ნესტან კირთაძე "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია" - კვირის პალიტრა

ნესტან კირთაძე "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"

ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე კენჭს იყრის 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამის შესახებ ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარი აღმოჩნდა კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა. და მიაჩნია, რომ მისი შანსები რეალურია...

- წინასაარჩევნო პიარკამპანია ჯერ არ დამიწყია, მაშინ დავიწყებ, როცა ოფიციალური საკითხები მოგვარდება. ანუ როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე რეგისტრაციას გაივლის.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ამ დროს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, გადავწყვიტე ჩემი წვლილი მეც შემეტანა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ფავორიტი იქნება გამოკვეთილი: პირველი - მმართველი კოალიციიდან და მეორე - ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც თუნდაც ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული შანსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში სხვა პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, 96 %-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან ასე არჩეულ ლიდერებს ან სამხედრო შეიარაღებული ჯგუფით ვიშორებთ, ან რევოლუცია ხდება, ან მისი რეიტინგი 12%-მდე ვარდება, მერე კი ქუჩაში დავსდევთ. ამასთან, მე დიდი მოთმინებით ველოდებოდი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ გაგრძელდებოდა პოლიტიკური პროცესები ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მართალი გითხრათ, ძალიან გავოცდი, როდესაც დღეს უკვე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა. მე მისი, როგორც კოლეგის, მეცნიერის, ან გნებავთ დამწყები პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა გამოეცხადებინათ ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინმეს წარმოუდგენია მისი პერსონა პოლიტიკური ბეგრაუნდის გარეშე?!.

- თქვენ ამბობთ, რომ მას მცირე შანსები აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამბობ ქართული ოცნების, კონკრეტულად მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ძალიან მაწუხებს ის პოლიტიკური რეალობა, რაც დღეს ასეა ფორმულირებული, - ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვსო. რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.. მე, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც ახალი კონსტიტუციით, სულაც არ არის ისეთი უუფლებო, როგორც მას დღეს მავანი ექსპერტი ან სულაც კოალიცია წარმოაჩენს. დღესაც და ხვალაც, საქართველოში პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტად რჩება. ამიტომაც ამ პოსტზე ისეთი ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოსალოდნელი კრიზისების განმუხტვა შეუძლია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

- თქვენი შანსები როგორია ამ საპრეზიდენტო მარათონში?

- მე, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი მაქვს. პრეზიდენტის გამოცდილებაზე, კომუნიკაციაზე, მის კავშირებსა და უნარებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. ამიტომაც, როდესაც მე გავიგე, რომ გიორგი მარგველაშვილია ამ პოსტზე წარმოდგენილი, გადავწყვიტე ამ პოსტისთვის მეც მებრძოლა. თუმცა, ვაცნობიერებ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართველი ერის ემოციურ დამოკიდებულებას და შესაბამისად გიორგი მარგველაშვილის პოტენციალს, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შესაძლოა ჩემმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს. არადა, ახლა ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდები.

- შესაძლო დამარცხებას გულისხმობთ?

- ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ქართველი საზოგადოებისთვის ნესტან კირთაძეს გამორჩეული სათქმელი აქვს. ჩემი გამორჩეულობა ჩემი საქმიანობით არს გამყარებული, კერძოდ, ჩემი ღვაწლით ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტად მუშაობისას. ასე რომ, ჩემი შანსები ძალიან რეალურია, მაგრამ მე ამ არჩევნებში პროცენტებს არ ვითვლი, მთავარია, მომეცეს ის პლატფორმა, რაც ჩემი საქმიანობის მიმართულებით მჭირდება. კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატით გასამართ შეხვედრებს ვგულისხმობ. მე მაქვს ახლო კავშირები პარიზში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და დიპლომატიურ წრეებთან, ასევე ბრიუსელსა და ბერლინში. მქონდა ორი ოფიციალური შეხვედრა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერებთან და ამას წინათ გავგზავნე ოფიციალური წერილი, აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან, ჩემს სამშვიდობო ინიციატივაზე.

- რა გიპასუხათ ალექსანდრე ანქვაბმა?

- დიპლომატიური პასუხი გამცა, რომ მიიღო ჩემი წერილი და შემპირდა, გაეცნობოდა... ასე რომ, მე მაქვს შანსი მთელი საპრეზიდენტო კამპანიის, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუტით ასეთივე დიალოგი წარვმართო მათთან, აფხაზებსა და ოსებს ვგულისხმობ.

- ქალბატონო ნესტან, შალვა ნათელაშვილიც მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში. მან განაცხადა, რომ მის პარტიაში ისე დაფრთიანდნენ პოლიტიკოსები, რომ ახლა პრეზიდენტობის სურვილი აქვთ...

- მე არ მინდა მის შანსებზე ვილაპარაკო, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ისე კი, შალვა თავის ჩვეულ ამპლუაშია. დანარჩენზე თავს შევიკავებ. ჩვენ ახლა უფრო სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ.

- მუდმივად გვესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურად დათბა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორ გაქვთ წარმოდგენილი ამ პრობლემის მოგვარება?

- მწვანილისა და ღვინის რუსულ ბაზარზე გატანა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დათბობას არ ნიშნავს. საყოფაცხოვრებო დონეზე რაღაც ძვრები არის, მაგრამ ეს ჯერჯერობით არაფერს ნიშავს. საქმე ძალიან რთულადაა, შარშან ორჯერ ვიყავი რუსეთში, ვითარება მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ სახელმწიფოს სამხრეთ კავკასიაში მეტად სერიოზული ინტერესები აქვს და ახლა მთავარია, ენა კი არ მოვუჩლიქოთ ერთმანეთს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ მასთან ურთიერთობა.

- რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად აპირებთ ბრძოლას?

- მთელი ხიბლი იმაშია, რომ ნესტან კირთაძე დამოუკიდებელი კანდიდატია და მარტო იბრძვის პრეზიდენტობისთვის... მე ფინანსური მხარდაჭერაც კი არ მაქვს და მოწყალების იმედი მაქვს.

ლალიმ პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)