"ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა ერთდროულად..."
- მესამე სართულზე უნდა აბრძანდეთ, იქ ცხოვრობდა მიხეილ ნარინდოშვილი... - გაბზარული ხმით მითხრა სამხედროფორმიანმა ბიჭმა... ღია კარში შესვლამდე ყელში ბურთად გაჩრილი ტკივილი სიტყვებად უნდა ვაქციო და შვილმკვდარ დედას ვესაუბრო - როგორი იყო მისი ერთადერთი შვილი, რატომ აირჩია ეს გზა...
აქ 26 წლის მიხეილ ნარინდოშვილი ცხოვრობდა. ვინ იცის, რას ფიქრობდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამ კიბეებზე ეშვებოდა და რუსთავიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მიდიოდა....
- ცოცხალ-მკვდარი ვარ. ჩემი დედისერთა, გაჭირვებით გამოზრდილი შვილი აღარ მყავს, - მოთქვამს დედა.
ქალბატონ ფიქრიას ხელში მიხეილ ნარინდოშვილის სახელზე თავდაცვის სამინისტროს გაცემული სიგელი უჭირავს.
სამი შვილი დარჩა: უფროსი 8 წლის, შუათანა - 2-ის და ყველაზე პატარა - 9 თვის.
- მიშო ყოველდღე რეკავდა, დედი, კარგად ვარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. არაფერი მიჭირს, თავს მიხედეო. სამხედრო ფორმა ძალიან უყვარდა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. მარტომ გავზარდე და ყოველთვის ვამაყობდი, რომ კარგი შვილი მყავდა.
ეგონა, კარგად იყო მომზადებული და მოწინააღმდეგე ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ ჩემი ტანჯვით გაზრდილი ბიჭი ხელიდან გამომეცალა. სულ მეუბნებოდა, დედა, ძალიან მომწონს სამხედრო საქმე და ჯარში ვაპირებ დარჩენასო. მეგონა, თუ კარგად იყო მომზადებული და თავს გაუფრთხილდებოდა, ხიფათს აირიდებდა. ამბობდა, გერმანიაში ძალიან მაღალი დონის სამხედრო მომზადება გავიარე და ნურაფრის შეგეშინდებათო. დავუჯერე და ვენდე ჩემი შვილის სიტყვებს... ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო...
წასვლის წინ, თითქოს გულმა უგრძნოო, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული, მერე მითხრა, შვილებს გაბარებ და თუნდაც ამიტომ უნდა მიხედო თავსო... მის სიცოცხლესთან ერთად დასრულდა ჩემი სიძლიერეც.
- იმ ბიჭებზე რა იცით, ვინც მასთან ერთად დაიღუპა?
- მათი გვარები მიშოსგან არ გამიგია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა ფორმა ჩაიცვა, ყველა ფორმიანს ჩემს შვილად ვთვლიდი. ამიტომ, მარტო ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა...
- ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- დაღუპვამდე ორი დღით ადრე. ნურაფრის შეგეშინდება, კარგად ვარ, მაგრამ შენზე ვნერვიულობ, უფალს ვევედრები, შენ და ჩემი შვილები მყავდეთ კარგადო... დღემდე ყურში ჩამესმის მისი მხიარული ხმა... ალბათ, დედის გული გრძნობდა რაღაცას - ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი. თითქოს მიზეზი არ მქონდა, მაგრამ ვშფოთავდი. ახლობლები მეუბნებოდნენ, მიშო რომ ავღანეთშია, ნერვიულობ და იმიტომაც ხარ ასეო. თავდაცვის სამინისტროდან რომ მოვიდნენ, ელდა მეცა, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი... ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა, შვილი აღარ გყავთო... სამხედრო ექიმთან ერთად მთელი ღამე დარჩნენ...
- მისი ცოლ-შვილი თქვენთან არ ცხოვრობს?
- ცოლს გასცილდა. ახლა შვილები გააცილებენ სამუდამო გზაზე. 14 წლით ვიყავი მასზე უფროსი და მეგობრები უფრო ვიყავით, ვიდრე დედა-შვილი. სულ მეუბნებოდა: ნუ ხარ ასეთი გიჟი დედა, გოგო ხომ არ ვარ, რას დამდევ, სირცხვილიაო. ახლა ჩემი სიცოცხლეც მასთან ერთად დამთავრდა.
მზია ცოფურაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილის ნათესავი: - საოცრად კეთილი იყო, გულიანი. დედამისი მუშაობდა და ბებია ზრდიდა. ის ახლა 84 წლის არის. არ ვიცით, როგორ უნდა ვუთხრათ მიშოს ამბავი.
რა არ სცადა, მაგრამ სამუშაო ვერსად იშოვა. ძალიან უჭირდათ და რცხვენოდა, ამხელა კაცი დედის კმაყოფაზე როდემდე ვიყოო. ამიტომ გადაწყვიტა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში წასვლა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მერე კი ძალიან მოეწონა იქაურობა. ძალიან დარდობდა, ოჯახი რომ დაენგრა. გერმანიაში წავიდა, ორი შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა. ამბობდა, ცოტას წელში გავიმართები და ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებო, იქიდან დაბრუნებულს კი ცოლი წასული დახვდა... დედას ამშვიდებდა, ყველაფერს მოვაგვარებ, არ ინერვიულოო. ფიქრია ძლიერი ქალია, ბევრი რამ გადაიტანა. ახლა შვილის სიკვდილიც დაემატა. თვითონ ხომ განადგურებულია და მაინც კითხულობს, დაჭრილი ბიჭები როგორ არიანო...
ლალი პაპასკირი