"სამადაშვილმა სიცრუის ბინძურ ხერხს მიმართა"
"ასე გვეთამაშებოდა წლების მანძილზე სააკაშვილი"
29 მარტს თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფარსს უწოდებენ და აცხადებენ, რომ "ნაციონალების" დრამატული ფანტაზია შექსპირსაც შეშურდებოდა.
"ქართული ოცნების" გაოცება გასული კვირის მიწურულს თბილისის საკრებულოში წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით (24 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) ზაალ სამადაშვილის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩენამ გამოიწვია. არჩევა-დარჩენის ციებ-ცხელებას წინ უსწრებდა "ნაციონალთა" ფრაქციის წევრების წერილობითი მოთხოვნა, რომ სამადაშვილს თანამდებობა დაეტოვებინა(!), რაზეც მან განაცხადა: "არც ერთი ჩემი კოლეგის არათუ ტანჯვა-წამებად, სტრესადაც არ მიღირს სკამი და თანამდებობა. ამიტომაც გადავწყვიტე, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაზე დამეყენებინა თანამდებობის შენარჩუნების ან დატოვების საკითხი." სამადაშვილმა განაცხადა, რომ თურმე ნახევარი წლის მანძილზე დევნიან "ნაციონალური მოძრაობის"" წევრებს და მათ გადაბირებას ცდილობენ, რათა ქვეყანაში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაც დაიკავოს. სამადაშვილის თქმით, ის თანამდებობას არ ჩაებღაუჭება, თუმცა არც ბრძოლის ველიდან გაქცევა სჩვევია, ამიტომ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად კენჭისყრა მიაჩნია.
საკრებულოს სხდომაზე მის გადაყენებას მხარი არავინ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ მიუღიათ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამაც განაცხადეს, რომ ფინანსური პოლიცია და შსს საკრებულოს წევრების დაშინებას ცდილობდნენ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და სამადაშვილი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა.
"კვირის პალიტრა" ესაუბრა საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიას:
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისელებს თეატრალური წარმოდგენა უჩვენა. ეს იყო ფარსი. როგორც კი დაინახა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ მათი უმრავლესობა იშლებოდა, საკრებულოდან ეცლებოდათ ხალხი, მიმართეს ძალაუფლების განმტკიცების უზნეო ხერხს.
- რას გულისხმობთ?
- მათი რიგებიდან ხალხი გარბის, რადგან ემიჯნებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს: სააკაშვილს, უგულავას, მერაბიშვილს და სხვებს, რომლებიც 9 წელიწადი მართავდნენ ქვეყანას. იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სკამი შეინარჩუნოს (დასანანია, რომ სამადაშვილზე - მწერალზე, ხელოვანზე ასე მიწევს ლაპარაკი), მიმართა სიცრუის ბინძურ ხერხს. მისთვის სწორედ სკამია მთავარი, არადაM შეეძლო, ღირსეულად დაეტოვებინა თანამდებობა. ამის ნაცვლად შემოაგდეს ეს თეატრალიზებული პროვოკაცია. დილით შემოვიდა წერილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრების - 19 კაცის ხელმოწერით.
ისინი აყენებენ საკითხს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების შესახებ. წერილს ხელს აწერდნენ: მამუკა ახვლედიანი, ირაკლი დვალი, დავით წერეთელი, ლაშა იმედაშვილი და სხვები. ისინი ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მოითხოვდნენ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას. ამით თითქოს თქვეს, რომ მათ ვიღაც ებრძვის, ჰოდა, ვისაც საკრებულო აირჩევს, მხარს იმას დავუჭერთო. ამ თამაშში აღმოჩნდა, რომ ვითომ სამადაშვილის მოწინააღმდეგეებმა ზუსტად ნახევარ საათში ხმა მისცეს მის დატოვებას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. საკრებულოს რეგლამენტისა და თბილისის შესახებ კანონის მიხედვით, თუ საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს თავმჯდომარის ყოფნა-არყოფნას და საკითხი ჩავარდა, სამი თვის განმავლობაში აღარ შეიძლება, მსგავსი მოთხოვნა დადგეს.
- რა გამოვიდა, მხარი დაუჭირეს იმას, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ?
- დიახ. თვითონვე შექმნეს სცენარი, დადგეს სპექტაკლი და მონაწილეობდნენ ამ ფარსში. მთავარი ის არის, რომ ახალი უმრავლესობის ფორმირება რომც მოხდეს, საკითხს ვეღარ დავაყენებთ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება-არგადაყენების შესახებ. ეს არის "ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი თამაშის გაგრძელება. ასე გვეთამაშებოდა წლების მანძილზე სააკაშვილი. მას და მის დამქაშებს არ უყვართ არც ქვეყანა, არც ხალხი, არც ქალაქი... გრძელდება კანონის სათავისოდ მორგება. ამჯერად თბილისის შესახებ კანონი ამოიდეს ფეხქვეშ. ჩვენ ქალაქის მერი არ გვყავს, გვყავს შუა საუკუნეების მოხელე - ქალაქის ამირა, რომელიც უნდა მოვიშოროთ. არ შეიძლება ასეთი გადმონაშთის არსებობა იმ ქვეყანაში და ქალაქში, სადაც ხალხს თავმოყვარეობა და ღირსება აქვს.