კალმახელიძის ”სემირამიდას ბაღები”
როგორი აპარტამენტების აშენებას აპირებდა თავისთვის კალმახელიძე?!
"პრეზიდენტს არ უნდა, რომ ჩავიხედოთ იმ ხარჯებში, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ჰქონდა"
"ივანიშვილთან ვაჭრობა არ არის იოლი"
"ხათუნა კალმახელიძე ერთხელ მაინც შესულიყო "კრიტში" ან ქსნის ტუბზონაში და ენახა ის კოშმარი, რაც მე ვნახე. ამ ციხეებში პატიმრის ყოფნა წამებაა. რას ჰქვია, არაფერი ვიცოდიო?! თუ ციხეებში არ დადიოდა, სახალხო დამცველის მოხსენება მაინც წაეკითხა! პატიმრებს რომ აწამებდნენ, სააკაშვილმაც იცოდა, გენპროკურორმაც და კალმახელიძემაც, მაგრამ სწორედ ეს იყო მათი პოლიტიკური ნება", - გვითხრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა:
- სააკაშვილის ქმედებებით ჩანს, რომ ის უცხოეთში მხოლოდ საქართველოს იმიჯის დასანგრევად კი არა, ქვეყანასთან საბრძოლველად მიდის. საბანკო და ფინანსური სისტემა ყველაზე მგრძნობიარეა და როდესაც პრეზიდენტი ამბობს, წამყვანი ბანკები რუსეთმა იყიდაო, შეიძლება ამ ბანკების აქციების ფასი დაეცეს და გაკოტრდნენ. ეს ან მიზანმიმართული საბოტაჟია, ან ფსიქიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე... სააკაშვილმა თქვა, პირველი საპყრობილის, "კრიტის" დახურვა დეკემბერში გვინდოდაო. როგორ უნდოდა დახურვა, ამდენი ხალხი სად მიჰყავდა? 24 ათასი პატიმარი ჰყავდა 15 ათას საწოლზე, 9 200 პატიმარი 1-ელ საპყრობილეში იყო შეყრილი, სადაც 500-600 კაცზე მეტის შეშვება არ შეიძლებოდა.
სააკაშვილმა არჩევნებამდე ქსანში ტუბდისპანსერი გახსნა და შემდეგ 2 მილიონი დაუჯდა ჩვენს სისტემას ამ ციხის გარემონტება. სექტემბერში, გლდანში, ახალი ტიპის თავისუფლების შეზღუდვის ადგილი გახსნა, მშენებლებს თავზე ვადგავარ და მაისამდე თუ მოვასწარით მისი გახსნა, კარგი იქნება. სააკაშვილმა გახსნა გლდანის მე-8 დაწესებულება, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. იმ ვითარების აღსაწერად, რაც ციხეში დამხვდა, ერთი სიტყვა მახსენდება - ჯოჯოხეთი. პატიმრები საჭმელსაც ვერ ჭამდნენ... მათ არ მკურნალობდნენ. ერთ პატიმარს თავში სიმსივნეზე 3 თვე მკურნალობდნენ, გარდაცვალების შემდეგ კი ექსპერტიზამ დაადგინა, სიმსივნე კი არა, ტუბერკულოზი ჰქონია. ჯანმრთელ პატიმრებთან ტუბერკულოზით დაავადებულს უშვებდნენ და რამდენიმე თვეში საკანში ყველა ავადდებოდა.
- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ხათუნა კალმახელიძის წერილი გავრცელდა - რომ მცოდნოდა, პატიმრებს აწამებდნენ, განგაშს ავტეხდიო.
- ვინც მერვე საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, ჰკითხეთ, როგორ ხვდებოდნენ კალმახელიძეს. პატიმრებს ეკრძალებოდათ ფანჯარასთან მისვლაც კი. კალმახელიძის ღირებულებები კარგად ჩანს სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობის პროექტში, რომლის ბოლო სართულზე, 800 კვმ-ზე მისი კაბინეტის, მოსასვენებელი ოთახების, ე. წ. საიდუმლო ოთახის, სამზარეულოსა და სემირამიდას ბაღის მოწყობა იგეგმებოდა. ალბათ, ამ აპარტამენტებს მისტირის და რა ხდებოდა ამ სისტემაში, სულ არ ადარდებს.
- სააკაშვილი ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან პედოფილები გაუშვა.
- ბოლო თვეებში სააკაშვილმა დაახლოებით 2 000 კაცი შეიწყალა. მათგან 3/4 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი პედოფილი გათავისუფლდა და ისიც პრეზიდენტის შეწყალებით.
- როგორ იკვებებიან დღეს პატიმრები? დარეგულირდა თუ არა ფასები ციხეებში არსებულ აფთიაქებსა და მაღაზიებში?
- გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც ორმა ფირმამ მოიგო. განსხვავებული კვებაა არასრულწლოვანთა, ქალთა დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში. პატიმრების მენიუში გაჩნდა ყველი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყოველდღიურად აქვთ ხორცი. ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს კვირაში 400 გრამი თაფლი ეძლევათ. თითოეულ პატიმარზე კვირაში 1 კგ ხილია გათვალისწინებული.
გამოცხადდა ტენდერი როგორც აფთიაქებზე, რომელიც "ავერსმა" მოიგო, ისე ციხეში არსებულ მაღაზიებზეც. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იმ კომპანიებთან, რომელთაც სუპერმარკეტების ქსელი აქვთ. ფასებს გავაკონტროლებთ... სატელეფონო მომსახურებას "პელიკომი" ახორციელებდა. ახლაც ის გააგრძელებს მომსახურებას, მაგრამ მოიხსნა შეზღუდვები საუბრებზე. პატიმრებს კომპანია არ ჩამოაჭრის ბარათზე არსებულ სასაუბრო თანხას. ციხის მიზანი ადამიანის წამება კი არა, მისი გამოსწორება უნდა იყოს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე შეუძლებელზე ვოცნებობ, მაგრამ ეს არარეალური ოცნება არ არის...
- სააკაშვილი შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს საქართველოში სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურებაზე, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ავტონომიების წარმოქმნის საფრთხეზე.
- ჯავახეთის ავტონომიის წარმოქმნის საშიშროება სააკაშვილმა ჩახალიანს დაუკავშირა, რომელიც ახლახან გათავისუფლდა. თუ ჩახალიანს ასეთი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი (პოლიციის, ქართული ეკლესიის, სასამართლოსა და სკოლის დარბევა), რატომ არ გასამართლდა ამ ბრალდებებით? ან სააკაშვილის ხელისუფლება ცუდად მუშაობდა, ან ამ საქმეს პოლიტიკური ნიშნის გამო არ იძიებდნენ, ანდა ეს ბრალდებები ტყუილია, რადგან ჩახალიანი ხულიგნობის გამო იხდიდა სასჯელს. პირები, რომლებიც ჩახალიანთან ერთად იყვნენ ორგანიზაციაში, მოგვიანებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გახდნენ. მათგან ერთ-ერთი ახალქალაქის გამგებლად დანიშნეს...
- რას მოიტანს ორშაბათს სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა?
- კარგად ვიცი, როგორც წარიმართა ივანიშვილისა და სააკაშვილის პირველი შეხვედრა, მაგრამ არ ღირს მისი საჯაროდ გამოტანა. ასეთივე იქნება ეს შეხვედრაც... ერთი თვეა დავნიშნე მოადგილე, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი და სააკაშვილის ხელმოწერას უცდის... იგივე პრობლემა აქვთ შს და რამდენიმე სხვა სამინისტროს. სააკაშვილი ხელს არ აწერს ელჩების დანიშვნას. ამის გამო წამყვან ქვეყნებში ელჩები არა გვყავს. ამით ისევე ვაჭრობს, როგორც დაცვის სამსახურის თემით. პრეზიდენტის დაცვაში 350 კაცი დარჩა, მის უსაფრთხოებაზე თვეში მილიონი ლარი იხარჯება. რა უნდა მეტი?
სინამდვილეში სააკაშვილი სხვა რამისთვის იბრძვის. არ უნდა, რომ ჩავიხედოთ იმ ხარჯებში, რაც ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ბათუმში კონცერტები რომ იმართებოდა, იქ ჩასული სახელმწიფო აპარატისა და სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხარჯებს "შერატონში" სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტი აფინანსებდა. ამიტომ მიდის სააკაშვილი საბოტაჟზე - ხელს არ აწერს მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნას. ორშაბათს პრემიერთან შეხვედრისას შეეცდება ამ თემებით ვაჭრობას, მაგრამ ივანიშვილთან ვაჭრობა არ არის იოლი.