გოგი თოფაძე - ასე მიწის განიავება არ შეიძლება!
უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველები" შეიქმნება. ფრაქციაში 6 პარლამენტარი წევრდება, ეს რიგით მეათე ფრაქცია იქნება პარლამენტში. მისი თავჯდომარე გოგი თოფაძე, ხოლო მოადგილე ზურაბ ტყემალაძე იქნებიან. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ გოგი თოფაძესთან
- ბატონო გოგი, თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა შექმენით ახალი ფრაქცია, რატომ მაინც და მაინც ახლა და რა საკითხებზე აპირებთ მუშაობას?
- ეს ფრაქცია იმუშავებს ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე. მაგალითად, შრომის და საგადასახადო კოდექსზე, ასევე მიწის უცხოელბზე გაყიდვის პრობლემაზე. პირდაპირ მიწის გაყიდვის აკრძალვა არ გამოვა ნამდვილად, მაგრამ აუცილებელია ერთი ან ორი წლით მორატორიუმი გამოცხადდეს და უცხოელებზე მიწა აღარ გაიყიდოს, მანამდე ვიდრე, არ ჩატარდება მიწის რეალური კადასტრი. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ პრობლემაზე იმუშავებს და ვიდრე არ იქნება სრულად აღნუსხული სასოფლო-სამეურნეო თუ სატყეო მიწები, ვიდრე არ ჩამოყალიბდება უფრო მკაფიოდ განმსაზღვრელი კანონმდებლობა, უნდა შეჩერდეს მიწის გაყიდვა. ის, რაც დღეს ხდება დაუშვებელია, ფერმერი, რომელსაც მიწის დამუშავების სახსრები არა აქვს, იღებს კრედიტს ბანკიდან, მერე ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ფარავს და ბანკი უყიდის მიწას, ძირითადად უცხოელებზე, ანაც იძულებული ხდება თვითონ გაყიდოს. ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, ასე მიწის განიავება არ შეიძლება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს ბიზნესი, რომელთაც აიძულებდნენ თავიაანთი ქონება სხვაზე გადაეფორმებინათ. აუცილებელია ამ შემთხვევების შესწავლა და გარკვეული სქემის შემუშავება თუ როგორ შეიძლება დაუბრუნდეს დაზარალებულს წართმეული ქონება.
- რაც შეეხება უცხოელებზე უკვე გაყიდულ მიწებს, აქ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს?
- თუ ეს კეთილსინდისიერი მყიდველია, აქ სახელმიწიფო ვეღარაფერს გააკეთებს. ერთადერთი, შესაძლოა მიწების უკან გამოსყიდვაზე ვიფიქროთ, თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვარაუდია.
- მაშინ, როდესაც თქვენი ხელისუფლება გამუდმებით რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკობს, ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან რუსი სამხდროები ჩვენს მიწაზე, არ სჯერდებიან უკვე ოკუპირებულ ტერიტორიას და ე.წ. საზღვარს კიდევ აქეთ სწევენ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის გაკვირვებულია მომხდარით...
- აბსოლიტურად ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ჩვენ აშკარად არაერთი ნაბიჯი გადავდგით ურთიერთობის გამოსასწორებლად. რაც მათ ახლა გააკეთეს, ეს ამ ურთიერთობის განვითარების დინამიკიდან აშკარად ამოვარდნილია, ეს შეიძლება პროვოკაცია იყოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების შედარებით დაბალი რგოლიდან მომდინარეობს. პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ამას ძალიან განიცდის, მით უფრო ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე.
- თქვენთვის მისაღებია ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისას პოლიტიკური საკთხი ეკონომიკურ-კულტურული საკითხებისგან უნდა გაიმიჯნოს?
- ეგ ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კულტურული ან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება პოლიტიკური დაძაბულობის თანხლებით. თუ ხდება ურთიერთობის ნორმალიზება, ეს შესაძლოა იწყება ეკონომიკით ან კულტურით, მაგრამ პარალელურად პოლიტიკური პროცესების ესკალაცია ყოვლად წრმოუდგენელი და დაუშვებელია. რუსეთი კვლავაც ამგვარ პროვოკაციულად მოქცევას თუ გააგრძელებს, გაგრძელდება ისევ ის ურთიერთობა, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო, რაც ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება.
- რუსეთის სანიტარულმა სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ არც ქართული მინერალური წყალია ისეთი, როგორიც ადრე იყო, ღვინოს კიდევ თურმე "კოშმარულად" ვაკეთებთ…
- დიახ, ვნახე ეს განცხადება, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ონიშენკოს პოზიცია, რომელიც ამ განცხადებების მერე გამოდის და ამბობს, რომ მოხარულია, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ბრუნდება, თუ "კოშმარულია", აბა, რაღა უხარია? ეს არის სრულიად ულოგიკო და აბსურდული რამ. ჩვენი მინერალური წყალიც და ღვინოც რომ ძალიან კარგია, ეს აღიარეს თვითონ ონიშენკოს სამსახურიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა, რის მერეც გაეხსნა ჩვენს ღვინოს გზა რუსული ბაზრისკენ. სულ რამდენიმე სახეობა დაიწუნეს, შესაძლია, ეს სახეობები მართლაც ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. ამ სახელმწიფოს იმპორტისთვის გარკვეული ხარისხის სტანდარტი აქვს დადგენილი, აბა, ჩვენ კი არ გვგვანან, წინა ხელისუფლების პირობებში რომ იმპორტის ყოველგავრი შემოწმება გააუქმეს. ისევ ონიშენკოს რომ დავუბრუნდეთ, შესაძლოა, ის საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს, რაც ძალიან ცუდია და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე შეწყვეტს პროვოკაციული განცხადებების კეთებას.
- ახლა ხომ თქვენ ხართ ხელისუფლებაში, რატომ არ იწყებთ იმპორტის კონტროლს?
- უახლოეს მომავალში აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს. უპირველესად, უნდა შეიქმნას, მაღალი დონის ლაბორტორია, რომელიც იმპორტირებული პროდუქციის ხარისხს შეამოწმებს. აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს ვიცოდეთ, რა ხარისხის პროდუქციითა სავსე ქართული ბაზარი.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)