"ივანიშვილმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს"
"ჩემსა და ივანიშვილს შორის იყო საუბარი უცხოეთში მყოფი კადრების მოზიდვაზე: მერობაზე..."
"ჩავთვალე, რომ ჩემი წარსულით, ცოდნითა და გამოცდილებით პრეზიდენტობის კანდიდატის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებდი",” - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა:
- რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტეთ, ალბათ, გაქვთ კონკრეტული ამოცანა, რაც გინდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოთ.
- ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პრეზიდენტს არ გააჩნია თავისი მოქმედების ცალკე პროგრამა. ის ხელისუფლებას უნდა შეეხიდოს იმ საკითხებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში ან კიდევ საზოგადოებრივ საკითხებში. უშუალოდ ის პოლიტიკას არ წარმართავს და ყოველდღიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდეს. თვისებრივი განსხვავებაა იმ კონცეფციისგან, რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობა. Aპრეზიდენტი არ უნდა იქცეს მეოთხე ძალაუფლებად, მაგრამ ამავე დროს, ზოგ შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა შეძლოს როგორც ხალხის არჩეულმა, ამავე ხალხის ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. ეს იქნება აღმასრულებელი, ანუ მთავრობა; კანონმდებელი, ანუ პარლამენტი თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ის უნდა იყოს ამ სამეულის შორის ბალანსის გარანტი, რათა აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს. პრეზიდენტი დამბალანსებელი და შუამავალი უნდა იყოს, თუკი წარმოიშვება გაუგებრობა ან გაუცხოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის სახე და ქვეყნის ხმა, მისი იმიჯის დამცველი ქვეყნის საზღვრებგარეთ. მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია დიდია. მას ერის ერთიანობისა და სასიცოცხლო ინტერესების დაცვა ევალება. ამიტომ არ შეიძლება იყოს მიკერძოებული ან რომელიმე პარტიის, გუნდის, ჯგუფის პოლიტიკური მოსაზრებების მატარებელი. ხალხის არჩეული უნდა ემსახურებოდეს ყველას, განურჩევლად მათი პარტიული, რელიგიური და ეთნიკური ნიშნებისა.
ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ჩემი წარსულით, ცოდნითა და გამოცდილებით ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებდი. თუ ამპარტავნობაში არ ჩამეთვლება, ვფიქრობ, ვალი ქვეყნის წინაშე მოვიხადე საგარეო პოლიტიკაში, როცა მივაღწიე შეთანხმებას რუსეთთან ბაზების გაყვანაზე. ასევე შიდაპოლიტიკაში სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარიზმთან ბრძოლით, დაწყებული 2005 წლის ნოემბერში იპოდრომზე და დამთავრებული 2010 წლის ზაფხულში რუსთაველის პროსპექტზე ასდღიანი აქციის თავზე. ამით, მგონი, მეც შევიტანე წვლილი ოქტომბრის არჩევნების გამარჯვებაში.
პრეზიდენტი ერთი პარტიის სახე და ერის დაყოფის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს, თუმცა მისი არაპარტიულობა არ უნდა ნიშნავდეს თავისი ხედვის, პოზიციებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქვეყნის განვითარების კონცეფციის არქონას. ანუ უპარტიო უკონცეფციოს არ ნიშნავს.
ჩემი ხედვა მე არაერთხელ წარმიდგენია ქართველი საზოგადოებისთვის: საქართველო ერთდროულად ევროპული და ქართულ ღირებულებებზე დამყარებული, ტრადიციების ერთგული, გახსნილი გარეთ და შიგნით კი შეკრული, ტოლერანტი, მაგრამ პრინციპული - ეს არის ჩემი ორიენტირი.
დღეს როგორც არასდროს, ქვეყანას ისე სჭირდება შერიგება და შენდობა. ვინ თუ არა მე, ვინც დღიდან ჩამოსვლისა გავხდი სამიზნე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური "ელიტის" გაუთავებელი ლანძღვის, აგრესიისა და სიძულვილისა, შეძლებს ამის გაკეთებას. ეს მაძლევს მორალურ უფლებას, რომ შერიგების აუცილებლობაზე ვისაუბრო. თუკი 2009 წლის 9 აპრილს მივაღწიეთ, რომ მანამდის გადამტერებულ ძალებსა და არსებულ პარტიას ერთობლივ დეკლარაციაზე ხელი მოგვეწერა, ალბათ, შერიგებაც მიუღწეველი არ არის. სამეგრელოში შევარდნაძის რეჟიმის ჩადენილი ცოდვა უნდა აღიარებულ იქნეს. შერიგება და ერთად დგომა ასევე ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, ვის არაფორმალურ წარმომადგენლადაც ვთვლი თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ემიგრაციას უნდა მიეცეს თუ არა დაბრუნების საშუალება, სულ ცოტა, აღიარება მაინც მისი ადგილისა ამ ქვეყანაში. ამ მხრივ მე თავს ვთვლი ემიგრაციის საპრეზიდენტო კანდიდატად, მე მათი ტკივილი ვიცი, მათი მდგომარეობა, მათი იმედი და ყოველდღიური განცდები. ჩემი კანდიდატურა (თუკი მიღებულ იქნა და უადგილო შეზღუდვები გამოყენებული არ იქნება) სიმბოლურად გზას გაუხსნის ყველა ემიგრანტის არა მხოლოდ დაბრუნებას სამშობლოში, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულუფლებიანად ჩართვას.
ეს ყველაფერი ჩემი კანდიდატურის მთავარი მოტივაციაა. ჩემი ცხოვრების 40 წელი საქართველოს საზღვარს გარეთ გავატარე, მისი კულტურის წარდგენაში, მის დაცვაში. იმ დროს, როცა საქართველოს დისკრედიტაცია წინა ხელისუფლების რევანშის ფორმად იქცა და მთავარი საზრუნავი - ქვეყნის დაცვა უფრო და უფრო საჭირო ხდება, ვფიქრობ, ამ საქმეშიც შემიძლია გამოვადგე ქვეყანას.
არასოდეს პოლიტიკური ბრძოლის მანძილზე არ ვყოფილვარ მომხრე იმისა, რომ ძალადობას ძალადობით ვუპასუხოთ. პირიქით, ჩემი ლაიტმოტივი იყო: "არც გადატრიალება! არც გარიგება! არჩევნების გზით გამარჯვება!" და ამ გზამ გაამართლა. უთუოდ უნდა ითქვას, ეს გამარჯვება ვერ და არ იქნებოდა, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც იგი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში.…
და ბოლოს ვიტყოდი იმასაც, რომ დღევანდელ საქართველოში საპრეზიდენტო ფუნქციის შემსრულებელი ქალი, ემიგრაციაში დაბადებული და დაბრუნებული, ქვეყნისთვის გამოსადეგი იქნება.
- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე თანამდებობაზე განიხილეთ თქვენი კანდიდატურა. რა შემოთავაზებები გქონდათ პრემიერისგან?
- თანამდებობები ამ გაგებით არ განგვიხილავს და არც ჩემი “კანდიდატურა” რომელიმე თანამდებობაზე. ეს უფრო იყო მზადყოფნის გამოცხადება, ჩემი ადგილი დამეკავებინაა სახელმწიფოს სამსახურში. … იყო საუბარი (მართალია, უფრო ჩემი მხრიდან) საგარეო საკითხებში მრჩევლის ან პირადი წარმომადგენლის, სადაც ჩემი კონტაქტების გამოყენების დიდი შანსი მომეცემოდა; იყო საუბარი უცხოეთში მყოფი კადრების მოზიდვაზე; მერობაზე; საუბარი იყო საპრეზიდენტო ფუნქციაზეც. მას შემდეგ, რაც ალასანიას საკითხი დღის წესრიგიდან ერთგვარად მოიხსნა, სიცარიელე გაჩნდა და ახლა თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის არც რამე შემოუთავაზებია ან რამე პირობა მოუცია. ვერ ვიტყვი, რომ სიტყვა ან იმედი გამიცრუა. ამდენად მის მიმართ არანაირი წყენა ან პრეტენზია არ გამაჩნია!…გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თურმე არ მიცნობენ გუნდში. იმედია, ეს არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის განწყობას, რადგან თუ არა გუნდის წევრად, მოკავშირედ, მომხრედ და გულშემატკივრად მაინც წარმომედგინა თავი.
- მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი თქვენ ყოფილიყავით, პრემიერმა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. რას იტყვით მასზე, როგორც თქვენს კონკურენტზე და სხვა კანდიდატებზე?
- არ ვაპირებ ჩავერთო იმ არასაჭირო პიროვნულ გარჩევებში, რაც ზოგ კანდიდატს დაწყებული აქვს თუნდაც ჩემ მიმართ. მაგალითად, ზოგი კითხვის ქვეშ აყენებს ჩემს სამართლებრივ უფლებებს, მაგრამ რიგიანად შესწავლილიც არა აქვთ ახალი კონსტიტუცია და არც მისი შესაძლო ინტერპრეტაციები. ამიტომ მინდა ვურჩიო - ყველამ თავის კანდიდატურას მიხედოს. არც ის მადარდებს, თუ ზოგი ჩემს პოლიტიკურ გამოცდილებას კითხვის ქვეშ თუ აყენებს ან ჩემს დიპლომატიურ მიღწევებს ვერ იხსენებს. მთავარია, ამომრჩეველი რას გაიხსენებს ჩემი შიდა თუ საგარეო მიღწევებიდან.
დაველოდები, სანამ მათი პოლიტიკური ხედვები ჩამოყალიბდება და დებატები შესაძლებელი გახდება. მაინტერესებს, თუ მარგველაშვილი იყო ბურჯანაძის მრჩეველი, დღესაც იზიარებს მის ხედვას თუნდაც ისეთი საკითხში, როგორიც არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზები? მაინტერესებს ქართული და ევროპული ფასეულობების მიმართ მათი ხედვები. ან კიდევ კონფლიქტური რეგიონების მიმართ რა მიმართულებებს უსახავენ ქვეყანას. დიდი მოლოდინი მაქვს დებატებისა, სადაც პირადი ლანძღვის მაგივრად ახალ მაგალითს ვაჩვენებთ კონცეფციების შეჯიბრებისა. ბოლოს და ბოლოს, ფილოსოფოსმა და ყოფილმა თანამდებობის პირმა ორმა ქალმა ეს მაინც უნდა შევძლოთ და სხვა განზომილებაში გადავიტანოთ საპრეზიდენტო კამპანია, რაც თავისთავად დიდი მიღწევა იქნება!
ვისაც პრეტენზია აქვს პრეზიდენტობაზე, ისიც უნდა დაასაბუთოს, რამდენად შეეფერება პრეზიდენტის პოსტს, რა თვისებებით აკმაყოფილებს: პრინციპულობით, ბრძოლისუნარიანობით, ახალი ხედვით, შერიგების უნარით და აჩვენოს, თავისი ბიოგრაფიით აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს.
მე კი არ უნდა დავახასიათო ესა თუ ის კანდიდატი, არამედ უნდა მივცეთ მოსახლეობას იმის საშუალება, რომ თვითონ შეიქმნას აზრი კანდიდატებზე.
აქვე უნდა განვმარტო, თუ რატომ მეჩვენება არჩევნების საკითხი საკვანძოდ: ჩვენ დიდხანს ვიბრძოდით, რომ არჩევნებით შეგვეცვალა უღირსი ხელისუფლება. ამ ხნის მანძილზე დავინახეთ, თუ როგორ ქრებოდა ხალხის რწმენა არჩევნებისა, როგორ ახრჩობდა ცინიზმი და სკეპტიციზმი იმედს და ქვეყანა მიჰყავდა ძალადობისა და გადატრიალების ძალიან საშიშ გზაზე. Aამიტომ ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს ძნელად მოპოვებული, ვიტყოდი, გადარჩენილი არჩევნების რწმენა, როგორც ერთადერთი ფორმა ხელისუფლების შეცვლისა, როგორც ხალხის ნების გამოხატვისა, ისევე უგულებელყოფილი არ იყოს. ის ძალა, რომელმაც 2 ოქტომბერს გამარჯვებით აღადგინა არჩევნებისადმი ნდობა, დღეს ერთგვარად უნდობლობას არჩევნებს უცხადებს და აცხადებს, რომ მისი დანიშნული კანდიდატი უნდა იყოს არჩეული! უარყოფა ხალხის არჩევნისა და საერთოდ, არჩევნების მნიშვნელობისა სახიფათოა სამომავლოდ. მან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი ცინიზმის ტალღა. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ამ კონცეფციას, რომელიც ვიმდოვნებ შემთხვევითი ლაფსუსი აღმოჩნდება, ჩემი თავი დავუპირისპირე არა როგორც კანდიდატი, არამედ როგორც ალტერნატიული კონცეფცია. თუ "ქართული ოცნების" კანდიდატი უალტერნატივოა, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემ მიერ წარდგენილი პრეზიდენტის არჩევის კონცეფციაა უალტერნატივო. ეს იმ შემთხვევაში, თუკი დემოკრატია გვინდა ქვეყანაში დავამკვიდროთ.
- მთელი საქართველო შეშფოთებულია სოფელ დიცთან რუსების მიერ საზღვრის გადმოწევის გამო. რამდენად ლოგიკურია მათი ეს ქმედება, როდესაც ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე საუბრობს?
- ცოტა მიჭირს ასეთი საკითხის განხილვა უცხოეთიდან. ჯერ ის უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია არის პირდაპირი მემკვიდრეობა სააკაშვილის პოლიტიკის, ანუ სიტყვიერი კონფროტაციისა და დათმობისა. გავიხსენოთ მამისონი, გავიხსენოთ სრული დათმობის პოლიტიკა კოდორის, ახალგორის, ლიახვის ხეობის საკითხებში. ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები არასოდეს გამოგვიყენებია, რათა ეს საკითხები მაინც დაგვეყენებინა, თუნდაც როცა მთავრობის მიერ გაკრიტიკებული ევროკავშირის დასკვნა კოდორის საკითხზე მთლიანად გვამართლებდა. გავიხსენოთ კიდევ სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის დაშვებასთან დაკავშირებული შეთანხმება. სად არიან ის შვეიცარიელი კერძო მებაჟეები, რომლის დაყენება ჩვენსა და რუსეთის საზღვარზე თავის დროზე გამოცხადდა როგორც დიდი გამარჯვება. ამიტომ მიუღებელია წინანდელი ხელისუფლების პათოსი, რომ ჩვენ არ ვდებთ ბრალს დღევანდელ ხელისუფლებას! ბრალი როგორ უნდა დადონ, როცა ამ ყველაფრის თავიდათავი სააკაშვილია და მისი თანამიმდევრული პოლიტიკა ომით თუ უშუალო დათმობით ტერიტორიების დაკარგვისა. ამ საკითხს სჭირდება არა მაღალხმიანი განცხადებები, არამედ სერიოზული ლაპარაკი მოსკოვთან არა ღვინოსა და მწვადზე, არამედ ჩვენს სამომავლო ურთიერთობაზე და რაზე უნდა აიგოს ის. მოლაპარაკება ვერ შედგება სწორ რელსებზე, თუ საქართველოს არ ექნება გარკვეული, რა უნდა, რას არ თმობს და ამავე დროს არ ექნება ზურგი გამყარებული მოკავშირეებისგან. დიალოგი და არა კონფრონტაცია, მაგრამ დიალოგი პრინციპული, ესე იგი, არა დათმობა და ამისათვის ჩვენი თავის ყველა არსებული საშუალებით გაძლიერება.
- "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პარტიის გენერალური მდივნის დაკავებამ დასავლეთი შეაშფოთა. თქვენ რას ფიქრობთ მერაბიშვილის დაკავებაზე?
- დასავლეთის შეშფოთება განაპირობა ლობისტების აქტიურობამ. შეშფოთებაზე უფრო მე შევამჩნიე ინტერესი, რაც სრულიად გასაგებია, როცა ლაპარაკია მაღალი პირის დაჭერაზე; ცხადია, პარალელი გაავლეს ტიმოშენკოს საქმესთან, რაც ნაცპროპაგანდის ინსპირირებულია იმ წრეებში, ვინც ნაკლებად გარკვეული არიან საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. დაუძლეველი არაფერია. საკმარისია, ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარდეს საქმე და ყველა ეჭვი გაქარწყლდება. საჭიროა მეტი აქტიურობა საზღვარგარეთ, რათა მხოლოდ ერთი წყაროდან არ მიდიოდეს პირველადი ინფორმაცია, რომლის გამოსწორება შემდგომ რთულია. რაც შეეხება მერაბიშვილს, ცოტა არ იყოს, უკმარისობის განცდა მეუფლება - ბრალდებები ეხება მხოლოდ ბოლო მოვლენებს, ანუ 26 მაისს, ან კიდევ ბოლო არჩევნებში მოსყიდვისთვის გამოყენებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამების თანხებს და არა იმ 9 წლის მმართველობის კიდევ უფრო მძიმე ეპიზოდებს... ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ წინ გადავდგათ ნაბიჯი, საჭიროა დავრწმუნდეთ, თუ ვინ იყო ამ ბოლო წლების დანაშაულების მთავარი რეჟისორი და ამისთვის დაისაჯოს ის, ვისაც დამნაშავედ ცნობს სასამართლო.
- ხომ არ ელით, რომ სააკაშვილსაც მოუწევს წარდგომა სასამართლოს წინაშე?
- ვერაფერს გამოვრიცხავთ. დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის ზემოთ არავინ დგას და ამისი მრავალი მაგალითი ყოველდღიურად გვეძლევა. დაუსჯელობის სინდრომი, რაც ჩვენ მძიმე ხვედრად მოგვევლინა ბოლო ასწლეულში, დაწყებული ილიას მკვლელობით, უთუოდ უნდა დავძლიოთ, თუ გვინდა მომდევნო თაობა გაიზარდოს კანონმორჩილი და საზოგადოებრივი შეგნებით. თუ გვინდა, სამუდამოდ მოიშალოს ქვეყანაში სახელმწიფოსადმი მესაკუთრული მიდგომა: "ჩემია და რაც მინდა, იმას ვუზამ"! ეს ყველაფერი დღეს სასამართლო პროცესებზე წყდება. საკმარისია, არ ან ვერ დამტკიცდეს რომელიმე ბრალდება, ან პირიქით, ვინმე უსამართლოდ დაისაჯოს და ისევ გავებმებით უკანონო წყობის მახეში. კანონი ქვეყნის ხერხემალია და მის გარეშე გაზრდა ან გაძლიერება წარმოუდგენელია!
- ითქვა, რომ 17 მაისის აქციის დარბევით ევროპაში თავი მოგვეჭრა.
- ვფიქრობ, ის, რაც აქ მოხდა, გარკვეულწილად, საფრანგეთშიც განმეორდა. ეს არის თავს მოხვეული პრობლემა, რომელიც საფრანგეთში უზომოდ "გააზვიადეს იმ ძალებმა, ვინც პოლიტიკურ სარგებელს შოულობენ; ვისაც დღევანდელი კრიზისის დაძლევის არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია, ხელს აძლევს ყურადღების გადატანა იდეოლოგიურ საკითხებზე. გაუგებარია, რომ ეს პრობლემა ასე მწვავედ დაისვა საქართველოში, სადაც არასოდეს ყოფილა რომელიმე უმცირესობის რაიმე ფორმით დისკრიმინაცია, ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, იმდენად მარგინალურია, რომ ვერ გახდება ქვეყნის პრობლემა. ვინც ქართველებს ასეთ დამახინჯებულად, არატოლერანტად "წარმოსახავს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, ის ანტიქართულ საქმეს ემსახურება. ჩაგვრა და დევნა უფრო რუსული მოვლენაა და იქიდან გადმონერგილი ჩვენთან თავისი საბჭოთა მახასიათებლებით. ასევე, არატოლერანტული ეკლესია უფრო რუსეთის სემინარიების დანერგილია, ვიდრე ქართველი წმინდა მამების მემკვიდრეობა.
- საუბარია ვადამდე საპარლამენტო არჩევნებზე. თქვენ თუ ხედავთ ამის აუცილებლობას?
- ივანიშვილმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. მეტადრე, თუკი ის მართლაც აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, როგორც თავად აცხადებს. გასული 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ნახევრად თავისუფალი იყო: ყველამ ვიცით, რომ გაყალბებისა და ზეწოლის ფონი ისევ ისევ ძლიერი იყო. რომ არა ივანიშვილის პირადი ფაქტორი და ბოლოს "ცოცხების" სკანდალი", გამარჯვებაც არ იქნებოდა. ამდენად, ის პარლამენტი, რომელიც შედგა ამ არჩევნების შედეგად, არის ამსახველი ქვეყანაში პოლიტიკური ძალების განლაგებისა. "ნაციონალური მოძრაობა" არ წარმოადგენს ქვეყანაში იმ 40%-ს, რაც მოიპოვა და ამდენად, ის უნდა განვიხილოთ არა როგორც მეორე ძალა, არამედ "უზურპირებული მეორე ძალა". ამიტომაც გაჩნდა ეს უაზრო დავა "კოაბიტაციის" შესახებ. კოაბიტაცია თავისთავად არც კარგი, არც ცუდია და ყოველ შემთხვევაში, რაღაც სატანური ცნება ნამდვილად არ არის. მაგრამ ჩვენს მოცემულობაში სრულიად უადგილო მოთხოვნაა სწორედ იმიტომ, რომ რეალურად "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის მოსახლეობის მეორე ნახევარს კი არ წარმოადგენს, არამედ, ალბათ, 10%-ს! ანუ პრეტენზია კოაბიტაციაზე ვერ ექნებათ და არც უნდა ჰქონდეთ! როცა ერთი ძალა დემოკრატიას ეყრდნობა და მეორე კი ნერგავდა ავტოკრატიულ დიქტატორულ მეთოდებს, მათ შორის იდეოლოგიური კოაბიტაცია შეუძლებელია! ამ ყველაფერს უცხოელებისთვის უფრო მკაფიოდ ახსნა უნდა და არა მხოლოდ იმის ძახილი, "ვინ არიან ეს უცხოელები და როგორ გვიბედავენო!" ეს არის საზოგადოდ პოსტკოლონიური ქვეყნების სენი, რასაც დროა, თავი დავაღწიოთ.
- ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, პრეზიდენტობის გარდა კიდევ არაერთ ადგილზე ვხედავ ჩემს თავსო. რა იგულისხმეთ?
- ამისი მაგალითი იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ქვეყნის მართლაც ყველა სამსახურში იდგა და ნებისმიერ საქმეს აკეთებდა. მეორე მაგალითი მივიღე მამაჩემისგან, რომელიც ემიგრაციის სათვისტომოს თავმჯდომარეობისას არც ერთ საქმეს არ თაკილობდა, - იქნებოდა ვინმეს დახმარება თუ საერთაშორისო დონეზე ქართული საკითხის დაყენება. როცა ქვეყანა გიყვარს, ბევრი რამ შეიძლLება გააკეთო, მაგალითად, ის, რაც აკრძალული მქონდა სააკაშვილის დროს არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ ჯიპაშიც: ანუ ლექციების ჩატარება, მაშინ როცა საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში პროფესორის წოდება მომანიჭეს. ალბათ, ახლა ეს შესაძლებელი იქნება.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს დიპლომატიური უწყების საქმიანობას და რას ურჩევდით?
- შვილივით ვუყურებ ამ უწყებას და ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო. მისი საქმიანობის შეფასება ჩემი საქმე არაა და არც კორექტული იქნებოდა ჩემგან, როგორც ყოფილი მინისტრისგან. ერთი რამ მინდა ვთქვა: ეს უწყება სხვებზე უფრო მეტად პასუხისმგებელია ქვეყნის სახის წარდგენაში, ჩვენ შესახებ წარმოდგენის შექმნაში და ეს ყველა დიპლომატს უნდა ახსოვდეს. ეს არ არის ჩვეულებრივი პროფესია და საქმიანობა. ყველა, პატარა თუ დიდი, თავისი ქვეყნის ელჩია და მათი ქცევიდან იქმნება ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა!