მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - ბოტასი ბოტოქსასგან
პირველი იმედგაცრუება
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში პირველი იმედგაცრუება იწვნია. როგორია, როცა შენ ახალი ურთიერთობების დაწყებაზე, მოლაპარაკებებზე საუბრობ და ამ დროს მეორე მხარე საოკუპაციო ზოლს კიდევ აქეთ გიწევს და თან მავთულხლართს გიბამს. ივანიშვილის გამოსვლებშიც გაისმა იმედგაცრუების ნოტები... საქართველოს ყველა ახალ ხელისუფლებას ჰქონდა იმედი, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, მოახერხებდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ასე ეგონა შევარდნაძეს, ასე ფიქრობდა სააკაშვილიც თავისი მმართველობის პირველ წლებში.
ხელისუფლება იცვლებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. შევარდნაძემ მინისტრებიც კი რუსეთის კარნახით დანიშნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სააკაშვილი პრეზიდენტობის პირველ წელს პუტინს ისე ელაქუცებოდა, ისე აქებდა, ივანიშვილს იმის მეათედი რომ ეთქვა, ანათემას გადასცემდნენ, მაგრამ ისიც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ჩვენთან კი იცვლებოდა ხელისუფლება, მაგრამ არ იცვლებოდა რუსეთი... ჩემი დაკვირვებით, რუსეთს დღეს ასეთი პოლიტიკა აქვს: გინდა სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებზე ლაპარაკი? კი ბატონო, ვილაპარაკოთ, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ყველაფერი ძველებურად იქნება. კი ბატონო, აღვადგინოთ ეს სავაჭრო ურთიერთობები, ჩვენ რას ვკარგავთ? პირიქით, ჩვენი პროდუქცია გაიყიდება, მაგრამ მერე რა იქნება? აი, გადმოსწია საოკუპაციო ზოლი 200-300 მეტრით და არც იმჩნევს. ჩვენ ვამბობთ, ომს ხომ არ დავიწყებთო. მართალია, ომს ვერ დავიწყებთ. აბა, რა უნდა ვქნათ? საერთაშორისო თანამეგობრობას გავაგებინოთო. გავაგებინეთ და რა მერე?..
გამოსავალიც არ ჩანს. ხვალ რომ კიდევ 300 მეტრით გადმოსწიოს, რა ვქნათ? მართალია, ისე კაპიტალურად აკეთებენ იმ ე.წ. საზღვარს, რომ კიდევ გადმოწევას აღარ ველოდები, მაგრამ უკან გადაწევაც არ არის მოსალოდნელი. რაღაც საბჭოთა დროინდელ რუკებს ვაფრიალებთ - სწორედ აქ გადიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარიო. ძალიან უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ეს არც ივანიშვილის ბრალია და არც სააკაშვილის. სააკაშვილი ამას მიხვდა და ივანიშვილის შერბილებულ რიტორიკაზე საუბარს მოეშვა, რადგან როგორც კი მას დააბრალა ყველაფერი, აგვისტოს ომის შედეგები გაუხსენეს. ჰოდა, გაიძახოდა კვირის ბოლოს, ეს ახალი მთავრობის ბრალი არ არის, მოდი, ერთად ვიმუშაოთო... მთელ ამ ამბავს ერთადერთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს: არა, ივანიშვილი და სააკაშვილი ერთად ვერ იმუშავებენ, მაგრამ შეიძლება ივანიშვილმა რუსეთთან დაკავშირებულ ილუზიებს თავი დააღწიოს და რეალობას დაუბრუნდეს.
ბოტასი ბოტოქსასგან
მორჩა, დღეიდან მიშას ახალი მეტსახელი აქვს - ბოტოქსა! არა, ბოტოქსი ვის არ გაუკეთებია - ბერლუსკონით დაწყებული, პუტინით დამთავრებული, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი მე მაინც უფრო ახალგაზრდა მეგონა. ვფიქრობდი, ამას ჯერ ნაოჭები რას მოერევა-მეთქი და თურმე, ვცდებოდი, მისი გადატკეცილი შუბლი სულ ბოტოქსის დამსახურება ყოფილა. თან რაც მიშისტები პუტინს ბოტოქსის გამო დასცინოდნენ, ამას წარმოვიდგენდი, რომ მათი ჯილაც ნაოჭების გასასწორებელ ინიექციებს მიეძალებოდა?! მაგრამ მიშამ საკუთარ მხარდამჭერებსაც "უღალატა" და დაბოტოქსდა. მიშისტებმა გული გაიმაგრეს და სოციალურ ქსელებში მტკიცება დაიწყეს, ბოტოქსი ივანიშვილსაც აქვს გაკეთებული, მაგის შუბლიც გადატკეცილიაო. ვერაფერს დავამტკიცებ, შეიძლება აქვს, შეიძლება - არა, მაგრამ მიშისტები მთავარს ვერ ხვდებიან: მთელ ამ ისტორიაში მთავარი არა ბოტოქსის გაკეთება, არამედ ამ მანიპულაციის ბიუჯეტის ხარჯზე ჩატარებაა. ვერ გავიგე, ღიპს ჩემს ხარჯზე ებრძვი, ნაოჭებსაც ჩემს ხარჯზე იქრობ, აბა, ხელფასს რაღასთვის გიხდი?!
ეს მანიპულაცია ნიუ-იორკში ჩაუტარებია, თან - ორჯერ: 2009 წელს და 2011-ში. ერთხელ 5 600 დოლარი გადაუხდია, მეორედ - 5 800. ეტყობა, ორი წლის მერე ნაოჭები მოემატა და ფასიც ამან გაზარდა. ყველაზე მეტად ნერვები, იცით, რაზე მეშლება? კარგი, ჩვენს ხარჯზე ნაოჭებს იქრობ, გაიქრე, მაგრამ რაღა ნიუ-იორკში გარბიხარ, თბილისში, როგორც გავარკვიე, იგივე მანიპულაცია 600 ლარი ღირს, ბოტოქსი კი ყველგან ერთნაირია. ეტყობა, ნიუ-იორკში მის გაკეთებას მაინც სხვა მუღამი აქვს. იქ უფრო შეგინახავენ საიდუმლოს... შუბლის გარდა კი, როგორც გაირკვა, არსებობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯები, სადაც მისხალ-მისხალ არის ჩამოთვლილი, პრეზიდენტმა ბიუჯეტიდან რა თანხა დახარჯა პირადი მოხმარებისთვის. მაგალითად, სააკაშვილმა ჩვენი 5.993 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა ამერიკელი მსახიობი ქალის მიერ შიშველი სხეულით შექმნილ ნახატში. ანუ ეს ქალი იხდის, ტანს საღებავებით ითხუპნის და მერე ტანით ხატავს. ახლა ყველას ერთი რამ აინტერესებს:
პრეზიდენტმა უკვე დასრულებული ნახატი იყიდა თუ დახატვის პროცესსაც დაესწრო? სად წაიღო მერე? სახლში დაკიდა თუ რეზიდენციაში? გვაჩვენოს! ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ფულითაა ნაყიდი...
გარდა ამისა, არამიზნობრივად დახარჯული თანხების ჩამონათვალში აღმოჩნდა ამერიკელი ბიზნესმენის, კრისტინა ვუსავას, სასტუმრო ""რედისონში"" ცხოვრების ხარჯის ანაზღაურება, ასევე, მისთვის ბოტასის შეძენა, რაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სულ 6 668 ლარი გადაიხადა. ალბათ, იკითხავთ, ქალს ბოტასი რატომ უნდა აჩუქო? თანაც - სასტუმროს მეპატრონესო? თუმცა, ბოტასსაც გააჩნია, ალბათ. მიშას ადგილზე, საჩუქარს წავაწერდი: ბოტასი ბოტოქსასგან!