რატომ წავიდა გიგა ბოკერია აშშ-ში
"ჰკითხონ თემურ პატარიძეს, დაავალა თუ არა მას მერაბიშვილმა როინ შავაძის მკვლელობა"
"არ არის გამორიცხული, ადეიშვილმა ხელისუფლებას მიაწოდოს ინფორმაცია ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ან ლევან სამხარაულის მკვლელობაზე"
"რატომ არ იძიებენ დათა ახალაიას ბრძანებით ჩაცხრილული აჭარელი ახალგაზრდების საქმეს? ჰკითხონ თემურ პატარიძეს, დაავალა თუ არა მას მერაბიშვილმა როინ შავაძის მკვლელობა" - "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.
- ხელისუფლებას მერაბიშვილის დაპატიმრება არც აძლევდა ხელს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. მას როგორმე უნდა ეპასუხა საზოგადოების მოთხოვნისთვის. თუმცა სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია. რასაკვირველია, ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებას უფრო მეტი სამართლებრივი დასაბუთება სჭირდება, რათა დასავლეთიც დარწმუნდეს ამის აუცილებლობაში. ახლა ასეთი ვითარება გვაქვს: საერთაშორისო საზოგადოება მერაბიშვილს ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივნად აღიქვამს და არა იმ მონსტრად, როგორც მას ქვეყანაში იცნობენ. მერაბიშვილს ბრალს უყენებენ, რომ ბიზნესმენ ლობჟანიძეს კვარიათში სახლი ჩამოართვა.
სამარცხვინოა,…ნუთუ მერაბიშვილს უარესი არაფერი გაუკეთებია? სად არიან ის იურისტები, ადვოკატები, უფლებადამცველები, რომლებიც გაიძახოდნენ, მერაბიშვილზე დიდი მასალა და კომპრომატები არსებობსო? ამას ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი და კობა დავითაშვილი რომ გაიძახოდნენ, მაშინ პატიმარი ვიყავი. სად წავიდა ის უამრავი მტკიცებულება? ვანოს ხელდასხმული ვიდეოფირი, ერთმანეთს რომ უღებდნენ მამხილებელ ფარულ ვიდეომასალას და სააკაშვილთან მიარბენინებდნენ, სად წავიდა?! უამრავი სხვა ფაქტი დევს ხელისგულზე. მაგალითად, ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი რატი მაისურაძე მას შემდეგ გაიტაცეს და აწამეს, რაც გირგვლიანის მკვლელობა გააპროტესტა - შსს-ს შესასვლელთან კაბა გამოფინა და შემდეგ მერაბიშვილს სამინისტროში შეუგზავნა (რატის მაშინ ლამის სასიკვდილოდ სცემეს და მუხათგვერდის სასაფლაოზე დააგდეს). გავიხსენოთ როინ შავაძის მკვლელობა ბათუმში, მასში ხომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა. ძნელია გარკვევა, ვისი დავალებით მოხდა ეს? როინ შავაძის მკვლელობის შემსრულებელი იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ პატარიძე. მას თავისუფლად შეეძლო იმის აღიარება, თუ ვინ მისცა "ზემოდან" ასეთი ბრძანება.
ის კი ახლა თავისუფლად დადის და შავაძის მკვლელობაში მონაწილე სპეცრაზმელებს აფრთხილებს, არ გაბედოთ დანაშაულის აღიარება, თორემ "ნაციონალები" მალე ისევ ხელისუფლებაში მობრუნდებიან და მკაცრად დაისჯებითო. მე კი მჯერა, რომ ეს სამარცხვინო პოლიტიკური ძალა ისევე ვეღარ მობრუნდება, როგორც საიქიოდან ბაბუაჩემი.…
დიმიტრი შაშკინი დღეს თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს მერაბიშვილის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე. არადა, თვითონ შაშკინია დასაკავებელი. მასზე საქმეც არის აღძრული, თუმცა ვერ იჭერენ. ასე მგონია, ვინც ამერიკაში მიდის, ხელშეუხებლობის გარანტიას იღებს და ისე ბრუნდება საქართველოში.…
- თქვენი აზრით, შაშკინზე რა მტკიცებულებები შეიძლება არსებობდეს?
- შაშკინის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს დაიწყო ციხეებში სიკვდილიანობის ზრდა. შაშკინმა ზეპირი ბრძანებით, ფაქტობრივად, გააუქმა ვადაზე ადრე გათავისუფლების ინსტიტუტი... თუმცა მან უდო მხოლოდ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა სასარგებლოდ გამოიყენა (გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომლითაც გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებს სასჯელი შეუმსუბუქა, შაშკინმა მათ მალევე გათავისუფლებას შეუწყო ხელი.) ამ დროს კი 4 ათასამდე ისეთი პატიმარი იყო, ვისაც უდო ეხებოდა და ყველას უარი უთხრეს. უკურნებელი სენით დაავადებული 3 ათასი პატიმრიდან არც ერთი არ გაუთავისუფლებიათ. უმრავლესობა სწორედ შაშკინის პერიოდში გარდაიცვალა ციხეებში. ამას ემატებოდა ისიც, რომ სპეცდანიშნულების რაზმები შედიოდნენ საკნებში და სცემდნენ პატიმრებს, ზოგი იქვე კვდებოდა. ნუთუ ამ ყველაფრის გამო მან პასუხი არ უნდა აგოს?
- ბაჩო ახალაიას სისასტიკეზეც ბევრი მოვისმინეთ, თუმცა მტკიცებულებების მოპოვება გაჭირდა.
- მე ამას ორი მიზეზით ვხსნი: ან ამჟამინდელი ხელისუფლება უსუსურია, ან ყოფილ მაღალჩინოსანთა ფრთიან ანგელოზებად წარმოჩენა სურთ - ალბათ, ფარული გარიგება აქვთ. მაგალითად, დიდი არაფერი დამტკიცება სჭირდება იმას, რომ დათა ახალაიას ბრძანებით (როცა ის კუდ-ის მაღალჩინოსანი იყო) ჩაცხრილეს 4 აჭარელი ახალგაზრდა, ამის მიზეზად კი დაასახელეს, თითქოს ისინი ციხეზე იერიშის მიტანას და თანამშრომლებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
2007 წელს ბათუმში სტუდენტების აქციის დარბევის ბრძანებაც ვანო მერაბიშვილმა გასცა. მაშინ აჭარის შს მინისტრი დავით ბედია იყო, რომელმაც თქვა, მე ბრძანების შემსრულებელი ვიყავიო. მაშინ შეაჩერეს 25-ე არხის მაუწყებლობა. ამაზეც ხომ უნდა ეგო ვინმეს პასუხი? თუმცა ბედია ახლა შს მინისტრის მოადგილეა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
- ერთ-ერთი ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას ზურაბ ადეიშვილიც გეგმავს.
- თუკი მანაც შაშკინივით მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია, დაბრუნდება საქართველოში! არც ის არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას მიაწოდოს არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ან ლევან სამხარაულის მკვლელობაზე. მეტსაც გეტყვით, როგორც ვიცი, ახლა გიგა ბოკერიაც ამერიკაშია და სრულიად შესაძლებელია, ისიც ხელშეუხებლობის გარანტიას ეძებდეს.…