გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"
თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებზე განხორციელებული რეპრესიებისა და ფინანსური გადაცდომების შემოქმედი - ასე დაამახსოვრდა ამავე სასწავლებლის რექტორი გია ხუბუა ქართველ საზოგადოებას. სხვადასხვა მიზეზების გამო, 2010 წელს მან საქართველო დატოვა. ამჟამად ბამბერგის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს ლექციებს. ჩვენ მას ინტერნეტით დავუკავშირდით და ქვეყნიდან წასვლის მიზეზებსა და წინა ხელისუფლებასთან არსებულ დაპირისპირების აქამდე უცნობ დეტალებზე ვესაუბრეთ.
- ბატონო გია, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და მისი მოწვევით თსუ-ში რექტორად დაბრუნებას გთავაზობდნენ...
- ეს ხმები მეც გავიგე, მაგრამ ასეთი რამ არ იგეგმება. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ და არც რაიმე თანამდებობრივი ინტერესი მაქვს. ნოდარ ხადურთან ადამიანური, კოლეგიალური ურთიერთობა მაკავშირებს. მას პატივს ვცემ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. ხადურმა უნივერსიტეტში, როგორც თავის საქმის კვალიფიციურმა მცოდნემ, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი ურიერთობებით შემოიფარგლებოდა. არც მინდა თანამდებობაზე ყოფნა, თუმცა, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, სიამოვნებით წავიკითხავ ლექციებს.
- ალბათ, ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რაც თქვენს პერსონას უკავშირდება, იყო სკანდალი ბიბლიოთეკიდან რარიტეტული წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით, სადაც ასევე თქვენი ფიგურირებდა...
- 2010 წელს სახელისუფლებო ტელეარხების მთავარი ბრალდება ჩემს წინააღმდეგ სწორედ ეს გახდა. არადა, უნივერსიტეტის ბიბლითეკიდან წიგნები 2006 წელს დაიკარგა და მე პირველი ვიყავი, ვინც ამ ფაქტის გამოძიებით შსს და პროკურატურას მივმართე.
- საიდან გაიგეთ, რომ წიგნები დაკარგული იყო, ინვენტარიზაცია ხომ 2006 წლის შემდეგ მოხდა?
- ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის დირექტორმა და დაცვამ მომაწოდა. როდესაც ეს სკანდალი აგორდა, პრესკონფერენცია გავმართე და დოკუმენტაციაც წარვადგინე, თუ როგორ ვითხოვდი საგამოძიებო ორგანოებისგან საქმის შესწავლას ჯერ კიდევ 2006 წელს... ამის შემდეგ კოკა სეფერთელაძემ, რომელიც მაშინ განათლების მინისტრის მოადგილე იყო, მითხრა, რექტორის თანამდებობა უნდა დატოვოო. ამას მოჰყვა დიმიტრი შაშკინის სატელეფონო ზარი, რასაც კოკა გეუბნებათ, ეს ჩვენი საერთო პოზიციაო. კოკას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ უნდა წავსულიყავი უნივერსიტეტიდან. იმ პერიოდში შაშკინი საზღვარგარეთ იყო სამკურნალოდ წასული და ამის გამო სპეციალურად ჩამოვიდა, თუმცა წიგნების შესახებ სიტყვაც არ დასცდენია. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო... არ გავჯიუტებულვარ, მხოლოდ ის ვთხოვე, ჯერ ის ფაქტი უარყავით, რაც დამაბრალეთ, თითქოს წიგნებს ვიპარავ და კი ბატონო-მეთქი... ჩემთან საუბრისას მას სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა ვიღაცასთან... შემდეგ მითხრა, თუ 40 წუთში, კამერების წინ არ გააკეთებ განცხადებას გადადგომის შესახებ, ჯოჯოხეთი გელოდებაო. მივხვდი, რომ იმ წუთშივე არ მივიღებდი გადადგომის გადაწყვეტილებას, მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა სატელევიზიო სიუჟეტები... საუბრის დასრულებამდე მან მითხრა, ამიერიდან სახელმწიფოს მტერი ხარო, რაც კულტურული შოკი იყო ჩემთვის. მთელი ჩემი ბრალეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ შელახული ღირსების აღდგენას ვითხოვდი. მაშინ მზად ვიყავი ამისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო, მაგრამ შემდეგ "მიმახვედრეს", რომ მარტო არ ვიყავი, ტოტალური შემოტევა და მუქარა დაიწყო ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. ზოგი დაიჭირეს და პოლიციაში სცემეს, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, თითქოს მე რაღაც ტენდერებში ვიყავი გარეული... ქალბატონმა თამარ ნემსიწვერიძემ ახლახან აღიარა, რომ მაშინ გენერალური პროკურორი მას აიძულებდა ეთქვა, რომ მას წიგნები გამოქონდა ბიბლიოთეკიდან და მე მაძლევდა, რათა შემდეგ გამეყიდა... თუმცა, მან ასეთი ჩვენება მაინც არ მისცა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ აგითვალწუნათ მაშინდელმა ხელისუფლებამ?
- მათი მხრიდან ჩემს მიმართ უკმაყოფილებას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი, უნივერსიტეტი პოლიტიკისგან დისტანცირებული ვიყავით, თუმცა ცხადია, რომ რექტორი პოლიტიკური პროცესებისგან შორს ვერ იქნება. ისინი პირდაპირ ჩარევას ცდილობდნენ, ანუ უნდოდათ, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს პროფესორის წოდება არ ჰქონოდათ, ხანდახან საქმე ისეთ კომიკურ სიტუაციამდეც მიდოდა, რომ უნივერსიტეტის პროფესორის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო, ჩემთან "სტუმრად" მოდიოდნენ განათლების სამინსიტროსა და უშიშიროების სამსახურის თანამშრომლები და მეუბნებოდნენ, რომ ამ ადამიანის ადგილი უნივერსიტეტში არ არისო. ისინი უნივერსიტეტში მოღვაწე 1600 ადამიანის ტოტალურ კონტროლს ითხოვდნენ. იყო შემთხვევები, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები პირდაპირ მოითხოვდნენ ფაკულტეტების დეკანებისა და საერთოდ, უნივერსიტეტის საბჭოს სხდომაზე დასწრებას. მეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა და იქაური პერსონალი ჩვენს კონტროლქვეშ უნდა იყოსო...
- თქვენი განცხადებით, 2008 წელს მთავრობა უნივერსიტეტის I კორპუსის გაყიდვას აპირებდა, რაც დიმიტრი შაშკინმა უარყო...
- მე ვადასტურებ, რომ უნივერსიტეტის I და II კორპუსების პრივატიზება იგეგმებოდა და ალტერნატივად მცხეთაში საუნივერსიტეტო კორპუსების მშენებლობა განიხილებოდა. ეს მხოლოდ განათლების სამინისტროს ინიციატივა არ ყოფილა, ამ იდეის უკან გარკვეული ჯგუფი იდგა და მათი დასახელებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ...
- რექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ საგამოძიებო სტრუქტურაში არ დაუბარებიხართ?
- არა და დიმიტრი შაშკინი ცრუობს, თითქოს მე მას სამართალდამცველებთან ურთიერთობის დალაგება ვთხოვე. ჩვენი ბოლო შეხვედრა 2010 წლის აგვისტოს, მის კაბინეტში შედგა. როგორც გითხარით, ის სპეციალურად ჩამოვიდა უცხოეთიდან, რათა ვეიძულებინე გადავმდგარიყავი...
- თქვენს გვარს ასევე უკავშირდებოდა პროფესორ-მასწავლებლების რეპრესიები, გახმაურებული ამბავი მინდა შეგახსენოთ, ლექტორების ოთახში ჩაკეტვასთან დაკავშირებით; ასევე, ფინანსურ გადაცდომები, ფინანსების არამიზნობრივად გამოყენება; ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ დიდი წვლილი მიგიძღვოდათ სამეცნიერო საბჭოს გაუქმებაშიც...
- მინდა ქართულმა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს იმ მტკივნეულ ბრალდებებზე, რომელიც ჩემი მისამართით ხშირად ისმის, კერძოდ, თითქოს უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ პროფესურა სააქტო დარბაზში გამოკეტა და წყალსაც არ აწვდიდა. ეს არის სიცრუე. მაშინ, 2006 წლის ივლისში, პოლიციაც იყო შემოსული, მაგრამ ამ ყველაფერს წინაპირობაც ჰქონდა, - იმ პერიოდში შეიკრიბა ალტერნატიული სამეცნიერო საბჭო, მათ თავიანთი ლექტორი აირჩიეს და ეს ჯგუფი, ორასამდე ადამიანი ჩემთან კაბინეტში შემოვიდა ულტიმატუმით - ათ წუთს მაძლევდნენ, რათა დამეტოვებინა რექტორის თანამდებობა და შენობა. სამი საათის განმავლობაში ვცდილობდი, მათთან დიალოგს, მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მათი პროტესტის ფორმაც მიუღებელი იყო.
.
- თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს სააქტო დარბაზში პროფესურის გამოკეტვას არ ამართლებს...
- ეს ტყუილია, იქ არავინ ყოფილა გამოკეტილი. ნებისმიერ მათგანს შეეძლო იქაურობის დატოვება, ოღონდ უკან დაბრუნების საშუალებას მათ პოლიცია აღარ მისცემდა. დამერწმუნეთ, ჩემზე მეტად არავინ განიცდიდა ამ ამბავს, რადგან უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არ არის. სხვათა შორის, ბევრი ღირსეული პროფესორი, რომელთაც პროტესტის ნიშნად კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს, უნივერსიტეტში დავაბრუნეთ. მათ შორის, ჯემალ მებონია, რომელიც იმ პროტესტს ხელმძღვანელობდა...
- სხვა თემაზეც გკითხავთ, თქვენ კარგად იცნობთ წინა ხელისუფლების "ანატომიას", ელოდით, რომ ისინი არჩევნებით შეიცვლებოდნენ?
- ოპტიმისტურად განწყობილი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ნაპოლეონმა თქვა, ხიშტებზე დიდხანს ვერ დაჯდებიო და მეც ველოდი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გასტანდა. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ იმ ნეობონაპარტიზმის მოცილებას დიდი პოლიტიკური კაპიტალი სჭირდებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობის ფაქტორმა ქართულ საზოგადოებაში გამოაცოცხლა ის იმედი, რომლის გაცრუებასაც თავად წინა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი... თუმცა ვაღიარებ, ამ ყველაფრის პროგნოზირება ძნელი იყო.
- ახალი ხელისუფლების განათლების სისტემას როგორ შეაფასებდით?
- ჯერჯერობით გამოკვეთილი პრიოტეტები განათლების სისტემაში ვერ დავინახე, ყოველ შემთხვევაში, აქედან ვერ დავინახე.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)