"სამი მაჟორიტარული ოლქი ივანიშვილმა პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს უნდა დაუთმოს"
"ვერ დავიჯერებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაცვის გარეშე დადის"
"კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას რატომ არ აყენებს უმრავლესობა?"
"ბიძინა ივანიშვილი დღეს რთულ მდგომარეობაშია. ის შეიძლება ხედავს კიდეც ზოგიერთი თანამდებობის პირის არაკვალიფიციურობასა და სისუსტეს, მაგრამ ვერ შეცვლის მთავრობას, რადგან ამისათვის სააკაშვილს უნდა მიმართოს, რომელიც ცოცხალი თავით აღარ წარუდგენს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას პარლამენტს. კოალიციის ლიდერი, ალბათ, უმრავლესობაში არსებულ ვითარებასაც ხედავს, მაგრამ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია "ქართული ოცნება" ერთიანი მივიდეს ოქტომბრის არჩევნებამდე და ქვეყანაში ნორმალური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ივანიშვილი მთავრობასაც შეცვლის და უმრავლესობისადმი მიდგომასაც", - ასეთ პროგნოზს აკეთებს არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:
- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილისადმი უგულავას სასამართლო პროცესით იყო განპირობებული.
იმის გამო, რომ უგულავამ დაუსჯელმა დატოვა სასამართლო პროცესი, "ოცნების" მხარდამჭერები აღშფოთდნენ და თავიანთ ლიდერებზე გაბრაზდნენ.
გაჩნდა საშიშროება, რომ "ოცნების" მხარდამჭერებს ეფიქრათ, დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია "ნაციონალურ მოძრაობასთანო". პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით საჭირო იყო ძალის დემონსტრირება და ამიტომაც მისწერა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს, დრო აღარ გავწელოთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ ყველაფერიო.
პროკურატურაში შესული 18 ათასი განცხადება ნათელყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სამართლიანობის აღდგენა. პარალელურად განცხადებები შედის შს სამინისტროში. ბევრი კი იმიტომ არ წერს განცხადებას, რომ პროცესების შემდგომ განვითარებას ელოდება. რაც უფრო გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენა, მით მეტი აგრესია დაუგროვდება ხალხს ახალი ხელისუფლებისადმი.
- როდესაც გირაოს უფარდებენ გახმაურებულ საქმეებზე დაპატიმრებულ მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა საქმეზეც არსებობს მტკიცებულებები, ეს მხოლოდ სასამართლოს ბრალია?
- არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჩადენილ დანაშაულთან შეუსაბამო განაჩენების გამოტანა მხოლოდ სასამართლოს ბრალია. აქ პროკურატურის პრობლემასაც ვხედავ. კადრები, რომლებიც თავის დროზე ადეიშვილმა დააწინაურა, დღევანდელ პროკურატურაში ისევ მაღალ თანამდებობებზე მოგვევლინენ. სასამართლო უწინ პოლიტიკური დაკვეთის გამო იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც ბრალდების მხარეს სჭირდებოდა, დღეს კი იგივე სასამართლო პროკურორების არაკომპეტენტურობასა და უსუსურობას იმისათვის იყენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი გაატაროს.
პროკურატურის მოუმზადებლობა კარგად გამოჩნდა უგულავას საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი დოკუმენტური მასალებით იყო გამყარებული, სასამართლომ განაცხადა, რომ ვერ ნახა ფაქტობრივი მტკიცებულებები უგულავას პასუხისგებაში მისაცემად. უგულავას საქმე პოლიტიკური პროცესია, რადგან ის "ნაცმოძრაობის" გამოკვეთილი ლიდერი და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატია. ასეთ ვითარებაში სასამართლო ეცდებოდა, უგულავასთვის აეცილებინა პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ბრალდებების გამო პასუხისგებაში მისცეს სალონიკის მერი, ჟაკ შირაკს კი 2 წელი პირობითი ჰქონდა მისჯილი. პროკურატურას ხელმძღვანელობს კაცი, რომელსაც ამ სისტემაში არ უმუშავია და არ გამოუძიებია სისხლის სამართლის საქმეები. ბუნებრივია, მას უჭირს სიღრმისეულად ჩასწვდეს ყველაფერს. ამიტომაც ეყრდნობა გარემოცვას, მაგრამ რამდენად კვალიფიციურია ეს გარემოცვა და რამდენად სწორ რჩევას აძლევენ მთავარ პროკურორს?
როდესაც პროკურატურის ცენტრალურ აპარატში წამყვან თანამდებობაზე ნიშნავ თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორს, რომლის ხელითაც ნახევარი თბილისი გააფუჭეს, უნდა იცოდე, რომ პრობლემა შეგექმნება.
უცნაურია მთავარი პროკურორის განცხადება, - ვიცი, რომ ამ პროკურორმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რადგან ის მხოლოდ შემსრულებელი იყოო. დანაშაულის დაფარვა სისხლის სამართლის დანაშაულია და ვინმეს დაუსჯელობა კადრების სიმცირის გამო, დაუშვებელია.
როდესაც ამბობენ, რომ სასამართლო არის ოპოზიციაში, დესტრუქციის რეჟიმში და შეგნებულად იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს, რადგან "ნაცმოძრაობისგან" ასეთი მითითება აქვსო, მიკვირს, რატომ არ იღებს საპარლამენტო უმრავლესობა შესაბამის გადაწყვეტილებას? ეს ყველაფერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელს უკავშირდება, რომელიც, მათივე თქმით, მითითებებს აძლევს მოსამართლეებს, რომ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია და ამის საფუძველზე კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას რატომ არ აყენებს უმრავლესობა? იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობაში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პარლამენტის 1/3-ს აქვს უფლება, დასვას მისი იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს. როდესაც ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარია, უამრავი ადამიანი უკანონოდ იჯდა ციხეში და ბევრს საპროცესო შეთანხმებით წაართვეს ქონება, ეს არ მომხდარა სასამართლოს მონაწილეობის გარეშე, რომელსაც კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაჭიანურდება, ხალხი თვითონ ეცდება აღასრულოს სამართალი, რაც ძალზე საშიშია.
საბოტაჟზე ლაპარაკი ახლა დაიწყო ხელისუფლებამ, როდესაც თქვენს გაზეთთან უკვე 4 თვეა ვლაპარაკობ მის ნიშნებზე. საბოტაჟის მცდელობები კიდევ იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი თანამოაზრე და მეგობარი ჰყავს დატოვებული სხვადასხვა თანამდებობაზე საჯარო სექტორში.
ეს ხალხი დღეს რომ ჩუმად არის და ახალ მინისტრს უცინის, არ ნიშნავს, რომ უკან დაიხევს, როდესაც სხვადასხვა უწყებაში პრობლემების შექმნას დაავალებენ. "ნაცმოძრაობამ" კარგად იცის, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. მისი ერთადერთი გზა არის საბოტაჟი, სახელისუფლებო ინსტიტუტების ავტორიტეტის შელახვა, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, ხელისუფლების დასუსტება და მერე ძალაუფლების უზურპაცია. ამიტომაც ლაპარაკობს სააკაშვილი ისეთ თემებზე, რაც შეიძლება მოკლე ხანში სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. სააკაშვილმა მიანიშნა სამეგრელოში, ჯავახეთსა და მარნეულში სეპარატიზმის ნიშნებზე. ის ყველგან ტოვებს ისეთ კერებს, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება. ვინ არის დარწმუნებული, რომ ვიღაცის სეიფში არ ინახება ინფორმაცია რეგიონებში მცხოვრები ორგანიზებული ჯგუფების ლიდერებზე, რაც მათ აიძულებს ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გაკეთებას? თვეების წინ სოზარ სუბარი ლაპარაკობდა კონსპირაციულ ბინებში გადამალულ დიდი რაოდენობის იარაღზე. არის ის ამოღებული? "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ რეგიონებში რაღაც მიზნით ავარჯიშებდნენ შეიარაღებულ ჯგუფებს. დადგენილი არიან ეს პირები? სააკაშვილს ძალიანაც უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მთავრობა დაითხოვოს, მაგრამ იცის, ეს რომ გააკეთოს, შესაძლოა ისეთი პროტესტი მიიღოს, რომ დღევანდელი კოჰაბიტაციაც კი ტკბილ მოგონებად დარჩეს. ამ ბერკეტის გამოყენების მუქარით სააკაშვილი ქვეყანაში არასტაბილურ ვითარებას ქმნის, რაც აისახება ბიზნესსა და ინვესტიციების შემოსვლაზე. ზოგი კითხულობს, სააკაშვილი რატომ არ იყენებს ამ ბერკეტს, ან თუ არ იყენებს, დათმოსო. ბერკეტის არდათმობით ის ძალის დემონსტრირებას ახდენს მხარდამჭერების დასანახავად და ქმნის მოლოდინს, რომ ისევ შეიძლება დაბრუნდეს. იმავდროულად, ამ ბერკეტის წყალობით ის ხელისუფლებასთან ვაჭრობს, რათა პოლიტიკური და ფინანსური ხელშეუხებლობა მიიღოს.
- და მაინც, რა შანსი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას"?
- "ნაცმოძრაობა" დღეს კი თამაშობს დაჩაგრულის როლს, მაგრამ მათ ხელში უამრავი ბერკეტია. მხოლოდ პარლამენტშია უმცირესობაში, თორემ თვითმმართველობას ისევ აკონტროლებს, სასამართლო მის ხელშია; პრეზიდენტს კვლავ აქვს ის ბერკეტები, რითაც შეუძლია პრობლემების შექმნა, ასევე აქვს უცხოელების მხარდაჭერა.
"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდგომ თვე-ნახევრის განმავლობაში ძალიან დაბნეული იყო, ელოდა, რომ ახალი ხელისუფლება ისევე მოექცეოდა, როგორც თვითონ მოექცა შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ახალი ხელისუფლების მიდგომები არ იყო ისეთი სადისტური, როგორიც მისი, ნელ-ნელა გული მოეცა. მას ისევ დარჩა ფინანსური რესურსები, წილებიდან სოლიდური შემოსავლები. "ნაცმოძრაობამ" ამავე დროს დაინახა ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტურობა, მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა უწყებაში არსებულ ვითარებაზე და შეტევაზე გადავიდა. ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტურობის გამო ვერ იქნა მიღებული სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები და ამით ისარგებლა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც თავის მართლების რეჟიმში ჰყავს "ოცნება".
ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. დასავლეთს უნდა აუხსნას, რა გადაიტანა ამ ხალხმა 9 წლის განმავლობაში, თორემ "ნაცმოძრაობა" დასავლეთს თავის სასარგებლო ინფორმაციას აწვდის. ხელოვნური კოჰაბიტაცია იმათ შორის, ვისაც ერთმანეთი ეზიზღებათ, ვერ წარმომიდგენია.
- თუ "ნაცმოძრაობის" შანსი არცთუ დიდია, რა დატვირთვა აქვს 19 აპრილის აქციას?
- "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ცდილობს, "ნაცმოძრაობა" ეცდება, რომ 19 აპრილს ბევრ ხალხს მოუყაროს თავი და არც პროვოკაციაზე იტყვის უარს. ასეთ ვითარებაში "ქართულმა ოცნებამ" უნდა გათვალოს ყველა შესაძლო საფრთხე და სცენარი, რომ "ნაცმოძრაობას" არ მისცეს პროვოცირების საშუალება.
- უცნაურია, რომ ასეთ ვითარებაში სააკაშვილმა დაცვის გარეშე გადაწყვიტა სიარული.
- ვერ დავიჯერებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაცვის გარეშე დადის. ეს რომ შეეძლოს, არ იყიდდა ორ სუპერდაჯავშნულ მანქანას, არ ეყოლებოდა ბოლო მოდელის შვეულმფრენი, არ გადაიხდიდა ძალიან ბევრ ფულს უახლესი მოდელის თვითმფრინავისა და უსაფრთხოების კაფსულისათვის. სააკაშვილი ძალიან ნაწყენია ახალ ხელისუფლებაზე, რომ არ მისცეს ცეცხლსასროლი იარაღითა და სპეცკავშირებით აღჭურვილი 1 000 დაცვის წევრი. ამიტომ ქმნის ფონს, რომ დაცვის გარეშე დადის. იცის, რომ სახელმწიფო დაცვა მაინც დაიცავს და განგებ აკეთებს ასეთ განცხადებებს.
ვვარაუდობ, რომ ოქტომბრის მერე რიგგარეშეE საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რაც სტაბილური პოლიტიკური პროცესების განვითარების გარანტია იქნება. მანამდე კი მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნებისთვის" სტრატეგიულად სწორი იქნება, თუ შუალედურ არჩევნებში 3 მაჟორიტარულ ოლქს ივანიშვილი პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციას დაუთმობს. ეს შეიძლება გახდეს ახალი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საფუძველი, რომელიც უმცირესობის კვოტას საბოლოოდ გახლეჩს.