"ვიცი, რაც მოხდება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ"
წერილი არამზადებზე, მიამიტ ჯიგრებსა და ვაჟკაცებზე პოლიტიკაში
"სააკაშვილის გუნდი უნდა გასამართლდეს, როგორც რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმი!"
"გავბედავ და თანამედროვე საქართველოში უაღრესად არაპოპულარულ და სახიფათო აზრს ვიტყვი"
"ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა რომ უყურა ამ ყველაფერს, თქვა, მეტი აღარ შემიძლიაო და თავი გაწირა"
"ჭიპლარგადაუჭრელი დედა-შვილების ქვეყნად ვიქეცით"
"სულ ველი და ვერავისგან გავიგონე გულით ნათქვამი ბოდიში"
"არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია, თუ მომავალში რაიმე შეიცვალა, გამოვალ და კაცურად ვიტყვი!.."
"ქალაქში ადამიანს სივრცე არ ჰყოფნის და გამრავლების სურვილი არ აქვს. სოფელში კი პირიქითაა, რაც მეტი შვილი ჩნდება, მეტ სივრცეს იკავებს და ოჯახი ძლიერდება.საჭიროა ქვეყნის სასწრაფოდ დეურბანიზაცია"
"პოლიტიკაში სამი კატეგორიის ხალხი მოდის: არამზადები - ძალაუფლებით ტკბობისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, მიამიტი ჯიგრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას გააკეთებენ ქვეყნისთვის და მერე ფუჭდებიან, და ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც შედიან ამ ბრძოლაში და ჯვარზე ეკვრებიან მიუხედავად იმისა, რომ იციან, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის", - განაცხადა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ. ლევან ვასაძესთან საუბარი მისი იმ წერილის ("ერი და სახელმწიფო") განხილვით დავიწყეთ, რომელიც სრული სახით ჩვენი გაზეთის ვებგვერდზე - www.kvirispalitra.ge გამოქვეყნდება:
- ბატონო ლევან, მიუხედავად თქვენდამი დიდი ინტერესისა, წლების განმავლობაში არ ჩნდებოდით პრესაში, უარს ამბობთ ინტერვიუებზე და საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცის თქვენზე. რატომ არიდებდით თავს მედიასთან ურთიერთობას?
- ჩემი დამოკიდებულება პრესისადმი ძალიან ლოიალურია, თუმც მრავალი წლის განმავლობაში მე ვარ მსხვერპლი ცილისწამებისა და ჭორებისა. ბოლო ათი წლის განმავლობაში უამრავი შემთხვევა დავითვალე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების კონტროლირებადი მედია შესაშური რეგულარულობით, 2-3 თვეში ერთხელ, ჩემზე წერდა, რომ პოლიტიკური ამბიცია მაქვს. ადრე იწერებოდა, რომ ეს ამბიციები მქონდა, მერე კი წერდნენ, თითქოს ამის შესახებ განვაცხადე. არც ერთი ეს ჭორი და პუბლიკაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჭკვიანმა ადამიანებმა მირჩიეს, რომ არანაირი აზრი არა აქვს ამ ჭორების უარყოფას. რაც უნდა მეთქვა, მაინც ჩემს წინააღმდეგ მოტრიალდებოდა ყველაფერი. ამიტომაც ვიყავი მთელი წლები ჩუმად.
- თქვენი ბიზნეს- და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ჩვენს მკითხველს დიდი ინფორმაცია არა აქვს და გვიამბეთ.
- პროფესიით გეოფიზიკოსი ვარ. მე და ლადო გურგენიძე (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ვიყავით პირველი ქართველები, ვინც გორბაჩოვის დროს ამერიკელებმა წაგვიყვანეს განათლების მისაღებად. კონკურსები გავიარეთ, მოვხვდით პირველ ნაკადში და 1990 წელს განათლების მისაღებად წავედით აშშ-ში. სამოქალაქო ომის დროს თბილისში დავბრუნდი. მთაწმინდაზე პირველი სკოლის უკან ის სახლი დაიწვა, სადაც გავიზარდე. ამ გაჭირვების ჟამს ისევ აშშ-ში წავედი, სადაც ვმუშაობდი კიდეც. 1995 წელს მოსკოვში ჩავედი და იქ გავაგრძელე ჩემი ბიზნესკარიერა. ვიყავი რამდენიმე დასავლური საინვესტიციო ბანკის თანამშრომელი და დირექტორი. მერე კი გავხდი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბიზნესკორპორაციის "Система"-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ეს კორპორაცია არის ერთადერთი კონგლომერატი, რომელიც 2005 წელს გავიდა ლონდონის ბირჟაზე, რაც ძალიან დიდ გამჭვირვალობასა და ცივილიზებულობის ხარისხს მოითხოვს. ეს ძალიან დიდი კონცერნია, 130 ათასი კაცი მუშაობს მასში და წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი აქვს ბრუნვა. ყველა ამ მასშტაბის კონცერნი რუსეთში წიაღისეულის მოპოვებასა და გაყიდვას ეწევა. ეს ბიზნესი "Система"-საც აქვს, მაგრამ ეს არ არის მისი ძირითადი მიმართულება.
მისი მთავარი ბიზნესებია ტელეკომუნიკაციები, ფიჭური და ფიქსირებული კავშირგაბმულობა, ჰაიტეკი და ელექტრონიკის წარმოება. 2007 წელს რუსეთში ბიზნესსაქმიანობას თავი დავანებე და ოჯახით ინგლისში წავედი. 2007-2008 წლებში ლონდონში ვსაქმიანობდი, 2009 წლიდან კი საქართველოში ვცხოვრობ ცოლ-შვილთან ერთად, თუმცა ბიზნესები და პროექტები, ძირითადად, უცხოეთში მაქვს. საქართველოში ჩემი ბიზნესსაქმიანობა ნახევრად პატრიოტულია და შეიძლება მას ალტრუისტულიც ვუწოდოთ. ჩვენი ჯგუფი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს საქართველოში. მათ შორის არის "ბაგრატიონი 1882", ეს პროექტი დიდი სოციალური დატვირთვისაა და გულით გავაკეთეთ. უცხოელი ტექნოლოგები მოვიწვიეთ თბილისში. 140 ჰა ვენახი გავაშენეთ და კიდევ 100 ჰა-ს გაშენებას ვგეგმავთ. ძირითადად, ექსპორტზე ვმუშაობთ უკრაინაში, ჩინეთში, აშშ-ში, გერმანიაში გაგვაქვს ღვინო. ახლა რუსული ბაზარი იხსნება და ესეც, ალბათ, დაგვეხმარება. ასევე მაქვს საყვარელი და მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტი, რომელიც ფაქტობრივად ქველმოქმედებაა - ეროვნული სამოსის კომპანია "სამოსელი პირველი". ჯერჯერობით ორი მაღაზია გვაქვს გახსნილი ჭავჭავაძისა და შარდენის ქუჩებზე, იმედია, კიდევ გავხსნით. ამ პროექტს გადაყოლილები ვართ და ძალიან გვიყვარს. ასევე მაქვს სარესტორნო ბიზნესი. ჩემი ძირითადი პროექტები საქართველოში ბიზნესის სფეროს არ ეხება. უფრო მეტად სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებში ვარ ჩართული.
3 სკოლა დავაარსეთ. კიკეთში დავაარსეთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებელი, სადაც შევიმუშავეთ სპეციალური საგანმანათლებლო აღმზრდელობითი სისტემა, რომელიც 4 ბლოკისაგან შედგება: აკადემიური განათლება, სპორტი და ათლეტიკა, სასულიერო- ზნეობრივი განვითარება და ასევე ბავშვების შრომითი განვითარება. მსგავსი სკოლები თი-ბი-სისთან ერთად ავაშენეთ წეროვანსა და სენაკში. სენაკის სკოლაზე გარკვეულ მეთოდოლოგიურ-აკადემიურ კურატორობას ახორციელებს კიკეთის სკოლა. ეს ჩემთვის უმთავრესი საქმეა. ჩემი შვილები ინგლისში სწავლობდნენ და მე და ჩემმა მეუღლემ, ნინომ გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა ისინი საქართველოში გაზრდილიყვნენ. შვიდი შვილი მყავს, ოთხი ბიჭი და სამი გოგო: შიო (ირაკლი) (ეს მამაჩემისა და ჩემი მოძღვრის სახელია), გიორგი, თამარი, ნიკოლოზი, ეკატერინე, ილია და მარიამი. ჩემი მეექვსე და მეშვიდე შვილის ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.
- დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის აშენება თქვენი იდეა იყო?
- ხილვით მოცემული (რომელიც პატრიარქის მამას ჰქონდა) განჩინებაა, რომ დარიალში მონასტერი აშენებულიყო. სხვათა შორის, ჩემმა მშობლებმა დარიალის ხეობაში, სტუდენტურ ალპინიადაზე გაიცნეს ერთმანეთი. საქართველო ბევრი უსახელო ხუროს ქვეყანაა. არსად არის ამდენი ტაძარი, რომლის ამშენებლის სახელიც არავინ იცის და არც მე ვარ დარიალის სამონასტრო კომპლექსის აღმშენებელი. ღმერთმა გადმომხედა და რაღაც მონაწილეობა მივიღე მის აშენებაში. ამას ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მოგახსენებთ. სამონასტრო კომპლექსი ძალიან დიდია და კიდევ ასი წელი დასჭირდება მის დასრულებას.
- თქვენი წერილი "ერი და სახელმწიფო" ქართველი ერისა და სახელმწიფოს წარსულისა და აწმყოს შეფასება და მომავლის ხედვაა. რა იყო ამ წერილის დაწერის მიზეზი და მიზანი?
- ეს წერილი იმდენად ვრცელია, მის გამოქვეყნებას გაზეთის ერთი ნომერი არ ეყოფოდა და თქვენი რედაქციის მადლობელი ვარ, რომ ეს წერილი სრულად "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნდება.
საზოგადოდ, ძალიან მიყვარს წერა და კითხვა. 4 წლისა, როდესაც წერა-კითხვა არ ვიცოდი, ლექსებს ვამბობდი, რომელსაც ბებიაჩემი იწერდა. 90-იანი წლების დასაწყისში "ზემელზე" კინოს სახლში პოეზიის სალონი გვქონდა მე და ჩემი თაობის პოეტებს. ბიზნესსკოლაში რომ მომიწია წასვლამ, ძმაკაცები დამცინოდნენ, გიჟპოეტა ლევანისგან რა ბუღალტერი უნდა გამოვიდესო. ჩვენი თაობის ბიზნესმენებს მემკვიდრეობით არ მიუღიათ ბიზნესები.
20 წლის წინ სიტყვა ბიზნესიც არ ვიცოდით. სისტემა დაინგრა და ჩემს თაობას, ვისაც ადარდებდა მშობლებისთვის როგორ მოევლო და რა ეჭმია, საშოვარზე წასვლამ მოუწია. ჩემთვის, როგორც გეოფიზიკოსისთვის, ფინანსები უცხო არ იყო, მაგრამ ბიზნესის დაწყების მოტივაცია სოციალური ფონი და ახლობლების წინაშე პასუხისმგებლობა გახდა. თუმცა დღემდე ჩემი საყვარელი საქმე ლექსის წერა და კითხვაა. პუბლიცისტიკაში მე ახალბედა ვარ. ჩემი წერილი სამნაწილიანია. პირველი ნაწილი არის გააზრება იმისა, როგორი იყო ეპოქათა ცვლა საქართველოში. წავიდა საბჭოთა სოციალისტური სისტემა და შემოვიდა კონსიუმერისტული, სამომხმარებლო დასავლური სისტემა. ერთი იდეოლოგიის მეორით ასეთი ჩანაცვლება ჩვენი ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი მომხდარა. ჩვენ, უძველეს ერს, ყოველი ახალი იდეოლოგია გვეუბნებოდა - გათავისუფლდით ძველისაგან. რაც აქამდე იყო, ყველაფერი ცუდია და მე ვარ ყველაზე კარგიო. ეპოქათა ასეთ ცვლაში უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი შავრაზმელები და არ უნდა ვთქვათ, რაც ახალია, ცუდიაო. უამრავი კარგი რამ მოდის ახალთან ერთად, მაგრამ ისიც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ახალს ყველაფერი სუფთა, კარგი და მარგებელი მოაქვს. ამის განურჩევლად მიღება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანს. ჩემი წერილი მცდელობაა დასავლეთის ავკარგიანობის გარჩევისა. დღეს ისეთი ვითარებაა, დასავლეთს ვინც აკრიტიკებს, აბრალებენ, რომ რუსეთი უნდა და კა-გე-ბეს აგენტია.
გვეუბნებიან, არც კი გაბედოთ, რომ დასავლეთი, როგორც აბსოლუტური კერპი, ეჭვქვეშ დააყენოთო. ეს შეცდომაა. ვენაცვალე დასავლეთს, მაგრამ გავარჩიოთ, რა აქვს კარგი და ჩვენს მსოფლმხედველობასთან, ჩვენს ტრადიციებსა და ცხოვრების წესთან თავსებადი. ვინც ასე თავს მოგვახვევს თავის იდეოლოგიას, რით განსხვავდება ბოლშევიკებისაგან, რომლებიც გვეუბნებოდნენ, ოსმალებისგან გადაგარჩენთ, ოღონდ დაგვემონეთო. ყველა ქართველი რომ დამორჩილებოდა მათ იდეოლოგიას, დღეს რა ვიქნებოდით? გამომრჩევლობა გვმართებს. უნდა მივიღოთ ის, რაც გვარგია და რაც არა, ის უკუვაგდოთ. ყველა ახალ იდეოლოგიას საერთო ისა აქვს, რომ ყველა აბსოლუტურ, თავდახრილ მორჩილებას ითხოვს. ყველაფერში თუ არ დაემორჩილე, მტერი ხარ.
ჩემი წერილის მეორე ნაწილი სააკაშვილის მმართველობის ანალიზია. ჩემი ამოცანა არ არის პერსონალიებზე შეტევა და მათი კრიტიკა, მაგრამ უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მსოფლმხედველობისთვის სახიფათო ვექტორი აირჩია. დანერგა უსამართლობა და ადამიანის ღირსება ფეხქვეშ გათელა. არსად ყოფილა მსოფლიოში, რომ 9960 ბიზნესმენს 9 წლის განმავლობაში თავისი ქონება და ბიზნესი სახელმწიფოსთვის ეჩუქებინოს, ჩვენთან კი მოხდა.
წერილის მესამე ნაწილში კი მოცემულია ჩემი ნაფიქრი საქართველოს მომავალ განვითარებაზე.
მსოფლიოში ხუთი ათასი ერი და ორასიოდე სახელმწიფოა. ჩვენ ერების იმ 3%-ში ვართ, რომელსაც სახელმწიფოებრიობა მიეცა. მორწმუნე, ალბათ, იტყვის სახელმწიფო ღმერთმა მოგვცაო, ათეისტი კი - ისტორიულმა გარემოებებმაო, მაგრამ რისთვის მოგვეცა ქართველებს სახელმწიფოებრიობა და რა უნდა ვაკეთოთ აწი? რატომ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა გარკვეული პერიოდით და რატომ დაგვიბრუნდა? სახელმწიფოებრიობა ჯილდოა თუ პასუხისმგებლობა? აი, ესაა ჩემი მსჯელობის საგანი.
- სააკაშვილის ხელისუფლების გაცხადებული კურსი პროდასავლური იყო, მაგრამ რეალურად რამდენად მივდიოდით ჩვენ დასავლეთისკენ?
- თანამედროვე, მოაზროვნე ქართველს წარმოუდგენელია, დასავლური კულტურა არ აინტერესებდეს. თუ ვერ ხედავ იმ პლუსებს, რაც დასავლეთმა, მისმა კულტურამ მისცა ადამიანს, ან არაგულწრფელი ხარ, ან ბეცი. კულტურა, არქიტექტურა, ესთეტიკა, მწერლობა, პიროვნების გასაქანი - ეს დასავლეთის მიმზიდველი მხარეებია. საბჭოთა სატუსაღოში მოქცეულნი ამ ყველაფერს ვნატრობდით. მე დასავლეთის მეხოტბეთა რიცხვს განვეკუთვნები. მიყვარს ჰემინგუეი, პიკასო, "ბარსელონა", მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი დასავლური კერპად აქციო და მიიჩნიო, იქ ყველაფერი კარგია. მე, ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც აშშ-ში წავედი და იქ წლები ვიცხოვრე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისტორიული დასავლეთი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, სხვაა და სხვაა - თანამედროვე დასავლეთი, რომლის ვარდნისა და ფასეულობების დეკადანსის ნიშნები ბოლო 50 წელია ძალიან თვალსაჩინოა.
ოჯახი, რითაც ადამიანი ბედნიერია, დასავლეთში მარცხდება.
სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა. ყველაზე "თავისუფალ" ქვეყანაში აშშ-ში, ყველაზე მეტი პატიმარია. არნახულია გარყვნილების ფორმები და გვეუბნებიან, - ეს ყველაფერი მიიღეთო, რომ ახალგაზრდამ უნდა იცხოვროს გარყვნილი სექსუალური ცხოვრებით, რათა დაღვინდეს და მერე შექმნას სტაბილური ოჯახი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს დოქტრინა რომ სწორი იყოს, რატომ ინგრევა ოჯახების ნახევარზე მეტი? რატომ არა აქვს ლოგიკური აზროვნების მქონე დასავლეთს ამაზე სწორი პასუხი? კაცობრიობამ კარგა ხანია იცის, რაც ღრმად შედიხარ ცოდვაში, მით უფრო ძნელად აღწევ მას თავს. პედოფილების დასაცავად პოლიტიკური მოძრაობები იქმნება, რომ სექსუალური კავშირის დასაშვები ასაკი 12-14 წლამდე დასწიონ. სტაბილურ და კეთილდღეობით მცხოვრებ დასავლეთის ქვეყნებში რატომ არის ყველაზე მაღალი თვითმკვლელობების სტატისტიკა? ყველაზე მეტი ბავშვი ძალადობრივად აშშ-სა და კანადაში იხოცება. ანტიდეპრესიული, ნახევრად ნარკოტიკული მედიკამენტების მოხმარება, რომელიც ადამიანის წამალზე დამოკიდებულებას იწვევს, ყველაზე მაღალი იქაა. საკრედიტო ვალებში მყოფი მოსახლეობა ბევრად მეტ მონობაში ცხოვრობს თავისუფლების დროშის ქვეშ, ვიდრე ჩვენ, ვისაც ჯერ ასეთი პრობლემები არა გვაქვს. დასავლეთის ქვეყნები სულ ცდილობენ ეკონომიკურ გამდიდრებას და უპირველესად გაკოტრების კანდიდატები სწორედ ისინი არიან. მიყვარს, მაინტერესებს დასავლეთი, მაგრამ ამ ფაქტებს რა ვუყოთ? აზროვნებაზე უარი ვთქვათ და ბრმად მივენდოთ? ჩვენგან ითხოვენ, - თუ გინდათ, ევროკავშირში შემოხვიდეთ, ყველაფერი დასავლური უნდა მიიღოთო. რატომ უნდა მივიღო ყველაფერი?
დასავლეთში აღარ არსებობს ცოდვის ცნება. რელიგიურობა დასაცინი და ჩამორჩენილობის ნიშანი გახდა.
ქართული კულტურა კი ასე არ მიიჩნევს. ათეისტურ იმპერიაში გავიზარდე, მაგრამ ოჯახებში იყო შენახული ზნეობა და ღმერთის შიში. უნდა გამოვიდეთ დასავლეთის თავდახრილობიდან. შევხედოთ დასავლურ იდეოლოგიას, როგორც საინტერესოს, რაღაცებში ჩვენთვის მარგებელს, მაგრამ რაღაცებში ჩვენთვის მავნებელ იდეოლოგიას. დასავლეთისგან ავიღოთ, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. მივცეთ საკუთარ თავს სელექციის, სელექტიური ვესტერნიზაციის უფლება. ხომ არიან დასავლეთში ლიბერალები და აზრთა სხვადასხვაობა მათთვის მისაღებია, შეეგუონ იმას, რომ ჩვენ არ მოგვწონს ზედმიწევნით ის, რაც მათ მოსწონთ.
- საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მომავალს როგორ ხედავთ?
- კეთილი ნების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია არ წაიღოს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად დაგინებული აღიარება უკან, მაგრამ არც ხელი შეუშალოს ჩვენს მათთან შერიგებასა და რეინტეგრაციას. ეს ლოგიკურად სავსებით თავსებადი ცნებებია, რადგან ოსეთის სახელმწიფოებრიობა რუსეთს უხერხულობას უქმნის. ამ ხაფანგის საშიშროებას რუსები ნელ-ნელა მიხვდებიან, თუ უკვე არ მიხვდნენ. და თუ არ მიხვდებიან, მაშინ დიდი გაჭირვება ელოდებათ. საქართველო მაინც აუცილებლად გამთლიანდება და ჩვენი სახელმწიფოსათვის ბევრად მომგებიანი იქნება, თუ ეს მოხდება არა რუსეთის ნგრევის, არამედ მისი კეთილგონიერების ფონზე.
ჩვენც უკომპრომისოები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ეხება, მაგრამ უაზროდ რუსების გინებას, ჯობია, თავს მივხედოთ. ორმხრივი შეცდომების შედეგად, რუსეთი ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.
თანამედროვე რუსეთის მიმდინარე დაშლის პირველი სამი ეტაპი - რომანოვთა იმპერია, ვარშავის ბლოკის ქვეყნების ბუფერული ზონა და საბჭოთა კავშირი - დიდი სისხლიანობით გავიარეთ და სამწუხაროდ, თავად ფედერაციის დაშლის აპოკალიფსური მოლოდინი აშკარად სახეზეა ჩეჩნეთისა და დაღესტნის უხორცებელი სეპარატისტული ჭრილობების სახით. ჩვენი მოძმე ეს და სხვა კავკასიელი ერები თვითგამორკვევის ურთულეს პროცესში იმყოფებიან და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს ამ კონფლიქტებში, ამით იგი კრემლს დაემსგავსება, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ერევა ამგვარ პროცესებში. ჩვენ, როგორც აქამდე გვიკეთებია, მეგობრობისა და ჰუმანიტარული თანადგომის ხელი უნდა გავუწოდოთ ყველა გაჭირვებულ ჩვენს მეზობელსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ ფარისევლურად მეზობლად მიმდინარე სეპარატისტულ ომებში რომელიმე მხარის თანადგომა კარგს არაფერს მოგვიტანს.
რუსეთის მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სხვა არაფერია, თუ არა თავად რუსეთში არსებული საკუთარი ქვეყნის დაშლის შინაგანი შიშის რეფლექსი. ამ შიშის სავალალო, ირაციონალური და მაზოხისტური პროექცია ისურვა კრემლმა ჩვენს სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, არა ჩვენი სიშტერისა თუ ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული ღალატის გარეშე. აბა, ირაციონალიზმის გარდა სხვა რით აიხსნება რუსეთის მიერ თვითმავნებლური გამოცხადება იმისა, რომ ოსებს, რომელთა 95%-ზე მეტიც რუსეთში ცხოვრობს, ეკუთვნით საკუთარი სახელმწიფო? - საკუთარი ემოციური სიშტერის ხაფანგი, ან დერჟიმორდობით შენიღბული რუსეთის ინტერესების ცინიკური ღალატი, რომლის შედეგებსაც ოკუპანტის საერთაშორისო სტატუსში ჩავარდნილი რუსეთი, სამწუხაროდ, მხოლოდ მძიმე დანაკარგებით თუ დააღწევს თავს, თუ რამეს სასწრაფოდ თავად არ იღონებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
მიუხედავად ყველაფრისა, გავბედავ და თანამედროვე საქართველოში უაღრესად არაპოპულარულ და სახიფათო აზრს ვიტყვი:
ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან და ორივე ერის ძალიან დიდი შეცდომა და ამ ერების მტრული ძალების დიდი ჩალიჩის შედეგია ჩვენი ასეთ დაპირისპირებამდე მისვლა. საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მიწების წართმევას და სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მას საქართველოს ნამსხვრევების ნაცვლად თავად საქართველოსთან სჭირდება მოკავშირეობა, მანამდე იქნება ორივე ქვეყანა გაჩხერილი ამ ორივესათვის უაღრესად მავნებელ ჩიხში.
იცით, გაეროს დასკვნების შესახებ? საგანგაშოა მათი მონაცემები საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვგონია, რომ 2050 წელი შორსაა, როდესაც გაეროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 32%-ით შემცირდება და სწორედ ქართველების ხარჯზე. ქალაქში ადამიანს სივრცე არ ჰყოფნის და გამრავლების სურვილი არ აქვს. სოფელში კი პირიქითაა, რაც მეტი შვილი ჩნდება, მეტ სივრცეს იკავებს და ოჯახი ძლიერდება. საჭიროა ქვეყნის სასწრაფოდ დეურბანიზაცია.
ჩვენი ორი ეთნიკური რეგიონის - ახალქალაქისა და მარნეულის ინტეგრაციაზე წლებია ვფიქრობ. კონსულტაციებს გავდივარ სულიერ მამებთან, ჩემზე ჭკვიან ხალხთან, და მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მომზადდეს ორი პროექტი. რესპუბლიკური მასშტაბის (და არა მუნიციპალური) ადმინისტრაციული დაწესებულებები - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. ამით სომხებს მივცემთ კოლოსალურ შემოსავალს, მშენებლობაზე დავასაქმებთ, რძეს და კარტოფილს მოგვყიდიან და შემოსავალი გაუჩნდებათ. ამით მათი ინტეგრაციაც მოხდება, ქართულს უკეთ ისწავლიან და ბევრად კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში.
- რა დააშავეს მარნეულში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეებმა?!
- მარნეულთან უნდა აშენდეს დიდი აკადემქალაქი (როგორიცაა სტენფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდი, ოქსფორდი), სადაც გადავა ინსტიტუტები და ძლიერი სამეცნიერო ცენტრები. მილიონნახევრიან ქალაქში გაფანტულ ბენზინის სუნით გაჟღენთილ კორპუსებში დიდი მეცნიერები ვერ იქნებიან. რაღაც ინსტიტუტები თბილისშიც დარჩება. ბარბაროსობად მიმაჩნია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს სხვა დატვირთვა მოუძებნო, მაგრამ თსუ-ის მაღლივისა და ტექნიკური უნივერსიტეტის მარნეულში გადატანით არაფერი გაფუჭდება. მარნეულთან არის საშუალება, რომ ასეულ ჰექტარზე გაშენდეს სამეცნიერო დაწესებულებები, ულტრათანამედროვე აუზები, საერთო საცხოვრებლები, მეცნიერებისთვის კოტეჯები, ობსერვატორიები. ამ პროექტების დაფინანსების ორი წყარო მესახება: თბილისში არსებული ამ დაწესებულებების უძრავი ქონების გაყიდვა და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ამ ორივე პროექტს დასჭირდება დაახლოებით 30-30 ათასი თბილისელის გადაყვანა ამ რეგიონებში და 2-2 მილიარდის დახარჯვა ბიუჯეტიდან. სამ წელიწადში ამ პროექტის დასრულება სავსებით რეალურია.
ჯავახეთი საქართველოს ციმბირია. იქაური ნორდიკული კლიმატი კი პლუსი იქნება არამძინარე, არადონდლო მთავრობისთვის.
არამზადა, ფარისეველი მოხელე, რომლის მთავარი ამოცანა ფულის მოპარვა, საღამოს ვაკეში კაფეში ჯდომა და "მერსედესით" "კატაობაა", ახალქალაქში არ წავა. იქ იდეური ადამიანები წავლენ და ეს ერთგვარი საკადრო იდეოლოგიური ფილტრიც იქნება.
ინფანტილიზმია წარმოდგენა, რომ ვიღაცამ პირში უნდა ჩაგვიდოს ლუკმა. არ ვწუწუნებ, უამრავი ხალხი მოდის ჩემთან. რაზეც გული მყოფნის, სიხარბე არ მერევა და რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ხშირად ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ტყუილად ვაკეთებ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაზარმაცებული ერი ვართ.
გარდაბანში ადგილობრივმა ქართველმა კომუნისტების დროინდელი ყოფილი ფერმა მაჩვენა. ვკითხე, აქაურობა ასე გამოფატრული რატომ არის-მეთქი, დანადგარები მორალურად მოძველებული იყოო. რეალურად კი ჯართად გაზიდეს. იქვე ახლოს შიფერებით შეკოწიწებული ძველი სათბური დავინახე. შევედი და მეგონა, სამოთხეში მოვხვდი, ისე ხასხასებდა მწვანილი. იმ კაცმა მითხრა, - ამ სათბურს აზერბაიჯანელები ქირაობენ ჩემგან და თვეში 800 ლარს მიხდიანო. შენ რას აკეთებ-მეთქი. მე ევროპელები კრედიტს არ მაძლევენ, რომ თანამედროვე სათბური ავაშენოო. იქვე ეკომიგრანტი სვანები ცხოვრობდნენ და იმ სათბურში არც ერთი არ მუშაობდა. ყოველდღე ელიავაზე მიდიოდნენ.
უნდა ვაღიაროთ ჩვენი ნაკლი. ქართველები უწინ ასეთები არ ვყოფილვართ. ჯავახეთში აბულის ციხეზე რომ ავედი, მსგავსი არაფერი მინახავს. ლამის ნოეს დროინდელი, უდუღაბოდ, ვულკანური ფიქლით ნაშენი ქალაქია. იმას ჩვენ ვერ ავაშენებდით, სხვანაირები რომ არ ვყოფილიყავით. ჩვენი ეროვნული ენერგიის ვარდნა იმიტომ მოხდა, რომ ქალაქური კულტურა ჩვენთვის ორგანული არ არის. ქალაქშიც უნდა ვიყოთ, გოგი ცაბაძეც უნდა გვყავდეს და ჩვენი გენიალური ხელოვანებიც, მაგრამ ჩვენი ხერხემალი ბუნებასა და მიწასთანაა. მას რომ დავშორდით, ძალა იმიტომ გამოგვეცალა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ სოფელს. ჩვენი ქალები ევროპულად 1 და 2 შვილს აჩენენ, ჭარბ დედურ ენერგიას იმ ერთ ან ორ შვილს ახმარენ და აკრეტინებენ, განსაკუთრებით ბიჭებს. ჭიპლარგადაუჭრელი დედა-შვილების ქვეყნად ვიქეცით. დედის კალთას ამოფარებული ახალგაზრდა, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ გაერთოს და "ფეისბუკსა" თუ ონლაინკაზინოში "იმოღვაწეოს", კრეტინდება და არარაობად იქცევა. გაერომ გვითხრა, ქრებითო და მოდი, ნუ გავქრებით. ჩვენი სარწმუნოება ხომ იმას გვასწავლის, რომ უნდა ვიბრძოლოთ.
რაკი არჩევნებით მიშა მოვიშორეთ, ზოგს ჰგონია, ავშენდითო, სინამდვილეში ისევ სიკვდილის პირას ვართ, რეანიმაციაში ვწევართ. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა ვერ გვიშველის, ჩვენ თუ არ გავანძრიეთ ხელი.
ვიცი, რაც მოხდება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ. ე.წ. ლიბერასტები ჩამქოლავენ, რადგან მათსავით არ ვფიქრობ. შავრაზმელად, ანტიდასავლელად, ადამიანების უფლებების დამრღვევად და კა-გე-ბეს აგენტად გამომაცხადებენ, მაგრამ ჩუმად როგორ ვიჯდე, როდესაც ქვეყანა იღუპება.
ჩემი ოთხი დიდი ბაბუა გადაასახლეს და დახვრიტეს. 9 აპრილს მძიმედ დავიჭერი და ნაწილობრივ დავბრმავდი. იმ დღეს იქ არც მიშა სააკაშვილი მინახავს და არც იმ კაგებეშნიკების შვილები, რომლებიც ახლა პატრიოტიზმს გვასწავლიან. საბჭოთა კავშირი იმპერია იყო, რომელიც უღმერთობის გამო დაინგრა. ამ თავისუფალ, გახსნილ სამყაროში ყველა ქართველს ერჩივნოს ყოფნა ღმერთის და შრომისმოყვარეობის იმედად და ნუ გავხდებით უფროსი თაობის მაგინებელი ერი, რომელიც ასჯერ გვჯობდა. იტალიასა და საფრანგეთზე ნაკლები კინემატოგრაფი არ ჰქონია "ქართულ ფილმს" 60-იან წლებში. ოთარ ჭილაძისნაირი მწერალი, მიმამჩნია, რომ მეოცე საუკუნეში არავის ჰყოლია, დათო ყიფიანისნაირი ფეხბურთელი პელეს გარდა მსოფლიოში არ ყოფილა.
ამათ რომ აგინებ, თავად ვინ ხარ? კაგებეშნიკების შვილთაშვილი, გენეტიკური კაენიტი, საკუთარი ერის მაგინებელი, ყველანაირი იდეოლოგიის ქვეშ დამწოლი და უსამართლო არსება. როგორ შესძულდათ ასე საკუთარი სამშობლო?!
ვნახე და ძალიან მომეწონა "კვირის პალიტრის" ის ნომერი, სადაც პირველ გვერდზე ეწერა, - აზდაკს ველითო. სამართლიანობა სჭირდება ამ ქვეყანას. ვინც დაჩაგრეს, იმას ვერ ეტყვი, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოითხოვოს, რადგან ადამიანებს ყველაზე ძვირფასი - ღირსება შეელახათ. ამ 9 წლის მანძილზე 300.000 კაცმა გამოიარა სატუსაღოების ჯურღმულები აბუჩად აგდებისა და მორალურად განადგურების თანხლებით. ადამიანმა სამართალი უნდა ეძებოს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამ მტარვალების დასჯით მათი ცხოვრება გაუმჯობესდება. ჩვენი საზოგადოება არ უნდა იქცეს სეირის მაყურებლად. კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს, მაგრამ ბოდიში ყველას უნდა ეხმარებოდეს.
სულ ველი და ვერავისგან გავიგონე გულით ნათქვამი ბოდიში.
ბოდიში და მიტევება აუცილებელია, თუკი ჰუმანური სამართლიანობის დამყარება გვინდა.
ბოლო 10 წელი ჩვენს მომავალ თაობას ბაკქანალია და უზნეობა ვაყურებინეთ. 20 წლის ახალგაზრდის ფსიქიკაზე ამას უკვე დაჩნეული აქვს კვალი, რადგან 10 წელი ამ უზნეო გარემოში იზრდებოდა. რასაც ბოლოს ცოცხების ტრიალი მოჰყვა(!).
სიშლეგე ან ცბიერება იყო საქართველოს სინგაპურიზაციის მცდელობა. აშშ-ში მაქვს დაცული დისერტაცია სინგაპურის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოდელზე და ძალიან კარგად ვიცნობ მას. რატომ მოხდა ჩვენთან ინგლისური ენის ასეთი მოძალება, როდესაც ინგლისში დღეს დიდი ბრძოლაა, რომ 8 წლამდე კი არა, 9 წლამდე აუკრძალონ ბავშვებს უცხო ენის სწავლება. ინგლისელ მეცნიერებს, ლინგვისტებს, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მშობლიურთან ერთად უცხო ენის სწავლა ბავშვის ფსიქიკას ჩეხს. ბავშვი ჯერ მშობლიურ საფუძველზე უნდა დადგეს მყარად და მერე ისწავლოს სხვა ენა. მოზარდს ეთნოფსიქიკა არ უნდა დააკარგვინონ.
შეხედეთ, რა ვუქენით რუსულ ენას? გასაგებია, კრემლი რაც არის და რა უსამართლობაც ჩაიდინა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მაგრამ ეს ქვეყანა 400-მილიონიანი ბაზარია, სადაც ქართველს უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა. მას მერე, რაც რუსეთში ქართული პროდუქციის გატანა აიკრძალა, ტვინი დავასხით, მილიონები დავხარჯეთ. "ბაგრატიონს" ოფისები აქვს შანხაიში, სან-ფრანცისკოში, მიუნხენში, ლონდონში, მაგრამ შვიდჯერ ნაკლები ქართული ღვინო იყიდება ამ გიგანტურ ქვეყნებში, ვიდრე უკრაინაში, რომელიც რუსეთზე ათჯერ ნაკლებია. 100 ათასი ბოთლი ღვინო იყიდება ყველა ამ ქვეყნებში და 700 ათასი იყიდება უკრაინაში.
ბიზნესსკოლაში დაპყრობის თეორიებს ვსწავლობდი, მაინტერესებდა ეს თემა. სამხედრო და კორპორატიული ანექსია წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. ობიექტს რომელსაც იპყრობ, უნდა გადაუკეტო საარსებო წყაროები, მიამართვინო რესურსები სხვაგან (არა იქ, სადაც არ გაწყობს), დათესო შიში მოსახლეობაში და როცა ყველა ინსტიტუტი შესუსტდება, ერთიანად დაარტყა. ეს ხდებოდა წინა რეჟიმის დროს საქართველოში. ამ პროგრამის დამუშავების ტვინი სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონდა, მაგრამ ისინი სხვის (არ ვიცი, ვის) დამუშავებულ ამ პროგრამას სწრაფი ტემპებით ახორციელებდნენ. ფეკალიების ძახილის გამო გადაიკეტა რუსული ბაზარი, შემოსავლები ჩანაცვლდა ოთუსბირი კრედიტებით, კრედიტებით აღებული ფული კარუსელებსა და ჭაობებში დაიხარჯა, მოსახლეობა დააშინეს და დაატუსაღეს, ყველა საზოგადოებრივ ინსტიტუტს და ავტორიტეტებს შეუტიეს, ალყის გარეთ მდგომი ემიგრანტები კი აგენტებად გამოაცხადეს. სოფლად ხალხს ხან ქათმები დაუხოცეს, ხან ღორები, რათა ხორცი უცხოეთიდან შემოეტანათ. მერე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა წამოიწყეს და გლეხები გააუბედურეს.
ეს იყო დაკაბალების ქრესტომათიული მაგალითი, რომელიც უნიჭო ხელისუფლებამ ფართხა-ფურთხით შეასრულა. ამას რომ აკეთებ, ან დეგენერატი ხარ, ან პროვოკატორი. გამაგებინეთ, ამდენი დუ-იაქი როგორ უნდა გააგორო, თუ კამათელში მაგნიტი არა გაქვს. თუ დასკვნებს არ გამოვიტანთ ამ გაკვეთილიდან, უარესი დაგვემართება. ჩემი აზრით, არასაკმარისია (თუმცა აუცილებელი) ყოფილი რეჟიმის დამნაშავე ინდივიდების სამართლებრივი დევნა. აუცილებელია, სააკაშვილის გუნდი გასამართლდეს როგორც რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც კანონის ფეხქვეშ გათელვით ქვეყანა გააუბედურა. ეს უნდა მოხდეს ჰიტლერის, პინოჩეტის, გალტიერის, ბინიონეს და სხვათა მსგავსი რეჟიმების სასამართლო პროცესების მსგავსად... მე პირადად, როგორც ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან და სტუდენტობიდან ახლოს ვიცნობ მმართველი რეჟიმის ელიტის უმრავლესობას, ძალიან მიჭირს ასეთი რამის თქმა, მაგრამ ვთვლი, რომ მორალური არჩევანი აღარ დამრჩა... ეს განსაცდელი ქართველებმა ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ. იმაში, რაც გადავიტანეთ, სასჯელი არ უნდა დავინახოთ, რადგან უფალს ადამიანები უყვარს, ღმერთი ადამიანს ცუდს არასოდეს აძლევს. ჩვენ გაკვეთილი მოგვეცა, რომ ასეთი შეცდომა კიდევ აღარ დავუშვათ. "ქართლის ცხოვრებაში" ჯუანშერს უწერია, ვითარცა უფალი გამოზრდის ურჩთა შვილთა მათი ცუდად ქცევის დროს, სწორედ ასევე გამოუგზავნა საქართველოს მრავალი გასაჭირიო. შვილს იმიტომ ვსჯით, რომ უკეთესი გახდეს, მაგრამ თუ არ მოგისმენს, ხომ მეტად დასჯი.
- პირველ ოქტომბერს ახალი მთავრობა მოვიდა ქვეყანაში. თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ?!
- მთავრობაზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე გეტყვით ჩემს აზრს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან ხელისუფლების სათავეში შეძლებული კაცი მოვიდა, მხოლოდ ის გადაარჩენს ქვეყანას. პოლიტიკოსების ქება არ მიყვარს, - ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა რომ უყურა ამ ყველაფერს, თქვა, - მეტი აღარ შემიძლიაო და თავი გაწირა. არაფრის შანსი არ გვექნება, თუ ვიფიქრებთ, რომ უქმად ვისხდებით და ეს კაცი გვაჭმევს. თუ ხელს არ გავანძრევთ, უარესი დაგვემართება.
ძალიან მომწონს ჩვენი მდგომარეობის დიმიტრი უზნაძისეული გააზრება: გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართო... მთავარია, შევძლოთ ჩვენი ცოდვების, სისუსტეებისა და ავადმყოფობის დანახვა.
- თქვენს ერთ ლექსშია სტრიქონი -"ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ"... არ ვეძებოთ ბედნიერება?
- ახალი იდეოლოგია გვასწავლიდა, რომ ბედნიერება უნდა გვეძებნა ჩვენი უფლებების დაცვის ხარჯზე. ჩემი და, ალბათ, თქვენი მშობლებიც არ გვეუბნებოდნენ, ამის და ამის უფლება გაქვსო, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რისი უფლებაც არ გვქონდა და ჩვენს ვალდებულებებს გვასწავლიდნენ. ჩვენ უფლებებზე კი არა, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ეთნოსი ვართ. ადამიანი, რომელსაც ზრდიან იმ განცდით, რომ ვალდებულებები და პასუხისმგებლობა კი არა, მხოლოდ უფლებები აქვს, უბედურდება. დასავლეთშია ეს დეკადანსი, რომელსაც ძალიან განვიცდი. როგორ შეიძლება ბავშვი მამას პავლიკ მოროზოვივით ასმენდეს. მერე მოდიან იურისტები და მამას, რომელიც შვილს დაუყვირებს, ბავშვს ართმევენ. ახალი თაობის სწორად აღზრდა უდიდესი საქმეა. ძალიან ვგულშემატკივრობ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი შვილის ნათლიაა. მესმის, რამხელა სიმძიმის ზიდვა ერგო მას. არჩევნების შემდეგ გიორგიმ მითხრა, - წიგნებს ვუბრუნდებიო და ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ბატონმა ბიძინამ რომ სთხოვა, უარი ვერ უთხრა მინისტრობაზე და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, ჯვარზე გაეკრა.
ზოგიერთს საქართველოშიც წარმატების საზომად კარიერა და ფულის კეთება მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ კერპს ვეთაყვანებით. ჩვენი საზომი ეს არ უნდა იყოს, რადგან ამ საზომით ქრისტე არ ყოფილა წარმატებული. ჩვენ უნდა ვილოცოთ, ვისწავლოთ და მუყაითად ვიმუშაოთ.
ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, სტუმრად ვიყავი მაჰარაჯასთან. მდიდრულ სასახლეში სპილოებით შეგვიყვანეს. გამაოცა მაჰარაჯას ოჯახის უბრალოებამ და თავმდაბლობამ. საძინებელში შავ-თეთრი ტელევიზორი ედგა. ვკითხე, - თქვენი თავმდაბლობა და უბრალოება როგორ თავსდება ასეთ მემკვიდრეობით სიმდიდრესთან-მეთქი. მითხრა, - სიმდიდრე არაფერში მჭირდება, მაგრამ ინდოეთის ღარიბებში რომ დავარიგო ეს ქონება, ღატაკები ხვალ ისევ ღატაკები იქნებიან, მაჰარაჯას ინსტიტუტი კი აღარ იქნება რაჯასტანშიო. სიმდიდრეს მხოლოდ მეშვიდე თაობაში სცემენ პატივს. თუ შვიდმა თაობამ გაუძლო, რომ სიმდიდრის გამო ოჯახმა ერთმანეთი არ დაჭამა, მერე ვამბობთ, რომ ისინი კარგი ხალხი ყოფილანო.
გერჩივნოს, ოჯახი გყავდეს და უფულოდ იყო, ვიდრე მილიონი გქონდეს და ოჯახი არ გყავდეს.
- ბატონო ლევან, არ შემიძლია არ გკითხოთ: თქვენ ყოველთვის მოგიაზრებდნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. წელს საპრეზიდენტო არჩევნებია და კულუარებში კვლავ დასახელდით როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?
- პირდაპირ გეტყვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. ათეულობით ცილისმწამებლური წერილი დაიბეჭდა ქართულ პრესაში და გაკეთდა სიუჟეტები, რომ თითქოს ვიღაც გარი ლუჩანსკისთან ერთად ვამხობდი სააკაშვილს. მათ სინდისზე იყოს ეს ტყუილები. ცეცხლის გარეშე ამდენი ბოლი არსად მინახავს. ვიღაცამ ჩემი ლექსი დადო ინტერნეტში და ჟურნალისტებმა დაწერეს, - ამას პრეზიდენტობა უნდაო. არასოდეს მნდომებია პრეზიდენტობა და არც პოლიტიკური ამბიციები მქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, მჯერა ერის მსახურების. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრება გაიფუჭა პოლიტიკაში წასვლით. ეს ვაჟკაცობა დასაფასებელია, რადგან თავგანწირვის ტოლფასია. რას მოიგებს ამით?
შეიძლება ადამიანს უნდოდეს ნებით ისეთი სამსახური, რომელშიც რაც უნდა ქმნას, პირველივე დღიდან მოსახლეობის 20% აგინებს და 4-5 წლის მერე კი - 80%. ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია ან ღატაკ, ამბიციურ და ცუდ ადამიანს, რომელსაც უნდა ფული აკეთოს ხელისუფლებაში მოსვლით, ან ვაჟკაც ადამიანს, რომელსაც უნდა ქვეყნისთვის გაისარჯოს, გადაჰყვეს და ამისთვის მზადაა სხვების უმადურობაც მოითმინოს. როდესაც ჩემს პოლიტიკურ ამბიციებზე წერდნენ, ისეთი განცდა მქონდა, რომ სახელისუფლებო პრესა მაძალებდა მეთქვა, დედას გეფიცებით, პოლიტიკაში არ წავალ-მეთქი. არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია. თუ მომავალში რამე შეიცვლება, გამოვალ და კაცურად ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მოვდივარ. არ დავიმალები.
- ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა, რომ პოლიტიკაში არასოდეს მოვიდოდა.
- ამბობდა და მჯერა, რომ გულწრფელი იყო. ხელისუფლებაში ყოფნა უმძიმესი ტვირთია ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემაა და როგორ შეიძლება, ეს გინდოდეს საკუთარი თავის ან შვილებისთვის. უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კარგად გაზომა ის საფრთხე, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა. მჯერა, ის ვაჟკაცურად, ალალად შევიდა პოლიტიკაში და ამით თავისი ქვეყნისთვის გაწირა თავი. არანაირი კორელაცია არ არის ბედნიერებას, სიმშვიდესა და ფულის შოვნას შორის. პირიქით, ფული ბედნიერებას აკარგვინებს ბევრს.
რაც თავი მახსოვს, საქართველო ინგრევა და მხოლოდ ერთი ინსტიტუტი ყვავის - ეკლესია.
1977 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა აღსაყდრდა, 4 ეპისკოპოსი, 10-12 მღვდელი და 10 მოქმედი ტაძარი იყო. ამას მოჰყვა ომები, ქვეყნის გაღატაკება, ეკონომიკის ვარდნა და ამ ყველაფრის ფონზე აშენდა 1200 ტაძარი და გვყავს რამდენიმე ათასი სასულიერო პირი. რომელი ორგანიზაცია გაიზარდა ასე? ამას ათეისტი ლოგიკურად ვერ ახსნის. ეს ზებუნებრივი მოვლენაა. სასწაულები კი, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური მოვლენებია.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნააზრევის სრულ ვერსიას - "ერი და სახელმწიფო" ჩვენი მკითხველი გაეცნობა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirisalitra.ge
გადადით ბმულზე: ლევან ვასაძე - "ერი და სახელმწიფო"