ლევან ვასაძე - "ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ე.წ. ლიბერასტები ჩამქოლავენ, რადგან მათსავით არ ვფიქრობ” (ინტერვიუს მე-2 ნაწილი)
"პოლიტიკაში სამი კატეგორიის ხალხი მოდის: არამზადები - ძალაუფლებით ტკბობისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, მიამიტი ჯიგრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას გააკეთებენ ქვეყნისთვის და მერე ფუჭდებიან, და ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც შედიან ამ ბრძოლაში და ჯვარზე ეკვრებიან მიუხედავად იმისა, რომ იციან, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის", - განაცხადა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ. ლევან ვასაძესთან საუბარი მისი იმ წერილის ("ერი და სახელმწიფო") განხილვით დავიწყეთ, რომელიც სრული სახით ჩვენი გაზეთის ვებგვერდზე - www.kvirispalitra.ge გამოქვეყნდება:
ლევან ვასაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ”კვირის პალიტრასთან”, გაგრძელება:
- რა დააშავეს მარნეულში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეებმა?!
- მარნეულთან უნდა აშენდეს დიდი აკადემქალაქი (როგორიცაა სტენფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდი, ოქსფორდი), სადაც გადავა ინსტიტუტები და ძლიერი სამეცნიერო ცენტრები. მილიონნახევრიან ქალაქში გაფანტულ ბენზინის სუნით გაჟღენთილ კორპუსებში დიდი მეცნიერები ვერ იქნებიან. რაღაც ინსტიტუტები თბილისშიც დარჩება. ბარბაროსობად მიმაჩნია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს სხვა დატვირთვა მოუძებნო, მაგრამ თსუ-ის მაღლივისა და ტექნიკური უნივერსიტეტის მარნეულში გადატანით არაფერი გაფუჭდება. მარნეულთან არის საშუალება, რომ ასეულ ჰექტარზე გაშენდეს სამეცნიერო დაწესებულებები, ულტრათანამედროვე აუზები, საერთო საცხოვრებლები, მეცნიერებისთვის კოტეჯები, ობსერვატორიები. ამ პროექტების დაფინანსების ორი წყარო მესახება: თბილისში არსებული ამ დაწესებულებების უძრავი ქონების გაყიდვა და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ამ ორივე პროექტს დასჭირდება დაახლოებით 30-30 ათასი თბილისელის გადაყვანა ამ რეგიონებში და 2-2 მილიარდის დახარჯვა ბიუჯეტიდან. სამ წელიწადში ამ პროექტის დასრულება სავსებით რეალურია.
ჯავახეთი საქართველოს ციმბირია. იქაური ნორდიკული კლიმატი კი პლუსი იქნება არამძინარე, არადონდლო მთავრობისთვის.
არამზადა, ფარისეველი მოხელე, რომლის მთავარი ამოცანა ფულის მოპარვა, საღამოს ვაკეში კაფეში ჯდომა და "მერსედესით" "კატაობაა", ახალქალაქში არ წავა. იქ იდეური ადამიანები წავლენ და ეს ერთგვარი საკადრო იდეოლოგიური ფილტრიც იქნება.
ინფანტილიზმია წარმოდგენა, რომ ვიღაცამ პირში უნდა ჩაგვიდოს ლუკმა. არ ვწუწუნებ, უამრავი ხალხი მოდის ჩემთან. რაზეც გული მყოფნის, სიხარბე არ მერევა და რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ხშირად ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ტყუილად ვაკეთებ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაზარმაცებული ერი ვართ.
გარდაბანში ადგილობრივმა ქართველმა კომუნისტების დროინდელი ყოფილი ფერმა მაჩვენა. ვკითხე, აქაურობა ასე გამოფატრული რატომ არის-მეთქი, დანადგარები მორალურად მოძველებული იყოო. რეალურად კი ჯართად გაზიდეს. იქვე ახლოს შიფერებით შეკოწიწებული ძველი სათბური დავინახე. შევედი და მეგონა, სამოთხეში მოვხვდი, ისე ხასხასებდა მწვანილი. იმ კაცმა მითხრა, - ამ სათბურს აზერბაიჯანელები ქირაობენ ჩემგან და თვეში 800 ლარს მიხდიანო. შენ რას აკეთებ-მეთქი. მე ევროპელები კრედიტს არ მაძლევენ, რომ თანამედროვე სათბური ავაშენოო. იქვე ეკომიგრანტი სვანები ცხოვრობდნენ და იმ სათბურში არც ერთი არ მუშაობდა. ყოველდღე ელიავაზე მიდიოდნენ.
უნდა ვაღიაროთ ჩვენი ნაკლი. ქართველები უწინ ასეთები არ ვყოფილვართ. ჯავახეთში აბულის ციხეზე რომ ავედი, მსგავსი არაფერი მინახავს. ლამის ნოეს დროინდელი, უდუღაბოდ, ვულკანური ფიქლით ნაშენი ქალაქია. იმას ჩვენ ვერ ავაშენებდით, სხვანაირები რომ არ ვყოფილიყავით. ჩვენი ეროვნული ენერგიის ვარდნა იმიტომ მოხდა, რომ ქალაქური კულტურა ჩვენთვის ორგანული არ არის. ქალაქშიც უნდა ვიყოთ, გოგი ცაბაძეც უნდა გვყავდეს და ჩვენი გენიალური ხელოვანებიც, მაგრამ ჩვენი ხერხემალი ბუნებასა და მიწასთანაა. მას რომ დავშორდით, ძალა იმიტომ გამოგვეცალა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ სოფელს. ჩვენი ქალები ევროპულად 1 და 2 შვილს აჩენენ, ჭარბ დედურ ენერგიას იმ ერთ ან ორ შვილს ახმარენ და აკრეტინებენ, განსაკუთრებით ბიჭებს. ჭიპლარგადაუჭრელი დედა-შვილების ქვეყნად ვიქეცით. დედის კალთას ამოფარებული ახალგაზრდა, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ გაერთოს და "ფეისბუკსა" თუ ონლაინკაზინოში "იმოღვაწეოს", კრეტინდება და არარაობად იქცევა. გაერომ გვითხრა, ქრებითო და მოდი, ნუ გავქრებით. ჩვენი სარწმუნოება ხომ იმას გვასწავლის, რომ უნდა ვიბრძოლოთ.
რაკი არჩევნებით მიშა მოვიშორეთ, ზოგს ჰგონია, ავშენდითო, სინამდვილეში ისევ სიკვდილის პირას ვართ, რეანიმაციაში ვწევართ. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა ვერ გვიშველის, ჩვენ თუ არ გავანძრიეთ ხელი.
ვიცი, რაც მოხდება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ. ე.წ. ლიბერასტები ჩამქოლავენ, რადგან მათსავით არ ვფიქრობ. შავრაზმელად, ანტიდასავლელად, ადამიანების უფლებების დამრღვევად და კა-გე-ბეს აგენტად გამომაცხადებენ, მაგრამ ჩუმად როგორ ვიჯდე, როდესაც ქვეყანა იღუპება.
ჩემი ოთხი დიდი ბაბუა გადაასახლეს და დახვრიტეს. 9 აპრილს მძიმედ დავიჭერი და ნაწილობრივ დავბრმავდი. იმ დღეს იქ არც მიშა სააკაშვილი მინახავს და არც იმ კაგებეშნიკების შვილები, რომლებიც ახლა პატრიოტიზმს გვასწავლიან. საბჭოთა კავშირი იმპერია იყო, რომელიც უღმერთობის გამო დაინგრა. ამ თავისუფალ, გახსნილ სამყაროში ყველა ქართველს ერჩივნოს ყოფნა ღმერთის და შრომისმოყვარეობის იმედად და ნუ გავხდებით უფროსი თაობის მაგინებელი ერი, რომელიც ასჯერ გვჯობდა. იტალიასა და საფრანგეთზე ნაკლები კინემატოგრაფი არ ჰქონია "ქართულ ფილმს" 60-იან წლებში. ოთარ ჭილაძისნაირი მწერალი, მიმამჩნია, რომ მეოცე საუკუნეში არავის ჰყოლია, დათო ყიფიანისნაირი ფეხბურთელი პელეს გარდა მსოფლიოში არ ყოფილა.
ამათ რომ აგინებ, თავად ვინ ხარ? კაგებეშნიკების შვილთაშვილი, გენეტიკური კაენიტი, საკუთარი ერის მაგინებელი, ყველანაირი იდეოლოგიის ქვეშ დამწოლი და უსამართლო არსება. როგორ შესძულდათ ასე საკუთარი სამშობლო?!
ვნახე და ძალიან მომეწონა "კვირის პალიტრის" ის ნომერი, სადაც პირველ გვერდზე ეწერა, - აზდაკს ველითო. სამართლიანობა სჭირდება ამ ქვეყანას. ვინც დაჩაგრეს, იმას ვერ ეტყვი, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოითხოვოს, რადგან ადამიანებს ყველაზე ძვირფასი - ღირსება შეელახათ. ამ 9 წლის მანძილზე 300.000 კაცმა გამოიარა სატუსაღოების ჯურღმულები აბუჩად აგდებისა და მორალურად განადგურების თანხლებით. ადამიანმა სამართალი უნდა ეძებოს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამ მტარვალების დასჯით მათი ცხოვრება გაუმჯობესდება. ჩვენი საზოგადოება არ უნდა იქცეს სეირის მაყურებლად. კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს, მაგრამ ბოდიში ყველას უნდა ეხმარებოდეს.
სულ ველი და ვერავისგან გავიგონე გულით ნათქვამი ბოდიში.
ბოდიში და მიტევება აუცილებელია, თუკი ჰუმანური სამართლიანობის დამყარება გვინდა.
ბოლო 10 წელი ჩვენს მომავალ თაობას ბაკქანალია და უზნეობა ვაყურებინეთ. 20 წლის ახალგაზრდის ფსიქიკაზე ამას უკვე დაჩნეული აქვს კვალი, რადგან 10 წელი ამ უზნეო გარემოში იზრდებოდა. რასაც ბოლოს ცოცხების ტრიალი მოჰყვა(!).
სიშლეგე ან ცბიერება იყო საქართველოს სინგაპურიზაციის მცდელობა. აშშ-ში მაქვს დაცული დისერტაცია სინგაპურის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოდელზე და ძალიან კარგად ვიცნობ მას. რატომ მოხდა ჩვენთან ინგლისური ენის ასეთი მოძალება, როდესაც ინგლისში დღეს დიდი ბრძოლაა, რომ 8 წლამდე კი არა, 9 წლამდე აუკრძალონ ბავშვებს უცხო ენის სწავლება. ინგლისელ მეცნიერებს, ლინგვისტებს, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მშობლიურთან ერთად უცხო ენის სწავლა ბავშვის ფსიქიკას ჩეხს. ბავშვი ჯერ მშობლიურ საფუძველზე უნდა დადგეს მყარად და მერე ისწავლოს სხვა ენა. მოზარდს ეთნოფსიქიკა არ უნდა დააკარგვინონ.
შეხედეთ, რა ვუქენით რუსულ ენას? გასაგებია, კრემლი რაც არის და რა უსამართლობაც ჩაიდინა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მაგრამ ეს ქვეყანა 400-მილიონიანი ბაზარია, სადაც ქართველს უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა. მას მერე, რაც რუსეთში ქართული პროდუქციის გატანა აიკრძალა, ტვინი დავასხით, მილიონები დავხარჯეთ. "ბაგრატიონს" ოფისები აქვს შანხაიში, სან-ფრანცისკოში, მიუნხენში, ლონდონში, მაგრამ შვიდჯერ ნაკლები ქართული ღვინო იყიდება ამ გიგანტურ ქვეყნებში, ვიდრე უკრაინაში, რომელიც რუსეთზე ათჯერ ნაკლებია. 100 ათასი ბოთლი ღვინო იყიდება ყველა ამ ქვეყნებში და 700 ათასი იყიდება უკრაინაში.
ბიზნესსკოლაში დაპყრობის თეორიებს ვსწავლობდი, მაინტერესებდა ეს თემა. სამხედრო და კორპორატიული ანექსია წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. ობიექტს რომელსაც იპყრობ, უნდა გადაუკეტო საარსებო წყაროები, მიამართვინო რესურსები სხვაგან (არა იქ, სადაც არ გაწყობს), დათესო შიში მოსახლეობაში და როცა ყველა ინსტიტუტი შესუსტდება, ერთიანად დაარტყა. ეს ხდებოდა წინა რეჟიმის დროს საქართველოში. ამ პროგრამის დამუშავების ტვინი სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონდა, მაგრამ ისინი სხვის (არ ვიცი, ვის) დამუშავებულ ამ პროგრამას სწრაფი ტემპებით ახორციელებდნენ. ფეკალიების ძახილის გამო გადაიკეტა რუსული ბაზარი, შემოსავლები ჩანაცვლდა ოთუსბირი კრედიტებით, კრედიტებით აღებული ფული კარუსელებსა და ჭაობებში დაიხარჯა, მოსახლეობა დააშინეს და დაატუსაღეს, ყველა საზოგადოებრივ ინსტიტუტს და ავტორიტეტებს შეუტიეს, ალყის გარეთ მდგომი ემიგრანტები კი აგენტებად გამოაცხადეს. სოფლად ხალხს ხან ქათმები დაუხოცეს, ხან ღორები, რათა ხორცი უცხოეთიდან შემოეტანათ. მერე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა წამოიწყეს და გლეხები გააუბედურეს.
ეს იყო დაკაბალების ქრესტომათიული მაგალითი, რომელიც უნიჭო ხელისუფლებამ ფართხა-ფურთხით შეასრულა. ამას რომ აკეთებ, ან დეგენერატი ხარ, ან პროვოკატორი. გამაგებინეთ, ამდენი დუ-იაქი როგორ უნდა გააგორო, თუ კამათელში მაგნიტი არა გაქვს. თუ დასკვნებს არ გამოვიტანთ ამ გაკვეთილიდან, უარესი დაგვემართება. ჩემი აზრით, არასაკმარისია (თუმცა აუცილებელი) ყოფილი რეჟიმის დამნაშავე ინდივიდების სამართლებრივი დევნა. აუცილებელია, სააკაშვილის გუნდი გასამართლდეს როგორც რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც კანონის ფეხქვეშ გათელვით ქვეყანა გააუბედურა. ეს უნდა მოხდეს ჰიტლერის, პინოჩეტის, გალტიერის, ბინიონეს და სხვათა მსგავსი რეჟიმების სასამართლო პროცესების მსგავსად... მე პირადად, როგორც ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან და სტუდენტობიდან ახლოს ვიცნობ მმართველი რეჟიმის ელიტის უმრავლესობას, ძალიან მიჭირს ასეთი რამის თქმა, მაგრამ ვთვლი, რომ მორალური არჩევანი აღარ დამრჩა... ეს განსაცდელი ქართველებმა ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ. იმაში, რაც გადავიტანეთ, სასჯელი არ უნდა დავინახოთ, რადგან უფალს ადამიანები უყვარს, ღმერთი ადამიანს ცუდს არასოდეს აძლევს. ჩვენ გაკვეთილი მოგვეცა, რომ ასეთი შეცდომა კიდევ აღარ დავუშვათ. "ქართლის ცხოვრებაში" ჯუანშერს უწერია, ვითარცა უფალი გამოზრდის ურჩთა შვილთა მათი ცუდად ქცევის დროს, სწორედ ასევე გამოუგზავნა საქართველოს მრავალი გასაჭირიო. შვილს იმიტომ ვსჯით, რომ უკეთესი გახდეს, მაგრამ თუ არ მოგისმენს, ხომ მეტად დასჯი.
- პირველ ოქტომბერს ახალი მთავრობა მოვიდა ქვეყანაში. თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ?!
- მთავრობაზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე გეტყვით ჩემს აზრს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან ხელისუფლების სათავეში შეძლებული კაცი მოვიდა, მხოლოდ ის გადაარჩენს ქვეყანას. პოლიტიკოსების ქება არ მიყვარს, - ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა რომ უყურა ამ ყველაფერს, თქვა, - მეტი აღარ შემიძლიაო და თავი გაწირა. არაფრის შანსი არ გვექნება, თუ ვიფიქრებთ, რომ უქმად ვისხდებით და ეს კაცი გვაჭმევს. თუ ხელს არ გავანძრევთ, უარესი დაგვემართება.
ძალიან მომწონს ჩვენი მდგომარეობის დიმიტრი უზნაძისეული გააზრება: გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართო... მთავარია, შევძლოთ ჩვენი ცოდვების, სისუსტეებისა და ავადმყოფობის დანახვა.
- თქვენს ერთ ლექსშია სტრიქონი -"ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ"... არ ვეძებოთ ბედნიერება?
- ახალი იდეოლოგია გვასწავლიდა, რომ ბედნიერება უნდა გვეძებნა ჩვენი უფლებების დაცვის ხარჯზე. ჩემი და, ალბათ, თქვენი მშობლებიც არ გვეუბნებოდნენ, ამის და ამის უფლება გაქვსო, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რისი უფლებაც არ გვქონდა და ჩვენს ვალდებულებებს გვასწავლიდნენ. ჩვენ უფლებებზე კი არა, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ეთნოსი ვართ. ადამიანი, რომელსაც ზრდიან იმ განცდით, რომ ვალდებულებები და პასუხისმგებლობა კი არა, მხოლოდ უფლებები აქვს, უბედურდება. დასავლეთშია ეს დეკადანსი, რომელსაც ძალიან განვიცდი. როგორ შეიძლება ბავშვი მამას პავლიკ მოროზოვივით ასმენდეს. მერე მოდიან იურისტები და მამას, რომელიც შვილს დაუყვირებს, ბავშვს ართმევენ. ახალი თაობის სწორად აღზრდა უდიდესი საქმეა. ძალიან ვგულშემატკივრობ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი შვილის ნათლიაა. მესმის, რამხელა სიმძიმის ზიდვა ერგო მას. არჩევნების შემდეგ გიორგიმ მითხრა, - წიგნებს ვუბრუნდებიო და ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ბატონმა ბიძინამ რომ სთხოვა, უარი ვერ უთხრა მინისტრობაზე და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, ჯვარზე გაეკრა.
ზოგიერთს საქართველოშიც წარმატების საზომად კარიერა და ფულის კეთება მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ კერპს ვეთაყვანებით. ჩვენი საზომი ეს არ უნდა იყოს, რადგან ამ საზომით ქრისტე არ ყოფილა წარმატებული. ჩვენ უნდა ვილოცოთ, ვისწავლოთ და მუყაითად ვიმუშაოთ.
ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, სტუმრად ვიყავი მაჰარაჯასთან. მდიდრულ სასახლეში სპილოებით შეგვიყვანეს. გამაოცა მაჰარაჯას ოჯახის უბრალოებამ და თავმდაბლობამ. საძინებელში შავ-თეთრი ტელევიზორი ედგა. ვკითხე, - თქვენი თავმდაბლობა და უბრალოება როგორ თავსდება ასეთ მემკვიდრეობით სიმდიდრესთან-მეთქი. მითხრა, - სიმდიდრე არაფერში მჭირდება, მაგრამ ინდოეთის ღარიბებში რომ დავარიგო ეს ქონება, ღატაკები ხვალ ისევ ღატაკები იქნებიან, მაჰარაჯას ინსტიტუტი კი აღარ იქნება რაჯასტანშიო. სიმდიდრეს მხოლოდ მეშვიდე თაობაში სცემენ პატივს. თუ შვიდმა თაობამ გაუძლო, რომ სიმდიდრის გამო ოჯახმა ერთმანეთი არ დაჭამა, მერე ვამბობთ, რომ ისინი კარგი ხალხი ყოფილანო.
გერჩივნოს, ოჯახი გყავდეს და უფულოდ იყო, ვიდრე მილიონი გქონდეს და ოჯახი არ გყავდეს.
- ბატონო ლევან, არ შემიძლია არ გკითხოთ: თქვენ ყოველთვის მოგიაზრებდნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. წელს საპრეზიდენტო არჩევნებია და კულუარებში კვლავ დასახელდით როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?
- პირდაპირ გეტყვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. ათეულობით ცილისმწამებლური წერილი დაიბეჭდა ქართულ პრესაში და გაკეთდა სიუჟეტები, რომ თითქოს ვიღაც გარი ლუჩანსკისთან ერთად ვამხობდი სააკაშვილს. მათ სინდისზე იყოს ეს ტყუილები. ცეცხლის გარეშე ამდენი ბოლი არსად მინახავს. ვიღაცამ ჩემი ლექსი დადო ინტერნეტში და ჟურნალისტებმა დაწერეს, - ამას პრეზიდენტობა უნდაო. არასოდეს მნდომებია პრეზიდენტობა და არც პოლიტიკური ამბიციები მქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, მჯერა ერის მსახურების. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრება გაიფუჭა პოლიტიკაში წასვლით. ეს ვაჟკაცობა დასაფასებელია, რადგან თავგანწირვის ტოლფასია. რას მოიგებს ამით?
შეიძლება ადამიანს უნდოდეს ნებით ისეთი სამსახური, რომელშიც რაც უნდა ქმნას, პირველივე დღიდან მოსახლეობის 20% აგინებს და 4-5 წლის მერე კი - 80%. ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია ან ღატაკ, ამბიციურ და ცუდ ადამიანს, რომელსაც უნდა ფული აკეთოს ხელისუფლებაში მოსვლით, ან ვაჟკაც ადამიანს, რომელსაც უნდა ქვეყნისთვის გაისარჯოს, გადაჰყვეს და ამისთვის მზადაა სხვების უმადურობაც მოითმინოს. როდესაც ჩემს პოლიტიკურ ამბიციებზე წერდნენ, ისეთი განცდა მქონდა, რომ სახელისუფლებო პრესა მაძალებდა მეთქვა, დედას გეფიცებით, პოლიტიკაში არ წავალ-მეთქი. არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია. თუ მომავალში რამე შეიცვლება, გამოვალ და კაცურად ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მოვდივარ. არ დავიმალები.
- ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა, რომ პოლიტიკაში არასოდეს მოვიდოდა.
- ამბობდა და მჯერა, რომ გულწრფელი იყო. ხელისუფლებაში ყოფნა უმძიმესი ტვირთია ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემაა და როგორ შეიძლება, ეს გინდოდეს საკუთარი თავის ან შვილებისთვის. უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კარგად გაზომა ის საფრთხე, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა. მჯერა, ის ვაჟკაცურად, ალალად შევიდა პოლიტიკაში და ამით თავისი ქვეყნისთვის გაწირა თავი. არანაირი კორელაცია არ არის ბედნიერებას, სიმშვიდესა და ფულის შოვნას შორის. პირიქით, ფული ბედნიერებას აკარგვინებს ბევრს.
რაც თავი მახსოვს, საქართველო ინგრევა და მხოლოდ ერთი ინსტიტუტი ყვავის - ეკლესია.
1977 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა აღსაყდრდა, 4 ეპისკოპოსი, 10-12 მღვდელი და 10 მოქმედი ტაძარი იყო. ამას მოჰყვა ომები, ქვეყნის გაღატაკება, ეკონომიკის ვარდნა და ამ ყველაფრის ფონზე აშენდა 1200 ტაძარი და გვყავს რამდენიმე ათასი სასულიერო პირი. რომელი ორგანიზაცია გაიზარდა ასე? ამას ათეისტი ლოგიკურად ვერ ახსნის. ეს ზებუნებრივი მოვლენაა. სასწაულები კი, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური მოვლენებია.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნააზრევის სრულ ვერსიას - "ერი და სახელმწიფო" ჩვენი მკითხველი გაეცნობა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirisalitra.ge
გადადით ბმულზე: ლევან ვასაძე - "ერი და სახელმწიფო"