, კაზინოში არ დამიხარჯავს, გაჭირვებულ ქალებს, კოორდინატორებს ვეხმარებოდიო.
უგულავა პირველი კაცია მსოფლიოში, რომელიც ლას-ვეგასში საქმიანი ვიზიტით იყო.
არადა, ლას-ვეგასში საქმიანი წრეები არ არიან. იქ არიან მოთამაშე და ფულის მხარჯველი წრეები, მსოფლიო მაფია და ერთი-ორი ისეთი მერი, როგორიც გიგი უგულავაა.
- დაკავებულ ყოფილ თუ ამჟამინდელ მაღალჩინოსნებს სასამართლო უმეტესწილად ათავისუფლებს.
- სასამართლო კი უშვებს გირაოთი, მაგრამ არა მგონია, არსებითი განხილვის დროსაც მიეცეს იმის საშუალება, რომ ეს ხალხი ასე გამოუშვას. ამასობაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ჩვენი ახალი კანონმდებლობაც მოუსწრებთ. მერე ნუ გგონიათ, რომ მოსამართლეებს მართლა ექნებათ იმის საშუალება, შავზე თქვან, თეთრიაო. თუ ვინმე განსაკუთრებით კარგად მუშაობს საქართველოს მთავრობაში, იუსტიციის მინისტრია და ამიტომ გარწმუნებთ, - კანონმდებლობა, ვენეციის კომისია, ჩვენი მუშაობა მოგვცემს საშუალებას, რომ ყველას მიმართ სამართლიანი განაჩენი დადგეს.
- გასულ კვირას ოპოზიციამ კიდევ ერთი შეშფოთება გამოხატა საგარეო კურსის შესაძლო ცვლილების გამო.
- "ნაცმოძრაობისთვის" ყველაზე კარგია, რომ ჩვენ ვიყოთ რუსეთის მომხრეები, ისინი კი დემოკრატიის მებაირახტრეები. საინტერესოა, რომ ამ ინიციატივით (კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ევროატლანტიკური კურსი არ შეიცვლება) გამოვიდა გია ბარამიძე, კაცი, რომელმაც თავის დროზე საქართველოს დსთ-ში შესვლას მისცა ხმა. ჩვენ გვაქვს წინადადება, პარლამენტში შევქმნათ ინტერფრაქციული ჯგუფი, სადაც შემოვლენ უმრავლესობა, უმცირესობა და მიუმხრობლები და ყველა ერთად დავიფიცებთ, რომ საგარეო კურსი არ შეიცვლება. როდესაც ამას ტექსტში ჩავწერთ, კეთილი ინებონ და ხმა მისცენ. Mმე მოვითხოვ, რომ ამ ტექსტში ასევე ჩაიწეროს, - პარლამენტი კიცხავს ყველას, ცოცხალსაც და მკვდარსაც, ვინც თავის დროზე ხმა მისცა დსთ-ს. იურისტები ამბობენ, ამის ჩაწერა კონსტიტუციაში არ შეიძლებაო, თორემ მე კონსტიტუციაში ასეთ ჩანაწერს დავეთანხმებოდი.
- პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა, ადამიანების პირად ცხოვრებას შეეხნენო.
- გეტყვით, მიშა როგორ ჩაერია ჩემს პირად ცხოვრებაში. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ველაპარაკებოდი პარლამენტის თავმჯდომარის ტელეფონით უცხოეთის საელჩოს წარმომადგენლებს. აი, ეს საუბარი ჩამიწერა 2006 წელს და როდესაც ხელისუფლება გავაკრიტიკე, დსთ-დან არ გავდივართ-მეთქი, სააკაშვილმა ეს ჩანაწერი ფილმში გაუშვა და კომენტარიც მიაბა, - ლევან ბერძენიშვილი რუსეთის საელჩოს შნურით იყო მიბმულიო და აგენტად გამომაცხადა. ადვილი არ არის იმის გადატანა, რომ სწორედ იმაში გედება ბრალი, რასაც მთელი სიცოცხლე ებრძოდი. რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც ყველას გვისმენდნენ.
იმის გამო, რომ ვინმე ვინმეს შვილია, არ შეიძლება, პრეზიდენტმა აგდებულად ახსენოს.
მიშა არასოდეს ყოფილა ისეთი ბიჭი, რომ ე.წ. გრეჩიხუნა დაიწუნოს, რომელიც ერთი ნორმალური ვაჟკაცი ბიჭია. მიხეილ სააკაშვილი კარგავს ხელისუფლებას, კარგავს მოთმინებას, კოჰაბიტაციისა და აზროვნების უნარს. უმცირესობაში გამოცდილი ხალხია, ვინც ამას ამჩნევს და სხვანაირად იქცევა. არ არის დასამალი, რომ ამ დღეებში უმცირესობის რიგებში კონფლიქტი იყო სტრასბურგში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა არ არის თანახმა იმ კურსისა, რასაც ატარებს პრეზიდენტი სააკაშვილი.
- კოალიციაშიც რომ არა გაქვთ სრული თანხმობა?
- კამათი იმან გამოიწვია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩვენს პარტიებში შემოგზავნილი ჰყავს ხალხი. ეს უკვე ვამხილეთ. ამ დღეებში ვინც გასარიცხია, ყველა გაირიცხება პარტიებიდან.
- მას შემდეგ, რაც ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტი ჩამოართვეს, ითქვა, რომ ივანიშვილის სიმპათია რესპუბლიკელების მხარეს გადაიხარა.
- ვინაიდან დასავლეთი ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა, არც ერთი პროდასავლური ძალის შესუსტება ჩვენს ინტერესში არ შედის და თუ რომელიმე ექსპერტს ჰგონია, რომ ალასანიას დასუსტება გაახარებს რესპუბლიკელებს, ძალიან ცდება. ჩვენ გვინდა, დასავლური მიმართულება ძლიერი იყოს, ამიტომაც გვინდა ალასანიაც კარგად და ძლიერად იყოს, რესპუბლიკური პარტიაც და ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ჩვენზე არანაკლებად დასავლური და ლიბერალი კაცია.