ჯონჯოლის ტყის მძევლები - ლეკიანობა XXI საუკუნეში - კვირის პალიტრა

ჯონჯოლის ტყის მძევლები - ლეკიანობა XXI საუკუნეში

რეპორტაჟი საჩხერის რაიონის "საზღვრისპირა" სოფლიდან

"ჩვენს დაჭერაში ფულს უხდიან "საზღვრის" დამცველებს. პრემიას დახარბებულები, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოდიან და ხალხს იტაცებენ"

"ცხინვალის ციხეში ბავშვივით ავტირდი,  აღდგომას დედის საფლავზე რომ ვერ გავედი"

საჩხერის რაიონის მკვიდრთ სიმშვიდე აქვთ დაკარგული - ადამიანების მოტაცება, რასაც ჩვენმა წინაპარმა ლეკიანობა უწოდა,  XXI  საუკუნეშიც გრძელდება. ქართველ კაცს თავისი მიწა-წყლიდან ლეკის ნაცვლად დღეს ოსი იტაცებს. რამდენიმე დღის წინ ოსებმა საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის 4 მცხოვრები ტყიდან გაიტაცეს. "კვირის პალიტრა" ხვანში პეტრე რიკაძეს ესტუმრა, რომლის შვილი, შვილიშვილი და ძმისშვილი ოსებს ჰყავდათ დატყვევებული.

პეტრე რიკაძის შვილიშვილი, 22 წლის თორნიკე რიკაძე, საწოლში დაგვიხვდა. თორნიკეს დედამ გვითხრა, - ძალიან განერვიულებულია. დაკავებისას ბიჭს სამხედრო ფორმა ეცვა და ამის გამო გააწამეს. ჯარში ყოფილხარ და ცხინვალი შენი დანგრეულიაო. არადა, ომის დროს სკოლის მოსწავლე იყო.

თორნიკე დილით წაუყვანიათ ოსებს. მე საღამოს მითხრეს, იარაღიანმა ხალხმა ტყიდან წაიყვანაო. დედა რომ ასეთ ამბავს გაიგებს, როგორ უნდა იყოს? ვნერვიულობდი, არ მომიკლან-მეთქი. მეექვსე Dდღეს დაბრუნდა ტყვეობიდან - გამხდარი, განაწამები. რადგან ცოცხალი დამიბრუნდა, აღარაფერს ვჩივი.

თემურ რიკაძე, თორნიკე რიკაძის მამა: "ჩვენი სოფლიდან 20 კმ-ის მოშორებითაა ის ადგილი, სადაც ჯონჯოლს ვკრეფთ. თორნიკე რომ დაატყვევეს, ცოტა მოშორებით ვიყავი და ვერ დავინახე. ვითომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააპატიმრეს, ჩვენსა და ოსურ მხარეს სამანქანო გზა ყოფს. გზის ზემოთ ოსების ტერიტორიაა, ქვემოთ - ჩვენი. პირიქით, ოსები გადმოვიდნენ ჩვენკენ და გზიდან ასი მეტრის მოშორებით დაატყვევეს ბიჭები. რომ მითხრეს, თორნიკე წაიყვანესო, მაშინვე მობილურზე დავურეკე. ზარი გავიდა, მაგრამ გათიშეს, ოსებს წაურთმევიათ.

თორნიკემ გვიამბო, ტყეში მეგობართან ერთად ვიყავი, როდესაც იარაღიანი კაცი დაგვადგა თავზეო. მოშორებით კიდევ 6 ფორმიანი მდგარა. წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რადგან შარშან ორი ჩვენი თანასოფლელი ოსებმა იმის გამო ჩაცხრილეს, რომ გაქცევა სცადეს. თორნიკე და მისი მეგობარი ჯავაში რომ ჩაიყვანეს, დაარეკვინეს, არ იდარდოთ, ოსებს მივყავართ ცხინვალშიო. ამის მერე ბიჭის არაფერი ვიცოდით. ისე გავმწარდი, 10 წლის სიცოცხლე მომაკლდა. აღდგომა და გიორგობა იყო, მაგრამ ჩვენ რა გვედღესასწაულებოდა. კვერცხი შევღებეთ, მაგრამ პირში ლუკმა არ ჩაგვიდვია. თორნიკემ გატაცებიდან მეექვსე დღეს დარეკა, გორის ტეკთან ვარ და სახლში მოვდივართო. შვილის ხმა რომ გავიგონე, სიხარულისაგან ავტირდი... ომის მერე დაიწყო გატაცებები, თორემ 2008 წლამდე ჯონჯოლის საკრეფად რომ მივდიოდით, ღამით კარავში ვრჩებოდით და კაციშვილი ხმას არ გვცემდა. ახლა მეშინია, ოჯახში არ შემომიცვივდნენ, რადგან აქვეა ოსების მიერ გავლებული საზღვარი.

ისინი თუ აკონტროლებენ თავიანთ მხარეს, ჩვენებმაც გააკონტროლონ, გვაჩვენონ, სად არის საზღვარი და არ გადავალთ. ტყეში თუ ვერ შევედით, როგორ ვიცხოვროთ?

ჩვენი შემოსავლის წყარო მაყვალი, სოკო და ჯონჯოლია".

პეტრე რიკაძე, თორნიკე რიკაძის ბაბუა, 83 წლის: "ჯერ ჩემი შვილიშვილი თორნიკე წაიყვანეს ოსებმა, სამი დღის მერე ჩემი შვილი თენგიზი და ძმისშვილი. რომელი ერთი მედარდა? ადამიანები ასე როგორ უნდა გაირეკონ, პირუტყვი ხომ არ არის, ადამიანია? თემური რომ გამშრალი მოვიდა სახლში, თორნიკე წაიყვანესო, ვიღრიალე, სად დაკარგე, შვილო, ბიჭი-მეთქი. თავში ხელს ვირტყამდი.B თორნიკე რომ სახლში არ მყავდა, წყალსაც ვერ ვსვამდი. ვფიქრობდი, რომ წავიდე, სად წავიდე-მეთქი. ძალა მაქვს თუ რა? საცოდავად ჯოხით დავდივარ. მინდოდა, მთელი ხმით მეყვირა, თორნიკე, ბაბუა, სად ხარ-მეთქი, მაგრამ გამაგონებდა? დამიძახებდა, აქ ვარო? (ტირის). როგორც ქორმა წიწილი, ისე წაიყვანეს ჩემი გაზრდილები. ჩემს შვილსა და რძლებს თვალებში ვეღარ ვუყურებდი. რა მეთქვა, რით მენუგეშებინა, ავტომატი და სასროლი რომ აქვს კაცს ხელში, რა იცი, რა მოუვა თავში".

არჩილ რიკაძე, ერთ-ერთი დატყვევებული, 60 წლის: "ტყეში ჯონჯოლი მოვკრიფე და გზაზე რომ მოვდიოდი, შევამჩნიე, ჩირგვებში ვიღაც იმალებოდა. ჩემი თანასოფლელები მეგონა და თავზე დავადექი, აქ რას იმალებით-მეთქი და უცებ 7 ავტომატიანი კაცი გამოვარდა ჩირგვებიდან. ერთი ოსი იყო, დანარჩენი რუსები. შიშისაგან ავკანკალდი.

გაქცევა დავაპირე, მაგრამ გაჩერდი, თორემ გესვრითო. ჯიბიდან ფული და ტელეფონი ამომიღეს და ისევ დამიბრუნეს. ოსმა რომ დაინახა, ძალიან ვნერვიულობდი, წამჩურჩულა, ნუ გეშინია, უფროსი რომ მოვა, მერე გაგიშვებთო. მოვიდა ვიღაც ოფიცერი, მასთან ერთად სურათი გადამიღეს და მერე რაციით ვიღაცას ელაპარაკნენ. ოფიცერმა რუკა მაჩვენა, ახლა შენ ეს საზღვარი დაარღვიეო. კარგა ხანს ორჭოფობდნენ, გავუშვათ თუ არაო. ოსმა უთხრა, გავუშვათო და დაუჯერეს. წამოსვლისას ოსმა გამაფრთხილა, სამი დღე აღარ ამოხვიდე. ამ დღეებში ისეთი ჯგუფი მორიგეობს, თუ დაგიჭირეს, არ გაგიშვებენო. 10 მაისს ისევ ჩემი ჯგუფი იქნება მორიგე. მაგ დღეს ამოდი და მოკრიფე ჯონჯოლიო. არ დავუჯერე და მეორე დღეს ისევ წავედი ტყეში. მე და ჩემი ბიძაშვილი თენგიზი 20 მეტრის დაშორებით ვკრეფდით ჯონჯოლს და ხმამაღლა ვლაპარაკობდით. თურმე ოსები იქვე გზაზე იდგნენ და ყურს გვიგდებდნენ. უცებ ფაჩუნი მომესმა, მე თენგიზი მეგონა, მოვტრიალდი და ავტომატიანი კაცი დავინახე. ავტომატის ლულა ნეკნებზე მომადო. წამომყევი, თორემ აქვე ჩაგცხრილავო და თავისი ტერიტორიისკენ მიბიძგა. ოსები საჩვენოზე გადმოვიდნენ და ისე დამიჭირეს, მაგრამ საბუთში დაწერეს, თითქოს მათ ტერიტორიაზე გადავედი. ძალაზე დავუდექი, ჩემს მხარეზე ვარ და იქით არ გადმოვალ-მეთქი, მაგრამ რომ გაბრაზდა, თავს ხომ არ მოვაკვლევინებდი, გავყევი და დავინახე, თენგიზიც დაუჭერიათ. ექვსნი იყვნენ, სუყველა ოსები. 15 კილომეტრზე მეტი ტყე-ტყე და ღელეებზე გვატარეს. გზაში სამჯერ დაგვასვენეს და საჭმელიც შემოგვთავაზეს. რა მეჭმება, გული გახეთქაზე მაქვს-მეთქი.Aმერე არაყი შემომთავაზეს. ორი ჭიქა დავლიე. ციხელის ღელესთან 2 კაცი დაგვხვდა და ზნაურში ჩაგვიყვანეს. გზაში მითხრეს, იქ ერთ საჩხერელ ბიჭს გაგაცნობთო. შტაბში დაგვკითხეს და სამხედრო პოლიციას გადაგვცეს. ცოტა ხანში მითხრეს, აი, შენი საჩხერელი მოვიდაო. მანქანიდან ტანადი ოსის ბიჭი გადმოვიდა, საჩხერელი არა ვარ, მაგრამ დედა მყავს მეგრელი. ოსური გვარი კი მაქვს, მაგრამ უფრო მეტად ქართველი ვარო. იმას ვენაცვალე, კარგი ბიჭი იყო. პატივი გვცა და გვიპატრონა. ტელეფონის ნომერი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, არ შეიძლებაო. რომ მოვუყევი, როგორ დაგვიჭირეს, გინება დაიწყო. ოსები ქართველებს აუგად ახსენებდნენ, მაგრამ იმ ბიჭმა შეუტია და ხმა ჩააწყვეტინა. Kგვითხრა, საჩხერეში ხშირად ჩამოვდიოდი, ქართველებთან ადრე როგორ ვმეგობრობდით და დღეს რას აკეთებენო. როგორც გავიგე, ჩვენს დაჭერაში ფულს უხდიან საზღვრის დამცველებს. პრემიას დახარბებულები, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოდიან და ხალხს  იჭერენ.

ზნაურიდან ცხინვალში გადაგვიყვანეს. სამხედრო პოლიციის შტაბში მიგვიყვანეს და იქიდან საკანში გადაგვიყვანეს. იქ 24 დატყვევებული ქართველი დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ რომ გამოგვიშვეს, ახლები მოიყვანეს, ყოველდღე ამატებენ... მე და თენგიზი ათკაციან საკანში ვიყავით. დაკითხვაზე დატანჯეს ხალხი. ახალგაზრდებს განსაკუთრებით მკაცრად ექცეოდნენ. ღამით მიჰყავდათ დასაკითხად, სცემდნენ. მითხრეს, ერთ კაცს პანღუUრები ურტყესო. ბიჭებს კი ვიღაცის მანქანები არეცხვინეს. ზოგი ისე გალახეს, სიმწრისაგან კვნესოდნენ. ვერ ვშველოდით, რამე რომ მეთქვა, მომკლავდნენ. შემეშინდა, თორნიკესთვის რამე არ დაეშავებინათ და ვთხოვე, ჩემი ბიძაშვილის შვილია და გეხვეწებით ჩვენს საკანში გადმოიყვანეთ-მეთქი. გადმოიყვანეს. ჩვენთან ერთად საკანში ერთი კორბოულელი ქალი იყო, მარიამი. ეკლესიის მსახური იყო და სულ ლოცულობდა. ვეუბნებოდი, აქ მხოლოდ შენი ლოცვა თუ გვიშველის-მეთქი. 5 დღე ვიყავი ტყვეობაში. 4-ჯერ დამკითხეს. გვეკითხებოდნენ ოჯახის წევრებზე, პოლიციასა და სამხედრო სამსახურში თუ გვყავდა ვინმე ნათესავი. მკითხეს, 2008 წელს ომი ქართველებმა დაიწყეს თუ ოსებმაო. სააკაშვილმა-მეთქი, ვუთხარი და ეს პასუხი მოეწონათ. ბიძინაზე მკითხეს, საჩხერელებს რა გაგიკეთათო? სახლი გადამიხურა და უფასო საავადმყოფო გააკეთა-მეთქი. კიდევო? ჩემს შვილიშვილს ოპერაცია საჩხერეში რომ ვერ გაუკეთეს, თბილისში გადარიცხა 7 ათასი ლარი-მეთქი. ყოჩაღ, ივანიშვილსო. "ქართული ოცნების" მაისური მეცვა და ვუთხარი, ეს მაისური ბიძინას პატივსაცემად მაცვია-მეთქი. მკითხეს, გინდა ერგნეთის ბაზრობის გახსნაო? როგორ არ მინდა, ოსებთან ყოველთვის ვმეგობრობდი და ახლაც მინდა მეგობრობა-მეთქი. ეგ ჩვენც გვინდა, მაგრამ ჩვენი ეს მდგომარეობა თქვენი სააკაშვილის ბრალია. ქართველები "მიშა, მიშას" რომ გაიძახოდით, იმიტომ მოხდა ასეო...

ჩვენთან ერთად საკანში გორელი ბიჭები იყვნენ. ტყეში სამუშაოდ დაიქირავა ვიღაც ოსმა და რუსებს დაუჭერიათ. იმ ოსმა აღდგომას წითელი კვერცხი, ყველი, პური და ძეხვი მოგვიტანა და აღდგომა ჩვენც აღვნიშნეთ საკანში.Y

ყველაზე მეტად იმას ვნერვიულობდი, რომ აღდგომას ეკლესიაში სანთელი ვერ დავანთე, დედის საფლავზე ვერ გავედი და წითელი კვერცხი ვერ გადავაგორე. სიმწრისაგან კედელს ვურტყამდი თავს, დედა, შენს საფლავზე უნდა ვიყო და სადა ვარ-მეთქი.

გული კინაღამ გამისკდა. ამხელა კაცმა ბავშვივით ტირილი დავიწყე (ტირის). რატომ ტირიო, მეკითხებოდნენ. იმას ვტირი, რომ დედის საფლავზე ვერ გავედი-მეთქი.

ჩვენთან ერთად მყოფი ქალი რაღაცით მოიწამლა და ტუალეტში არ გაჰყავდათ.  დღეში სამჯერ გვიშვებდნენ საპირფარეშოში და შიშით წყალსაც ვერ ვსვამდით. კაცმა კაცი ასე როგორ უნდა დაამცირო? ამის მერე ჯონჯოლზე როგორღა წავალ. არავის ვუსურვებ იმათ ხელში ჩავარდნას".

TOP.GE