"მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო"
ნინო გაჩეჩილაძის მიერ კარგად მორგებულ კატოს როლს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში მსახიობი - ლელა მებურიშვილი ასრულებს, რამაც მაყურებელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. დავინტერესდით დაძაბულობა სერიალის გადასაღებ მოედანზე თუ იგრძნობა? ამასთან დაკავშირებით, ახალ "კატოს" - ლელა მებურიშვილს ვესაუბრეთ:
- ლელა, კატოს როლში თავს კომფორტულად გრძნობ?
- მუშაობა ჯერ ახალი დაწყებული მაქვს. საერთოდ, ვიდრე როლის შესრულებას დავთანხმდები, ბევრს ვფიქრობ ხოლმე. კატოს როლის შემთხვევაში, განსაკუთრებულად ბევრი ვიფიქრე, რადგან სხვა მსახიობი, რომელსაც პერსონაჟი უკვე "გაკეთებული" ჰქონდა, ჩავანაცვლე. რა თქმა უნდა, ეს უფრო სანერვიულო იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ - ნელ-ნელა ვეჩვევი. ხალხი სერიალის ახალ სეზონს ელოდებოდა, ზოგი პრეტენზიას გამოთქვამდა, - კატოს როლის შემსრულებელი რატომ შეიცვალაო? ცხადია, ეს დისკომფორტს მიქმნის.
- ბევრი აღნიშნავს, რომ შენ მიერ განსახიერებული კატო ამ პერსონაჟს არ ჰგავს...
- უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს მინდოდა, რომ როცა სერიალში გამოვჩნდებოდი, არავის ეთქვა, - იმ პერსონაჟს ჰგავს, რომელიც ნინომ "გააკეთაო". მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო. მგონი, ასეც არის. რა თქმა უნდა, პერსონაჟს მისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები შენარჩუნებული აქვს.
- შენი აზრით, ეს დამახასიათებელი ძირითიადი თვისებები რა არის, რაც კატოს შეუნარჩუნე?
- რაც სცენარშია მოცემული: ცოტა შტერი, თავნება გოგო, რომელიც რაღაცეებს მსუბუქად უყურებს, ხანდახან ვიღაცეების აზრი არ აინტერესებს...
- შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებ? საკუთარ თავთან რა შენიშვნები გაქვს?
- "ჩემი ცოლის დაქალების" გასული სეზონებიდან რამდენიმე სერია მაქვს ნანახი. ძირითადად, ტელევიზორს ვერ ვუყურებ - სულ გადაღებები და რეპეტიციები მაქვს. ახლა ვცდილობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სერიალი ინტერნეტში ვნახო, რადგან მჭირდება. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან პრეტენზიები ყოველთვის მექნება - ყველა როლის შესრულებისას უკმაყოფილების გრძნობა მაინც მაქვს, მაგრამ მგონი, ნელ-ნელა გასაგებია, კატო მომავალში როგორი პერსონაჟი იქნება: იმ გმირს ნამდვილად არ ჰგავს, რომელიც მანამდე იყო.
- ვიდრე კატოს როლის შესრულებას დათანხმდებოდი, ნინო გაჩეჩილაძეს რჩევა თუ ჰკითხე? თან, როგორც ვიცი, ერთმანეთთან მეგობრობთ.
- კი, კი, ნინოს რეპეტიციაზე შევხვდი და ვკითხე: რა მოხდა-მეთქი? ნინომ კითხვოითვე მიპასუხა: სერიალიდან შენთვისაც ხომ არ დაურეკავთო? ვუთხარი: -Kკი და ვფიქრობ, დავთანხმდე თუ არა-მეთქი. მითხრა: უნდა დათანხმდე, რადგან ძალიან პოპულარული და წარმატებული სერიალია, კარგი ხალხი მუშაობს, უარი რატომ უნდა თქვაო?
- "მისი დაქალები" - თინას და ნინას როლის შემსრულებლები როგორ შეგხვდნენ?
- ძალიან მგულშემატკივრობდნენ. ვიდრე შემოთავაზებას დავთანხმდებოდი და სინჯის გადასაღებად მივიდოდი, მათთან მანამდეც კარგი დამოკიდებულება მქონდა.
- შენ მიერ ნინოს ჩანაცვლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. დაძაბულობა გადასაღებ მოედანზე არ იგრძნობა?
- სერიალის შემოქმედებით გუნდს დიდი ხანია, ვიცნობ. სხვა პროექტზე ადრეც გვიმუშავია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მგონი, ყველა მსახიობთან ასეთი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მაინც გეტყვით, პირადად მე როგორ მექცევიან:. ძალიან მივლიან, ჩემზე ზრუნავენ... ასეთ ადამიანებთან მუშაობა სასიამოვნოა, მით უმეტეს - როცა პროფესიონალები არიან.
- დიტოს როლის შემსრულებელ კოტე თოლორდავას რომელი "ცოლი" უფრო მოსწონს?
- ამაზე პასუხი უხერხულია. დაახლოებით, 14 წლის ვიყავი, როცა კოტე გავიცანი. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე სპექტაკლში პარტნიორებიც ვყოფილვართ. ერთმანეთს სერიალშიც კარგად ვუგებთ.
- ჰონორარის გამო, რომელიმე პროექტში ოდესმე პრობლემა შეგქმნია?
- არა, ჰონორარზე ყოველთვის წინასწარ ვთანხმდებით. თუ წინასწარ არ მოვილაპარაკეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ თანხაზე თანახმა ვარ. დეტალებს ყოველთვის წინასწარ ვათანხმებ. თუ წლების განმავლობაში, ერთი და იმავე ადგილას მუშაობ, ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შესაძლებელია.
- ნინოსა და სერიალის წარმომადგენლებს შორის მომხდარ უთანხმოებაზე რას ფიქრობ?
- კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი. "გვერდიდან" ამის შეფასება რთულია. ნინოს ვერც გავამართლებ და ვერც იმას ვიტყვი, რომ მტყუანია. ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია. ნინოსაც "თავისი სიმართლე" ექნება და სერიალის წარმომადგენლებსაც.
ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)