გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!
"საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ქვეყანაში არავის არაფერი ეპატიება"
სანდო წყაროს ცნობით, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში დაკითხვაზე ქალაქის ყოფილ პროკურორს, გიორგი ღვინიაშვილსა და მოქმედ მერს, გიგი უგულავას დაიბარებენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, წინასწარ უცნობია, მაგრამ როგორც გვითხრეს, მათთვის წაყენებული ბრალი იმდენად სერიოზული იქნება, დიდი ალბათობით ორივეს პატიმრობა ელის. სამართლიანობის აღდგენისთვის ხელისუფლების ნაბიჯების შეფასება "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეს ვთხოვეთ:
- ქართველ საზოგადოებას ძალიან დამაჯერებელი ინფორმაცია აქვს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს მისი უმაღლესი თანამდებობის პირების დანაშაულებრივ ქმედებებზე და ამ უკანონობათა ჩამდენებზე დიდი ხანია დასკვნა გამოტანილი აქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ სამართლიანობა უნდა აღადგინონ, ამაზე ყველას ერთი აზრი გვაქვს. თუმცა ასეთ ვითარებაში ჩნდება საფრთხე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ცდუნებას ვერ გაუძლოს და სამართლიანობის აღდგენა მიაბას თავის პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომ ხელისუფლებას ძალიან დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს არა მარტო ფაქტების შეფასებაზე, არამედ პროცესუალურ ქმედებებზე.
ხელისუფლების ქმედებებს არათუ მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს მისგან. მერაბიშვილი იმიტომ კი არ უნდა დაეპატიმრებინათ, რომ ბიუჯეტის ფული არასწორად განკარგა, არამედ უფრო მძიმე დანაშაულებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი. რადგან ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის რეზერვში აქვს დატოვებული დამამძიმებელი გარემოებები, ეს აჩენს ეჭვს, რომ ამას იმის მიხედვით გამოიყენებს, როგორ მოიქცევა "ნაცმოძრაობა". ეს ეჭვები უნდა გააქარწყლოს ხელისუფლებამ, რადგან საზოგადოება კარგა ხანია უნდობლობით ეკიდებოდა ხელისუფლების ქმედებებს. "ქართული ოცნების" უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ნდობის აღდგენა.
- როგორც შევიტყვეთ, ქალაქის ყოფილი პროკურორის, გიორგი ღვინიაშვილისა და გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხიც აქტიურად განიხილება. რაზე შეიძლება მიედაოს მათ გამოძიება?
- გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო, როდესაც თბილისში არაერთი ახალგაზრდა მოკლეს. სააკაშვილის დანაშაულებრივ სისტემაში მთავარი მოქმედი პირი პროკურატურა იყო, ღვინიაშვილი კი მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. Aამ დანაშაულებრივ სისტემაში, ბუნებრივია, ღვინიაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები. Bბევრი გახმაურებული მკვლელობა მოხდა მისი პროკურორობისას - ბიზნესის წართმევა და უსამართლოდ დაპატიმრება. რეპრესიების ინსტრუმენტი სწორედ ღვინიაშვილის უწყება იყო და არ გამიკვირდება, თუ მასზეც საქმე აღიძრება. ბრალდებას არ უნდა გაუჭირდეს მისი დანაშაულის დასაბუთება.
თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ ჩადენილი დანაშაულებიც სახეზეა. რასაც უნდოდა, ანგრევდა და რასაც უნდოდა, აშენებდა. ვინც არ მოუდიოდა თვალში, პროკურატურას უსევდა. ყბადაღებულ თემად იქცა მერიის უსამართლო ტენდერები, შესყიდვები და ე.წ. თბილისის ფონდი. Bბევრი მასალა არსებობს ამ პირებზე, მაგრამ ამას არგუმენტებით გამყარება და სასამართლოში გაგზავნა სჭირდება. მთავარია, ხელისუფლების ქმედებებში არ დარჩეს ეჭვის ნატამალიც კი და არავინ იფიქროს, რომ ის პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს.
ბიძინა ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, დაამკვიდროს ხელისუფლებისადმი ნდობა. დაანგრიოს მახინჯი ბოლშევიკური სისტემა, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ერთია. თუ ბიძინა ივანიშვილი დაამკვიდრებს განცდას, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო სხვადასხვაა, ეს იქნება ყველაზე დიდი რამ, რასაც ის გაუკეთებს საქართველოს. ეს დაპატიმრებები პოლიტიკური კუთხით უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, მოახდინოს ხელისუფლების ისეთი უზურპაცია, როგორიც სააკაშვილმა გააკეთა.
- ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და შს მინისტრის მოადგილის მაგალითზე აჩვენა, რომ ის საკუთარ წევრებსაც არ ინდობს.
- იმ მთავარი მიზნისთვის, რასაც ჰქვია ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება, აუცილებელია, რომ ივანიშვილმა საკუთარი გუნდიც გააკონტროლოს. ხელისუფლების ყველა წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოძიებული უნდა იქნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტენდერებისა და ვაუჩერების დარიგების საქმეში რომ დარღვევები იყო, ვიცით, თუ კიდევ რამე დანაშაულია ჩადენილი, ისიც უნდა გამოიკვლიონ და დამნაშავეები დასაჯონ.
სწორი იყო შს მინისტრის მოადგილის დასჯა დანაშაულის გამო, მაგრამ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს განცდა, ამ საქმეში სხვებიც მონაწილეობდნენ და ხვედელიძემ აიღო დანაშაული საკუთარ თავზე ან მძიმე დანაშაულიდან ვიღაც იოლად გამოვიდაო.
ეჭვები უნდა გაიფანტოს, რათა ხელისუფლებისადმი უნდობლობა არ გაუჩნდეს საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი ეპატიება.