"ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"
"თუ მომეცემა საშუალება, აუცილებლად ჩავალ რუსეთში ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე"
"მეზობლობა სამუდამო მოცემულობაა"
"კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ხარ თუ პროკურატურა?"
"ბატონ ბიძინას უნდა, რომ სააკაშვილს სახე შეუნარჩუნოს. სააკაშვილს სახე არა აქვს და როგორ შეუნარჩუნებს?"
"ხელოვანის შემოქმედებით გრაფიკს და გეოგრაფიულ მიმართულებებს ხელისუფლება არ უნდა ადგენდეს. რუსეთსა და ევროპაში ქართული კულტურის წარმოჩენა არ უნდა გვესმოდეს ისე, რომ ვიღაც უნდა "გადავრიოთ", რომ სიმღერას თან უნდა მივაყოლოთ ცხელი ხაჭაპური, გოჭი და შიგადაშიგ ჩვენი დევგმირული ისტორია წარმოვაჩინოთ. ვინმეს უნახავს, რომ იტალიელ ტენორს პიცაც შემოეთავაზებინოს ან იაპონურ თეატრს სუშიზე მიეწვია ვინმე? ახლახან საქართველოს რუსული თეატრი სტუმრობდა, მაგრამ ალექსანდრ კალიაგინს ბორშჩსა და არაყზე არავინ დაუპატიჟებია", - მითხრა პოეტმა დათო მაღრაძემ. მასთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთთან პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე ვისაუბრე:
- ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას როგორ შეაფასებთ?
- არანაირი სურვილი არა მაქვს, სააკაშვილზე ვილაპარაკო და იმაზე მეტი ყურადღება მივაქციო, ვიდრე იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების სათავეში იყო, მისი პირადი პრობლემები, რაც მისი ოჯახის გარეთ არ უნდა გამოსულიყო, მთელი საქართველოს პრობლემად იქცა, მაგრამ ახლა სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლების სათავეში.
ეს თემა უკვე დამთავრებულია და აღარ განიხილება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო და ბატონი ბიძინა, როგორც ბრძენკაცს შეეფერება, ითვალისწინებს რჩევებს და პოლიტიკურ კონიუნქტურას. სააკაშვილთან საუბრებს სასიკეთო შედეგი რომ არ მოჰყვება, ეს კარგად იცის ივანიშვილმა, მაგრამ მას ქვეყნის მართვაზე, მოსახლეობის ბედ-იღბალზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ჩემსავით ემოციურად არ იმოქმედებს. მე ვენდობი ამ ადამიანს. ის სააკაშვილს შეხვდება თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, ვიცი, ჩვენი ხალხის და სამშობლოს ინტერესს დაიცავს. ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება. ძალაუფლებით პატივმოყვარე ადამიანები ტკბებიან. ივანიშვილი კი სააკაშვილისგან განსხვავებით პატივმოყვარე კი არა, თავმოყვარეა. ასეთი კაცისთვის ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ პასუხისმგებლობა და ტვირთია.
ბატონ ბიძინას უნდა, რომ სააკაშვილს სახე შეუნარჩუნოს და ვფიქრობ, ამჯერად შეუძლებელს შეეჭიდა. სააკაშვილს სახე არა აქვს და როგორ შეუნარჩუნებს? თუმცა ზოგჯერ ივანიშვილი შეუძლებელს აღწევს ხოლმე და იქნებ ესეც მოახერხოს. მაგალითად, ჯერ შეუქმნას სახე და მერე შეუნარჩუნოს. როდესაც ხელისუფლებაში იყო, სააკაშვილს სისხლიანი არლეკინი ვუწოდე. ახლა მისმა დიზაინერებმა იზრუნონ მის ჩაცმულობაზე, მიხრა-მოხრასა და მანქანის ფერზე. ჩემს თვალსაწიერსა და ფიქრებში ეს ადამიანი უკვე აღარ არის, რადგან არჩევნებით გავისტუმრე. სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ცდილობენ გვეგონოს, რომ ისევ არიან. როგორც ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები, კარგად ფლობდნენ პიარტექნოლოგიებს. ბოროტებას ისე ფუთავდნენ, რომ ხალხს ბედნიერების განცდა ჰქონოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს წასული ხელისუფლების ნარჩენები მართავენ. თავისუფალ ჟურნალისტებს ავიწროებს ბორდი, რომელსაც აგრესიული უმცირესობა მართავს. აAხლა ყველა პატიოსანი ქართველის ადგილი სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი ჟურნალისტების გვერდით არის.
- მაშინ, როცა საზოგადოება წლების განმავლობაში ხედავდა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებებს, ბევრს ეუცნაურა ივანიშვილის განცხადება, - კოტე კუბლაშვილს შეუძლია ბოლომდე მიიყვანოს თავისი უფლებამოსილების ვადაო.
- ხელისუფლებაში ვყოფილვარ და ვიცი, ყველა დეტალს ვერ აუხსნი ხალხს, მაგრამ შედეგი აჩვენებს გადაწყვეტილების სისწორეს. იმედია, ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების ასრულებას ემსახურება. შეიძლება ეს დროში განივრცოს, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მთავარი ის არის, რატომ მიიღო ხალხმა ეს გადაწყვეტილება. ის პროცენტი, რომელიც "ნაცმოძრაობამ" დაიწერა, საიდან გაჩნდა? სპეცრაზმმა რომ ურნა მოიპარა ხაშურში, აი, იმ ურნის ხალხი არიან ისინი, ვინც პარლამენტში სხედან.
- პროკურატურას "შემოიხედე, გენაცვალე" რატომ უწოდეთ?
- როდესაც ხალხი იგებს, რომ არსებობს ფაქტებით დამტკიცებული დანაშაული და ამას მოჰყვება პროკურატურის სიტყვები, ამ პირთა დაკავება არ შედის ჩვენს ინტერესშიო, ჩნდება კითხვა, კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ხარ თუ პროკურატურა? მედიასაშუალებებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ მოსამართლეებზე, ვინც დამნაშავეებს ათავისუფლებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ მოსამართლეების ვინაობა.
კოჰაბიტაცია არ უნდა გადაიქცეს დამნაშავეთა თავშესაფრად და დემაგოგიის ინსტრუმენტად. "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენს უნდა მისი დანაშაულები კოჰაბიტაციამ წაშალოს... ვინც პასუხი უნდა აგოს, აუცილებლად აგებს!
- "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ახერხებს პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას.
- ხელისუფლება თვითკრიტიკულია, პიარი ისე ვერ დავგეგმეთ, როგორც "ნაციონალებმაო". ხელისუფლების პიარტექნოლოგებს იმდენი უნდა მოეხერხებინათ, რომ მეცოცხეების პარტიასთან თავის მართლება არ დასჭირვებოდა "ქართულ ოცნებას". აკრიტიკებენ პოლიციასაც, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ასე არ უნდა მოქცეულიყოო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს გარდამტეხი დღე იყო. 9 წლის განმავლობაში პოლიციის ამოცანა იყო ოპოზიციის გვემა, როგორ ვეცემეთ, დავესახიჩრებინეთ, გაზით მოვეწამლეთ, ვეწამებინეთ და დავეხოცეთ. წლების მერე პირველად პოლიციამ ცემით არ გახეთქა ოპოზიცია. პოლიცია მიჩვეულია და, ალბათ, ელოდა ბრძანებას, მიდით, ცემით მოკალით ოპოზიციაო. პოლიცია იმ დღეს გამზავებელი იყო და ხელკეტებით დასახიჩრებული არავინ გაუშვიათ. ამ დღეს დავინახე, რომ ჩვენ აღარ გვყავს პოლიტიკური პოლიცია და ის ხალხს ემსახურება.
ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციას ღირსება დაუბრუნა.
ივანიშვილმა დაანახვა საზოგადოებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უსუსური ორგანიზაცია არ არსებობს, რომ ერთ კაცს შეუძლია სწორად დაგეგმოს თავისი მოქმედებები და ისტორიას ჩააბაროს ეს ტერორისტული ორგანიზაცია. მითი "ნაციონალური მოძრაობის" უძლეველობის შესახებ ივანიშვილმა ქაღალდის ციხესიმაგრესავით დაჭმუჭნა.
- განსჯის საგანი გახდა "ერისიონის" კონცერტი მოსკოვში.
- საქართველოს მიწა-წყალი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა და ამას ხალხი შეეწირა. 2008 წელს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა საომარი იყო. რუსეთის ხელისუფლებას ვერაგული პრაგმატიზმი ამოძრავებდა, საქართველოს ხელისუფლება კი უვიცობით ხელმძღვანელობდა. დღეს, როცა ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ რუსეთი ჩვენი სამუდამო მეზობელია და აქ კარგისა და ცუდის კატეგორიები არ მუშაობს. მეზობლობა სამუდამო მოცემულობაა...
ეს ომი შესაძლოა მაკკეინისთვის იყო სასარგებლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ საქართველოსთვის ტრაგიკულად დასრულდა.
როდესაც ასეთი მოცემულობაა, ჭკვიანი ხელისუფალი პიარს ააგორებს გაბუტულობაზე და ამას პატრიოტიზმით შენიღბავს, თუ იმაზე ფიქრს დაიწყებს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო? ზოგიერთი ქართველი "პატრიოტი", სამწუხაროდ, ფიქრს იმით იწყებს, რა გაუხარდება ან რა ეწყინება პუტინს. დღევანდელი ვითარება ზღვარგადაგასული ტრაბახისა და უდიალოგობის შედეგია. როცა საქართველო-რუსეთის საზღვარი გაიხსნება, პერიფერიული აღტყინების გამოხატულება იქნება, თუკი მთელი საქართველო დაეწყობა და კინტაურის ცეკვით წავა რუსეთში, მაგრამ თუკი ინდივიდუალური კავშირები გაცოცხლდება, ჩემთვის ამას აქვს ფასი... თუ რუს პოეტს ან მკითხველს ვაინტერესებ როგორც პოეტი (და არა როგორც მხოლოდ ქართველი პოეტი), ეს მნიშვნელოვანია. თუ რუს მკითხველს უნდა შეხვდეს პოეტ დათო მაღრაძეს, როგორ არ შევხვდები, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთში ჩასვლას არ ვგეგმავ. რამდენიმე დღეში ვერონაში მივდივარ, სადაც იუნესკოს პოეზიის მსოფლიო აკადემიაში გაწევრების რწმუნების სიგელი უნდა გადმომცენ იმ დარბაზში, სადაც მოცარტი უკრავდა. მკითხველს მაშინ შევხვდები, როდესაც ამის ბუნებრივი ინტერესი ექნება და რუსი იქნება თუ ფრანგი, ამას ერთნაირად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნაციების კულტურა მხოლოდ ლექსში და ნახატში არ ვლინდება. ნაციის კულტურა ქცევაში ჩანს. M
მომაკვდავი ლენინგრადის ბლოკადის დროს, ლენინგრადის ფილარმონიაში ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია შესრულდა. ბეთჰოვენის გერმანელობას ხელი არ შეუშლია ამ ნაწარმოების შესრულებისთვის და აქ გამოჩნდა ნაციის კულტურა.
ქალაქში, რომელიც გერმანელებთან ომის დროს სიკვდილის პირას იყო მიყვანილი, ბეთჰოვენი არავინ დაგმო, როგორც გერმანელი კომპოზიტორი. რუსოფობიაც ისეთივე ქსენოფობიაა, როგორიც ქართველოფობია ან ანგლოფობია. ჩემი წიგნი "სალვე" რუსეთში გამომცემლობა "ჩიტატელმა" გამოსცა, მაგრამ პრეზენტაციას ომმა შეუშალა ხელი. თუ მომეცემა საშუალება, აუცილებლად ჩავალ რუსეთში წიგნის პრეზენტაციაზე. შეზღუდული თვალსაწიერით ნაკარნახები განცდების პატრიოტიზმად მონათვლა არასწორია.
მე, ლექსის მწერალი კაცი, უნდა ვესალმებოდე მამლის ყივილს, მზის ამოსვლას, ბავშვის ღიმილს, ადამიანობის გადარჩენას... ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, წავიდა ის დრო, როდესაც ერთი ყუთი კონიაკით გვარდებოდა რუსეთში საქმეო. ეს დრო მართლაც წავიდა და ვერ მოვიდა ის დრო, რომ მაგიდაზე შეწყობილი ფეხებითა და ღია პირით კევის ორივე ღრანჭით ღეჭვით გაკეთდეს რაიმე. Dდღეს ვინც ამბობს, პატრიოტული ნიშნით არ წავალ რუსეთში ჩემი შემოქმედების წარმოსაჩენად, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ო, ეს ხალხი მოსკოვიდან ვერ ჩამოჰყავდათ მაშIინ, როდესაც რუსეთს საქართველო 100%-ით ჰქონდა ოკუპირებული... ჩემი მეგობარია რუსი მწერალი მიხეილ შიშკინი. მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსია და მე ქართველი, ჩვენი მეგობრობა არ შეწყვეტილა.
ყველა ნაციაშია ჯანსაღი ნაწილი და ყველგან არიან ნაძირალები. ხელმოცარულებს ნიჭიერების მიმართ მუდმივად აგრესია აქვთ და ეძებენ მიზეზს, რაში დაადანაშაულონ. სულ ელოდებიან ისეთ ხელისუფალს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს ნიჭიერ ხალხს, რომ ხელისუფლის მხარეს დადგნენ. Aასე ხდება მეორეების რევანში პირველებზე. მერე, როცა წუთისოფელი გასწორდება, ჩვენ სულგრძელობა გვმართებს, რადგან ეს ნიჭიერი ხალხის თვისებაა.