ვანოს კვარიათული თამაშობანი (ექსკლუზივი)
ზურაბ ლობჟანიძე: "ჩემზე და ჩემს სიდედრზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა"
"მარტო მერაბიშვილი კი არა, ყველა უნდა დაისაჯოს"
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში #5 საკანში იხდის სასჯელს. ციხეში მის შეყვანას პატიმრების შეძახილები და ლანძღვა-გინება მოჰყვა. პატიმრობაში მყოფი ყოფილი ძალოვანები კმაყოფილებას ვერ მალავენ. მერაბიშვილის მიყვანა ალბათ, ბაჩო ახალაიასაც გაუხარდებოდა - ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მათ დაპირისპირებაზე...
მერაბიშვილს პროკურატურამ მძიმე ბრალდებები წაუყენა. ერთ-ერთი ბრალდებით, მას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში, ულამაზეს ადგილას, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, ფეშენებელური სახლის მითვისებაში ადანაშაულებენ...
მერაბიშვილისთვის ამ ბრალდების წაყენებისთანავე 2009 წლის სექტემბერი გამახსენდა. მაშინ კვარიათში ჩურჩულებდნენ, როგორ წაართვა მეპატრონეს სახლი მერაბიშვილმა. მეზობლები წუხდნენ, რომ ხშირად პრობლემები ექმნებოდათ ვანოს დაცვის წევრებთან და იძულებული იყვნენ, მათ დირექტივებს დამორჩილებოდნენ.
2009 წლის სექტემბერში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის სამდღიანი სემინარი კვარიათში გამართა. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოჯახთან და მოადგილეებთან ერთად სასტუმრო "კვარიათში" დაბინავდა, ამ სასტუმროში დაგვაბინავეს ჟურნალისტებიც. იმ დროს იქ ისვენებდა გელა ბეჟუაშვილიც ოჯახთან ერთად. ყველა საუბრობდა, რომ სასტუმრო "კვარიათი" ბეჟუაშვილების საკუთრება იყო და სტუმრები არასოდეს აკლდა. გელა ბეჟუაშვილსაც ზღვა ძალიან ჰყვარებია. ზღვის სანაპიროზე ხშირად ვხედავდით დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად.
6 სექტემბერს, ჩვენი იქ ყოფნის დროს, შევიტყვეთ, რომ ციხიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულნი: ალანია, ღაჭავა და ბიბილური გაათავისუფლეს... დღის მეორე ნახევარში სანაპიროზე ჟურნალისტებიც გავედით. ჩვენს მხედველობას არ გამოჰპარვია გვერდით მდებარე სახლის აივანზე გადმომდგარი დათა ახალაია და ვასილ სანოძე, რომლებიც ზღვის ულამაზესი ხედით ტკბებოდნენ. ვიღაცამ ისიც თქვა, გირგვლიანის მკვლელების ჩამოსვლას ელოდებიანო. ამ ინფორმაციამ ინტერესი გამიმძაფრა. ცოტა ხანში ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სანაპიროზე დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან ერთად, თეთრ პარეოში თაკო სალაყაია ვიხილეთ. დაცვამ მას შეზლონგი გაუშალა და თაკოც წამოწვა. სანოძე ზღვაში შევიდა, დათა თაკოსთან დარჩა და რაღაცაზე საუბრობდნენ. უცებ სანაპიროსთან შავი ავტომობილი გამოჩნდა, რომელსაც თავად მინისტრი მერაბიშვილი მართავდა. მანქანა ეზოში დააყენა და კამპანიას შეუერთდა...
ჩემი კოლეგების ერთი ნაწილი ჯოკერის თამაშით იყო გართული, მაგრამ ვანოს გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიქცია. სასწრაფოდ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, ამის გაკეთება მერაბიშვილის გამოჩენამდეც მინდოდა, მაგრამ დაცვა ისე მიბრიალებდა თვალებს, ცოტა არ იყოს, შევშინდი. ახლა ძველ დაცვას მერაბიშვილის დაცვაც დაემატა და წესით, გადაღება ვერ უნდა გამებედა, მაგრამ აღარაფერი მაინტერესებდა - ჩემი კოლეგებისგან ცოცხალი კედელი აღვმართე და "ფოტოსესიით" დავკავდი. ჟურნალისტებიც კეკლუცად პოზირებდნენ და საშუალებას მაძლევდნენ, მერაბიშვილისთვის დრო და დრო "ჩამეჩხაკუნებინა". ვანოს დიდხანს არ შეუქცევია საუბრით თავი, ადგა და ზღვაში შეცურა. ცოტა ხანში მეუღლესთან დაბრუნდა და ისინი განმარტოვდნენ... ამასობაში დაცვის წევრებმა მინისტრისთვის შავი სკუტერი გამოიყვანეს, ვანომ გეზი თურქეთის მხარეს აიღო. სულ მალე თვალთახედვის არეს მიეფარა და მზის ჩასვლისას დაბრუნდა. სავარაუდოდ, შავ ზღვაში ძალიან შორს გასული შინაგან საქმეთა მინისტრის უსაფრთხოებაზე მისი დაცვის წევრები ზრუნავდნენ - მერაბიშვილის სანაპიროზე დაბრუნებისთანავე მისი სახლის სიახლოვეს პარაშუტით მამაკაცი ჩამოფრინდა, სავარაუდოდ, ეს დაცვის წევრი უნდა ყოფილიყო...
მაშინ მეზობლები ამბობდნენ, რომ ამ სახლში მერაბიშვილმა რემონტიც გააკეთა, ავეჯიც გამოცვალა. მეტიც, მეზობელთან საზიარო სახლთან მისასვლელი გზა რომ არ ჰქონოდა, ცალკე გზა გაიყვანა, და აგარაკიდან ზღვამდე არხიც კი გაჭრაო. მის სახლს მუდმივად იცავდა დაცვა. მეზობლები ამბობდნენ, ყოფილ ჩინოსანთა სკუტერებით შეჯიბრების თვითმხილველებიც ხშირად ვართო. მოკლედ, წლების მანძილზე მინისტრსა და მის გარემოცვას იმ სახლში ხშირად ხედავდნენ. თურმე სოსო თოფურიძესაც ჰქონია პატივი, იქ დაესვენა...
ბრალდების მტკიცებით, შს მინისტრმა 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სახლის მესაკუთრე დააკავა და თითქმის 4 წელი უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკი შს სამინისტროს ასიგნებებით გაარემონტა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, მერაბიშვილმა გამოიყენა საიდუმლო ხარჯები. მისივე განკარგულებით, იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურება. შედეგად, საქართველოს 158 ათასი ლარის ზიანი მიადგა. სახლის მეპატრონე "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ლობჟანიძე იყო. მან სახლი 1999 წელს ააშენა და სიდედრის - ფატი ფერაძის სახელზე გააფორმა. ზურაბ ლობჟანიძე ოჯახთან ერთად წლებია შვეიცარიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ჩვენ მას იქ დავუკავშირდით.
- ეს ადამიანი წლების განმავლობაში იმდენ უბედურებას სჩადიოდა, მისი დაუსჯელობა არ შეიძლება... კვარიათის აგარაკის საქმეზე საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყო მერაბიშვილის დასაკავებლად. მას შემდეგ, რაც უკანონოდ წამართვეს ქონება, საჩივარს სულ ვწერდი. ბევრჯერ მივმართე მაშინდელ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და ზურაბ ადეიშვილს, მაგრამ არავითარი ზომები არ მიუღიათ. ქონების წართმევა არ გვაკმარეს, ჩემი და ჩემი სიდედრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და გაგვასამართლეს... ის წლებია ჩვენთან ერთად, შვეიცარიაში ცხოვრობს. ჩემზე და ჩემს სიდედრზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. კვარიათის აგარაკის წართმევას ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობდნენ.
დავით ბეჟუაშვილი ჩემთან შვეიცარიაში ორჯერ ჩამოვიდა, მთავრობის სახელით სახლის გადაფორმებას ითხოვდა, მაგრამ არ დავთანხმდი. ადგნენ და სახლს უკანონოდ ლუქები დაადეს... მერაბიშვილი ჯერ ჩემს სახლში შეიჭრა და მერე აღიძრა საქმე. მანამდე, 2003-2004 წლებში "მადნეულისა"“და "კვარციტის" საქმეებში ბრალდებულად მცნეს.
ბრალდებაში მოხსენიებული იყო, რომ თითქოს ეს სახლი უკანონო შემოსავლებით აშენდა, მაგრამ ამის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნდათ. მშენებლობა 1999 წელს დავასრულე, როდესაც "რუსთავცემენტში" ვმუშაობდი, "მადნეულსა" და "კვარციტში" მუშაობა კი 2000 წელს დავიწყე. მათ სიმართლე არასოდეს აინტერესებდათ, უნდოდათ და მორჩა...
2009 წელს ისევ დაიძაბა ურთიერთობა მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. ახალი ბრალდებები გაისმა, თითქოს ოპოზიცია მილიონი დოლარით დავაფინანსე. არადა, მიზეზი ის იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის სასამართლო პროცესზე მოწმედ დამკითხეს და პატარკაციშვილების ოჯახის სასარგებლო ჩვენება მივეცი. ასევე ბეჟუაშვილებს "რუსთავცემენტისა" და "კასპიცემენტის" წილებს არ ვუფორმებდი. ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი ხელმეორედ დასჯა - ჩემს სახლში მაშინ შეიჭრნენ და ამით დამანახეს, რომ რასაც მოისურვებდნენ, ყველაფერს გააკეთებდნენ.
- დღეს რა მდგომარეობაშია თქვენი სახლი?
- არჩევნების შემდეგ იყო შესაძლებლობა კადრები გადაეღოთ. მაშინ იქ ყველაფერი წესრიგში იყო. როგორც შევიტყვე, ახლა გაუძარცვავთ. იმედია, სამართალდამცავები ყველაფერს შეისწავლიან. არ ვაპირებთ გაჩუმებას. ვითხოვთ ჩვენი ქონების დაბრუნებას. საქმის მასალები გაგზავნილი მაქვს სტრასბურგში. სამართალი უნდა აღსრულდეს!..
კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც მერაბიშვილს წაუყენებენ, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციას უკავშირდება. გაირკვა, რომ მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით მოხდა გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენება.
მერაბიშვილის საქმე კიდევ ერთ, ყველაზე რეზონანსულ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით, სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და აღმსრულებლები. დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, მეუღლის - თამარ სალაყაიას და სხვა მასთან დაახლოებული პირების დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო ფალსიფიცირებული სამართალწარმოება და შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას...
სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი: - სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტით დაწყებული, ჩარეული იყო ამ საქმეში... უამრავი მითითება მიიღო მაშინ ხელისუფლებამ, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია. ცოტა ხანში ნახავთ ყველაფერს, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ საქმეში. დადგა დრო, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მარტო მერაბიშვილი კი არა, ყველა უნდა დაისაჯოს - დათა ახალაია, გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია, რომელიც მართავდა სასამართლო სისტემას. ახლა "ნაცმოძრაობას" სურს ამას პოლიტიკური სარჩული მისცეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან. მარტო ჩემი ოჯახი არა, ათასობით ადამიანი გააუბედურეს...
ახლახან სანდროს და ირინას საფლავიდან ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი მოიპარეს, რომელიც ქვაზე იყო დაკრული. აქამდე აზრადაც არავის მოსვლია მისი დაზიანება. ვფიქრობ, მერაბიშვილის დაკავება და ჯვრის მოპარვა საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მთავრობა ყველაფერს გამოიძიებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს...
ჩვენ გვსურდა თაკო სალაყაიას პოზიციაც მოგვესმინა. სამწუხაროდ, ჩვენს ზარებს არ უპასუხა... შევეცადეთ, მერაბიშვილის დედას მაინც გავსაუბრებოდით. მან ჩვენს ზარს კი უპასუხა, მაგრამ როგორც კი შეიტყო, ჟურნალისტი ვიყავი, ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა და შემდგომში საერთოდ გამორთო...
იხილეთ ვიდეო: სახლი, რომელიც მერაბიშვილმა სპეცრაზმის ძალით დაიკავა - აგარაკი გადაუხდელი გადასახადებით
თეა ხურცილავა