მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ცხრუკვეთიდან ფხუკეთამდე
ჩვენ რომ გვეგონა, ცხრუკვეთის იქით ფეხს არ დგამდა, თურმე ფხუკეთსაც არ იკლებდა. ასეთი "ქართული" სახელის კურორტი ტაილანდში ყოფილა. არადა, შვებულება ოფიციალურად ერთხელაც არ აუღია. ხან რუჯის ფერით ვხვდებოდით და ხან თურქი პაპარაცების გადაღებული ფოტოებით, რომ ჩვენი პრეზიდენტი სადღაც დასასვენებლად გაძვრა. იმასაც ვხვდებოდით, ამას საკუთარი ფულით რომ არ აკეთებდა და ჩვენს ხარჯზე ისვენებდა, მაგრამ ასე კაპიკ-კაპიკ დათვლილი რომ წარმოგვიდგინეს, მაინც აღვშფოთდით. არადა - სულ ტყუილად! დღე და ღამე პრეზიდენტი ქვეყნის ბედზე რომ ფიქრობს და 24 საათი ქვეყანას აშენებს, ხანდახან დასვენებაც მოუნდება, აბა, რა იქნება! რომ იძახდით, მილიარდები აქვს მოპარულიო, მილიარდები რომ მოეპარა, შვილს სწავლის ფულს ბიუჯეტიდან ხომ არ გადაურიცხავდა? ან ქალებს ბიუჯეტის ფულით ხომ არ აჩუქებდა რაღაც-რაღაცებს?! "2010 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, ჩაიტარეს გასახდომი პროცედურები, რაც ასევე ფარული ხარჯებიდან დაფინანსდა და თანხამ 115 ათას ლარს მიაღწია," - ნათქვამია ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მიშა და გიგი კორუმპირებულები რომ ყოფილიყვნენ, ამას იზამდნენ? მიშა რომ არ იპარავდა, ამიტომაც გაიღო ბიუჯეტიდან დუბაიში გატარებული დღეების ხარჯი. დუბაის ვინ ჩივის, მხარდამჭერებისთვის საჩუქებელი ცხვრებიც კი დაცვის სამსახურის ხარჯით აქვს ნაყიდი. ან ესპანელი მზარეულის ფულს გადაგვახდევინებდა?
ამას იკადრებდა, კორუმპირებული რომ ყოფილიყო და ჯიბეში მილიონები ჩაედო? მაშინ ხომ არ დახარჯავდა ჩვენი ჯიბიდან მზარეულისთვის ნახევარ მილიონ ლარს?
ამიტომ საერთოდ არ ვბრაზდები ჩვენს პრეზიდენტსა და მისი გუნდის წევრებზე. რა ექნათ, პატიოსანი და გაღლეტილი ბიჭები არიან და დასვენებაც და გართობაც ხომ უნდოდათ! მხოლოდ რამდენიმე ხარჯმა გამაბრაზა. აფთიაქში წამლის ხარჯი ან "გუდვილში" სანდრასთვის ნაყიდი წვენის ფული რამ გაგატარებინა საიდუმლო ხარჯებში, შე კაი კაცო?! ვერც ამას გასწვდებოდა შენი ხელფასი? ან ლობსტერის კუდი როგორ ჭამე მარტომ ჩვენს ხარჯზე? თან ლამის სამასი ლარი ამ ერთ კუდში რამ გადაგახდევინა? არა, ლობსტერის კუდს ვერ გაპატიებ, თორემ იუშჩენკო რომ აბანოში გაუშვი, ამას არც გსაყვედურობ. ეგ კაცი ისე გვედგა გვერდით, ერთი აბანო კი ეკუთვნოდა. უბრალოდ, საიდუმლო ხარჯი რატომ იყო მისი განბანვა, ეს ვერ გავიგეთ, თორემ ისე ც კტურბვ გფჰჯვ... ბატონო ვიქტორ!..…
"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"
არ ვიცი, 2007 წლის 7 ნოემერს ან 2011 წლის 26 მაისს, როდესაც მიტინგების დარბევის გადაწყვეტილებას იღებდნენ, მიშა და ვანო ფიქრობდნენ თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათაც მოუწევდათ მიკროფონით ხელში რუსთაველზე დგომა და მხარდამჭერებისთვის მიმართვა. სავარაუდოდ, არა. მათ ხომ მაშინ ეგონათ, რომ მინიმუმ კიდევ 30 წელი ხელისუფლებაში იქნებოდნენ. დღეს ისინი ქუჩაში დგანან და მიტინგებს ატარებენ. ხელისუფლებას მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, არ გადაუხვიოს დასავლური კურსიდან. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოც აღარაა. ზოგჯერ აღარ გინდა ადამიანს, ასჯერ ნათქვამი გაიმეორო, მაგრამ მაინც გიწევს, დასვა რიტორიკული შეკითხვა:
რასაც ისინი 9 წელი აკეთებდნენ, ევროპულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული? თუ ეს ასეა, მაშინ არ მინდა ევროპა, რადგან ევროპა ავტორიტარიზმი და ადამიანის უფლებების დარღვევა ყოფილა.
ცინიკურია, აბა, რა, როდესაც პრეზიდენტი მიტინგზე გამოდის და ამბობს, მე ხელისუფლებაში პრივილეგიების გამო კი არ მოვედი, არამედ იმისთვის, რომ თქვენ მიყვარხართო. და ეს ხდება მეორე დღეს იმ ანგარიშების გამოქვეყნებიდან, სადაც ჩანს, როგორ ფლანგავდა ბიუჯეტის თანხებს საკუთარი დასვენებისთვის. ალბათ, სასაცილოზე მეტია, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ქმნის რაღაც ახალ "ეროვნულ მოძრაობას". ვისგან რას ათავისუფლებენ? რა ევროპული გზიდან გადახვევა?!
ვეთანხმები, რომ დღევანდელი ხელისუფლების რიტორიკა არ არის გამართული და ივანიშვილიც ბევრ შეცდომას უშვებს, როდესაც განცხადებებს აკეთებს, მაგრამ რა ჯობია: რიტორიკა არ გქონდეს ევროპული და საქმით ევროპისკენ მიდიოდე, თუ "ნაციონალებივით" რიტორიკა გქონდეს კარგად გამართული, მაგრამ საქმით პუტინის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს აშენებდე?
ეს მიტინგი ხომ თავიდანვე უაზრო მიზეზით იყო დანიშნული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პრეზიდენტს პირდაპირ მიმართა: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ქვეყანა რუსეთისკენ მიმყავს, ევროპას ვაშორებ, ქვეყნის ინტერესებს ვღალატობ, რა მიტინგებს მართავ, გაქვს ჩვენი მთავრობის დათხოვნის უფლება, დაგვითხოვე და დანიშნე ახალი არჩევნებიო, "ნაციონალების" მიტინგს საერთოდ აზრი დაეკარგა. თუ ის ყველაფერი მართალია, რასაც მიტინგზე ამბობდნენ, მაშინ გამოდის, რომ ახალი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს ღალატობს და თუ ქვეყნის ინტერესებს ღალატობს, უკან რუსეთისკენ მივყავართ, რაღას მიტინგობ, გაუშვი სახლში და ეგ არის!
მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, "ნაციონალებმა" თავზე ნაცარი წაიყარონ და თვითგვემა დაიწყონ, მაგრამ ცოტა ხანი ეცლიათ ახალი ხელისუფლებისთვის შეცდომების დაშვება, ხალხისთვის მიეცათ საშუალება რაღაც-რაღაცების დავიწყების. არა, მათ რამდენიმე თვეც კი ვერ მოითმინეს და რაღაც აბსურდული მიზეზებით ქუჩაში გამოვიდნენ, თან თურმე "ეროვნულ მოძრაობას" იწყებენ!
სააკაშვილი იმის მაგივრად, რომ თავის საბედისწერო შეცდომებს აღიარებდეს, აცხადებს, რომ დათა ახალაიას წესიერად არც იცნობს და თურმე მხოლოდ ორ-სამჯერ ჰყავს ნანახი. არადა, ლამის ამ დათა ახალაიას და მის მეგობრებს, რომლებიც გირგვლიანის საქმეში იყვნენ გარეულნი, გადააყოლეს მთელი ხელისუფლება. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი ომის დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდეს, მსოფლიოს გასაგონად ჰყვება, რომ ამერიკა თურმე მაშინ როკის გვირაბის დაბომბვის გეგმაზე მსჯელობდა. მოკლედ, არ ვიცი, ჩემთვის ამ პოლიტიკური ძალის პერსპექტივა დღეს ძალიან ბუნდოვანია.
მნიშვნელოვანი პრეცედენტი
წინა კვირას სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა სრულიად ამაზრზენი საქციელი ჩაიდინეს და მოქალაქეებს რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ალასანია თავის დამნაშავე თანამშრომლებს კი არ გადაეფარა, არამედ სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო პროკურატურამ საქმე აღძრა და ისინი უკვე პასუხისგებაში არიან მიცემული. ვფიქრობ, ამით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა - დამნაშავე ძალოვნის დასჯის პრეცედენტი. წინა ხელისუფლება მოქალაქის შეურაცხყოფისთვის კი არა, მკვლელობისთვისაც არ სჯიდა. ალასანიამ არა მარტო დამნაშავე პოლიციელები გაათავისუფლა, არამედ მათი უფროსიც, რომელსაც შეიძლება დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ სამსახურში საქმე სათანადოდ ვერ ააწყო. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, ამიტომ იმედი მაქვს, ბატონი ღარიბაშვილი კოლეგას მიჰბაძავს და მომავალში მაინც დასრულდება "ბლატნოი" და მჩაგვრელი პოლიციელების ეპოქა.